Home რუბრიკები საზოგადოება “კრწანისის” სასწავლო ცენტრზე “თავდასხმის” დეტალები

“კრწანისის” სასწავლო ცენტრზე “თავდასხმის” დეტალები

506

23 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით, 03 საათსა 30 წუთზე, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა

“კრწანისის” სასწავლო ცენტრის ავტოპარკის ტერიტორიაზე გუშაგმა, რომელიც სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, უცხო პირები შენიშნა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ადამიანები არათუ დაემორჩილნენ გუშაგის რამდენიმე მოთხოვნას, პირიქით _ სამხედრო პირს ცეცხლმაქრი ესროლეს. საპასუხოდ, გუშაგმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ. გამთენიისას, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, სამხედრო პოლიციამ იპოვა 23 წლის გიგა შენგელიას გვამი, რომელიც სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი იყო და ოჯახთან ერთად ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, გვამი შემთხვევის ადგილიდან 300 მეტრის მოშორებით იპოვეს. 25 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დააზუსტა, რომ ცხედარი და მასთან ერთად იარაღი “კრწანისის” ცენტრიდან, დაახლოებით, 100 მეტრში იპოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “3 პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა ნორმების დაცვით”. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადასტურებს, რომ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ძმა აღნიშნულ ცენტრში “მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე მსახურობდა”.

გიგა შენგელიას მამა ამბობს, რომ მისი შვილი “კრწანისის” ცენტრის ტერიტორიაზე არ მოუკლავთ. რომან შენგელიას მტკიცებით, ამის შესახებ მას იმ ორმა პირმა განუცხადა, რომლებიც მის შვილს ახლდნენ. გიგა შენგელიას ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. რომან შენგელიას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტიანად არ წარიმართება, შვილის ცხედარს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here