Home რუბრიკები საზოგადოება ბრძოლა წესების გარეშე ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრებისთვის

ბრძოლა წესების გარეშე ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრებისთვის

685

ჩვენს ქვეყანაში 25 წლის განმავლობაში გამოიცვალა სამი ხელისუფლება: ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის. ახლა არის მეოთხე ხელისუფლება _ ბიძინა ივანიშვილის. ეს ლიდერები ხალხმა აღიქვა, როგორც .. ბელადები. გადიოდა დრო და, როგორც მოსალოდნელი იყო, იწყებოდა დიდი იმედგაცრუება.

თითოეული ხელისუფლება, გარდა პირველისა, ებღაუჭებოდა ძალაუფლებას, სანამ არ ამოწურავდა მართვის ყველა რესურსს.

ახლანდელი ე.წ. ბელადი, ანუ ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც წინამორბედნი, მოვიდა ხალხის საყოველთაო მხარდაჭერით.

ბატონ ბიძინას ჰქონდა დიდი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ქველმოქმედების სახით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა.

ჩვენს ქვეყანაში არის 17 სამინისტრო და 350 000 სახელმწიფო მოხელე. მათი რაოდენობა ოჯახის წევრებიანად და ახლობლებიანად, ალბათ, მილიონამდეა. აი, ეს არის ყბადაღებული ადმინისტრაციული რესურსი.

სამსახურის დაკარგვის შიშით, ისინი იძულებულნი არიან, მხარი დაუჭირონ “ოცნების” ხელისუფლებას, რადგან კარგად იციან, ქართულ რეალობაში როგორც ხდება _ როგორც წესი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იცვლებიან სახელმწიფო მოხელეები.

მოკლედ, ხალხის ბელადობიდან ბატონი ბიძინა გადაიქცა სახელმწიფო მოხელეებისა და მათ ახლობლების ბელადად.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელისუფლება მოწინააღმდეგეების, ანუ, უფრო ცივილიზებურად რომ ვთქვათ, ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა “კრემლის აგენტი”, “კაგებეს აგენტი”, “ზვიადისტი”, “ჩარეცხილი” და “მიშისტი”.

“ოცნების” შემდეგ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ ე.წ. ნაციონალებს, სავარაუდოდ, 10-15%.

დანარჩენი პარტიები თავიანთი ლიდერებითა და ლოზუნგებით ძნელად გასარჩევია ამომრჩევლებისთვის.

და, როგორც ბატონი გია ხუხაშვილი ბრძანებს, დაახლოებით 35% ამომრჩევლებისა არის გაურკვევლობაში. ისინი ან არ აპირებენ საარჩევნო ყუთთან მისვლას, ან ყველას გადახაზავენ და სალანძღავ სიტყვებსაც მიაწერენ.

ახლა განვიხილოთ “ოცნების” დაპირება _ ქართველი ამომრჩევლისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა _ დასაქმება. დასაქმება და სიღარიბე ერთმანეთისგან განუყოფელია.

როგორც გვეუბნებიან, თურმე 200 000 კაცს დაასაქმებენ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი უმუშევრობა გაიზარდა და ხალხი უფრო გაღატაკდა. ამ დროს ტელევიზორში გვიჩვენებენ საამურ ცხოვრებას _ თურმე იხსნება სხვადასხვა წარმოება და ამ დროს ხალხი ამას ვერ გრძნობს.

ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში გამოაცხადეს, რომელიღაც რაიონში (არ მახსოვს რომელში) საწარმო გაიხსნაო. ვიფიქრე, ალბათ, სერიოზული საწარმო გაიხსნამეთქი. მთელი მინისტრთა კაბინეტი იქ იყო, მგონი, 17 მინისტრი (ანუ ყველა) და აღმოჩნდა, რომ იქ 15 კაცი დაუსაქმებიათ. აი ასეთი კომიკური სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. ანალოგიური რამ ხდებოდა ნაციონალური ხელისუფლების პერიოდშიც, როცა ერთი საწარმო რამდენიმეჯერ იხსნებოდა.

ხალხს ასაქმებს ბიზნესი და არა ხელისუფლება. ასე რომ, 200 000 ადამიანის დასაქმება აშკარა ბლეფია. იქნებ სოციალისტურ ეკონომიკაზე გადავდივართ და ვერ ვხვდებით? მოკლედ, აშკარაა ხალხის გაბრიყვების მორიგი მცდელობა.

როგორ შეიძლება ფეხბურთელებით, მორაგბეებით, მსახიობებითა და რეჟისორებით დაკომპლექტებული გუნდით წარმატების მიღწევა. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები, ასეა ყველა ქვეყანაში და ჩვენ რა, გამონაკლისები ვართ?

ქართული ფეხბურთი უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ დროს კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვირჩევთ პარლამენტში და, როგორც ამბობენ, თურმე ორივე პოსტს შეითავსებს. გამახსენდა ქართული ანდაზა ორი კურდღლის მდევარზე.

ჩვენ გვყავდა დიდი ფეხბურთელები, რომლებიც დაამშვენებდნენ ევროპის ნებისმიერ გუნდს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ქვეყნიდან გასვლა. ისინი, ფაქტობრივად, ეროვნული გმირები იყვნენ და არც ერთ მათგანს არ გაუტანია საკუთარ კარში 2 გოლი ერთ მატჩში.

არც ერთ მთავრობას გონებაში არ გაუვლია აზრად ყოფილი ფეხბურთელის მინისტრად დანიშვნა. ისინი იყვნენ მოკრძალებულ თანამდებობებზე და ინარჩუნებდნენ ხალხის დიდ სიყვარულს.

ასე იყო საზღვარგარეთაც. არც ერთი დიდი ფეხბურთელი არ დაუნიშნავთ მინისტრად, არ აეურჩევიათ სენატორად თუ კონგრესმენად.

ისინი მოღვაწეობდნენ მათთვის შესაფერ სფეროში.

მარადონა წლების შემდეგ გახდა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, ასევე იყო ბეკენბაუერი, ასეა ზინედან ზიდანი. ცხონებული იოჰან კრუიფი სხვადასხვა სამწვრთნელო კურსებზე მხოლოდ 10 წლის დაუღალავი სწავლის მერე დაინიშნა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად.

თვით ჩვენი ვიცეპრემიერის მეგობარი და თანაგუნდელი შევჩენკო ახალდამთავრებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის _ ფომენკოს (თუ არ ვცდები) თანაშემწე იყო და მხოლოდ შემდეგ დანიშნეს უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

მთავარ მწვრთნელად და არა _ ენერგეტიკის მინისტრად.

ამას ვწერ გულისტკივილით და არა _ დაცინვით. ჩვენ სახელოვანი ფეხბურთელები და მათ შორის ვიცეპრემიერი, ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად გვჭირდება.

ისინი ქართულ ფეხბურთს აკლდებიან და პოლიტიკას კი ვერაფერს შესძენენ. ეს მათი სფერო არ არის.

ცალკე თემაა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, რომელსაც ვიცეპრემიერი დაესწრო ყოველგვარი სტატუსის გარეშე. ამან გამახსენა ნაციონალების პერიოდში ჩატარებული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, როცა უმცროსი ახალკაცი ძალით გაიყვანეს პრეზიდენტად.

საინტერესოა ბატონი ბიძინას საკადრო პოლიტიკა.

ქალაქის მერად, ფაქტობრივად, სრულიად მიუღებელი პიროვნებაა, ეს შემდგომში გამოჩნდა კიდეც.

შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს ადამიანი, რომელსაც “თალიბანი” პიროვნება ჰგონია და გაიძახის “კრიმინალი საუკეთესო მდგომარეობაშიაო”.

გენერალურ პროკურორად დანიშნეს “მოძველბიჭო” პირი, რომელიც ეჭვმიტანილია გერმანიაში “ბოტასების” მოპარვაში.

ან ავიღოთ თინეიჯერი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა შეხვდეს სერგეი ლავროვს და ჯონ კერის. ხომ წარმოგიდგენიათ ამ შეხვედრების შედეგი.

ბატონი ბიძინა, რომელმაც უდიდესი ქონება დააგროვა რუსეთში, ნუთუ ასეთი სუსტია საკადრო პოლიტიკაში?

რუსეთში მუშაობის პერიოდში, თუნდაც როცა ბანკი “როსიისკი კრედიტი” შექმნა, ასეთი კადრები შეარჩია? როგორც ვიცი, მან შემოიკრიბა უჭკვიანესი ადამიანები.

ასეთი კადრები რომ დაენიშნა, როგორიც საქართველოს მთავრობაშია, ალბათ, რუსეთიდან წამოსასვლელი თანხაც არ ექნებოდა.

აბა, ახლა რა მოხდა?

ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ჩაძირული და დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა” აღაზევა და ახლა, ამ დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლების მაგივრად, ფილმი გადაიღო. მიაღწია იმას, რომ ორგანოებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ქალი კენჭს იყრის ზუგდიდში და არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს.

ბატონმა ბიძინამ ჩამოაშორა ხელისუფლებას დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა”. ამისთვის მას დიდი მადლობა, მაგრამ ისეთი კადრები მოიყვანა, რომ ქვეყანა ჩიხში შევიდა.

მას უნდა ეყოს სიბრძნე, აიღოს ხელში ძალაუფლება, მოიყვანოს კომპეტენტური ხელისუფლება, შეამციროს უზომოდ გაბერილი სახელმწიფო აპარატი, შეამციროს სამინისტროების, პარლამენტარების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობა ბალასტია ქვეყნისთვის, შექმნას პატარა მობილური მთავრობა, როგორიც შეეფერება ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, და გამოიყვანოს საქართველო ჩიხიდან.

მაშინ ის ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც მეცენატი, არამედ _ როგორც დიდი მმართველი.

გურამ ამირანაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here