საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახული სისასტიკით მოპყრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. მსოფლიომ შეიტყო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას პირადი მიზნები ამოძრავებდა. ამ ყველაფერს კი ყოფილი ხელისუფლება თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ახორციელებდა.
ციხეში არსებული წამების ფაქტებზე, მართალია, დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მათზე რატომღაც ყველა თვალს ხუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტიც ამერიკელებისთვის _ კვლავ “დემოკრატიის შუქურად”, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კი თავისუფლებისა და სამართლიანობის მედროშედ რჩებოდა. თუმცა, როგორც ყოფილი პატიმრები ამბობენ, დამნაშავეები არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასჯილან და არც ყოფილი პოლიტიკური პატიმრების რეაბილიტაცია განხორციელებულა. მეტიც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური ამნეზია დაემართა, ვინაიდან, ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 27% მოიპოვა… იმიტომ, რომ გავიხსენოთ და არასოდეს დავივიწყოთ ის სისასტიკე და უკანონობა, რომელიც ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, “საქართველო და მსოფლიო” იწყებს რუბრიკას “ხანდაზმულობის ვადის გარეშე”, რომელშიც ყოფილი პოლიტპატიმრები, უდანაშაულოდ დაპატიმრებული ადამიანები თავიანთ ისტორიას მოყვებიან. დღეს რუბრიკის სტუმარია ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე, რომელიც პოლიტიკური აქტივობის გამო აღმოჩნდა რეჟიმის მსხვერპლი. მან სისასტიკით განთქმულ გლდანის ციხეში მოიხადა სასჯელი.
_ ორჯერ დამაპატიმრეს. პირველად _ წელიწად-ნახევარი, მეორედ რვა თვე გავატარე ციხეში. პირველად “საკნების აქციის” დროს დამიჭირეს 2009 წელს, 14 წელი მომისაჯეს და მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს პირობითი მსჯავრით. 26 მაისის აქციისას, მართალია, ვერ დამაპატიმრეს, რადგან იმ სასაკლაოდან როგორღაც გამოვაღწიე, მაგრამ ცოტა ხანში მაინც დამაკავეს. ჩემი დაპატიმრების მიზეზი შს იმჟამინდელი მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება შეიქნა. ტელეკომპანია “ობიექტივში” კვირაში ერთხელ მიმყავდა გადაცემა “რეგიონის საათი” და ერთხელაც ვუპასუხე ვანო მერაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, ბოლო სამი წელია, ქართულ პოლიციაზე თავდასხმა არ მომხდარაო. არადა, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები, 83 კაცი, სწორედ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მაშინ განვაცხადე, საინტერესოა, როდის ამბობს სიმართლეს და როდის გვატყუებს ბატონი მერაბიშვილი–მეთქი. ამას ვინ გაპატიებდა, როცა მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხერხემალი იყო. დამაბრალეს, ვითომ რესტრონაში სამი აზერბაიჯანელი ვცემე და აბსურდული ბრალდებით დამაპატიმრეს.
ორივე დაპატიმრებისას გლდანში, ერთსა და იმავე საკანში მომათავსეს. ციხეში სადიზმის უმაღლესი გამოვლინება ვნახე. სიმართლე გითხრათ, ადამიანს თუ ამხელა ფანტაზია ჰქონდა, არ მეგონა. პატიმრებს საუბარი, წამოწოლა, ფანჯარასთან მიახლოებაც კი აკრძალული გვქონდა. პატიმრის ცემისა და წამებისთვის მიზეზი არც სჭირდებოდათ. მაგალითად, იღებოდა კარი და პირდაპირ მეუბნებოდნენ, შენ როგორ გაბედე ვანო მერაბიშვილზე რამის თქმაო, და იწყებდნენ ცემას. პატიმრებს ან იქვე საკანში, ან ოფიცრის ოთახში, ან სააბაზანოში სცემდნენ, მიზეზი ხშირად უბრალო საუბარი იყო _ პატიმრებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებოდათ. ყოველდღე ვიღაცას სცემდნენ, შემოვიდოდნენ საკანში და განურჩევლად ყველას ურტყამდნენ. ერთხელ გადავწყვიტე და ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ხმა არ ამომიღია. ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. წიგნის კითხვის გამო ხომ ვერ მცემდნენ? თუმცა პატიმრებს ლოცვის გამოც სცემდნენ. ორი-სამი დღის განმავლობაში რომ არ გცემდნენ, ეს მათთვის ბევრი იყო და, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინეს. ერთხელაც გაიღო კარი და მეუბნებიან, შენ წყნარად რომ ზიხარ მანდ, შენს შვილს სალომე არ ჰქვიაო, და ვერ გავიმეორებ, ისეთი სიტყვები თქვეს… 16 წლის შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ. ბუნებრივია, ამას უკვე ვეღარ მოითმენ და ასეთ შემთხვევაში აღარც ის გაინტერესებს, გცემენ თუ არა. მეც შევაგინე და იმ დღეს ჯერ სასტიკად მცემეს, შემდეგ მორგში ჩამიყვანეს და იქ მთელი ღამით დამტოვეს.
პატიმრების მეუღლეებისა და შვილების სახელები იცოდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ, თუ არ დავემორჩილებოდით, რაღაცას დაუშავებდნენ.
_ ზოგს არამხოლოდ ემუქრებოდნენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრის შვილს ან ცოლს აუპატიურებდნენ…
_ დიახ, ასეც იყო, უბრალოდ, ოჯახები ამას მალავენ და არ ასაჯაროებენ, თორემ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტებიც ხდებოდა…
_ მორგში რა ვითარებაში დაგტოვეს?
_ მე და ერთ ბიჭს, ჯერ გვცემეს, შემდეგ კი მორგში გადაგვიყვანეს, მე _ ხელზე, იმას კი ფეხზე ბორკილი დაგვადეს, შუქი გათიშეს, მაცივარი ჩართეს და მთელი ღამე, მეორე დღის 12 საათამდე, მორგში დაგვტოვეს… ნაცემებმა, ტანსაცმელშემოხეულებმა, სველებმა, მთელი ღამე მორგში გავატარეთ. ეს პატიმრებზე ზეწოლის აპრობირებული მეთოდი იყო.
_ იმ დროს მორგში მიცვალებულებიც იყვნენ?
_ დიახ, მიცვალებულზე ბორკილით ვიყავი მიბმული…
ციხეში ჩვეულებრივი ამბავი იყო გინება, დამცირება, გირტყამდნენ ყველგან, არ ერიდებოდნენ, რომ შეიძლებოდა ადამიანი შემოჰკვდომოდათ. როგორც კი გათენდებოდა, 7 საათზე, ჩაცმული უნდა მდგარიყავი და მას შემდეგ დაწოლისა და დაჯდომის უფლება არ გვქონდა. საგანგებოდ ჰყავდათ მორიგე, რომელიც გვითვალთვალებდა, და თუ ასე არ მოვიქცეოდით, სასტიკად გვცემდნენ. ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, დაახლოებით 6-7 კაცი, შემოდიოდა და საკანშივე უსწორდებოდნენ პატიმრებს. ხშირად მოითხოვდნენ პატიმრებისგან, _ აბა, დაიჩოქეთ, ნარის ქვეშ შეძვერითო და ასეთ დამამცირებელ რაღაცებს, რასაც, რა თქმა უნდა, პატიმრები არ ვასრულებდით და ამის გამო, ყოველთვის გვცემდნენ გონების დაკარგვამდე. მე მალე ვითიშებოდი, ამიტომ თავს მანებებდნენ ხოლმე. ისე მცემდნენ, ციხიდან რომ გამოვედი, კბილები აღარ მქონდა. ციხის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ციხის კორპუსის უფროსი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ კბილს ჩამიმტვრევდა ერთი დარტყმით.
პირადად ოლეგ ფაცაცია ხშირად მონაწილეობდა ჩემი და სხვა პატიმრების წამებაში და არამხოლოდ ის, თითქმის ყველა ოფიცერი, რომლებიც იმხანად ციხეში მუშაობდნენ, პატიმრებს აწამებდა. ყოფილა შემთხვევა, სასტიკი ცემისგან გონებადაკარგულისთვის წყალი შეუსხამთ და, როგორც კი გონზე მოვსულვარ, ცემა გაუგრძელებიათ. ერთხელ, როცა ცემას ვეღარ გავუძელი, ოღონდ თავი დაენებებინათ, ხელზე ხორცი ამოვიჭამე. თუ რამეს დაიზიანებდი, დროებით შეგეშვებოდნენ. ერთხანს “ბრიტვით” ვიდექი კარში და ვიძახდი, არ შემოხვიდეთ, თორემ თავს მოვიკლავ, ყელს გამოვიჭრი-მეთქი. ეს ერთ-ერთი მეთოდი იყო, დროებით მაინც რომ შემეკავებინა ძალადობა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეს თავს მანებებდნენ.
ექიმი რამდენჯერაც მოვითხოვე, არასდროს მოუყვანიათ. არც წამალი გვქონდა, არც ტკივილგამაყუჩებელი.
_ ხომ შეიძლებოდა ადამიანი შემოჰკვდომოდათ? თუ ეს არ ადარდებდათ?
_ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა ადამიანი ცემისას მოუკლავთ. თუმცა, ეს არ აღელვებდათ. დღეს ხშირად ამბობენ, დამნაშავეები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ციხის კადრები გაავრცელესო. ნეტა, ერთი კვირით ადრე მაინც გაევრცელებინათ ეს კადრები. 22 წლის ბიჭი ჩვენ გვერდით საკანში ცემით მოკლეს. სთხოვდა, არ მომკლათო. სამხედრო პირი იყო, რომელიც დეზერტირობის ბრალდებით დაიჭირეს. ეს ბიჭი ახალაიას პირადი პატიმარი იყო. მისი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მაშინაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ციხეში დაიღუპა ახალგაზრდა სამხედრო, სინამდვილეში კი ცემით მოკლეს. ის გადარჩებოდა, ცოტა ადრე რომ გავრცელებულიყო კადრები. საკნების წინ, დერეფანში ცემით მოკლეს.
ვისაც პატრონი ჰყავდა და ადვოკატი აკითხავდა, არ სურდათ, რომ სახეზე დასტყობოდა ცემის კვალი, ამიტომ დაიჭერდნენ ფეხებითა და ხელებით და მთელი ძალით კედელზე ანარცხებდნენ. ბუნებრივია, ეს შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევდა. პატიმარს სისხლდენა ეწყებოდა, ექიმსაც მხოლოდ 5-6 საათის შემდეგ მიიყვანდნენ და საკნიდან გამოიტანდნენ მიცვალებულს. როგორც ჩანს, ხელს აძლევდათ მეტი დაღუპული და მეტი შიშიც.
ხელისუფლებას ციხეში დიდი ბიზნესი ჰქონდა. ჩემს საკანში რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებსაც მილიონებს და ასი ათასებს სთხოვდნენ და, ბუნებრივია, თუ ადამიანს შიში არ ექნებოდა, რომ მოკლავდნენ, ფულს არ გადაიხდიდა. ასეთი ფაქტების შემდეგ კი ეს პატიმრები რეკავდნენ და ოჯახებს სთხოვდნენ, ყველაფერი გაყიდეთ, ოღონდ აქედან გაგვიყვანეთო.
ჩემი საკნის ფანჯრები პირდაპირ საავადმყოფოს უყურებდა და, დღე არ გავიდოდა, იქ ორი–სამი მიცვალებული არ შეეყვანათ. რაც დრო გადის, მით უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ ციხის საავადმყოფოში ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდნენ.
_ რატომ გაგიჩნდათ ეს ეჭვი?
_ საეჭვოდ იქცეოდნენ. მაგალითად, ორი-სამი დღე ისე გავიდოდა, რომ მიცვალებული არც მორგში მიჰყავდათ და არც ექსპერტიზაზე. საკუთარი თვალით ვნახე, რომ თითქმის ყველა მიცვალებული იყო გაჭრილი და ყველაფერი ამოცლილი ჰქონდა. პატიმრის გარდაცვალებას ოჯახს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ატყობინებდნენ და, ცხედარს ექსპერტიზიდან რომ აბრუნებდნენ, მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ ატანდნენ პატრონს.
_ განსაკუთრებული სისასტიკით ვის ექცეოდნენ?
_ განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ადამიანებს, რომლებსაც დიდძალ ფულს სთხოვდნენ, და პოლიტიპატიმრებს. ჩემგან ითხოვდნენ, მეთქვა, რომ 26 მაისის აქციას რუსეთის დაფინანსებით ვატარებდით. რამდენიმე ვერსია ჰქონდათ დაწერილი. მაგალითად, უნდა მეღიარებინა, როგორ გადავედი ცხინვალში, შევხვდი რუს გენერალს, მომცა ფული და მივუტანე პარტიის ხელმძღვანელობას. სურდათ, გვეთქვა, ვითომ აგენტები ვიყავით და რუსეთის ფულით ვაპირებდით გადატრიალებას. ქვემო ქართლის კუდის უფროსი ზაზა ტატიკიშვილი უშუალოდ მიგზავნიდა ხალხს ციხეშიც და გარეთაც მოთხოვნით, პოლიტიკური აქტივობისთვის თავი დამენებებინა. დღეს ეს ადამიანი თავისუფლად დადის ქუჩაში და ერთხელაც არავის გადაუხედავს მისი საქმისთვის.
_ ციხეში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შემოდიოდნენ?
_ სამწუხაროდ, ციხის კადრების გავრცელებამდე არავინ შემოდიოდა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნონა ფილაურს, ჩემს ადვოკატს, რომელიც უყვიროდა ციხის თანამშრომლებს, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ნაცემი არ დამხვდესო. ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ოთახი, რომელშიც ადვოკატს ვხვდებოდი, ისმინებოდა და, როცა მეკითხებოდა, ნაცემი ხარო, უარვყოფდი, რადგან მისი გასვლის შემდეგ, საკნამდეც ვერ მივაღწევდი… მეტიც, კადრების გავრცელების შემდეგაც კი უცხოელები მაინც უნდობლად გვიყურებოდნენ…
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ნახეს, რა პირობებშიც ვიყავით.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ იყვნენ უნდობლად განწყობილები უცხოელები, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმის გაგება, რომ “დემოკრატიის შუქურად” წოდებული პრეზიდენტის ციხეებში მსგავსი ფაქტები ხდებოდა, თუ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა რეალურად მომხდარიყო?
_როგორც აღვნიშნე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენთან მხოლოდ ციხის იმ ცნობილი კადრების შემდეგ შემოვიდნენ და არ სჯეროდათ კი არა, უფრო არ სიამოვნებდათ, როდესაც ასეთ რაღაცებს ვუყვებოდით და ვაწერინებდით. ძირითადად ჩვენი, ქართველი, უფლებამდაცველები აქტიურობდნენ.
_ დღეს პოლიტპატიმრის სტატუსი გაქვთ. თუ მოხდა თქვენი სრული რეაბილიტაცია?
_ არა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 184 პოლიტპატიმრიდან ერთადერთი ვარ, ვისაც გამამართლებელი განაჩენი აქვს. პროკურატურამ ვერ შეძლო ჩემთვის ბრალის დამტკიცება და გამამართლეს. სასამართლოს მივმართე ჩემ სრულ რეაბილიტაციაზე, მაგრამ, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, დამამცირებელი და დამცინავი პასუხი მივიღე, _ თუ გინდათ, 8 ათას ლარს მოგცემთ და წყნარად იყავითო. არ გაითვალისწინეს არანაირი მორალური ზარალი, რომელიც ოჯახს მიადგა.
_ რვა ათას ლარზე უარი თქვით?
_ დიახ, მე გავასაჩივრე და მეორე ინსტანციამ განაჩენი დატოვა. ახლა, თვეზე მეტია, უზენაეს სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი და პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია. არანაირი რეაგირება უზენაესი სასამართლოს მხრიდან არ არის. ვითხოვ, დაიწყოს გამოძიება, დაისაჯონ დამნაშავეები და ჩემი სრული რეაბილიტაცია მოხდეს.
სამწუხაროდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, დაეკითხათ ჩემს საკანში მყოფი ადამიანები, რომლებიც ამ წამებასა და ცემას დაადასტურებდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ეს ხელს არ აძლევდა წინა ხელისუფლებას და, როგორც ჩანს, არც ახალ ხელისუფლებას აძლევს ხელს წამების ფაქტების გამოვლენა.
_ დღეს ზოგიერთი ამტკიცებს, ციხის კადრები დადგმული იყოო. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?
_ დაეწყოთ გამოძიება და ნახავდნენ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს გამოიწვია კოაბიტაციამ და ნაციონალების მოფერებამ.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 27%?
_ ამ არჩევნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა თავისი უმოქმედობა. სამწუხაროდ, ნაციონალებმა შეძლეს, რომ ტყულებითა და უტიფარი გამოსვლებით გარკვეული მხარდაჭერა მოეპოვებინათ და ამას გარდა, როგორც ჩანს, დღესაც ბევრი ადამიანია მათგან დავალებული ან მათზე კომპრომატები აქვთ. პოლიციელები, რომლებიც ჩვენ დაკავებაში მონაწილეობდნენ, ყველა მუშაობს, ბევრი დააწინაურეს კიდეც. ჩემი საქმის პროკურორი დღეს ისევ პროკურატურაშია და თანამდებობაზე მუშაობს, რა თქმა უნდა, ის საკუთარი თავის წინააღმდეგ საქმეს არ გამოიძიებს. ეს არის სწორედ ამ წყეული კოაბიტაციის შედეგი.
მე ვიყავი ინიციატორი, 153-ე მუხლში შესულიყო ცვლილება, მივიღეთ კიდეც ეს კანონი, მაგრამ მაინც არ ხდება საქმეების გადახედვა. ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა, მოხდეს საქმეების გადახედვა და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ უკანონო დაკავებასა და წამებაში მონაწილეობდნენ, დაისაჯონ!
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
amdeni gvelis zizili saidan gachnda neta?????? Sadistebis banda.
ocneba,mogekitxebat,uflisgan ,rom ar gaasamartlet nacxrovis sadisturi,sistemuri danashauli
amxela cameba gadaitna am kacma da ar vici ra vtkva… martlac rom anti-Cristes misias asrulebda saakashvilis banda…))) Tornike dzmao ikenb vinme zhurnalisti naxo rom dokumenturi pilmi gadaigos shens istoriaze? Amit dzlier daartkav kvelas vinc kidev aperxes shen sakmes…es xom mati giad gashishvleba ikneba sakveknod mtel sakartvelos gasagonad rodesac gvarebs chamotvli??? da matvisac vinc arxeinad ganagrdzobs xoxvas??? amavdroulad dokumetur pilmebs upro meti gavlenis da gamopxizlebis dzlaa gaachnia vidre kinod kceul simartles rodesac is shukdeba televizzit and internet sivrceshi!!!