Home რუბრიკები საზოგადოება მოგზაურობა აჭარაში

მოგზაურობა აჭარაში

2676

მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაოკლარჯეთი და მესხეთჯავახეთი, ასევე აჭარაც, ოსმალებმა დაიპყრეს დაგურჯისტანის ვილაიეთიუწოდეს. “გურჯისტანის ვილაიეთი” 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა. ესენი იყო: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრეს, ფანაკისა და დიდი არტაანის ლივები. თავის მხრივ, ლივები ნაჰიებად (რაიონებად) იყო დანაწილებული, დასახლებული პუნქტები 1160- შეადგენდა.

ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი: პირველად _ 1828 წელს, რუსეთოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთისა და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი.

1877-78 წლების რუსეთოსმალეთის ომის შემდეგ პარიზის ზავით შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარაქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლაარტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი _ ოლთისი.

რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი მოცულობისა იყო:

ახალციხის მაზრა _ 2706 კვადრატული კილომეტრი;

ახალქალაქის მაზრა _ 2793;

ბათუმის ოლქი _ 3779;

ართვინის ოლქი _ 3339;

ფოცხოვის ოლქი _ 588;

არტაანის ოლქი _ 5137;

ოლთისის ოლქი _ 3051.

სულ მესხეთის ტერიტორია გადაჭიმული იყო 21 393 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ მთელი საქართველოს ტერიტორიის მესამედზე მეტს შეადგენდა. ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვრებში დარჩა ჭანეთი, ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.

ეს ისტორიული ექსკურსი პირველ რიგში მათთვის არის განკუთვნილი, ვინც რუსეთს საქართველოს ისტორიულ მტრად თვლის, თურქეთს კი _ მეგობრად.

როდესაც ვახსენებთ ტოპონიმებს _ ბათუმი, ქობულეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყურიიქვე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის გარეშე ეს ყველაფერი დღეს თურქეთის ნაწილი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი საქართველო რამდენ ნაწილად განაგრძობდა არსებობას და იარსებებდა თუ არა საერთოდ, ცალკე საკითხავია.

მგზავრის წერილები და მგზავრის შენიშვნები, რომელიც თავმოყრილია წიგნშიმოგზაურობანი”, თედო სახოკიამ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაწერა. იმ ხანებში ავტორმა იმდროინდელი ჟურნალგაზეთების რედაქციების დავალებით იმოგზაურა გურიაში, აჭარაში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში, შემდეგ კი მოგზაურობის შთაბეჭდილებები სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა პერიოდულ პრესაში. ამჯერად შემოგთავაზებთ თედო სახოკიას აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

თამარ მეფე, როგორც მოგვითხრობენ იგივე აჭარელნი, ხშირად დადიოდა სხალთის ტაძარში სალოცავად. აქაურ მთაგორიან ბილიკებზე სავლელად სულ მუდამ ჯორი ჰყავდა. ამ ჯორით სწორედ ამ ფურტიოს, ანუდედოფლის ხიდზეგამოდიოდა თურმე. ხიდს რომ მოადგებოდა, “ძირს ჩამობრძანდებოდა და ფეხით გაბრძანდებოდა მეორე ნაპირასო”. ხიდის მარცხნით ნაპირზე ახლაცაა განკერძოებულად მიწაში ღრმად ჩამჯდარი ლოდი ერთ ოთხკუთხის ადლის სიფართისა, თითქმის ერთ ადლზე ამოწეული ნიადაგიდან. ამასდედოფლის ქვასეძახიან. თამარ მეფე ყოველთვის ამ ქვაზე შესდგამდა ფეხს და ისე შებრძანდებოდა თავის ჯორზეო.

ამ ხიდიდან ერთი გზა აჰყვება აღმართს, ნახევარი საათის სიარულის შემდეგ გზა ორ ტოტად იყოფა: ერთი ტოტი რომ ფურტიოში მიდის, ხოლო მეორეს სოფ. სხალთაში მიჰყავს მგზავრი. იმ გზას, რომლითაც თამარი სხალთაში დაბრძანდებოდა სალოცავად, დღესაც ამ ქალი მოგზაურის სახელი შერჩენია, “დედოფლის გზა”. ამ გზას, ანუ, უკეთ, ბილიკს იქით-აქეთ ნაპირებზე ქვის ნაყორალი ატყვია, სერზე გადადის და იქიდან სხალთის წყალთან ჩადის. მართლაც და დიდებული უნდა ყოფილიყო მეფე, რომელმაც ასეთი სიყვარული მოიპოვა თავის ქვეშევრდომთა შორის და თავისი ნეტარსახსენებელი სახელი ასე დაუვიწყრად ჩაუქსოვა მათს ხსოვნას!..

 წარსულის მოგონებითა და ოცნებით გატაცებულმა სერზე ერთ სიმინდის ყანაში ტლანქად გაკეთებულ და მიწაში ჩარჭობილ ჯვარს მოვკარი თვალი, მხარ-ნახევრის სიმაღლისას, სწორედ ისეთს, როგორც თითქმის ყოველ ყანებში შეხვდება ხოლმე ადამიანი გურია-სამეგრელოში. საქართველოს ამ კუთხეებში ასეთი ჯვრები, როგორც ვიცით, ითვლება მფარველად მკვდრის ქონება-კარმიდამოსი მზაკვართა და მავნე სულთაგან. ამ საქრისტიანო მხარეში ადამიანს თვალი შეჩვეული აქვს და ასეთი ჯვრები არ აკვირვებს. მაგრამ აჭარაში, სადაც საუკუნე-ნახევარია, რაც ქრისტეს სჯული და ჯვარი მაჰმადიანობამ აღმოფხვრა, ჯვრის ნახვამ დიახ გაგვაოცა და ცნობისმოყვარეობა აღგვიძრა. პირველად ჩემს თვალს არც კი ვუჯერებდი _ ხომ არა ვცდები-მეთქი, და იუნუსას ვკითხე: რა დგას ყანაში-მეთქი? ჯვარია ბატონოვო, მიპასუხა და თანაც ამიხსნა მისი დანიშნულება: მოგეხსენებათ, ყანის მტერი ნამეტნურად ჩხიკვია: როცა ამას დაარჭობენ, სოფლიერი (გლეხი) ჩხიკვს ეტყვის: “თუ ამის მადლი გწამს, სიმინდს არ შემიჭამო!..”

ჯვართან ერთად აქაც დარჩენილა ჩვეულებად ღობის სარზე ჩამოკიდება პირუტყვის თავის ქალისა ან, როგორც აქ ეძახიან, საქონლის ხაპერისა. ამ ძვალს აჭარაში იგივე დანიშნულება აქვს, რაც იმერეთში: მავნე თვალთაგან დაიცვას და უვნებელ-ჰყოს კარ-მიდამო და ქონება აჭარელისა, მისი უსულო, მაგრამ მუდამ ჟამიერი გუშაგი იყოს.

გარეშე ხილულ გარეულ ფრინველთა და ცხოველთა, გარეშე ბოროტისა და ავის თვალის უხილავ სულთა, აჭარელის ჭირნახულს მეტი სიძლიერით ვნებენ და თითქმის აჩანაგებენ ბუნების მოვლენანი: გვალვა და გაბმული წვიმა, რომელთაც ხანდისხან სეტყვაც ერთვის ზედ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ორი მოვლენა ბუნებისა ისე არსად არის საშიში, როგორც მთა-გორიან ადგილებში, როგორიც არის აჭარაც. ორ-სამ გოჯის სიღრმე ნიადაგი, რომელსაც მაშინათვე კლდე მისდევს ხოლმე, თუ გვალვაა, უცბად შრება, ნახნავი გოროხად იქცევა და სიმინდი ხმება გამოუბრუნებლად; თუ გამუდმებული წვიმაა _ მცენარე ნიადაგიანად ძირს ჩაირეცხება ხოლმე, ხოლო მისი პატრონი, ყოვლად უმწეო, ყოვლად უსასოო მთელი წლის განმავლობაში ხელდაბანილი რჩება თავის სარჩო-საბადებელზე. და აჰა, ამ დროს, როცა ჯვარი და “საქონლის ხაპერი” ვერასა ჰშველის აჭარელსა, ეს უკანასკნელი ზენაარსს შეჰღაღადებს, ცას შეჰყურებს, იქიდან მოელის ხსნასა; განრისხებულს ბუნებას, ამ უბედურების მომვლინებელს, მსხვერპლსა სწირავს, რომ ამით გული მოულბოს, თავი შეაბრალოს და რისხვა მოწყალებად შეაცვლევინოს.

აჭარელი დარწმუნებულია, რომ ძღვენი და ქრთამი ყველგან და ყველასთან გადის, რომ ქვეყნად არავინაა ისეთი, სამსახური და მორჩილება არ ეამოს და რომ უამისოდ ცხოვრების ფონი, თუ სულ მახრჩობელა არ არის, ძნელი გასავლელი მაინცაა. ამ მსხვერპლის შეწირვას და ლოცვას ყურბანი ჰქვიან. გვალვის დროს, როცა სოფელი დარწმუნდება, რომ უყურბანოდ ზეციდან წვიმას ვეღარ ეღირსება, ყადი მოთავედ უხდება საქმეს და მთელ სოფელს დიდიან-პატარიანად (გარდა დედათა სქესისა) თავის ხოჯების საშუალებით იწოდებს, _ “დუაზე” გამოდით, ესე იგი ვეხვეწოთ წვიმის მოყვანისათვისო. უწვიმობით შეწუხებული რამდენიმე სოფელი ერთად იყრის თავს ამ შემთხვევისათვის და ქართულად ამბობენ: “ღმერთო! წვიმა მოიყვანე შხაპუნა და ძლიერიო”. წინ მოლები მიუძღვით. ლოცვის სათქმელად რაც უფრო მაღალი სერებია, იქ ადიან და ერთი სერიდან მეორეზე გადადიან, _ აქედან უფრო ახლოსა ვართ ცასთან და უფრო გავაგონებთ ჩვენს გაჭირვებასაო. სამი დღის განმავლობაში დადის ხალხი მოლების წინამძღოლობით სერ-სერ. რო დაიღლებიან, შეისვენებენ და ისევ შეუდგებიან ლოცვა-ვედრებას. სამ დღეს უკან ჯამესთან ჩამოვლენ და საერთოდ გაღებული ფულით ნაყიდ ხარსა, ძროხასა, ყოჩსა ჰკლავენ და ხორცს ფუხრებს (ღარიბებს) ურიგებენ. რა თქმა უნდა, თავიანთ თავსაც არ ივიწყებენ და მართავენ ჭიდაობასა და სიმღერა-თამაშს. ამავე დროს ჩამოდიან მახლობელ მდინარესთან, რომელშიაც ჩადგმულია მოწნული ძარი. პროცესიის მონაწილეს თითოეულს თითო წვიტი (პატარა) ქვა მოაქვს. ყოველ ქვას ჯერ მოლას მიუტანენ და ისიც თურქულად შეულოცავს ხოლმე: “ღმერთო, წვიმა გვიწყალობე, შეწუხებული ვართ, შენი წყალობა მოგვანიჭე, ყველასი, დიდისა და პატარასი, მწყალობელი შენა ხარ”. რადგან ერთი ყველას თავს ვერ გაართმევს, შემლოცველად ხანდისხან ოცი, ოცდაათი მოლა მოიყრის ხოლმე თავსა. ამ შელოცვილ კენჭებს, რომელთა რიცხვი ზოგჯერ რამდენიმე ათასს აღემატება ხოლმე, წყალში ჩადგმულ ძარში აგდებენ და ელოდებიან წვიმის მოსვლას: დარწმუნებული არიან, რომ ცა ვეღარ გაუძლებს შელოცვილი კენჭების ჯადოს, სიკერპეზედ უნებურად ხელს აიღებს და უეჭველად გაწვიმდებაო. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ, ამ ოპერაციის შემდეგ, კრიჭაშეკრული ცა ღრუბლებით დაიხუზლება, იელვებს, გაისმის გრგვინვა და მათდა სასიხარულოდ, მართლაც წამოვა გამაცოცხლებელი წვიმა და გვალვისაგან სულ-ამორთმეულ ჭირნახულს უკვდავებს წყალივით მოესწრება. ისეც მოხდება, რომ ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, თუ კი ერთი და ერთი მოიხსნა ცამ პირი და გააბა, ავდარს დასასრული აღარ უჩანს და, რგების მაგიერ, ჭირნახულს უარესად აფუჭებს. ამ მეორე უბედურების ასაცილებლად იმავ მოჯადოებულ ძარს, რომლის შემწეობით ცას პირი გაახსნევინეს, წყლიდან ამოიღებენ და ისევ ყურბანს დაჰკლავენ, ისევ ლოცულობენ, რომ ცამ ისევ შეიკრას პირი, _ გვაკმარე უხვად მომადლებული წყალობა შენიო.

ნეტარ არიან მორწმუნენი!..

ჩვენი ბილიკის აღმართს ბოლო აღარ ეღება, საცოდავი პირუტყვი ღონიდან იცლება და ოთხივ ფეხებით ჰკანკალებს მეტი სიმწარისაგან. სიცხისგან მათს მხედრებსაც ხვითქი გადაგვდის. მოსმენილ ამბის გავლენის ქვეშ მყოფმა მაშინალურად ვინატრე, ნეტავ, ვინმე მადლიანი გამოჩნდებოდეს ჩვენს ბედზე და ახლა ყურბანს დაჰკლავდეს, იქნება მართლა შესუსტდეს მზის სიმწვავე-მეთქი. ამ ნატვრაზე ზედ წავადექი მშვენიერ რცხილნარში ჩუხჩუხით გამომავალ ბროლის მსგავს და ყინულივით ცივს წყაროს. აბა, რას მოვიფიქრებდი, რომ როდისმე მეღირსებოდა სიცხისაგან დატანჯულს წყურვილი მომეკლა სწორედ იმ წყაროზე, სადაც გადმოცემით თამარი არაერთხელ ჩამომხდარა, რომ ამავე წყალს დასწაფებოდა…

“ეს, ბატონო, “დედოფლის წყაროა”, _ მითხრა ჩემმა იუნუსამ და თან მოაყოლა ამ ისტორიული წყაროს ბიოგრაფია. სხალთაში მიმავალი მეფე, როცა მგზავრობის გათავებას ვერ მოასწრებდა და შემოაღამდებოდა, ფურტიოში დაისვენებდა მეორე დღემდე. ერთხელ ერთ შეძლებულ გლეხს _ ვინმე სიმონას სწვევია. გლეხი სიხარულისაგან ცას ეწია თურმე _ “დედოფალი მეწვიაო”, და დატრიალებულა, რომ დიდებულ სტუმარს თავის შეძლებისდაგვარად გამასპინძელბოდა, ისე რომ თვითონ დედოფალს საამოდ დარჩენოდა და ეთქვა, _ “შეხე, რა ქვეშევრდომი მყავსო”. სიმონას შვილისათვის ღვინო მიუცია ამ წყაროში ჩასაცივებლად. დედოფალს ფრიად მოსწონებია ჩაცივებული ღვინო და უნებებია, შეეტყო, ასეთი ცივი წყარო (მართლაც ამ წყაროს 5 გრადუსით მეტი არა აქვს სითბო) სად არისო? რა თქმა უნდა, მისი სურვილი მყისვე აუსრულებიათ. ამის შემდეგ აქეთკენ სიარულის დროს დედოფალი ამ წყაროს ისე არ გაუვლიდა, წყალი არ დაელიაო, და წყაროსაც მისი სახელი შერჩენია. არც თამარ მეფის მასპინძლის სახელი გადავარდნილა. ამ გლეხის ნამოსახლარს, რომელიც ახლა ფურტიოს მცხოვრებს, არიფ-აღა ბერიძეს ეკუთვნის, დღესაც “სიმონაური” ჰქვიან. მეორეჯერაც სწვევია თამარ მეფე სიმონას. მის შვილებს ძვირფასი სტუმრისათვის “დოლია” (ურქო ძროხა) დაუკლავთ. მამას როგორღაც უკითხავს შვილებისათვის: სად დაჰკალითო? იმათაც უჩვენებიათ. ამ ადგილსაც დაუვიწყარი მეფის სტუმრად წვევის მოსაგონებლად “დოლიაური” დაჰრქმევია და სახელი დღესაც არ შეცვლილა.

ადამიანს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ “დედოფლის წყარო” რითიმე ხელოვნურად დაემშვენებინა, ალბათ, მკრეხელობად ჩასთვალა, ბუნებას შესჯიბრებოდა ამ საქმეში. ჩუხჩუხით გამოდის დედამიწის გულიდან ანკარა, ვით ვერცხლის წყალი. ზედ დასცქერის ერთად თავშეკრული მარად მწვანე ნაძვები და წვრილ ფოთლიანი რცხილები, რომელნიც გუშაგად უდგანან და მზის სხივებს აღარ აკარებენ. გარს შემოხვევიან ხავერდის მსგავსი ხავსი და სხვადასხვა გვიმრა. წყალს უხვად იძლევა ეს წყარო. მხიარულად მიხტის ქვიდან ქვაზე; იმის ქვემოთ გამწკრივებულია ოთხი თუ ხუთი ბუჭულა სოფლიერთა და დღე და ღამე ნირშეუცვლელად ახმიანებენ იქაურობას. ხის წისქვილები ისე პატარები არიან, რომ ერთი კაცი ძლივს მოთავსდება შიგ. თითქმის ყოველ ოჯახს თავისი საკუთარი ბუჭულა აქვს, რადგან მთის წყლები უხვად გადმოსჩუხჩუხებენ. ღარებიც ხომ საინტერესო აქვს! იმის მაგივრად, რომ სამი ფიცარი შეეკრათ, მთლიანი ძელის გული ამოუღრუტნიათ. წყალი რაც კი ჩადის, წვეთი აღარ იკარგება და მთელი თავისი ძალით ხვდება წისქვილის თვლებს.

ჟურნალი “ისტორიული მემკვიდრეობა”,

#10, 2016 წ.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

თედო სახოკია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here