Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტი ყველას მოუგებს!

საქართველოს პარლამენტი ყველას მოუგებს!

662

სულელი ექსპერტები, როგორც ყოველთვის, ახლაც ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რა ჩაიფიქრა ბრძენთაბრძენმა ბიძინამ! კერძოდ, ისინი სვამენ სრულიად გულუბრყვილო კითხვას _ თუკი კონსტიტუციის შეცვლა სურდა, მაშინ რატომ შეიყვანა ივანიშვილმა პარლამენტში ფეხბურთელები, მორაგბეები, “რა? სად? როდის?”-ის მოთამაშეები?

ასეთ შემთხვევაში, ხომ ჯობდა, ბიძინას პარლამენტში იურისტები, კონსტიტუციონალისტები, ეკონომისტები და სხვა მონათესავე პროფესიების ადამიანები შეეყვანა?

ამ უაზრო კითხვებს, მხოლოდ სულელი თუ დასვამს და მალე გაიგებთ, რატომ.

არც ის მოსაზრებაა სწორი, თითქოს ბიძინას ეს ხალხი პარლამენტში მხოლოდ პულტზე თითის დამჭერებად სჭირდებოდა. აბა, ეგრე რომ იყოს, რა აუცილებელი იქნებოდა სპორტსმენები და ე.წ ინტელექტუალები? პულტზე თითს მეეზოვეები, ოფიციანტები და სხვა “არაპრესტიჟული” პროფესიების წარმომადგენლებიც შესანიშნავად დააჭერენ, არა?

სიმართლე და ჭეშმარიტება სულ სხვაგანაა და, რაღა თქმა უნდა, ამ ჭეშმარიტებისა და სიბრძნის უშუალო განმახორციელებელი ჩვენი დიადი ბიძინა გახლავთ!

საქმე ის არის, რმ ჩვენმა ახირებულმა კორესპონდენტმა ქექა, ქექა და ამოქექა სტატისტიკა იმის შესახებ, რა შედეგები ჰქონდათ ქართველ პარლამენტარებს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართულ სახალისო სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში.

როდესაც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები ერთმანეთს სტუმრობენ ხოლმე, საქმიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სტუმრები და მასპინძლები ხან ფეხბურთის მატჩს მართავენ, ხან _ რაგბის და ხან _ სხვადასხვა თამაშობისა. მათ შორის, ზოგჯერ ერთმანეთს “რა? სად? როდის?”-შიც ეჯიბრებიან ხოლმე! აი, სწორედ ამაზეა საუბარი.

ჰოდა, ჩვენმა ახირებულმა კორესპონდენტმა მოიპოვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტს ამ მხრივ მეტად სავალალო შედეგები აქვს. კერძოდ, ქართველმა დეპუტატებმა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან გამართული 38 საფეხბურთო შეხვედრიდან 34 წააგეს, ხოლო 24 სარაგბო მატჩიდან, მხოლოდ 18-ში მოიპოვეს გამარჯვება.

ნუ, ფეხბურთში, კიდევ არა უშავს, მაგრამ რაგბიში 6 თამაშის წაგება ნამდვილად არ ჯდება ქართულ სარაგბო სინამდვილეშიო, _ ასკვნის ჩვენი კორესპონდენტი.

რაც შეეხება “რა? სად? როდის?”-ს აქ ყველაზე ცუდად გვქონია საქმე. როგორც გაირკვა, ძველი პარლამენტითა და მთავრობით ასეთ ელემენტარულ კითხვებსაც კი ვერ ვპასუხობდით _ რა არის იბიარდი? ან ვინ არის თალიბანი?

მეტიც, თურმე სოსო ჯაჭვლიანს, როგორც კი “რა”? სად? როდის”-ის მაგიდასთან დასვამდნენ, ჩამოურბენდა ყველა მონაწილეს და მკლავჭიდში ეჯიბრებოდა და, ვინც ამაზე არ დათანმხმდებოდა, ყველას წადი, შე იბიარდო-ს ეძახდა.

მოკლედ, აი, ჩვენმა დიდმა ბელადმა ბიძინამ ამაზეც იზრუნა და უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, 2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტი იდეალურია იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის პარლამენტარებს სპორტის ნებისმიერ სახეობაში დამაჯერებლად მოუგოს.

რაც შეეხება კონსტიტუციას, მაგ უმნიშვნელო საკითხს მარტოც გადასარევად მოვაგვარებო, _ უთქვამს ბიძინას და, აბა, ვინმე დედიმისის შვილია, არ დაეთანხმოს ჩვენს დიად, საყვარელ, ჭკვიან, გენიოს, გადამრჩენელ და “ცოცხების გამომღებ” ბელადს.

ერთი ეგაა, ძველ პარლამენტარებს ფეხბურთის შესახებ კი გამოუთქვამთ ერთი სამართლიანი პრეტენზია _ რა გინდათ, კაცო, მართალია, 38-დან 34 თამაში წავაგეთ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შედეგი ხომ მაინც გავაუმჯობესეთ, ახლა ესენი რომ შემორეკეთ პარლამენტში, 38-დან 37-ის წაგებას და 1-ის ფრედ დამთავრებას რომ არიან მიჩვეული, უარესი არ არის? _ აცხადებენ ძველი პარლამენტარები.

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here