Home რუბრიკები საზოგადოება გენადი ქობალია: მას შედეგ, რაც სანდრა რულოვსის მაჟორიტარობის ამბავი შევიტყვე, კარდაკარ დავდივარ...

გენადი ქობალია: მას შედეგ, რაც სანდრა რულოვსის მაჟორიტარობის ამბავი შევიტყვე, კარდაკარ დავდივარ და ყველას ვეუბნები, რომ მისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 53 საარჩევნო ოლქში საჭირო შეიქნა მეორე ტურის ჩატარება და თითქმის ყველგან ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ნაციონალების კანდიდატები დაუპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” კანდიდატებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ გაიმარჯვებენ. ერთადერთი, ზუგდიდის რაიონულ ოლქზე ნერვიულობენ, სადაც ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი “ოცნების” კანდიდატს _ ედიშერ თოლორაიას უპირისპირდება. 

8 ოქტომბრის არჩევნებისას ჰოლანდიელმა ქალბატონმა თოლორაიას მის მშობლიურ სოფელ ინგირში რამდენიმე ათეული ხმით მოუგო, რამაც რულოვსს გამბედაობა შეჰმატა და მეორე ტურში გამარჯვების იმედიც ჩაუსახა. ამას ისიც ემატება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებენ, მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ, რათა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს. ვესაუბრეთ ეროვნული მოძრაობის წევრს, ზუგდიდში მცხოვრებ გენადი ქობალიას და შევეცადეთ, მისგან შეგვეტყო, რა ვითარებაა მეორე ტურის წინ ზუგდიდში.

_ ბატონო გენადი, როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ სამეგრელო “ნაცმოძრაობის” საყრდენად იქცა? უფრო მეტიც _ ყოფილი პირველი ლედი, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ქსენოფობს უწოდებდა, ახლა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და ხმების საკმაო რაოდენობაც მოაგროვა.

_ სამეგრელოში პრობლემები შევარდნაძის პერიოდიდან დაიწყო. ყველა არჩევნებში აქ მცხოვრებ ხალხს მოისყიდდნენ ხოლმე. მრცხვენია, ამ სიტყვებს რომ ვამბობ და ჩემს ხალხს ვამხელ, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას?! მეკითხებით, რა ხდება სამეგრელოშიო და სირცხვილით ვკვდები, რა გითხრათ, არც კი ვიცი. ზვიად გამსახურდიას აუგად მომხსენიებელი ვიღაც გადამთიელი ქალი მეგრელების მხარდაჭერას ითხოვს და თანაც, ეჭვი არ ეპარება, რომ გაიმარჯვებს, რაც ამ არჩევნებში დადასტურდა კიდეც. მან იმდენი ხმა მოიპოვა, რომ მეორე ტური შეიქნა საჭირო.

მაგიჟებს იმაზე ფიქრი, ჰოლანდიელმა ქალმა ზვიადის აუგად ხსენება როგორ გაბედა ან როგორ მივუტევებთ ამ საქციელს ჩვენ. საქმე ის არის, რომ აქ, სოფლებში მედიისგან საკმარის ინფორმაციას ვერ იღებენ ადამიანები, სამაგიეროდ, ინფორმაციას პოლიტიკოსები არ ამადლიან, განსაკუთრებით _ ნაციონალები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ყველაზე მიყრუებულ სოფლებს და ხალხს ტყუილებს ეუბნებიან.

რამდენიმე დღეში მეორე ტურია, ერთმანეთს “ოცნების” კანდიდატი ედიშერ თოლორაია და “ნაციონალების” კანდიდატი სანდრა რულოვსი უპირისპირდებიან. მინდა, ვირწმუნო, რომ ზუგდიდელები გონს მოეგებიან და სწორ არჩევანს გააკეთებენ. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს თვალი ავუხილო და სწორ გზაზე დავაყენო. ერთი ხმაც კი, მიცემული სანდრა რულოვსისთვის, სიცოცხლის რამდენიმე წელს წამართმევს, გულის ნაწილს მომგლეჯს.

_ რატომ ხართ ასეთი გაბრაზებული ნაციონალებზე? ზუგდიდში ამბობენ, რომ სააკაშვილმა მათთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა…

_ მე ნაცებზე კი არ ვარ გაბრაზებული, ჩემს სამშობლოზე, ჩემს მიწა-წყალზე ვარ შეყვარებული და მისთვის საუკეთესო მემეტება. არავინ მინდა ისეთი, ვინც ამ ხალხს, ამ მიწას შეურაცხყოფს. არ მინდა, ჩემი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები ვიღაცამ აუგად მოისხენიოს, საფლავები წაბილწოს, ისტორია დაამახინჯოს და წარსული დაგვავიწყოს.

ისე ვიცხოვრე, ჩემკენ თითს ვერავინ გამოიშვერს და იტყვის, რომ რაიმე შეცდომა დამიშვია, ახალგაზრდობიდანვე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, ეროვნულ მთავრობას ვუჭერდი მხარს და დღესაც მაქვს ამბიცია, რომ ეროვნული, უფლის მოშიში კაცი ვარ. ვცდილობ, ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფებს შეცდომებზე მივუთითო, შეცდომის დაშვების უფლება არ მივცე.

მას შედეგ, რაც სანდრა რულოვსის მაჟორიტარობის ამბავი შევიტყვე, კარდაკარ დავდივარ და ყველას ვეუბნები, რომ მისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

გული მწყდება, ჩვენს ქვეყანას პატრონი რომ არ გამოუჩნდა და, თუ ვინმე გამოჩნდა, მოკლეს, ქვეყნიდან გააძევეს და ახლა უცხოტომელების, ბოკერიებისა და მისნაირი ურჩხულების ხელში ვართ დარჩენილი. ვოცნებობ ეროვნულ მთავრობაზე, მცირე წინსვლაც კი მახარებს, მსიამოვნებს, როდესაც კარგ სიტყვას მოვისმენ, მსიამოვნებს, თუკი ვინმე იტყვის, რომ ქართველის სიცოცხლე და მომავალი ძვირად უღირს.

_ მეორე ტური მალე ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

_ ფაქტია, “ნაცები” დიდ გულზე არიან, ისიც ფაქტია, რომ მათ ამომრჩეველი ნამდვილად ჰყავთ და თანაც _ არამხოლოდ სამეგრელოში. მათ მუშაობაც შეუძლიათ, ფულიც ბევრი აქვთ, დევნილები მხარს უჭერენ, ზუგდიდში სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც დევნილები არ არიან მიწერილები, მათი მისამართები ნაცებმა იციან. გალის რაიონიდან გადმოჰყავთ საარჩევნოდ ბევრი ამომრჩეველი, საუკეთესო ცხოვრებას ჰპირდებიან, ხელისუფლებაში მოსვლით იმუქრებიან და ეს ინფორმაციას მოკლებული ხალხიც იჯერებს მათ ნათქვამს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოსახლეობის გარკვეული, არცთუ ცოტა, რაოდენობა, ფულზე იყიდება, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა ვაღიაროთ და ხმამაღლა ვთქვათ.

_ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ, რათა ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს კონსტიტუციის ბედი. რა ვითარებაა ზუგდიდში?

_ დიდი იმედი მაქვს, რომ ზუგდიდში მეორე ტურს “ქართული ოცნება” მოიგებს. ხალხი მობილიზებულია, გონსაც მოეგნენ. ისინი, ვინც პირველ ტურში არჩევნებზე არ მივიდა, ახლა აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ, გარდა ამისა, სხვა პარტიების მხარდამჭერებიც “ოცნების” კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ასე რომ, ღმერთი არ გაგვწირავს.

ძნელია, ხალხის აზრი გაიგო, შესაძლოა, სხვანაირად ლაპარაკობენ და სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი მოიგებს.

წარმოშობით სოფელ კორცხელიდან ვარ, იქ ნაციონალების ბუდეა, მაგრამ 8 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდნენ. იყო დრო, როდესაც სირცხვილად ითვლებოდა კორცხელის ხსენება, ახლა ვამაყობ _ ამ სოფლის მოსახლეობამ თავისი სათქმელი თქვა და მჯერა, კიდევ ერთხელ იტყვის, კორცხელში მცხოვრებნი დაამტკიცებენ, რომ მათთვის სამშობლო და მისი კეთილდღეობა უმთავრესია.

თქვენი გაზეთის საშუალებით ზუგდიდელებს მივმართავ: ნუ გაწირავთ მომავალ თაობას, ცოდვაში ფეხს ნუ ჩადგამთ. ორი კაპიკისთვის ქვეყანას ნუ გაყიდით, ფული დამთავრდება, შაქარი და ფქვილი გამოილევა და ჩვენ კიდევ ოთხი წელი ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება. ვიფიქროთ იმაზე, რომ მეგრელებმა როგორღაც სირცხვილი ჩამოვირეცხოთ, სირცხვილი, რომელიც ნაცებმა ჩვენდა უნებურად მოგვცხეს. აქ ზვიად გამსახურდიას მიწა-წყალია, აქ მისთვის ხალხი თავს წირავდა, ახლა ამ უსამშობლო ხალხისთვის ნუ გადავიკიდებთ დანარჩენ საქართველოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here