Home რუბრიკები პოლიტიკა გაიზიარებს თუ არა “ქართული ოცნება” “მოქალაქეთა კავშირის” ბედს

გაიზიარებს თუ არა “ქართული ოცნება” “მოქალაქეთა კავშირის” ბედს

618

საპარლამენტო არჩვენებიქართული ოცნებისგამარჯვებით დასრულდა. ცესკოს მონაცემებით, მან ხმათა 48,65% მოიპოვა, მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს 23 მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა, მმართველ პარტიას წარმატების ძალიან მაღალი შანსი აქვს. მაგრამ ზოგმა გარემოებამ შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამპიროსის გამარჯვებამოიპოვა, რომელსაც შეიძლება კრახი მოჰყვეს.

ამომრჩევლების დაბალი აქტიურობა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღქმაზე ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად აისახება. შესაძლოა, სახლში დარჩენილი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა “ჩუმი ბოიკოტი” არა მხოლოდ კონკრეტულ არჩევნებს, არამედ მთელ პოლიტიკურ სისტემას გამოუცხდა, რომლის ქვაკუთხედს “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” უცნაური სიმბიოზი წარმოადგენს. სხვადასხვა სოციოლოგიური მონაცემების შეჯერება გვიჩვენებს, რომ საუბარი შეიძლება ამომრჩეველთა 20-25% ეხებოდეს. ისინი უარს ამბობენ “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერაზე, მაგრამ ვერ პოულობენ პარტიას, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს. ბრძოლა ამ ხმებისთვის და მათი კონსოლიდაციის გზების ძიება მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება.

მცირე პარტიებიამპარტავნობამ დაღუპა _ ისინი უპრობლემოდ გადალახავდნენ ბარიერს თუ ტაქტიკური ალიანსებისა და საარჩევნო ბლოკების შექმნის გზით წავიდოდნენ, მაგალითად, რესპუბლიკელები და ალასანია, ხოლო “პატრიოტებს” შეეძლოთ საერთო ენა, ბურჯანაძესთან თუ არა, რამდენიმე “ერთპროცენტიან” პოლიტიკურ გაერთიანებასთან ეპოვათ, მაშინ ბარიერის გადალახვაზე ამდენი ნერვიულობა არ მოუწევდათ. თუმცა სიტუაციის არაადეკვატურმა აღქმამ და გადაჭარბებულმა წარმოდგენამ საკუთარ შესაძლებლობებზე ეს პარტიები სხვა გზით წაიყვანა. შედეგად, საკმაოდ მოტივირებული ამომრჩევლების ხმები (ჯამში, დაახლოებით 15%) “ ჰაერში გაიფანტა” _ ისინი პარლამენტში წარმომადგენლების გარეშე დარჩნენ. ის, ვინც “უმაღლესი ლიგიდან” გამოვარდა, მასში დაბრუნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს, თუ ძალთა გაერთიანების აუცილებლობაზე არ დაფიქრდება.

ლიბერალურმა პარტიებმა კრახი განიცადეს. რესპულიკელებმა 2%-იც კი ვერ მოაგროვეს, მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან დამამცირებელი მარცხი იწვნიეს, რაც მათ მოწინააღმდეგეს სიამოვნებს. ისინი, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს პარტია ამიერიდან შეეცდება ჩაებღაუჭოს ყველა შესაძლებლობას, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს, “ნაციონალებმა” კი ეს გარემოება შეიძლება გამოიყენონ (მაგალითად, “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის და თანმდევი კრიზისის დროს). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, არჩევნებში წარუმატებლობის მიუხედავად, რესპუბლიკელები კვლავინდებურად ითვლებიან სასურველ თანამოსაუბრეებად ვაშინგტონში. ასე რომ, ეს პოლიტიკური გაერთიანება ახლო მომავალში, სავარაუდოდ, “რადარებიდან” არ გაქრება და მომავალი არჩევნებისთვის შეეცდება ახალი “ლოკომოტივი”, მძლავრი პარტნიორი პარტია მოძებნოს. რაც შეეხება ყოფილ “თავისუფალ დემოკრატებს”, მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილის სიახლოვეს აღმოჩნდება, რომელიც მომავალში, დიდი ალბათობით, ლიბერალურ, პროდასავლურ, სავსებით კონსტრუქციულ (და ივანიშვილისთვის უსაფრთხო) ოპოზიციურ პარტიას შექმნის. პოლიტიკურმა არაპროფესიონალიზმმა და გადაჭარბებულმა ამბიციებმა ირაკლი ალასანია საბოლოოდ პოლიტიკიდან წასვლამდე მიიყვანა, თუმცა უკან დაბრუნების, სულ ცოტა, ერთი მცდელობა, ალბათ, მაინც ექნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრობადამარცხდა. 27,12%-მა, რომელიც ცესკო-ს მონაცემებში აისახა, არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან ამ პარტიამ, ისევე როგორც ადრე, მხარდამჭერების ტოტალური მობილიზაცია შეძლო, მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა ნახევარი სახლში დარჩა (რეალურად “ნაცმოძრაობის” ნიშა საერთო რაოდენობის 15%-17%-ს არ აღემატება). სააკაშვილმა ვერც ერთ რეგიონში, რომლებშიც რესურსების დიდი ნაწილი გამოიყენა (სამეგრელო, აჭარა), ვერ მოახერხა, გადამწყვეტი უპირატესობა მოეპოვებინა. შესაბამისად, შემცირდა იმის ალბათობა, რომ იქ რევოლუციური სცენარისთვის დაძაბულობის კერას შექმნის, თუმცა მარნეულში (36-ე ოლქში) განვითარებულმა მოვლენებმა და ხმების საერთო განაწილებამ ქვემო ქართლში უნდა დააფიქროს ხელისუფლება იმაზე, რომ ამ რთულ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში გაცილებით გააზრებული პოლიტიკაა გასატარებელი. 2012 წელს “ნაცმოძრაობამ” პარლამენტში 32 მაჟორიტარი გაიყვანა, წელს ჯერჯერობით _ არც ერთი, და მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ რამდენიმე რაიონში აქვს. ამის გამო მისი წარმომადგენლობა პარლამენტში მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს პარტიის “პოლიტიკურ წონაზე” აუცილებლად აისახება. საუბარი “ნაცმოძრაობის” პესპექტივებზე შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დაძლევს (თუ ამას მოახერხებს) კრიზისს, რომელიც ბოკერიასა და სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული ჯგუფების დაპირისპირებასა და მხარდამჭერების მზარდ იმედგაცრუებაში ვლინდება. მათი დიდი ნაწილი გულწრფელად ელოდა არჩევნების მოგებას, სააკაშვილის ჩამოსვლას, “ვარდების რევოლუცია2”-ს და ამის ნაცვლად მხოლოდ ლიდერების დაბნეული, ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარები მიიღო.

დამკვირვებლებმა არჩევნები დემოკრატიულად აღიარეს და სააკაშვილმა “მაიდანის” აგორებისთვის აუცილებელი კოზირი ვერ მიიღო. მთავარი კი, ალბათ, მაინც ხმების საერთო განაწილება იყო, აგრეთვე, ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან წინასაარჩევნო აქციებზე ნაციონალებმა საკმარისი რაოდენობის ხალხი ვერ მიიყვანეს. შესაძლოა, სააკაშვილი მიხვდა, რომ მის ხელთ არსებული რესურსი ხელისუფლების შესაცვლელად არასაკმარისია. ამასთანავე, ზოგიერთი მათი აქტივისტი უშუალოდ არჩევნების წინ არეულობის მომზადების თაობაზე დაიკითხა, რამაც პარტიის წევრთა შემართებასა და განწყობაზე, სავარაუდოდ, დამთრგუნველად იმოქმედა. სააკაშვილმა პირწმინდად წააგო კამპანიის ფინალური ნაწილი თავისი სატელეფონო ჩანაწერებით, გივი თარგამაძის აფეთქებით, უძლური მუქარებით და ა.შ. ასე რომ, დამკვირვებლების (მთლიანობაში) დადებითი დასკვნა მისთვის მხოლოდ ერთ-ერთი, ბოლო დარტყმა აღმოჩნდა. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ერთობ იჩქარა, როდესაც საარჩევნო გარემო იდეალურად გამოაცხადა. მოხდა საკმაოდ სახიფათო ინციდენტები მარნეულისა და ზუგდიდის რაიონებში, არც ისე ცოტა იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზიც, რაც დამკვირვებელთა დასკვნებში აისახა.

დესტაბილიზაციის საფრთხე კვლავაც არსებობს _ ის მხადაჭერა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” მოიპოვა, აშკარად არასაკმარისია ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ მისი გამოყენება ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის სავსებით შესაძლებელია. პროვოკაციების საფრთხე შემცირებულია, მაგრამ სრულად განეიტრალებული არ არის. ამასთანავე, ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება (თარგამაძის აფეთქება, “რევოლუციური თათბირი” და ა.შ.), რათა აიცილოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაზე ძალისმიერ ზეწოლას ახდენს. ამ ხერხს, სავარაუდოდ, აქტიურად გამოიყენებენ “ნაცმოძრაობის” მოკავშირეები საზღვარგარეთ, “ევროპის სახალხო პარტიის” ხელმძღვანელობა იქნება თუ სხვა. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორიც ემატება _ დამარცხებულ, დამცირებულ სააკაშვილს, სავარაუდოდ, შურისძიება სწყურია.

პატრიოტთა ალიანსიკოაბიტაციას შეუტევს. მის მცირერიცხოვან ფრაქციას (თუ ცესკოს მონაცემები კიდევ ერთხელ არ შეიცვალა) შეეძლება, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაახმოვანოს მათი წუხილი, ვინც “ოცნებას” “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობა არ აპატია, შესაბამისი ემოციების მობილიზება მოახდინოს და მომავალი არჩევნებისთვის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდოს (თუ წინდახედულად იმოქმედებს). მეორე მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლება მიიღებს შესაძლებლობას, ირმა ინაშვილისა და მისი თანაპარტიელების რადიკალური მოთხოვნების ფონზე, თავისი პოლიტიკა ზომიერად წარმოაჩინოს. მარტივი მაგალითი _ თუ ინაშვილი მოამზადებს “ნაცმოძრაობის” აკრძალვის კანონპროექტს და 50 (პირობითად) ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საქმეების აღძვრას მოითხოვს, ხელისუფლება ამას, სავარაუდოდ, არ გააკეთებს, მაგრამ შეძლებს, შექმნას (მაგალითად) სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა შემსწავლელი კომისია და აღძრას 5 საქმე ისე, რომ მისი ქმედება ზომიერების გამოვლინებად წარმოჩინდეს (ისურვებს თუ არა ამის გაკეთებას, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ადრე ამ მხრივ უფრო შეზღუდული იყო). შესაძლოა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს თავიდანვე საშინლად აღიზიანებდა პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” შესვლის პერსპექტივა.

ქართულმა ოცნებამკიდევ ერთხელ გაიმარჯვა. თუ მეორე ტური მოსალოდნელი შედეგით დასრულდება, ის უპრობლემოდ დაამტკიცებს მთავრობას და ნებისმიერ სასურველ კანონს მიიღებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, არ უნდა დაივიწყოს, რომ რეალურად (დაბალი აქტიურობის გათვალისწინებით) მას ნდობა მხოლოდ ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა გამოუცხადა, ხოლო მისი ყოფილი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი “ჩუმი ბოიკოტის” რეჟიმში გადავიდა. ამასთანავე, მოხდა ამომრჩეველთა საგულისხმო “როტაცია” _ “ოცნების” მხარეზე გადავიდნენ ის კონფორმისტები, რომლებიც მუდამ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ხოლო ბევრმა გულანთებულმა იდეალისტმა (მათ გარეშე ივანიშვილი 2012-ში ვერ გაიმარჯვებდა) მასზე ხელი ჩაიქნია. ეს გარემოება, რომელიც სათანადოდ გააზრებული ჯერ არ არის, მმართველ პარტიას მომავალში შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს _ რაც უფრო ბევრი საპარლამენტო მანდატი აქვს პარტიას და რაც უფრო დაცულად გრძნობს თავს, მით უფრო სწრაფი და მასშტაბურია მისი გახრწნის პროცესი, რომელიც 3-4 წელიწადში სრული კრახით სრულდება. თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელისუფლება მომავალშიც შეინარჩუნოს, მმართველი პარტიის საფუძვლიანი რეფორმირება მოუწევს, რადგან ადგილობრივ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოსვლა იმავე შემადგენლობით, იდეებით, ტაქტიკური სქემებით, ძველი საფრთხობელებით, ნეპოტიზმითა და ზოგადი უნიათობით კარგს არაფერს მოუტანს. “ქართულმა ოცნებამ” მიიღო დამატებითი მანდატები, მაგრამ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაც დაეკისრა და მკვეთრად შეეზღუდა შესაძლებლობა, საკუთარი წარუმატებლობა “ნაცმოძრაობის” საბოტაჟს დააბრალოს. ის იძულებულია, გაატაროს სერიოზული რეფორმები და აღადგინოს სამართლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, “მოქალაქეთა კავშირის” ბედს გაიზიარებს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. თავი თვითონვე გაყვეს ხაფანგში. საკოცნელ ტუჩებს მაგრად საგინებლად გაიხდიან, თუ
    წესიერად არ მოიქცევიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here