Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური ჯადოს კრახი და საიდუმლო ვიზიტი ოდესაში

პოლიტიკური ჯადოს კრახი და საიდუმლო ვიზიტი ოდესაში

547

ჩვენმა ძალიან სპეციალურმა კორესპონდენტმა ამ მასალის გამოგზავნა რედაქციაში ცოტა დაგვიგვიანა. საქმე ის არის, რომ მას ოდესაში მოულოდნელმა ვიზიტმა მოუწია _ ობიექტები, რომლებსაც ის უთვალთვალებდა, სრულიად მოულოდნელად გამეგზავრნენ ოდესაში და ჩვენს ძალიან სპეციალურ კორესპონდენტსაც სხვა რა დარჩენოდა?! ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაჰყვა მათ. უკან დაბურნებისთანავე ექსკლუზივი რედაქციაში მოიტანა და მისი საგაზეთო მასალად დამუშავების დროც აღარ იყო, ამიტომ გთავზობთ ჩვენი ძალიან სპეციალური კორესპონდენტის ქრონოლოგიურ ჩანაწერებს:

დილის 5 საათი. მოქმედების ადგილი _ მახათას მთა, შავბნელთა დასახლება.

ირინე, მეგი და “ის” ფშვინავენ.

მოულოდნელად ტელეფონი რეკავს, გაბრუებული მეგი ყურმილს იღებს და ჩახლეჩილი ხმით პასუხობს:

_ გისმენ!

_ ბატონ მიხეილს უნდა სამივესთან შეხვედრა.

მეგიმ სასწრაფოდ დაახეთქა ყურმილი და შესძახა:

_ ადექით!

ირინე და “ის” შეშფოთებული სახეებით წამოხტნენ და გაურკვევლად იყურებოდნენ აქეთ-იქით.

_ გვიბარებს, სწრაფად ჩაიცვით და წავედით!

ირინეს ფერი ეცვალა, არც “ის” ჩანდა მშვიდი.

_ ვიცოდი, ვიცოდი, რომ გავფარჩაკდებოდით, დადექი ახლა და უმტკიცე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, – ამბობდა მეგი და ზეწარს ასწორებდა.

ირინეს დანა კბილს არ უხსნიდა, თან თავისთვის ამბობდა: _ რა დამაკლდა, ნიუჟელი, ყვავის წვენი არ ეყო?! 100 პროცენტზე მივეცი და…

 შეიშმუშნა და კარისკენ წავიდა.

_ ბილეთები გივის აქვს, პასპორტი ხომ ყველას წესრიგში აქვს? – იკითხა მეგიმ.

_ კი, გვაქვს, – უპასუხეს “იმან” და ირინემ.

ღრუბლიანი დილა იყო, ცოტა სუსხიანიც. ქალბატონები ტაქსიში ჩასხდნენ და აეროპორტისკენ გაემართნენ. იქ გივი ელოდათ ბილეთებით ხელში.

* * *

12 საათი და 2 წუთი. ოდესა, უკრაინა.

ირინე მეგი და “ის” სასოწარკვეთილი სახით დააბიჯებდნენ ოდესის ქუჩებში და ფეხები უკან რჩებოდათ.

_ მეგი, გოგო, რა უნდა ვუთხრათ _ ჯადომ არ იმუშავაო?

_ არ მკითხო, დანა პირს არ მიხსნის, ხო ყველაფერი ვუყავით, რაც 100 პროცენტზე გაგვიყვანდა?

_ შენს თავს ვფიცავარ, ყველაფერი _ ყვავი ბოლომდე გამოვწურე და ისე შევურიე, – უპასუხა ირინემ.

_ ცოტა ხო არ დაგველია? შევთამამდებოდით, ფეხები მიკანკალებს, რა ვუთხრათ, არ ვიცი, _ უთხრა “მან”.

_ ცოტა კონიაკი მაქვს წამოღებული, გინდა? _ შესთავაზა ირინემ.

_ მომე, თორემ გასკდა გული, _ მიუგო “მან”

* * *

13 საათი და 10 წუთი. ოდესის ოლქის გუბერნიის მმართველობის შენობა.

_ ზდრასტვიწე, ნას ჟდიოტ მიხაილ ნიკოლაევიჩ, პაჟალუისტა, სკაჟიწე ჩტო მი უჟე ზდეს, _ უთხრა მეგიმ დამტვრეული რუსულით ადმინისტრაციის თანამშრომელს.

იღება კარი, ოთახში ზის მიხეილი, მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი, თმები აქა-იქ გაწეწილი, ხუთივე თითი პირში ჩაუდია და ლოკავს სიმწრისგან.

მეგი, ირინე და “ის” თავჩაქინდრულები შედიან, იქვე, კუთხეში სხდებიან და ხმას არ იღებენ.

რამდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

_ რა არის ეს? – მოულოდნელად იღრიალა მიხეილმა. ქალბატონები არ ელოდნენ ყვირილს და შიშისგან სამივე სკამიდან გადაყირავდა.

_ რაში ჩავყარე ამდენი ფული? რისთვის გასვით და გაჭამეთ, რომ ისევ იმიმიიმას გაემარჯვა? _ დაება ენა მიხეილს.

_ ბატონო მიხეილ, თქვენი მზე ნუ ჩაქრება, ჩვენ არაფერი დაგვიკლია. ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთეთ, როგორც ჩემი დიდი ბებია ზინა აკეთებდა, თქვენც ხომ იქ იყავით და ნახეთ, რომ ზუსტად იმავე რეცეპტით გავაკეთეთ ჯადო, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დამპალს რაღაც უფრო ძლიერი ჰქონია და არ იმუშავა.

_ თქვენ კი ნუ მოგვიკვდებით, ბატონო მიხეილ, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, _ ჩაერია “ის”, _ დღე და ღამეს ვასწორებდით, თითქმის გარანტირებული გვქონდა გამარჯვება, მაგრამ ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, იგრძნო იმ უდღეურმა და დაბლოკა ჯადო.

_ თქვენ კი ნუ მიგვიკვდებით, ჩვენო ბატონო და პატრონო, ამ ერთხელ იქნებ შეგვინდო და პირობას გაძლევთ, მომავალი ჩვენი იქნება, _ უთხრა მეგიმ და სამივე ერთად დაემხო დიდი მიხეილის მუხლებთან.

_ სვეტა! _ დაუძახა მიხეილმა ასისტენტს, _ გააცილე ესენი ავტობუსის გაჩერებამდე, მათი დანახვაც აღარ მინდა, _ თქვა მიხეილმა და დარცხვენილი ქალები კაბინეტიდან გამოაძევა.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here