Home რუბრიკები პოლიტიკა რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ერდოღანი?

რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ერდოღანი?

765

რუსეთისა და აშშის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ესკალაციამ სირიაში, პირველადცივი ომისშემდეგ, სამხედრო შეტაკების საფრთხის წინაშე დააყენა ორი ზესახელმწიფო. ამ დაპირისპირებამ საქართველოს, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, შეიძლება უმძიმესი შედეგი მოუტანოს.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა 10 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართა. პუტინმა და ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კრიზისი ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა, დაძლეულია. პრეზიდენტებმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, სტრატეგიული გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობა და ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იყო.

რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, მხარეები პოზიტიური, მაგრამ საკმაოდ ზოგადი ფორმულირებებით შემოიფარგლენენ. ამ შეხვედრის კვალობაზე, კომენტატორების ნაწილმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აშშ-რუსეთის კონფრონტაციის ფონზე ერდოღანი ცდილობს, მის ხელთ არსებული კოზირები გაათამაშოს და ორივე მხარისგან მაქსიმალური ბონუსები მიიღოს.

რუსეთი ზრდის დაჯგუფებას სირიაში _ იქ მძლავრი საზენიტო კომპლექსები გადაისროლეს. იგეგმება დამატებითი თვითმფრინავების გაგზავნა, სირიის ნაპირებთან გაემართა კიდევ სამი ხომალდი რაკეტებით “კალიბრ-ნკ”. ამ დაჯგუფების მომარაგების, აგრეთვე, ასადის არმიისთვის იარაღის მიწოდების უმოკლესი გზა ბოსფორზე გადის, შესაბამისად, კრემლი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კრიტიკულ მომენტში თურქეთი მას არ დაბლოკავს. ამასთანავე, ორივე მხარეს სჭირდება კონსენსუსის მიღწევა ჩრდილოეთ სირიის იმ რაიონებზე, რომლებიც თურქეთის ინტერესების სფეროში შედის. თურქეთი, რასაკვირველია, ნატოს წევრად და აშშ-ის ფორმალურ მოკავშირედ რჩება, მაგრამ გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მისი ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვნად დაიძაბა და ერდოღანს მიეცა შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკაში ლავირებას უფრო თამამად მიმართოს.

ომი აშშსა და რუსეთს შორის, რომელიც ახლო წარსულში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, გასულ კვირას სრული სერიოზულობით განიხილეს აშშ-ის არმიის ასოციაციის ყოველწლიურ თათბირზე. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოდგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ჯოზეფ ანდერსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედება აშშ-ს “ეგზისტენციალურ საფრთხეს” უქმნის. გენერალ-მაიორმა უილიამ ჰიკსმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის არმიების მოდერნიზაციის გამო, მომავალი ომი “ექსტრემალურად მომაკვდინებელი და სწრაფი იქნება” ისეთი ძალადობით, რომელიც კაცობრიობას II მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. ხოლო აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ დასძინა, რომ “ასეთი ომი პრაქტიკულად გარანტირებულია”. ეს არის ძალზე იშვიათი შემთხვევა, როდესაც ასეთი აპოკალიფსური პროგნოზებით არა გადამდგარი, არამედ მოქმედი სამხედროები გამოდიან.

აშშ სირიის დაბომბვას აპირებს. “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, გასულ კვირას თეთრ სახლში შედგა სახელმწიფო დეპარტამენტის, ცენტრალური სადაზვევო სამმართველოსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელთა თათბირი, რომელზეც ეს საკითხი განიხილეს. მსჯელობა ამ თემაზე, სავარაუდოდ, უშიშროების საბჭოს ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, განიხილებოდა იერიში აეროდრომების წინააღმდეგ. სხვა გამოცემები ჰოპოთეზურ გეგმას უფრო დეტალურად აღწერენ, საუბარია შეტევაზე სამხედრო ნაწილებსა და კავშირგაბმულობის კვანძებზე 200-მდე ფრთოსანი რაკეტის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ავიაციის გამოყენებით. კომენტატორების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამა ასეთ მასშტაბურ შეტევას “მწვანეს” არ აუნთებს, მითუმეტეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაიმუქრა, რომ სირიაში ახლახან გადასროლილმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა შეიძლება ჩამოაგდონ ნებისმიერი “ამოუცნობი ობიექტები”, ხოლო დარტყმას ტერიტორიაზე, რომელსაც სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, ის განიხილავს, როგორც თავდასხმას რუსულ კონტინგენტზე.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სირიის პორტ ტარტუსში სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის.

ასადის ძალების წინსვლა ალეპოში აშშ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. თუ სამთავრობო ჯარები შეტევას განაგრძობენ და რუსული ავიაციის დახმარებით ალეპოს სრულად გააკონტროლებენ, ეს პრინციპული მნიშვნელობის შედეგი იქნება და ასადის იზოლირება სამშვიდობო პროცესისგან პრაქტიკულად გამოირიცხება, რაც ამერიკელების ადრინდელი პოზიციის კრახს მოასწავებს. ვინაიდან პირდაპირი იერიშების მიტანა რუსეთთან შეჯახების საფრთხეს უკავშირდება, ამერიკელებმა შეიძლება მიმართონ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, ავღანეთში აპრობირებულ ტაქტიკას და პირდაპირ ან მოკავშირეების ხელით (მეორე უფრო სავარაუდოა), ასადის მოწინააღმდეგეთა სწრაფი გაძლიერება სცადონ. ყატარის პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პატრონაჟის ქვეშ მყოფ სირიელ ოპოზიციონერებს ახლო მომავალში დიდძალ შეიარაღებას, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის.

ძნელი სათქმელია, რამდენად დროული იქნება ეს დახმარება, რადგან სიტუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში კრიტიკულია. როგორც შუალედურ ვარიანტს, მხარეები განიხილავენ გაეროს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის _ სტეფან დე მისტურას გეგმას, რომლის თანახმად ოპოზიციის მებრძოლებმა ალეპო უნდა დატოვონ. ასადი მიიღებს კონტროლს ქალაქზე, ხოლო მისი ოპონენტები _ პროვინცია იდლიბში გადასვლის შესაძლებლობას, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ერდოღანის მადა იზრდება _ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქები ჩრდილოეთ სირიაში ახალი ტერიტორიების დაკავებას აპირებენ. შეტაკებებმა პროთურქულ რაზმებსა და ქურთებს შორის ძალიან მძაფრი ხასიათი მიიღო და თურქული ჯარის მასშტაბური ჩარევისთვის სერიოზული საბაბი შექმნა. ოპოზიციის ძალების შესაძლო კოლაფსი ალეპოში ყველა მოთამაშეს კონტროლის ზონის გაფართოებისკენ უბიძგებს. ერდოღანისთვის მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა საგარეო ფრონტზე, რათა თურქულ საზოგადოებაში პატრიოტული აღტკინების იმპულსი წარმოიშვას, რომელიც ხელს შეუწყობს ერის გაერთიანებას ლიდერის გარშემო. გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისა და შემდგომი რეპრესიების შემდეგ ეს თურქეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ჰაერივით სჭირდება, რადგან საზოგადოების ნაწილი რეჟიმის გამკაცრების გამო აშკარად უკმაყოფილოა. თეთრი სახლი ცდილობს, შეაკავოს ერდოღანი, რადგან არ სურს, მან სირიაში დამოუკიდებელი თამაში აწარმოოს. თურქების შემდგომი წინსვლა სირიაში ქურთებს მთლიანად ამ საფრთხეზე “გადართავს” და ვაშინგტონს მათი გამოყენება გაუჭირდება. აშკარაა ისიც, რომ ჩრდილოეთ სირიაში “თურქული ზონის” გაფართოება მოხდება ან რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციის ან პირიქით _ ურთიერთგაგების პირობებში და, შესაძლოა, ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი პუტინი ერდოღანის შეხვედრის დღის წესრიგის “დახურულ ნაწილში”. მთავარი კითხვა, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება დაიბადოს შემდეგია: მივლენ თუ არა მთავარი რეგიონული მოთამაშეები სირიის კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ ფორმულამდე “ყველა მინუს ამერიკა”?

საქართველო რთულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ქართველ საზოგადოებას, არჩევნების გარდა, არაფერი აინტერესებდა, ადგილობრივმა კომენტატორებმა მაინც “შენიშნეს” როგორც ესკალაცია აშშ-რუსეთის ურთიერთობებში, ისე ერდოღანის შეხვედრა პუტინთან. საინტერესოა, რომ მათ აშინებთ როგორც რუსეთისა და თურქეთის ინტერესების თანხვედრა (ის 1921 წლის მოვლენებს ახსენებს), ისე მკვეთრი კონფრონტაცია ამ ორ ქვეყანას შორის, რადგან მან შეიძლება საქართველო ბრძოლის ველად გადააქციოს. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იდეალურად მათ შუალედური, “ნელ-თბილი” მდგომარეობა მიაჩნიათ, როდესაც საქართველოს შეეძლება, ორ დიდ მეზობელს შორის გეოეკონომიკური ხიდის, დამაკავშირებელი რგოლის როლი შეასრულოს. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია დაფიქრება შემდეგ გარემოებაზე: როდესაც 1921-ში ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ერთად შეუტიეს, მას, სხვა ყველაფერთან ერთად, მესამე, მტრული ძალის _ დასავლელი მოკავშირეების პოტენციურ პლაცდარმად განიხილავდნენ. თუ “ერდოღანის თურქეთი” შეერთებულ შტატებთან და, საზოგადოდ, დასავლეთთან კონფრონტაციაში შევა (ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს), ხოლო რუსეთისა და თურქეთის დაახლოება გაგრძელდება – რეგიონულ პოლიტიკაში შეიძლება სარკისებურად აირეკლოს ასი წლის წინანდელი სიტუაცია.

დასავლეთის პლაცდარმი თუ სამიზნე? _ ჩვენი ქვეყნის როლის განსაზღვრა მომავალში შეიძლება გართულდეს. 1921 წელს, როდესაც დასავლელ მოკავშირეებს სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში რეალური კონკურენტი არ ჰყავდა, მათ საქართველოს დაცვით თავი არ შეიწუხეს. მართალია, მათმა ხომალდებმა დაბომბეს ბოლშევიკების ძალები, რომელსაც მეტწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ მოვლენათა დრამატულ განვითარებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. არის თუ არა აშშ მზად იმისთვის, რომ საქართველოს გამო თუნდაც ერთი ჭურვი გაისროლოს? 2008 წლის აგვისტოს მაგალითი საპირისპიროზე მიუთითებს. ფიქრმა ამ თემაზე ქართველი საზოგადოება შეიძლება მიიყვანოს დასკვნამდე, რომ შეცვლილ რეალობაში ქვეყანამ უნდა იპოვოს ახალი ადგილი და როლი რეგიონულ პოლიტიკაში, რათა არც რუსეთმა და არც თურქეთმა მტრული ძალების პლაცდარმად არ განიხილონ. სიტუაციის აღქმა შეიძლება დაამძიმოს ცნობებმა სირიიდან, სადაც ამერიკელები ვერ ახერხებენ თავიანთი მოკავშირეების, სირიელი ოპოზიციონერების, დაცვას და ისინი “იხარშებიან” აღმოსავლეთ ალეპოში, როგორც “სტალინგრადის ქვაბში”. ის გარემოება, რომ საქართველოს მომავალი მიება მოვლენების განვითარებას თურქეთში და ამ ქვეყნის შესაძლო დაპირისპირებას დასავლეთთან, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არამყარ ფუნდამენტზე დგას. შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების კრიტიკული გააზრება და ახალი სტრატეგიის შემუშავება.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here