Home რუბრიკები ბლოგი ლიდერთა ბელადური მისწრაფებანი, ანუ “ჩვენი ცეკას მდივანი ნიჭიერი კაცია!”

ლიდერთა ბელადური მისწრაფებანი, ანუ “ჩვენი ცეკას მდივანი ნიჭიერი კაცია!”

703

რამ დაღუპა დიადი საბჭოთა კავშირი? _ ამ კითხვას ხშირად მოჰკრავთ ყურს ტრანსპორტში, ბაზარში, უბანში, ოჯახშიც კი, ბებიაბაბუებთან საუბრის დროს. ჩემი აზრით, პასუხი ერთია _ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე უდიდესი იმპერია დაშალა სწორედ იმან, რამაც სხვა იმპერიები _ სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ, გაზულუქებამ, უდარდელობამ, იოლმა ცხოვრებამ და, რაც მთავარია, კაცობრიობის განვითარებისთვის ფეხის დროულად ვერაწყობამ.

“უძრაობის პერიოდს” ტყუილად ნამდვილად არ უწოდებენ პოლიტიკური ექსპერტები ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის მმართველობის პერიოდს. როდესაც მიჩნეულ იქნა, რომ სსრკ-ის ცეკას გენერალურ მდივნად ბრეჟნევის არჩევით საბჭოთა კავშირში სოციალიზმმა მიაღწია განვითარების უმაღლეს საფეხურს, მორჩა, განვითარება შეჩერდა და შეიძლება ითქვას, მთელი 30 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში არაფერი შეცვლილა.

ტექნიკურ განვითარებას კიდევ არაფერი უჭირს. მთავარი იყო ის, რომ საბჭოეთი არ განვითარებულა საზოგადოებრივად. ერთი ცვლილებაც არავის შეუტანია კონსტიტუციაში, არ შეცვლილა სისხლის სამართლის კოდექსი და ასე შემდეგ. საბოლოოდ, მაშინ, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1950-იან წლებამდე ამერიკაც და ევროპაც გაცილებით უკან იყვნენ საბჭოთა კავშირზე ადამიანების რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის კუთხით, სოციალური განსხვავების გამო ჩაგვრისა და სხვა მიმართულებებით, უკვე 1970-იანი წლებიდან ევროპამაც და ამერიკამაც მკვეთრად გაასწრეს მას ამ სფეროებშიც და დიად საბჭოეთს კაცობრიობის თვალში აღარაფერი დარჩა სატრაბახო.

შავი კანის, ყვითელი კანის, მუსლიმანობისა და კიდევ სხვა ნიშნებით ადამიანების განსხვავებასა და ჩაგვრას ბოლო მოეღო. მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში გადაიხედა სისხლის სამართლის კოდექსებიც, მოხდა მკაცრი სასჯელების ჰუმანიზაცია და უკვე 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ცივილიზებულ ნახევარში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელშიც ადამიანებს ჯერ კიდევ სჯიდნენ სიკვდილითა და დახვრეტით ეკონომიკური დანაშაულისთვისაც კი…

და, რაც მთავარია _ მაშინ, როდესაც ამერიკა-ევროპამ მკაცრი და საბოლოო უარი განაცხადა ბელადებზე, საბჭოთა სივრცე ჯერაც ბელადის მოთხოვნით ცხოვრობდა და უკვე ღრმად მოხუცებული, თითქმის “მოარულ ფიტულად” ქცეული ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის გაღმერთება-გამესიებით იყო დაკავებული. სწორედ ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა ბრეჟნევის გადაყენება, მის ადგილზე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის მოყვანა და ლპობის პროცესის დროულად შეჩერება, რომელიც საბჭოეთს მოურჩენელ მეტასტაზებად მოედო…

როდესაც ლეონიდ ილიჩმა თქვენი ჭირი წაიღო, უკვე 15-ვე რეპუბლიკის ცენტრალურ კომიტეტებშიც და თვითონ კრემლშიც ისეთი ოდიოზური პერსონები იყვნენ შემძვრალ-მოკალათებულნი, რომ ამ მოშლილი უზრამაზარი მექანიზმის საბოლოო რღვევა გარდაუვალი იყო.

უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ამ ძირმომპალი “მანქანის” სათავეში ცეტი მიხეილ გორბაჩოვი მოექცეოდა თუ ვინმე სხვა. აი, ათიოდე წლით ადრე რომ მოეხერხებინა საბჭოთა ხალხს და უკვე “მოფამფალებული” ბრეჟნევის ნაცვლად ქვეყნის სათავეში დაესვა ისეთი მტკიცე ნებისყოფის, გლობალურად მოზაროვნე, თუნდაც არადემოკრატი, მაგრამ რუსეთის ერთგული და პატრიოტი ლიდერი, როგორიც დღეს ვლადიმერ პუტინია, “ბოროტების იმპერია” ეგებ არც კი დანგრეულიყო და სრულიად სხვა, მოდერნიზებული სახით წარდგომოდა კაცობრიობას, როგორც უძლეველი ზესახელმწიფო…

თუმცა ამას ხელი ყველაზე მეტად სწორედ მსოფლიოში იმ დროისთვის უკვე უარყოფილმა, დაგმობილმა და “გოიმობად” მიჩნეულმა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ მყარად ფეხმოკიდებულმა და საზოგადოებაში სასტიკად ფესვგადგმულმა “ბელადომანიამ” შეუშალა.

ბელადი ხელშეუხებელია! რასაც ბელადი იტყვის, უსიტყვო ჭეშმარიტებაა! რასაც ბელადი მოიმოქმედებს, ესე იგი, ასეა საჭირო! ბელადი ბრძენია!

ალბათ, ძალიან შორიდან მოვუარე, მაგრამ ეს საბჭოთა ისტორიული წიაღსვლა იმისთვის დამჭირდა, რომ ქართულ დღევანდელობასთან ლოგიკურად მოვსულიყავი.

ხშირად მოისმენთ რაიმე ფაქტზე, მოვლენაზე ან პერსონაზე საუბრისას, ეგ საბჭოთა გადმონაშთიაო. ამას, ძირითადად, რაიმე ცუდზე ან მიუღებელ პერსონაზე ამბობენ ხოლმე. ვერ დავეთანხმები, რადგან იმ საბჭოეთში კარგიც ბევრი იყო და ალტრუისტი ადამიანებისთვის მისაღებიც, მაგრამ ხსენებული “ლიდერომანიის” გადმონაშთები კი აშკარად ეტყობა ჩვენს ქვეყანას. შეგვძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ პოსტსაბჭოეთსაც უკურნებელ სენად აქვს მოდებულიბელადომანიადა თავი მხოლოდ იმით შეგვიძლია ვინუგეშოთ, რომ ჩვენს უშუალო აღმოსავლურ სამეზობლოში ეს სენი გაცილებით მომაკვდინებლად არის გამჯდარი, ვიდრე ჩვენში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ჩვენი უფრო გვედარდება, მით უფრო, რომ ასეთი დაავადება სერიოზულად აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას.

კიდვე ერთი რამეა შესამჩნევი _ ჩვენში მხოლოდ ის ლიდერები კი არბელადდებიან”, რომლებიც ქვეყნის პირველ პირობას მიაღწევენ, არამედ მათაც კი, ვინც მეტნაკლებად გავლენიან პოლიტიკურ გუნდს, პარტიას ჩამოაყალიბებს, მალევე ეწყებათალექსანდრე მაკედონელობისსინდრომი და რასიბრძნეებითუჭედავს ყურებსმრევლს,” თვითონაც აღარ იცის.

ვერ გეტყვით, ჩვენს მოსაზღვრე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც ასეა თუ არა, რადგან მხოლოდ მათი სახელმწიფოების პირველი პირების შესახებ გვაქვს ინფორმაცია და არ ვიცით “ბელადობენ” თუ არა ე.წ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, მაგრამ ჩვენში, ფაქტია, რომ “ბელადების” ცვენაა. ყველა ასე თუ ისე ცნობილ პოლიტიკოსს, რატომღაც “ერის მოძღვრისა” და “ბრძენთაბრძენის” ტიტულის მოპოვება სურს.

ამის ნათელი მაგალითია აწ უკვე საპარლამენტოდ ქცეული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ბატონი დავით თარხან-მოურავის პერსონა. მკითხველს არ დასჭირდება იმის შეხსენება, რა ფურორი მოახდინა ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ბატონი თარხანმოურავი ამტკიცებს, რომ იგი არა მხოლოდ ერეკლე მეფის, დავით აღმაშენებლისა და წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის, არამედ მუსლიმანთა წმინდა წინასწარმეტყველ მაჰმადის, მისი ბიძის ხამზასა და, საზოგადოდ, ისლამის ყველა ფუძემდებლის შთამომავალია სხვადასხვა მიმართულებით, ოღონდ ქალის ხაზით.

მთავარი აქ ის კი არ არის, რატომ მოუნდა უცებ დავით თარხანმოურავს მაჰმადის შთამომავალი ყოფილიყო, არამედ ის, რომ მსგავსისიბრძნეებით”, უკვე კარგა ხანია, გაჯერებულია მისდამი დაქვემდებარებული ტელეკომპანიაობიექტივისეთერი. იქიდან ბატონი დავითი ხან ქართული სუფრის მნიშვნელობას გვიხსნის შთამაგონებელი ინტონაციით, ხანაც იმაზე გველაპარაკება, რას ნიშნავს, იყო ქართველი, და ხანაც ბიბლიის ერთადერთ სწორად წამკითხველის ფუნქციებსაც კი იღებს საკუთარ თავზე.

სავსებით ნათელი იყო, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამ “სიბრძნისმფრქვევლობის” საპასუხო ირონია დაგროვდებოდა და ერთხელაც იფეთქებდა. ამისათვის “ხამზას შთამომავლის” მონოლოგი იქცა კიდეც ბოლო წვეთად.

რა თქმა უნდა, მხოლოდ თარხან-მოურავი რომ იყოს საქართველოში ასეთი სენით ავად, კიდევ არაფერი გვიჭირს. დავით თარხან-მოურავს არაფრით ჩამორჩებიან ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე. მათგანაც არაერთხელ მოგვისმენია, როგორი “ერთადერთები”, “განუმეორებლები” და “ბრძენები” არიან.

ვერ გამოვტოვებთ შალვა ნათელაშვილსაც, რომელსაც იგავებით ეზოპესეულ სტილში უყვარს ლაპარაკი და “ქვეყანა ერთხელ მაინც მანდეთო”, _ იხვეწება, რადგან ამდენი იგავი იცის ზეპირად.

მათზე კი, ვინც ოდესღაც რეალურად იყვნენ საქართველოს პირველი პირები, ლაპარაკიც აღარ არის. ყოველი მათგანი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური მმართველის სტატუსს არ სჯერდებოდა და ცდილობდა, შეეთავსებინა “ერის მოძღვრის” ფუნქციებიც.

თქვენ წარმოიდგინეთ, მათ შორის ყველაზე უფრო პროფესიონალი და “ცივსისხლიანი” პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძეც კი, ბოლო პერიოდში მაინც შეიჭრა “ბრძენთაბრძენის” როლში და მასაც კი ჰქონდა ორიოდე მომენტი, როდესაც, წმინდა პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მოულოდნელად “ქადაგად დავარდა” და ერს “ბრძნული” ცხოვრებისეული აზრები გადმოუფრქვია.

ბოლოს კი დამსახურებულად უნდა მივანიჭოთ პირველი ადგილები “სიბრძნის” რეკორდსმენებს _ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს. დიახ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელი მათგანია ამ მიმართულებით პირველ ადგილზე და რომელი _ მეორეზე. შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას კიდეც გაესწრო მათთვის “სიბრძნეების ფრქვევაში”, მაგრამ მოგეხსენებათ, სამხედრო გადატრიალებამ ზვიადს არ აცალა “ფრთების ბოლომდე გაშლა”.

ამიტომ, როგორც სპორტში იტყვიან ხოლმე, პირველ ადგილს იყოფენ მიშა და ბიძინა.

მათ “ბრძნულ გამონათქვამებს” ახლა აქ აბზაც-აბზაც აღარ მოვიტან, ისედაც მშვენივრად ახსოვს საზოგადოების ნორმალურ ნაწილს და ეს ნაწილი ხვდება კიდეც, რატომ არის დღეს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი პოლიტიკოსობით არ კმაყოფილდება და “ერის მამის” ტიტულის შეთავსებასაც ცდილობს.

საინტერესოა ისიც, რატომ მიაჩნიათ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ, თუკი ლიტერატურისღრმა ცოდნასგამოავლენენ, ეს მათ პოლიტიკურ იმიჯზე დადებითად იმოქმედებს. რა საჭიროა ვითომ, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავს, არის პოლიტიკოსი, სიღრმისეულად ერკვეოდეს ლიტერატურაში?

არადა, ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის პირველი პირების უბადრუკი მცდელობები, საზოგადოებისთვის დაენახვებინათ, რომ ზეპირად იციან ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, რაც ყოველთვის კომიკური შედეგით, შედევრის სტროფების უღვთოდ დამახინჯებული ფორმით გადმოცემითა და საბოლოოდ ხალხის ყბაში ჩავარდნითა და დაუნდობელი დაცინვით სრულდებოდა ხოლმე.

გვახსოვს, აგრეთვე, ცალკეული ნაწარმოებებიდან ციტატების მოყვანისას ამ ნაწარმოების ავტორად სულ სხვა მწერლის გამოცხადების შემთხვევებიც, ზოგჯერ ნაწარმოები და ავტორი რამდენიმე საუკუნით ასცილებია ერთმანეთს…

არ ვიცი, საჭირბოროტოდ თუ მიიჩნევს მკითხველი ახლა ამ თემას და ამ საგაზეთო წერილს, მაგრამ მინდა დავსვა მარტივი კითხვა _ როდის გვეღირსება ქვეყნის ან თუნდაც ოპოზიციური პარტიის სათავეში ჩვეულებრივი პოლიტიკური ლიდერების ყოფნა და არაერის მოძღვრების”, ლამის ფსიქიატრიულ დაავადებამდე მისულიბრძენკაცების”?

მსოფლიომ კარგა ხნის წინათ თქვა უარი სახელმწიფოების სათავეებთან იულიუსების, ალექსანდრეების, ნაპოლეონების, ჰიტლერების, ფრანკოების, დუჩეების, კასტროებისა და მათი მსგავსი “ქარიზმული” ბელადების მოყვანაზე… მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილნი მართლაც იყვნენ დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით და მართლაც ჰქონდათ სიბრძნე გარკვეული დოზით…

აი, ჩვენ კი როდემდე უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა ამ სრულიად უნიჭო, ხელოვნურადგაბრძენებული”, ჭკვიანის პოზამიღებული ტუტუცების ბელადებად გამოცხადებას? როდემდე უნდა ვიძახოთ ხან ერთი, ხან მეორე ბელადით აღფრთოვანებულებმა: “ჩვენი ცეკას მდივანი ნიჭიერი კაცია! უხ, რა ნიჭიერი კაცია ჩვენი ცეკას მდივანი!”

და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა, ამდენი “ბრძენი ბელადის” ხელში, 30 წელიწადია, ჯანდაბისკენ მიექანება…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here