Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ აღადგინეს სამართლიანობა ჩილესა და არგენტინაში

როგორ აღადგინეს სამართლიანობა ჩილესა და არგენტინაში

491

ჩილეში რეზონანსული სასამართლო პროცესი დაიწყო. განსასჯელთა სკამზე 120 ძალოვანია _ პინოჩეტის მმართველობის წლებში ისინი რეჟიმისთვის არასასურველ პირებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაცნობა, რომელიც ჩილესა და სხვა ქვეყნებში მსგავს საქმეებზე დაგროვდა, რათა სააკაშვილის ხელქვეითების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება შეძლოს.

სამართალი ურმით მოდის

სააკაშვილის რეჟიმის რადიკალური მოწინააღმდეგეები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რიგითი ზონდერების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ არც პერუში, არც ჩილეში ასეთი პირების გასამართლება მყისიერად არ მომხდარა – მთავარი სასამართლო პროცესები დიქტატურის დემონტაჟიდან 10-15 ან სულაც 20-25 წლის შემდეგ დაიწყო. გამონაკლისს არც არგენტინა წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტის ხელმძღვანელები მალევე გაასამართლეს. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა რაულ ალფონსინმა გენერალიტეტთან საიდუმლო შეთანხმება დადო და დაჰპირდა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსნის გასამართლების შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მიეცემოდა. დემოკრატიულ ძალებს ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ სასამართლო პროცესები გაგრძელებულიყო, მათი უმრავლესობა რეჟიმის განადგურებიდან 15-17 წლის შემდეგ ჩატარდა.

საქართველო, ამ მხრივ, არა ჩილესა და პერუს, არამედ არგენტინას ჰგავს _ ორი მინისტრი (მერაბიშვილი და ახალაია) და რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი საკმაოდ სწრაფად გაასამართლეს, მაგრამ შემდეგ პროცესი შეფერხდა. სააკაშვილის რეჟიმის აქტიური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ფარული გარიგების გამო მოხდა, ოღონდ მეორე სუბიექტის როლში ამ შემთხვევაში გამოვიდა არა სამხედრო ელიტა, არამედ “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობა, რომელსაც ზურგს აშშ-ის საელჩო უმაგრებდა. იმისთვის, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ პროცესი გაგრძელდეს, როგორც ეს არგენტინაში მოხდა, საჭიროა დემოკრატიული ძალების გააქტიურება.

ჩილეში პინოჩეტის მმართველობის წლებში 100 ათას მოსახლეზე 461 პატიმარი მოდიოდა. სააკაშვილის საქართველოში მათი რაოდენობა 400-დან 600-მდე მერყეობდა. არგენტინულ დიქტატურას 100 ათას მოსახლეზე სულ 93 პატიმარი ჰყავდა, თუმცა ის ოპონენტებს ხშირად გასამართლების გარეშე უსწორდებოდა. ექსპერტთა შეფასებით, იქ იურიდიული პროცედურების გვერდის ავლით 20-30 ათასი ადამიანი მოკლეს და “გააქრეს”, ჩილეში _ 3000-5000, საქართველოში ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები, როგორც წესი, რამდენიმე ასეულ ადამიანზე საუბრობენ. არგენტინაში ვიდელას მმართველობის წლებში 350 პოლიტპატიმარი იყო, ჩილეში _ 6000, საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსი 190 ადამიანს მიენიჭა. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონიც არ არის, ჩილეს მოსახლეობა კი 17 მილიონს აღემატება, არგენტინის _ 40 მილიონს. ამგვარად, რეპრესიების მასშტაბით სააკაშვილის რეჟიმი გაცილებით ახლოს დგას XX საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატურებთან, ვიდრე ალბერტო ფუხიმორის ჰიბრიდულ რეჟიმთან პერუში, რომელიც, ცხადია, ასევე არ იყო უცოდველი (ციფრები აღებულია ესპანელი პოლიტოლოგის _ პალომა აგილარის მონოგრაფიიდან, მან სხვადასხვა წყაროში მოყვანილი მონაცემები შეაჯერა).        

ვის აძლევს ხელს ჯალათების ამნისტირება?

საქართველოს ჩამოთვლილი ქვეყნებისგან ორი რამ განასხვავებს _ ჩვენ არ მიგვიღია ისეთი კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს გასამართლებისგან გარანტირებულად დაიცავდა და არ შეგვიქმნია “სამართლიანობის დადგენის კომისია”, არადა, მისი მუშაობა ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფდა. ამ მხრივ, საქართველო, ერთი შეხედვით, ევროპული და არა ლათინურ ამერიკულ-აფრიკული იურიდიული ტრადიციის ჩარჩოებში დარჩა, კანონის უზენაესობის უპირობო პრიორიტეტითა და დამნაშავეთა აუცილებელი დასჯით, თუმცა რეალობაში სამართლიანობის აღდგენა, ისივე, როგორც არგენტინასა და (ნაწილობრივ) ჩილეში, ფარული გარიგებების საგნად და პოლიტიკური კონიუნქტურის მძევლად იქცა.

ამ ორ ქვეყანაში ძველმა რეჟიმებმა წინასწარ იზრუნეს იმაზე, რომ მათი მსახურები სამართლებრივი დევნისგან დაცულნი ყოფილიყვნენ და ამისთვის საგანგებო კანონები მიიღეს. სააკაშვილს ეს არ გაუკეთებია, როგორც ჩანს, მას ვერ წარმოედგინა, რომ ოდესმე ხელისუფლებას დაკარგავდა ან კიდევ იცოდა, რომ გაიქცეოდა, ხოლო თანაგუნდელების ბედი ნაკლებად ანაღვლებდა. საინტერესოა, რომ ჩილესა და არგენტინაში დროთა განმავლობაში მოხერხდა შემაკავებელი ბარიერების გადალახვა და ამნისტიის კანონის გაუქმება. შემზღუდავმა ნორმებმა თითქმის 100%-ით მხოლოდ ორ ქვეყანაში იმუშავა _ ესპანეთში ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ და ბოლივიაში. სხვა ქვეყნების მაგალითი კი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას ვერანაირი ფორმალური ბარიერი ვერ შეაფერხებს.

აქ შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი კითხვა _ ვინ გაასამართლებს ყოფილ მაღალჩინოსნებს და მოახერხებენ ამას ძველ რეჟიმთან დაკავშირებული მოსამართლეები? პალომა აგილარი იყენებს ტერმინს _ “დემოკრატიზაციის პერიოდის გარდამავალი მართლმსაჯულება”, რომლითაც აღწერს სიტუაციას, როდესაც მოვლენათა განვითარება კრიტიკულად დამოკიდებული ხდება, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პროცესზე და, მეორე მხრივ, მოსამართლეთა კორპუსის პოზიციაზე. მარტივად რომ ვთქვათ, “მურუსიძის ფენომენი” არც ერთი ნახსენები ქვეყნისთვის უცხო არ არის.

მურუსიძეებო, ყველა ქვეყნისა

არგენტინასა და ჩილეში მოსამართლეების მჭიდრო თანამშრომლობას ძველ რეჟიმთან მკაფიო პოლიტიკური და, მით უმეტეს, სამართლებრივი შეფასება არ მიეცა. სხვაობა ამ ორ ქვეყანას შორის არის ის, რომ ვიდელა, პინოჩეტთან შედარებით, მოსამართლეებს უფრო იშვიათად იყენებდა, ხოლო დემოკრატიის აღდგენის შემდეგ არგენტინის სასამართლო სისტემის ზედა ეშელონებში ნაწილობრივი საკადრო წმენდა ჩატარდა. ჩილეში სასამართლო რეპრესიული მანქანის განუყოფელ ნაწილს წამოადგენდა (დაახლოებით ისე, როგორც საქართველოში) და პოლიტოლოგ ენტონი პერეირას შეფასებით, “პოლიტიკური ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ჰქონდეთ იმის იმედი, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ გაიწმინდება იმ მოსამართლეებისგან, რომელნიც მჩაგვრელებთან თანამშრომლობდნენ”. საბოლოოდ, მათი დიდი ნაწილი, ისევე, როგორც საქართველოში, მივიდა ფორმულამდე “თანამშრომლობა ხელშეუხებლობის სანაცვლოდ”.

მხოლოდ 2011 წლის აპრილში, დიქტატურის დემონტაჟიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, არგენტინის სასამართლო საბჭო (საქართველოს იუსტიციის საბჭოს ერთგვარი ანალოგი) მივიდა დასკვნამდე, რომ “შესატანია სიცხადე იმაში, რა როლს ასრულებდნენ მოსამართლეები სახელმწიფო ტერორიზმში”, ხოლო გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც დიქტატურისდროინდელი დანაშაულების სასწრაფო გამოძიებას უზრუნველყოფს. როგორც ვხედავთ, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სამი ათწლეული(!) დასჭირდა.

საინტერესო ფაქტი: ახლახან გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოხსენება ყოფილი ნაცისტების გავლენაზე სისტემაში. აღმოჩნდა, რომ 1957 წელს იუსტიციის სამინისტროს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების 77% ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყოფილი წევრი იყო – მეტი, ვიდრე ჰიტლერის მმართველობის წლებში. საზოგადოდ კი, გფრ-ის შექმნიდან 1970-იანების დასაწყისამდე 170 მაღალჩინოსნიდან 90 ყოფილი ნაცისტი გახლდათ, მათ შორის იყვნენ მოსამართლეებიც, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ ჰიტლერის რეჟიმს და სასიკვდილო განაჩენები გამოჰქონდათ.

ჩილეს სასამართლო სისტემაში კი ეტაპობრივი, ევოლუციური ცვლილებები მოხდა. სამართლის ექსპერტის _ კეიტ კოლინზის შეფასებით, “სასამართლო სისტემა თანდათან შეიცვალა, გაიზარდა მისი მგრძნობელობა დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნის მიმართ”. აქედან გამომდინარე, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მუდმივ მოთხოვნას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინც კი, როდესაც ხელისუფლება მასზე არ რეაგირებს, რადგან ის შეუმჩნევლად ცვლის ფსიქოლოგიურ ფონს საზოგადოებაში, რაც, ადრე თუ გვიან, აიძულებს ხელისუფლებას, ან ცალკე აღებულ სასამართლო სისტემას, მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს.

მართლმსაჯულება ობობას ქსელში

პალომა აგილარი ფრანკოს დიქტატურის დახასიათებისას წერს: “რეჟიმი ცდილობდა, პოლიტიკურ რეპრესიებში საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენები ჩაეთრია, ეს თანამონაწილეთა ფართო ქსელებს ქმნიდა”. ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ესპანეთში ვერ ხერხდება ამნისტიის კანონით გათვალისწინებელი შეზღუდვების მოხსნა და დამნაშავეთა მხილება, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელთა უმრავლესობა ემხრობა მათ დასჯას, ვინც ფრანკოს მმართველობის წლებში ადამიანის უფლებებს არღევდა. 2008-ში “სი-ეს-აი”-ს მიერ გამოკითხულთა 48,7%-მა ამას მხარი დაუჭირა, ხოლო 26,7%-მა ეს იდეა უარყო (ეს ციფრები უცნაურად ახლოა ჩვენი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან, რაც, შესაძლოა, ირიბად ადასტურებს თეორიას იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველთა 20-25% გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს ძველი რეჟიმის ერთგულებას, რომლისგანაც სარგებელს იღებდა). სააკაშვილიც ცდილობდა, რეპრესიების პროცესში რაც შეიძლება მეტი თანამონაწილე ჩაეთრია, “გაესვარა”, რათა რეჟიმის ფუნდამენტი გაემაგრებინა. თუმცა, ცხადია, ამ ადამიანების რაოდენობა ვერ გახდება შემაფერხებელი ფაქტორი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნისთვის, რადგან მისი უგულვებელყოფა ქვეყანას, ადრე თუ გვიან, ახალი სასტიკი რეჟიმის ჩამოყალიბებას მოუტანს.

უცხოური გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოში თითქმის იგივე ხდება, რაც მთელ რიგ ქვეყნებში, განსხვავება მხოლოდ ცალკეულ, სპეციფიკურ დეტალებშია. მთავარი გაკვეთილი კი, სავარაუდოდ, არის ის, რომ რეპრესიის მსხვერპლთა ოჯახებისა და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე ყოველთვის გამარჯვებით სრულდება და ის იძულებულია, ძველი რეჟიმის დამნაშავე მსახურები დასაჯოს _ გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთ სიტუაციაში მონდონებასა და ნებისყოფას ენიჭება.

დასასრულ _ 120 ძალოვნის პროცესის დაწყების პარალელურად, ჩილედან კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოვიდა: მოსამართლე მანუელ ვალდერამამ დაადგინა, რომ აუგუსტო პინოჩეტის საიდუმლო ანგარიშებზე უცხოეთში 26 მილიონამდე დოლარი ინახება, რომელთაგან 20-ს ლეგალური წარმომავლობა ვერ ექნება. საუბარია დიქტატორზე, რომელსაც ზოგიერთი თაყვანისმცემელი პატიოსნების ეტალონად წარმოაჩენს. საინტერესოა, მუშაობენ თუ არა ქართველი სამართალდამცავები მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო ანგარიშების დადგენაზე.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here