Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არიან კრიტიკოსები, რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა, შეურაცხყონ სტალინი?

ვინ არიან კრიტიკოსები, რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა, შეურაცხყონ სტალინი?

821

ბატონო რედაქტორო! ეს წერილი ჩვენთვის, დიდი სამამულო ომის მონაწილე 92 წელს გადაცილებული ვეტერანებისთვის, შეიძლება გედის სიმღერა აღმოჩნდეს და, სანამ დრო დაგვრჩა, გვინდა, ჩვენი ადამიანური ვალი მოვიხადოთ მსოფლიოს ისტორიული პიროვნების, გენერალისიმუსი სტალინის წინაშე, რომლის უშუალო მთავარსარდლობით საბჭოთა ხალხთან ერთად ვიბრძოლეთ დიდ სამამულო ომში, რომელიც ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. 

დიდი სტალინის ხელმძღვანელობით მიღწეული ეს ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს გამოჩენილმა გონიერმა ადამიანებმა ზედმიწევნით ობიექტურად შეაფასეს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ბოროტი, უგონო, გაუნათლებელი ადამიანები, განსაკუთრებით საქართველოში, რომლებიც თავიანთი პასკვილებით და ჩლუნგი გონებით შეეცადნენ და დღესაც ცდილობენ, ათასგვარი ინსინუაციებით შეურაცხყონ სტალინის პიროვნება. ჩვენთვის, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის, სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ჩვენი თვალსაზრისი ამ საკითხისადმი გამოთქმულია წერილში, რომლის გამოქვეყნებასაც დაბეჯითებით გთხოვთ.

დიდი სტალინის წინააღმდეგ თავხედური, აღვირახსნილი ლანძღვა-გინება სულ უფრო ამაზრზენ ხასიათს იღებს, ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს და ამტკიცებს მისი პიროვნების გენიალურობასა და უკვდავებას.

63 წელზე მეტი გავიდა, რაც აღარ არის მსოფლიო ისტორიაში უთვალსაჩინოესი სახელმწიფო მოღვაწე, ეპოქალური პიროვნება იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. განუზომელია ცივილიზებული სამყაროს წინაშე მისი დამსახურება, რომელიც ობიექტურად იქნა შეფასებული მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ. ის იყო უიშვიათესი ადამიანი, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა მოვლენებს. მაო ძედუნის შეფასებით, იგი წინ უსწრებდა მოვლენებს და შეეძლო ამ მოვლენების მართვა. აღნიშნულის დასტურად, უამრავი მასალიდან მოვიტანთ მხოლოდ სამ ფაქტს:

* სტალინმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში განაცხადა, რომჩვენ კაპიტალისტურ ქვეყნებს ჩამოვრჩით 100 წლით და, თუ ეს ჩამორჩენა 10 წელიწადში არ დავძლიეთ, ჩვენ გაგვსრესენ”. დიდმა სტალინმა ქვეყნის გენიალური მართვით, საქვეყნოდ ცნობილი ხუთწლიანი გეგმების წარმატებით განხორციელებით ერთ დროს ჩამორჩენილი რუსეთი, რომლის შემადგენლობაში საქართველოც შედიოდა, ერთერთ განვითარებულ და ძლიერ ქვეყნად აქცია.

* სტალინმა ფაშისტურ გერმანიასთან დიდი სამამულო ომის დაწყებისას, 1941 წლის 3 ივლისს, საბჭოთა ხალხისადმი რადიომიმართვაში 4 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ამ უსამართლო ომში გერმანიის დამარცხება, დიდი სტალინის ეს წინასწარმეტყველებაც აღსრულდა და ფაშისტური გერმანია თავისივე ბუნაგში იქნა განადგურებული 1945 წლის 9 მაისს.

* მეტად საინტერესოა დიდი სტალინის გენიალური წინასწარმეტყველება სიკვდილის შემდეგ მისი პიროვნების შეფასების შესახებ. მან განაცხადა, რომ მის მიერ ქვეყნის მართვისას იყო შეცდომები და წარუმატებლობები, მაგრამ წარმატებებიც ხომ იყოო? ყველა შეცდომასა და წარუმატებლობას მას დააბრალებდნენ და მის საფლავს ნაგვით აავსებდნენ. მისი ეს წინჭვრეტაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულდა.

გამოჩნდნენ ბოროტი, ბინძური, გაუნათლებელი, არაფრის შემქმნელი ადამიანები, რენეგატები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობის მიზნად სტალინის პიროვნების ლანძღვაგინება, ტალახში ამოსვრა, ათასგვარი ტყუილისა და ბრალდების შეთხზვა დაისახეს.

სტალინის პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლები სტალინს რომ აკრიტიკებენ და რომ იგი მათთვის მიუღებელი ისტორიული პერსონაა, არავის უნდა უკვირდეს, რადგან სტალინმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, რაც დედამიწის ერთ მეექვსედზე ისტორიაში მანამდე სრულიად უცნობი ტიპის ქვეყნის შექმნითა და სოციალიზმის გამარჯვებით დაგვირგვინდა. სტალინმა სასიკვდილო ლახვარი ჩასცა მსოფლიოს მასონურ მოძრაობას და ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება კაპიტალისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების მხრიდან გიკვირდეს სტალინის პიროვნების კრიტიკა და ლანძღვა?

სტალინის გენია მსოფლიოს გადაწვდა, ეს საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ ამ წერილში ჩვენ მხოლოდ საქართველოზე გვინდა ვისაუბროთ, რადგან ეს დიდებული ზებუნებრივი, ბრძენი ადამიანი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისე უხამსად და დაუნდობლად არ ულანძღიათ და უგინებიათ, როგორც საქართველოში.

ამას წინათ კიევში ყოფნისას ვიწრო წრეში სტალინზე საუბრისას რუსებმა გვითხრეს, სტალინს თვითონ აკრიტიკებთ საქართველოში და ჩვენგან რა გინდათო. არადა, სტალინი იყო ის ადამიანი, რომელმაც უკუნი სიბნელიდან ამოიყვანა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიომ გაიცნო საქართველო, როგორც უძველესი კულტურის მქონე, თანამედროვე დონეზე განვითარებული ქვეყანა. ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ, ვიბრძოდით და ვშრომობდით სტალინურ ეპოქაში, ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ საქართველოში, მიუხედავად ხანდაზმულობისა, აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შეგვრჩა, თანაც არც მეხსიერება გვღალატობს. ასე რომ, შეგვიძლია პარალელის გავლება სტალინისდროინდელ საბჭოეთსა და დღევანდელ რეალობას შორის.

შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ სტალინური ეპოქა სულაც არ იყო ავადსახსენებელი, როგორც ახლა ამბობენ, თუმცა შეცდომები და სირთულეები იმხანადაც იყო, მაგრამ არა იმდენი და ისეთი, როგორც ახლა გვიხატავენ მუქ ფერებში. რასაც სტალინურ ეპოქაზე წერენ, ძალიან შორსაა სინამდვილისგან. იგი უფრო ისტორიის გაყალბების მცდელობაა; სურვილი, მომავალი თაობის შეცდომაში შეყვანისა. სტალინურ ეპოქაში გაიცნო მსოფლიომ ქართული თეატრი, ქართული კინო, მწერლობა, მეცნიერება, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სპორტი. სტალინის ეპოქაში შეიქმნა გამოჩენილი ქართველი სწავლულების სამეცნიერო სკოლები, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს ქართულ მეცნიერებას. იმ მძიმე წლებში შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია. არ დარჩენილა საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო, ბრძენი სტალინის ხელი რომ არ დატყობოდა. საბჭოეთის სტალინური პერიოდი იყო ქართული კულტურის აყვავებისა და აღორძინების ხანა. მოსახლეობის ცხოვრების დონე ყოველწლიურად იზრდებოდა, არ არსებობდა უმუშევრობის პრობლემა და მოსახლეობას ჰქონდა უამრავი სიკეთე, რომელთა აქ ჩამოთვლა შეუძლებელია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით შეიძლება ამ ბუმბერაზი ადამიანის უხამსი კრიტიკა? თანაც, ვინ არიან ეს კრიტიკოსები? _ გაუნათლებელი ადამიანები, რომლებიც გაუცნობიერებელი არიან ისტორიაში, არ იცნობენ სტალინის შრომებს, წარმოდგენა არ აქვთ მის მოღვაწეობაზე და ქვეყნისთვის ღირებული არაფერი შეუქმნიათ. აი ასეთ ადამიანებს, რომლებმაც დაანგრიეს საქართველო, ეს ოდესღაც აღორძინებული, მზიურ საქართველოდ წოდებული ქვეყანა და უღატაკეს ქვეყნად აქციეს, ჰყოფნით თავხედობა, შეურაცხყონ დიდი სტალინის პიროვნება.

სტალინის დიდების აპოგეა მისი მთავარსარდლობით ფაშისტური გერმანიის განადგურებაა, რომლის უშუალო მონაწილე ჩვენც გახლდით. მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა, უამრავი წიგნი დაიწერა და აქ მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე არ შევჩერდებით, აქ მხოლოდ აღვნიშნავთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ამ ომის მოგებით დიდმა სტალინმა, დიახ, დიდმა სტალინმა, მსოფლიოს ხალხები, მსოფლიო ცივილიზაცია იხსნა ფაშისტთა მონობისა და განადგურებისგან.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, აღშფოთებულნი ვართ იმ განუკითხაობით, რომელიც სტალინის პიროვნების მიმართ მისი სიკვდილის შემდეგ შეიქმნა _ ბოროტმა ადამიანებმა დაივიწყეს დიდი სტალინის ის უდიდესი წვლილი, რომელიც მან შეიტანა ფაშისტური გერმანიის განადგურების საქმეში, დაივიწყეს საბჭოთა ადამიანების თავგანწირვა, რომელსაც საბჭოთა მეომრები სჩადიოდნენ სტალინის სახელით; დაივიწყეს საბჭოთა ადამიანების გმირობა, როდესაც ისინი სტალინის სახელით ტანკებს მუხლუხებში უვარდებოდნენ, აფეთქებდნენ და თვითონაც იღუპებოდნენ; დავიწყებას მისცეს ჩვენი მებრძოლების გმირობა, როდესაც ისინი სტალინის სახელით ტყვიამფრქვევის ამბრაზურას სხეულით ეფარებოდნენ, როგორც ეს ჩვენმა თანამემამულემ, ბოლნისელმა ვასილ პეტრიაშვილმა გააკეთა 1943 წლის იანვარში და სხვა მრავალი გმირობა დიდი სტალინის სახელით, რომლებმაც განაპირობა მსოფლიოს ისტორიაში უპრეცენდენტო ომში გამარჯვება.

მთავრობა, იმის მაგივრად, რომ უფრთხილდებოდეს ისტორიული პიროვნების ხსოვნას, უყურადღებობას იჩენს სტალინის პიროვნებისადმი; ყველანაირად ცდილობს მისი დამსახურების დაჩრდილვას, რათა ხალხს, ახალგაზრდობას დაავიწყოს სტალინის ისტორიული დამსახურება მსოფლიოს და, მათ შორის, ქართველი ერის, წინაშე ფაშისტი ვანდალებისაგან კაცობრიობის გადარჩენის საქმეში. ყოველი წლის 9 მაისს აღინიშნება გამარჯვების დღე, მაგრამ ამ გამარჯვების შემოქმედის სახელს არც კი ახსენებენ, განა შეიძლება დიდ სამამულო ომზე ისაუბრო და სტალინი არ ახსენო? ეს ხომ ნონსენსია, ეს ხომ იგივეა ისაუბრო 1812 წლის პირველ სამამულო ომზე და კუტუზოვი არ ახსენო?! არ არის ეს ისტორიული სინამდვილის დამახინჯება?! დასანანია, რომ მთავრობის მხრიდან სტალინის პიროვნების მიმართ ასეთი უგნური დამოკიდებულება ამერიკელებისა და სხვათა საამებლად არის გამიზნული. სტალინის პიროვნების უგულებელყოფა და შეურაცხყოფა სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. აბა, როგორ გავიგოთ სხვანაირად, როდესაც საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის წევრი თავის სიტყვაში დიდ სტალინს უდიერად იხსენიებს, მის პიროვნებას ჰიტლერთან აიგივებს და ამ სულელურ განცხადებას პარლამენტი მოწონებით ხვდება?! არ არის ეს სტალინის პიროვნების მიმართ სახელმწიფოს უზნეო პოლიტიკა?

საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ სტალინის პიროვნება არ მოსწონს, არამედ არც დიდი სამამულო ომის მონაწილეები ესიმპათიურება. ამის დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე არც ერთ ქვეყანაში ომის ვეტერანები ისე უყურადღებოდ არ არიან მიტოვებულნი, როგორც საქართველოში. კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი: სამამულო ომის ვეტერანებს ომში მონაწილეობის პენსია წაართვეს, მათ ჩვეულებრივი მოქალაქის პენსია ეძლევათ.

დღეს ეს უვიცი, ბინძური ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან სტალინის ლანძღვა-გინებაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ სტალინის პიროვნებას, მის შემოქმედებას, მოღვაწეობას, მათ არაფერი წაუკითხავთ სტალინისადმი მიძღვნილი მრავალი ათასი წიგნიდან, თორემ ასე უსინდისოდ არ მოექცეოდნენ სტალინის პიროვნებას. განა სასაცილო არ არის, სატირალი რომ არ იყოს, რომ ისეთი ადამიანები, უფრო ზუსტად პარაზიტები, როგორიც არიან სააკაშვილები, ბარამიძეები, წიკლაურები, ხოშტარიები, თუთბერიძეები, ხერხეულიძეები, ბერძენიშვილები, ვაშაძეები და მათი მსგავსი ვიგინდარები, ამ ისტორიულ პიროვნებას, ფაშისტური ტირანიისგან კაცობრიობის მხნელს დასცინიან, აბუჩად იგდებენ, აკრიტიკებენ, აშარჟებენ და ლანძღავენ? მათ სინდისისნაირი არაფერი შერჩენიათ, თორემ სტალინის მიერ გადარჩენილ სამშობლოში არ ცხოვრობენ?! მათი თავხედობა დიდი სტალინის მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცდება, რაც კანონით უნდა ისჯებოდეს. არ არსებობს სიგლახე, მათ რომ არ იკადრონ სტალინის წინააღმდეგ, ვიღაც ვიგინდარა მალაშხიამ შექმნა პასკვილი-კინოფილმი სახელწოდებით “ოკუპაცია”, რომელშიც ისტორიული ფაქტები თავდაყირაა დაყენებული. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ, იმ ომის უშუალო მონაწილენი, ცოცხლები ვართ. ამაზე მეტი თავხედობა წარმოუდგენელია. ეს ნაძირალა მალაშხია სინანულს გამოთქვამს, რომ 1945 წელს გერმანელ დამნაშავეებთან ერთად საბჭოთა კავშირიც არ გაასამართლეს. ამ არაკაცის ნება რომ იყოს, ჩვენც, დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, სიამოვნებით ციხეში გაგვისტუმრებდა. სამწუხაროდ, ამ ფილმს საქართველოს ტელევიზიამ დაულოცა გზა.

სტალინი ამოუწურავი თემაა, ის ისეთი მასშტაბური ადამიანია, რომ მისი პიროვნების შეცნობას საუკუნეები დასჭირდება. ჩვენ მხოლოდ დავძენთ, რომ ამ უბადრუკმა, ავყია და ბოროტმა ადამიანებმა რაც უნდა იჩხავლონ, ლანძღონ და შეურაცხყონ, მის პიროვნებას ვერაფერს დააკლებენ, პირიქით _ მეტ პოპულარობას შესძენენ.

ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო დიდი სტალინი, რომლისთვისაც საბჭოთა ხალხებთან ერთად ჩვენ, სამამულო ომის მონაწილე ქართველი ვეტერანები, სიცოცხლეს ვწირავდით?

* დიდი სტალინი იყო ჩაგრული ადამიანების ქომაგი, რომელთა გასათავისუფლებლად სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა;

* სტალინი იყო უდიდესი ნებისყოფის მქონე ადამიანი, რომლისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობა არ არსებობდა;

* სტალინი იყო ზებუნებრივი ადამიანი, რომლის სადარ პიროვნებას მსოფლიო ისტორია არ იცნობს;

* სტალინი იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების მრავალი მილიონი ადამიანის ერთ მუშტად შეკვრა და მსოფლიოში უძლეველი, გერმანიის კბილებამდე შეიარაღებული არმიის სასტიკად დამარცხება;

* სტალინი იყო ადამიანი, რომელიც ჭვრეტდა და მართავდა მოვლენებს;

* სტალინი იყო ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ქვეყნის მართვის საიდუმლოებას, და კი არ უნდა თათხონ, არამედ მისგან ისწავლონ ქვეყნის მართვა.

სწორედ ქვეყნის მართვის უცოდინარობის შედეგია, რომ 25 წელია, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოში სტალინისდროინდელი განვითარების დონეზე ვერ ავედით.

აი ძალიან მოკლედ დიდი სტალინისთვის დამახასიათებელი თვისებები, რომლებითაც ის უხვად იყო დაჯილდოებული.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, გვჯეროდა სტალინის გენიისა, გვიყვარდა იგი, ეს ფაქიზი გრძნობა დღემდე ცოცხლობს ჩვენში და ამ ქვეყნიდან წასვლისას საფლავში გავიყოლებთ. ვეტერანები სასტიკ პროტესტს ვაცხადებთ დიდი სტალინის პიროვნების ასეთი თავაწყვეტილი შეურაცხყოფის წინააღმდეგ და მოვითხოვთ მის აღკვეთას. შეურაცხყოფის ეს კამპანია სახელს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ის ხალხური შეგონებაც უნდა გვახსოვდეს, რომ მკვდარზე ცუდს არ ამბობენ.

სტალინი უკვდავია, მისი სახელი საუკუნეებს გაუძლებს. ომის ვეტერანებს ღრმად გვწამს, რომ დადგება დრო, როდესაც ქართველი ერი სტალინის სახელით იამაყებს.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, გული გვწყდება, რომ შერცხვენილი ვართ დიდი სტალინის წინაშე _ ვერ შევძელით, დაგვეცვა მკვდარი სტალინი ბინძური, ბოროტი ადამიანების შეურაცხყოფისგან, მაგრამ გვჯერა, რომ მომავალი თაობა ამ საბედისწერო შეცდომას აუცილებლად გამოასწორებს.

წერილს ინგლისის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, სტალინის დაუძინებელი მტრის _ უინსტონ ჩერჩილის მიერ სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, 1959 წლის 21 დეკემბერს, ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმულ სიტყვით დავამთავრებთ: “რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს”.

შოთა ბუაძე,

იოსებ ტუხაშვილი,

ტარასი იჩქიტიძე,

დიდი სამამულო ომის მონაწილენი

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა და დღერგძელობა თქვენ, ომის ვეტრრანებო ამ ძვირფასი სტატიისათვის. სამარადისო დიდება დიდ სტალინს და თქვენ ჩვენო ვეტერანებო!

  2. გეფერებით ჩვენო საამაყო მამებო და ვაჟკაცებო! გლოცავთ საამაყო რაინდებო. მხარს ვუჭერ თქვენს სიბრძნეს და მჯერა რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს. ჯანმრთელობას და ხანგძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, ჩვენო გმირებო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here