Home რუბრიკები საზოგადოება თამარ ჭითანავა: დაავადების თავიდან აცილება პროფილაქტიკური გამოკვლევით შეიძლება

თამარ ჭითანავა: დაავადების თავიდან აცილება პროფილაქტიკური გამოკვლევით შეიძლება

დღეს მსოფლიოში ონკოდაავადებების სიხშირის განუხრელი მატების ტენდენცია აღინიშნება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად კიბოს 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ეს რიცხვი 20 მილიონამდე გაიზრდება. გინეკოლოგიური დაავადებების გავრცელების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანემედროვე მეთოდებისა და სიახლეების შესახებსაქართველო და მსოფლიოსმკითხველებს ესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თამარ ჭითანავა.

_ ავადობის სიხშირისა და გავრცელების მიხედვით, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ჩვენი მოსახლეობის ავადობის, ინვალიდობისა და მოკვდავობის სტრუქტურაში. პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო, შემდეგ _ საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეები.

მსოფლიოში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების 500 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება და ამ დიაგნოზით 300 ათასი ქალი იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად 600-მდე ქალს უდგინდება ეს დიაგნოზი. დაავადების პიკი 50-60 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში გაცილებით ახალგაზრდებშიც არცთუ იშვიათად გვხვდება.

საკმაოდ ხშირია ე.წ. ჰიპერპლასტიკური პროცესებიც, რომლებიც საშვილოსნოს ყელზე, ენდომეტრიუმში ან საკვერცხეებში ვითარდება და მცირე თუ დიდი ზომის პოლიპების, კისტების ან კიდევ უფრო სერიოზული სიმსივნური პათოლოგიების სახით ვლინდება. ზოგიერთი დაავადება, შესაძლოა, ყოველგვარი სიმპტომის გარეშეც მიმდინარეობდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდული პროფილაქტიკური გასინჯვა, რომელიც ჩივილების გამოვლენამდე დაავადების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ქალმა რაც შეიძლება დროულად ჩაიტაროს გინეკოლოგის კონსულტაცია.

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა მოკვდავობის უმნიშვნელოვანეს პროცენტს შეადგენს, არადა, ამ პრობლემის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევით, რომელიც, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს. ჩვენს რეალობაში კი ქალების უმეტესობა მოგვმართავს მაშინ, როდესაც უკვე აწუხებს ტკივილი, სისხლდენა და სხვა პრობლემები, რომლებიც დაავადების შორსწასულობასა და არასახარბიელო პროგნოზზე მიგვითითებს.

თანამედროვე მედიცინა დიაგნოსტიკური შესაძლებლობების სრულ არსენალს ფლობს, ამიტომაა, რომ ავთვისებიანი პროცესის არსებობის დადგენა თუ მისი ადგილობრივი და შორეული გავრცელების შეფასება დღეს პრობლემა აღარ არის.

შემიძლია დაბეჯითებით ვუთხრა თქვენი გაზეთის მკითხველებს, რომ ჩვენი ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა ამ შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს, აქ ყველაფერია: დაწყებული თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით, ულტრაბგერითი აპარატურით, ენდოსკოპიური ტექნიკით, რენტგენოგრაფიული დანადგარებითა და კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით და დამთავრებული უნიკალური პათო-მორფოლოგიური და იმუნო-ჰისტოქიმიური აპარატურით.

_ ტექნიკა ტექნიკად, მაგრამ კადრები?

_ ეს საკითხიც უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი.

მოგეხსენებათ, სწორად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, რეჟიმი და ეფექტიანობა. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში, სტანდარტული გამოკვლევის გარდა, აუცილებელია სიმსივნის ბიოფსია (მისი შემდგომი მორფოლოგიური შესწავლით), აგრეთვე, გულმკერდისა და მუცლის ღრუს რადიოლოგიური გამოსახულებითი დიაგნოსტიკა, რათა შეფასდეს პროცესის ადგილობრივი თუ შორეული გავრცელება (მეტასტაზირება სხვა ორგანოებში). პათოლოგიური პროცესის გავრცელების სრულ სურათსაც (დაავადების კლინიკურ სტადირებას) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის არჩევისთვის. სწორედ ამას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური სტანდარტების დანერგვა მკურნალობის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, რომელიც დღეს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების რევოლუციური განვითარების ერაში, არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი პირობაა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არც ერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ჩვენს ინსტიტუტში. მუდმივად ვაფართოებთ რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დიაპაზონებს. უკვე შევიძინეთ და ექსპლოატაციაში გავუშვით უნიკალური პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია.

რაც შეეხება ქირურგიას, რასაკვირველია, უმეტეს შემთხვევაში არჩევის მეთოდი მინიმალურად ინვაზიური ჩარევებია, ამიტომ დღეს ლაპაროსკოპიულმა ქირურგიამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მედიცინაში.

ლაპაროსკოპია თანამედროვე ქირურგიაა. დღევანდელი ლაპაროსკოპიული ტექნიკა ცხოვრების ხარისხის გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. მინიმალური ტკივილი და დისკომფორტი, მცირე ზომის განაკვეთი და გართულებების გაცილებით ნაკლები პროცენტი _ ამ ყველაფრის გამო ლაპაროსკოპიას უპირატესობა ენიჭება თითქმის ყველა გინეკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ. ეს მეთოდი შეუცვლელია ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა კვერცხშესავალი მილების გაუვალობა, შეხორცებითი პროცესები მუცლისა და მცირე მენჯის ღრუში, საკვერცხის კისტები, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი.

დღეს რეალობაა ის, რაც ადრე წარმოუდგენელად მიიჩნეოდა: მცირე ინვაზიური ქირურგიის როლი ონკოგინეკოლოგიაში უფრო და უფრო იზრდება. საუბარია დიდი მოცულობის, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ტრავმულ ოპერაციებზე, რომლებსაც ღია მეთოდის გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება. ლაპაროსკოპიული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია იმავე მოცულობის ოპერაციების ნაკლებ ტრავმულად ჩატარება ისე, რომ რეაბილიტაციის დრო მნიშვნელოვნად მცირდება და ქიმიო-სხივური მკურნალობის გაგრძელება მოკლე ვადებში ხდება შესაძლებელი. ამ ყველაფრის მიუხედვად, რასაკვირველია, არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ტრადიციული ქირურგიული ჩარევა შეუცვლელია.

ჩვენს ინსტიტუტს სხვებისგან განასხვავებს ის, რომ ვცდილობთ, ყველაფერში თანამედროვე მოთხოვნების სიმაღლეზე ვიყოთ მატერიალურტექნიკური ბაზის განახლებისა და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით. ბატონმა ფრიდონ თოდუამ სერიოზული ამოცანა დასახა ჩვენსა და, საზოგადოდ, ქვეყნის წინაშე _ შევქმნათ ისეთი ძლიერი სამსახური, რომ არც ერთ პაციენტს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქართველოდან უცხოეთში გამგზავრება არ დასჭირდეს.

დღეს თოდუას კლინიკაში ყველა საჭირო ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გვაქვს, რომელიც ნებისმიერ დაავადებასთან გამკლავების შესაძლებლობას გვაძლევს.

_ მაგრამ ეს ხომ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა?

_ თანამედროვე ტექნოლოგიებით მკურნალობა, რასაკვირველია, ძვირია, მაგრამ საქართველოში ფასები საზღვარგარეთისაზე გაცილებით იაფია. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ნებისმიერი სახის მკურნალობა _ ქირურგია, ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია _ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს პაციენტს აქვს არჩევანის უფლება, ანუ უფლება, მიიღოს მომსახურება მისთვის სასურველ კლინიკაში.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პრაქტიკულად ყველა მეთოდი.

სხივურ თერაპიაში დამონტაჟებულია 2 ულტრათანამედროვე სხივური ამაჩქარებელი, გამართულია უალტერნატივო ქიმიოთერაპიის განყოფილება. უახლოეს მომავალში რადიოთერაპიის განყოფილებას შეემატება რადიოქირურგიული სისტემა EDGE, ხოლო ქიმიოთერაპიის დარბაზი ერთდროულად 35 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევეხო EDGE რადიოქირურგიულ სისტემას, მით უმეტეს, რომ ამ აპარატს მსოფლიოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ 17 კლინიკა ფლობს. იგი უახლესი სიტყვაა რადიოქირურგიაში და მისი მეშვეობით, შესაძლებელია ჯანსაღი ქსოვილების დაზიანების გარეშე, მხოლოდ სიმსივნურად გადაგვარებული ქსოვილების დასხივება და განადგურება. მკურნალობის ეს მეთოდი, პრაქტიკულად, ოპერაციული ჩარევის ალტერნატივაა.

ბრაქითერაპიის დეპარტამენტში უახლესი თაობის VARIAN-ის აპარატი განთავსდება, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია თუნდაც მხოლოდ გინეკოლოგიური სიმსივნეების მკურნალობის ჭრილში. სიტყვა ბრაქითერაპია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს “მოკლეს”, რაც სიმსივნისა და თერაპევტული აგენტის სიახლოვის მანიშნებელია. რადიოაქტიური წყარო უშუალოდ სიმსივნის ქსოვილში თავსდება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას; ასევე კანის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, ტრაქეისა და საყლაპავის სიმსივნეების მკურნალობის დროს.

მე და ჩემს კოლეგებს გაგვიმართლა, რომ ვართ ისეთი სკოლის წარმომადგენლები, როგორიცაა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა. ვერც ერთ ევროპულ კლინიკაში ვერ იპოვით ისეთ მძლავრ მატერიალურტექნიკურ ბაზას და ინტელექტუალურ პოტენციალს, როგორიც ჩვენს ცენტრშია. მეამაყება, რომ ვმუშაობ ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც საკუთარი დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები და წამყვანი სპეციალისტები არიან.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here