Home რუბრიკები საზოგადოება 2050 წლისთვის მწვავე სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი

2050 წლისთვის მწვავე სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

საქართველოს აგრარულ სექტორში ბოლო წლებში განხორციელებულ დადებით ძვრებთან ერთად მრავალმა მტკივნეულმა პრობლემამ იჩინა თავი. კერძოდ, ჩამოყალიბდა სრულიად მიუღებელი ტენდენცია ჩვენი ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის _ ნიადაგის უსისტემო ექსპლოატაციისა და მისადმი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულების.

მცირემიწიან საქართველოში 205 ათასი ჰექტარი დამლაშებულ და ბიცობ ნიადაგებს უკავია, 330 ათასი ჰექტარი _ მჟავეს, ხოლო 220 ათასი ჰექტარი _ დაჭაობებულს. ერთ მილიონ ჰექტრამდე ნიადაგი სხვადასხვა ხარისხით ეროზიული პროცესების გავლენას განიცდის, რაც ანადგურებს სავარგულებს, არღვევს ათასობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ეკოლოგიურ წონასწორობას, განაპირობებს რიგ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს.

ქვეყნის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის 80 პროცენტი ღარიბია საკვები ელემენტებით, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაბალ და უხარისხო მოსავალს განაპირობებს. ქვეყნის ყველა რეგიონში შენიშნება ნიადაგის ნაყოფიერების უმთავრესი მაჩვენებლის – ჰუმუსის მწვავე დეფიციტი და მისი ბალანსი უარყოფითია.

როგორ ვმართოთ ნიადაგის ნაყოფიერება, მიწათმოქმედების რომელ სისტემას მივანიჭოთ უპირატესობა _ ინტენსიურს თუ ორგანულს? ხანგრძლივი დაკვირვებების საფუძველზე გთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას აღნიშნულ პრობლემაზე.

დავიწყოთ ინტენსიური სისტემით.

სოფლის მეურნეობის მაღალგანვითარებულ არც ერთ ქვეყანას ჯერჯერობით არ უთქვამს უარი ინტენსიურ სოფლის მეურნეობაზე. აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ევროპის ყველა სახელმწიფო, აზიის ქვეყნები, დღემდე ეწევიან ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. მიზანი ერთია _ ფართობის ყოველ ერთეულზე მიღებულ იქნეს რაც შეიძლება მეტი მოსავალი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, რომელსაც აღწევენ ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად მინერალური სასუქების აუცილებელი გამოყენებით, რა თქმა უნდა, ორგანულ სასუქებთან ერთად.

მსოფლიოში მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა და მისი წარმოებაც ყოველწლიურად იზრდება, რომელსაც შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს:

* მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მატება იწვევს კვების ძირითად პროდუქტებზე მოთხოვნის მატებას, ამასთანავე, ხდება მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მსოფლიოს სათესი ფართობების თავისუფალი რესურსების შემცირება, რაც განაპირობებს სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას. აღნიშნულის შედეგად იზრდება სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მოთხოვნა მინერალურ სასუქებზე.

* ბოლო წლებში რთული კლიმატური პირობები ბევრ წამყვან ქვეყანაში ნეგატიურად აისახა ს/ს კულტურების მოსავალზე და გამოიწვია მარცვლეულის მსოფლიო მარაგების შემცირება, რის გამოც, გაიზარდა მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა.

* 2014 წელს მსოფლიოში 2 მილიარდ 534 მილიონი ტონა მარცვლეული აწარმოეს, რომელიც არ იყო საკმარისი ამავე პერიოდში ერთ მილიარდამდე ადამიანისთვის შიმშილობის პრობლემის მოსახსნელად. ამ ოდენობის მოსავლის 50 პროცენტი მიღებული იყო მინერალური სასუქების ხარჯზე. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს, ეს ოდენობა რომ მოაკლდეს.

ორგანული (იგივე ეკოლოგიური, ბიოლოგიური) მიწათმოქმედება

მიწათმოქმედების ამ მეთოდის ძირითადი მიზანი და აზრია ნატურალური ბოსტნეულისა და ხილის მიღება, რომლებიც სრულიად თავისუფალია ყოველგვარი “ქიმიისგან”.

ძირითადი მიზანია ასევე: ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება. ორგანული მიწათმოქმედების იდეოლოგია ის არის, რომ კი არ გადავაკეთოთ ბუნება, არამედ დავეხმაროთ მას, ამიტომ ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა ხდება აგროტექნიკური ხერხებისა და ნატურალური საშუალებების ხარჯზე. იქნება ეს ორგანული სასუქები, სიდერაცია, ბიოჰუმუსი, ბიოპრეპარატები და ა.შ.

ამასთანავე, არსებობს კითხვები:

1. შეიძლება თუ არა, ამ მიმართულების გამოყენებით გადაწყდეს არსებული ეკოლოგიური პრობლემები?

2. შეუძლია თუ არა ორგანულ მიწათმოქმედებას გახდეს ტრადიციული მიწათმოქმედების რეალური ალტერნატივე, ე.ი. წარმატებით გადაწყვიტოს პლანეტის მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემა ხარისხიანი, ჯანსაღი საკვები პროდუქტებით?

ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია.

პასუხი პირველ კითხვაზე: არსებული ინფორმაციით, გარემოს მრავალი სახის დამაბინძურებლებიდან სოფლის მეურნეობის წილზე მოდის 4-5%; ყველაზე მეტია ტექნოგენური, ტრანსპორტით, წიაღისეულის მოპოვებით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში მთავარ დამაბინძურებლად ითვლება მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება. თუ მკაცრად დავიცავთ მინერალური სასუქების გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებულ რეგლამენტს, გარემოზე მათი ნეგატიური ზეგავლენა მინიმალური იქნება.

პასუხი მეორე კითხვაზე:

ორგანული მიწათმოქმედების ნაკლია:

* ს/ს კულტურების მოსავლის შედარებით დაბალი დონე (არსებობს მოსავლის ჭერი, ზღვარი, რომლის გადალახვაც ორგანული სასუქებით შეუძლებელია).

* მსოფლიოში არასაკმარისი რაოდენობითაა ძირითადი ორგანული სასუქი _ ნაკელი. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 6 მილიარდი სული საქონელი უნდა არსებობდეს, მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფილი რომ იყოს ნაკელით; მაშინ, როცა, 2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1,6 მილიარდი სული საქონელი იყო.

* გენეტიკურად თუ ნიადაგში მცირეა რომელიმე საკვები ელემენტი, დაბალი იქნება მისი შემცველობა ნაკელშიც.

* თუ ნიადაგი დაბინძურებულია, მაგალითად, მძიმე მეტალებით, იგი გადადის ნაკელშიც და კვლავ უბრუნდება ნიადაგს.

* ნაკელის შორ მანძილზე გადაზიდვა არარენტაბელურია.

* ნაკელით ნიადაგს არ უბრუნდება მარცვლის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, მარცვლით გადის მარცვლეულის მიერ გამოტანილი ფოსფორის ორი მესამედი, აზოტის _ სამი მეხუთედი და კალიუმის _ მხოლოდ ერთი მეშვიდედი.

* მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევებით, ორგანულ მინდვრებზე მოყვანილი ბოსტნეულისგან სალმონელოზით დაავადების ალბათობა სამ-ხუთჯერ მაღალია ტრადიციული წესით მიღებულ ბოსტნეულთან შედარებით, რადგან ორგანულ მეურნეობაში განოყიერებისთვის გამოყენებული ნაკელი ითვლება ხელსაყრელ არედ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის.

* ორგანული პროდუქტების წარმოებაზე გადასვლა არ არის რეკომენდებული განვითარებადი ქვეყნებისთვის; მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი მატება მოითხოვს ასეთ ქვეყნებში ორგანული სოფლის მეურნეობის იდეოლოგიაზე უარის თქმას და უფრო პრაგმატული მეთოდებით (ტექნოლოგიით) სარგებლობას.

აღნიშნული ნაკლოვანებების გამო არ ვართ დაზღვეული, რომ მიღებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით;

მიწათმოქმედების ეს ორი მიმართულება არ გამორიცხავს ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე პერიოდში ორივეს აქვს არსებობის უფლება, ორივეს განვითარება აუცილებელია. ვფიქრობ, დრო და ბაზარი გამოავლენს მათგან უპირატესს.

ფერმერებს, მინდა, ვურჩიო, მხარი დაუჭირონ მიწათმოქმედების რაციონალურ სისტემას, რომელიც გულისხმობს:

* ნაკელისა და სხვა ორგანული საშუალებების არსებული რესურსების სრულად გამოყენების პირობებში ორგანული მიწათმოქმედების მაქსიმალურად შესაძლო მასშტაბით განვითარებას და ამის საფუძველზე, მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობით ყოველგვარიქიმიისგანთავისუფალი ნატურალური, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. კარგი იქნება, თუ ასეთი პროდუქციის წარმოება საქართველოში სასოფლოსამეურნეო წარმოების მთლიანი მოცულობის 20-30 პროცენტს მიაღწევს.

*არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გამოსაკვებად, ასევე, მხარდასაჭერია ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარება. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მილიონობით ჩატარებული ცდები და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აღნიშნული მოსაზრების დადასტურებაა.

ჩვენმა ქვეყანამ უპირველეს მიზნად უნდა დაისახოს უახლოეს 4-5 წელიწადში ადგილობრივი წარმოების სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს სამ ათეულ წელიწადში მსოფლიოს მოსახლეობა 3 მილიარდით მოიმატებს და ამ პერიოდში მოსალოდნელია მწვავე სასურსათო კრიზისი; გულუბრყვილობა იქნება იმის დაშვება, რომ მსოფლიოს რომელიმე ერთ რეგიონში არსებული სასურსათო კრიზისი გავლენას არ იქონიებს დანარჩენ რეგიონებზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ცდილობს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად მოახერხოს საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანაც ჩაერთვება ამ პროცესში და დავიწყებთ მოძრაობას დევიზითმივირთმევთ ადგილობრივს”, მით უმეტეს, ჩვენი მიწის, წყლის რესურსების, კლიმატური პირობებისა და, რაც მთავარია, სამეცნიერო პოტენციალის, ჩვენი მეურნეების _ ფერმერი იქნება თუ გლეხი _ გამოცდილების გათვალისწინებით, შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვება, არამედ, როგორც ინტენსიური, ისე ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების პირობებში, გავხდეთ ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი კვების პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა.

უპირველესი მიზანი უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი სიმდიდრის, ჩვენი მასაზრდოებელი ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაამაღლება. მიმაჩნია, რომ სასოფლოსამეურნეო წარმოება უნდა ეყრდნობოდეს ნიადაგდაცვით და რესურსდამზოგ მიწათმოქმედებას, რომლის ძირითადი პრინციპებია: ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება. თესლბრუნვების დივერსიფიკაცია; სიდერაცია; ნიადაგის ზედაპირის მუდმივად დაფარვა ორგანული მასით _ მცენარეულობით, ან მისი ნარჩენებით _ მულჩის სახით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here