Home რუბრიკები პოლიტიკა პალატა #41

პალატა #41

627

არჩევნებზე რამე რომ იყოს დამოკიდებული, მასში მონაწილეობის უფლებას ჩვენ არ მოგვცემდნენ”.

მარკ ტვენი

8 ოქტომბერს საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში, ოფიციალური მონაცემებით, 3 513 884 ამომრჩევლიდან მონაწილეობდა 1 814 276 (51,63%), რომლებსაც 25 საარჩევნო სუბიექტიდან _ 19 პარტია და 6 ბლოკი _ ერთ-ერთისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. ამას გარდა, ქვეყნის სხვადასხვა საარჩევნო ოლქში გაიმართა საკრებულოს შუალედური, აგრეთვე, მერისა და გამგებლის არჩევნებიც.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის მონაცემებით, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 77 მანდატისთვის ბრძოლაში 41-ე ნომრით განთესილ ქართულ ოცნებას ამომრჩეველთა 48,67%-მა (856 529 ადამიანი) დაუჭირა მხარი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” _ 27,11%-მა (477 147), დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულ ოპოზიციას” _ 5,01%-მა (88 109). არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

მაჟორიტარი დეპუტატის 73 მანდატისთვის ბრძოლაში ცნობილია 23 გამარჯვებული _ 23-ვე მანდატი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს.

50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან. 6 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ “ქართული ოცნებისა” და სხვა პარტიის, “ქართული ოცნებისა” და დამოუკიდებელი კანდიდატი ან “ნაციონალური მოძრაობისა” და დამოუკიდებელი კანდიდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს უნდა გაიმართოს, ანუ არაუგვიანეს 2 ნოემბრისა.

პარლამენტს მუშაობის დაწყება, სულ მცირე, 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში შეუძლია.

აი ასეთია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, “ქართულ ოცნებას”, დიდი ალბათობით, სულ ცოტა, 110 დეპუტატი მაინც ეყოლება პარლამენტში, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

ამას “ქართული ოცნება” ელექტორატის იმაზე ნაკლები მხარდაჭერით მოახერხებს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა: 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობდა 2 197 243 ამომრჩეველი (60%), მათგან “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა 1 181 862-მა (54,97%), “ნაციონალურ მოძრაობას” კი _ 867 432-მა (40,34%)

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/karikattt-555.jpg

ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნებში, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, 8,37%-ით ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობდა, ანუ 1 814 276, მათგან მხოლოდ 856 529 კაცმა (ანუ 6,32%-ით ნაკლებმა) დაუჭირა მხარიქართულ ოცნებას”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია არჩეულია კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 1/3-ის მიერ.

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია აღსანიშნავი:

1. ეგზიტპოლი _ ეს ძვირად ღირებული შოუ მხოლოდ ხალხის აზრზე მანიპულირების საშუალებაა და ეგზიტპოლი არ ქვეყნდება არჩევნების ხარისხიანად ჩასატარებლად, რადგან გამოქვეყნებული მონაცემები შემკვეთების ინტერესებს უფრო ასახავს, ვიდრე რეალობას. არც GFK-ს და არც TNS-ის ეგზიტპოლები არ დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. უფრო მეტიც _ 1,5-2%-იანი ცდომილების ნაცვლად, მათი მონაცემები 8-10 %-ით განსხვავდება ცესკოს მონაცემებისგა,. ამიტომ არ არის სასურველი ცესკოს პირველ მონაცემებზე ადრე ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

2. მოხდა პარტიების თვითლუსტრაცია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ლეიბორისტული პარტია “ნაცმოძრაობის” სატელიტია _ ბათუმში “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოცხადებული ეგზიტპოლების შედეგებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი ჯელალ ქიქავაც ზეიმობდა.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას პაატა ბურჭულაძესა და მის პარტიაზეც _ სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის წევრები, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

რესპუბლიკური პარტიის შედეგმა (1,55%) კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არასოდეს ჰყოლია მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა ხელისუფლების საკვანძო პოსტებზე მოსაკალათებლად, როგორც ეს მოხდა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში და, რომ არა სხვა პარტიებთან (“ნაცმოძრაობასთან”, “ქართულ ოცნებასთან”) კოალიციაში გაერთიანება, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ვერასოდეს ეღირსებოდნენ. იგივე ითქმის ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებზეც”, რომელთა ამბიციებიც შეუსაბამო იყო მათ მდგომარეობასთან ქართული პოლიტიკის სივრცეში.

არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიამ დატოვა პარტია და, საერთოდ, პოლიტიკა, მას ალექსი პეტრიაშვილიც მიჰყვა და ახლა “თავისუფალი დემოკრატების” პერსპექტივა ბუნდოვანია _ საკითხავია, იარსებებს თუ არა ეს პარტია. პაატა ბურჭულაძესაც, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაეშლება ისედაც ნახევრადდაშლილი პარტია. ამ არჩევნების შედეგად პოლიტიკას ჩამოშორდნენ (ყოველ შემთხვევაში 4 წლით მაინც) საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, დავით ზურაბიშვილი, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და სხვ.

3. მოლოდინი იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგად მივიღებდით მრავალპარტიულ პარლამენტს, არ გამართლდა. ნათლად გამოჩნდა, რომ “ნაცმოძრაობას” იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე სოციოლოგიური კვლევები აჩვენებდა.

გამაოგნებელია, რომ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი კვლავაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილ და უამრავი დანაშაულის ჩამდენ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას; მხარს უჭერს ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტას, ბიზნესმენების დატერორებას, პატიმრების წამებასა და ცოცხებით გაუპატიურებას, ქართული კულტურის, განათლების, ქართული ტრადიციების განადგურებას, ტერიტორიების დაკარგვას, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ თავხედი, ყველაფრის მკადრებელი და მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გატარებაზე მოფიქრალი “ნაციონალური მოძრაობის” კვლავ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თითქოს საკმარისი არ არის, რაც 2003-2012 წლებში ჩაიდინეს.

თითქოს საკმარისი არ არის, რომ, 2 ათეული წელია, ტელეეკრანებიდან არ ქრებიან და “ხალხის რჩეულად” გვევლინებიან ისეთი სახეები, როგორებიც არიან მესტიაში, სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის “გმირი” გია ბარამიძე, არჩევნების გაყალბების ოსტატები _ ხათუნა გოგორიშვილი და ლევან თარხნიშვილი, ტერმინ “დედალი და მამალი ძროხების” ავტორი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი, ელგუჯა ამაშუკელის “ქართვლის დედისა” და, საერთოდ, ყველაფერი ქართულის მაგინებელ-შეურაცხმყოფელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხელისუფლების სათავეში ყოფნის გამო ეშმაკისთვის სულის მიმყიდველი, 1990 წლიდან პარლამენტარი კაკო ბობოხიძე, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები _ გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე და სხვები.

ექსპერტ დემურ გიორხელიძისა არ იყოს, როცა დამნაშავეს 250 ათასი ადამიანი აძლევს ხმას, იმ ხალხს სახელმწიფო არასოდეს ექნება”…

და კიდევ _ როცა ლევან თარხნიშვილი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძეს შედეგები გაუყალბა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, ცესკოსთან აქციას გამართავს, _ არჩევნები გაყალბდაო, ხოლო ნიკა მელია “იმედს”, “მაესტროსა” და “ჯი-დი-ესს” ტენდენციურობას დასწამებს, “რუსთავი2”-ზე კი არაფერს იტყვის, ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს?!

ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ დარჩა ერთადერთ ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ ძალად. დავით უსუფაშვილმა თავის დროზე განაცხადა, “ნაცმოძრაობის”, როგორც ოპოზიციური ძალის, გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანა არისო, და ეს ამოცანა “ოცნებამ” წარმატებით შეასრულა. როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების სიამტკბილობით ცხოვრება, ანუ ე.წ. კოაბიტაცია, კვლავ გაგრძელდება.

4. ამ არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო .. პროდასავლური და ლიბერალური ორიენტაციის პარტიებისადმი, პრაქტიკულად, უმნიშვნელო მხარდაჭერა, რომელიც სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა, რადგან ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, ნატოსა და ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრებაზე. და ეს (ე.წ. პროდასავლური პარტიებისადმი სუსტი მხარდაჭერა), როგორც ჩანს, გამოწვეულია ქართველებისთვის მიუღებელი ე.წ. დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების ძალადობრივი გზით თავსმოხვევით, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ამ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანტიქართული საქმიანობითა და მხოლოდ ამერიკის ინტერესების გატარებაზე ზრუნვით.

აშშ-ის გავლენა კი ამ არჩევნების შედეგებზეც დიდი იყო, ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნებამდეც (22 სექტემბერს) და არჩევნების შემდეგაც (10 ოქტომბერს) აშშ-ის ელჩს _ იან კელის შეხვდა და ანგარიში ჩააბარა. ისე, სწორედ ამერიკული მოდელია საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი პარტიის არსებობა.

დასავლეთის გავლენა _ მისი ინტერესების გათვალისწინებაზე ზრუნვა ჩანს Financial Times-ში გამოქვეყნებულ მასალაში: არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, არ იქონიებს გავლენას საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე, რადგანაც, როგორცქართული ოცნება”, ისენაციონალური მოძრაობაემხრობა დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას”. მაგრამ არის კი ეს ქართველი ხალხის ნება, სურს კი საქართველოს მოსახლეობას იმის გამო, რომ ამიერკავკასიაში ამერიკის ინტერესები იყოს დაცული, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეში აღმოჩნდეს, ქვეყანა საომარი კონფლიქტის ზონად იქცეს და რაკეტებსა და ბომბებს შეუშვიროს თავი?

დასავლეთის გავლენასა და ხელისუფლების მხრიდან მისი ინტერესების გათვალისწინებაზე მიუთითებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლის _ გია ვოლსკის ბოლოდროინდელი განცხადებებიც: არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ, 10 ოქტომბერს, გია ვოლსკიმ “თავისუფალი დემოკრატების” რომელიმე წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კატეგორიულად გამორიცხა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრის პოსტზე დაინიშნოს:

“ეს საკითხი არ განხილულა და, ალბათ, არც განიხილება. არ ვიცი, ვინ შემოიტანა აღნიშნული საკითხი მედიასივრცეში. რაღაც სკანდალური თემის შემოტანას ჰგავს. მე ერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტში კარგი თანამშრომლობა გვქონდა ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე შევაქე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თანამშრომლობის გამო ნოდარ ებანოიძე. ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ძალიან პროდუქტიული იყო მასთან ერთად თანამშრომლობა საერთაშორისო საპარლამენტო სტრუქტურებში. შევაქე იგი, როგორც გამოცდილი დიპლომატი და ადამიანი, რომელიც ჯერ ქვეყანაზე ფიქრობს და ამის შემდეგ შიდაპარტიულ ინტერესებზე. ეს არანაირად არ ნიშნავს რომელიმე კანდიდატურის განხილვას რაიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ამის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მით უფრო, ამ კონტექსტში საუბარი არ ყოფილა ირაკლი ალასანიასა და ალექსანდრე პეტრიაშვილზე, რომელთა ხედვები და პოზიციები “ქართული ოცნებისათვის” შეუსაბამოა”, _ განუცხადა ვოლსკიმ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს”. მეორე დღეს კი, ალბათ, დასავლეთის გავლენით, რადიკალურად შეიცვალა თვალსაზრისი, ფირფიტა გადააბრუნა და განაცხადა:

თუკი სამომავლოდ იქნება შესაძლებლობა, სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა ვიქტორ დოლიძესთან, ისევე, როგორც ვახტანგ ხმალაძესთან, ნოდარ ებანოიძესთან. არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს გადაცდენილან იმ პრინციპს, რომელსაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა ჰქვია”.

 5. შედარებით ახალგაზრდა პარტიამ _ “პატრიოტთა ალიანსმა”, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი საზოგადოების გარკვეული იდეოლოგიური და ორიენტაციული სეგმენტი, თუმცა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეძლო საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.

6. თუქართულ ოცნებასსაკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება პარლამენტში, მაშინ პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და მის შედეგებზე _ პოზიტიურზეც და ნეგატიურზეც _ მხოლოდ და მხოლოდ მას დაეკისრება. ამას ისიც ემატება, რომ ე.წ. ოპოზიციური ძალა _ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და, ამასთანავე, არასრულფასოვანი ოპონენტია ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური პროცესების სათავეში არაკომპეტენტური ადამიანები აღმოჩნდებიან და ეს სავალალო შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისთვის. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოლა, ფაქტობრივად, ერთპარტიული მმართველობაა, რომელიც ავტორიტარიზმის დამკვიდრების საფრთხეს შექმნის.

7. არჩევნებში გამარჯვებულმაქართულმა ოცნებამუკვე დაგეგმა საკონსტიტუციო ცვლილებები:

* პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადმოვიდეს თბილისში;

* უნდა განისაზღვროს ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი;

* პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის სამომავლოდ არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო უნდა შეეზღუდოს.

ეს ის საკითხებია, რომელთა შეტანაც სურს კონსტიტუციაში “ქართულ ოცნებას”, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასა და ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევაზე ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში საუბრობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი, რა განაცხადა მან “საქართველო და მსოფლიოსთვის” (#6, 20-26 თებერვალი, 2014 წელი) მიცემულ ინტერვიუში 2013 წლის თებერვალში:

 “თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უმეტეს გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს”.

დასასრულ _ საქართველოს მოსახლეობა 8 ოქტომბერს იძულებული შეიქნა, არჩევანი გაეკეთებინა ცუდსა და ცუდზე უარესს, ანუქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და ეს პოლიტიკური და საარჩევნო ფსიქოზი, ანტონ ჩეხოვისპალატა #6”-ში აღწერილი სულით ავადმყოფების ამბის მსგავსი, კიდევ, სულ ცოტა, 4 წელიწადს გაგრძელდება, ოღონდ ამჯერად ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხისთვის მოწყობილპალატა #41”-ში.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელშინაციონალური მოძრაობისაკრძალვის მოთხოვნით გავრცელდა პეტიცია. ამ პეტიციით ხელმომწერები პარლამენტს, მთავრობასა და პროკურატურას მიმართავენ: “ნაციონალური მოძრაობისლიდერები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში და ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობისკენ. არჩევნების დღეს მათ უკვე მოაწყვეს რამდენიმე მძიმე პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე მარნეულში, ზუგდიდის რაიონში, ქუთაისში და .. თუ კიდევ გაგრძელდებაენმ”-ის პროვოკაციები, ამან, შესაძლოა, ქვეყანა დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღვრამდე მოიყვანოს. ამას კი ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება თითოეული ჩვენგანისთვის”, _ ნათქვამია პეტიციაში.

საკითხავი ის არის, გაითვალისწინებს კი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნას ხელისუფლება და სათანადოდ დასჯის ამ დამნაშავე ორგანიზაციის წევრებს, რომლებსაც თავიანთი კეთილდღეობის მეტი არაფერი ადარდებთ და უცხო სახელმწიფოს დაკვეთით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ?

1 COMMENT

  1. ავად არის საქართველოს მოსახლეობა, ნახევარი მილიონი უიმედოდ, ცხრაასიათასამდე
    კიდევ შეიძლება გამოჯანმრთელდეს, დანარჩენებს რაღას გვერჩით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here