Home რუბრიკები საზოგადოება რომელი მოღალატის იმედით აპირებენ ნაცები ბიძინას სახლის “ათვისებას”?

რომელი მოღალატის იმედით აპირებენ ნაცები ბიძინას სახლის “ათვისებას”?

989

ჩვენმა უსკანდალურესმა კორესპონდენტმა უსკანდალურესი გზით მოიპოვა უსკანდალურესი ინფორმაცია, რომელსაც ახლა უსკანდალურესად გთავაზობთ ჩვენს უსკანდალურეს გვერდზე.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თვალსაჩინო წევრები შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, გარკვევით ისმის ნუგზარ წიკლაურის ხმა _ “ბიძინას სახლი ასათვისებელია!”.

დამეთანხმებით, თვით სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალება ისე საინტერესო არ არის, როგორც ის, როგორ აპირებენ ნაცები და პირადად ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის სახლის “ათვისებას”.

ჯანდაბას, სახელმწიფო გადატრიალება ანდა მისი მცდელობა, კიდევ შესაძლებელია, მაგრამ, რანაირად უნდა შეაღწიონ უშუალოდ ბიძინას სახლშიბუნტოვშიკებმა”?

ამ კითხვებზე პასუხი ჩვენს უსკანდალურეს კორესპონდენტს მაშინ გაუელვა გონებაში, როცა მოისმინა ვერსია, რომ სახელმწიფო გადატრიალების დასაგეგმავად მიშა სააკაშვილთან ჩასული ნაცების მეთაურობა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩიორა თაქთაშიშვილს დაეკისრა, თუ რატომ, ამას სტატიის ბოლოს შეიტყობთ.

ამასთანავე, გადაიჯაჭვა ყოფილი პრეზიდენტის ცოლის _ სანდრა რულოვსის მიერ ფარული გეგმის ნაწილის უნებური გამჟღავნება, მიშა ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს თხრისო!

აქ სწორედ სოლოლაკია მთავარი. რატომ მაინცდამაინც სოლოლაკამდე? საქართველოში შემოსაღწევად ხომ საკმარისია გვირაბი ფოთამდე, ან ჰაჰა დიღმამდე გაითხაროს?

საქმე ის არის, რომ სოლოლაკში დიდი აკვარიუმი დგას. ხოლო ოდესიდან საქართველომდე რომ მოაღწიო, გვირაბი უშუალოდ შავი ზღვის ქვეშ უნდა გაითხაროს. ზოგიერთს აქამდეც აწუხებდა კითხვა _ საიდან მარაგდება წყლით აკვარიუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს ზვიგენი ჰყავს გაშვებული, თანაც, ზვიგენს ხომ მტკნარი წყალი არ უყვარს და იგი ზღვისა და ოკეანის მლაშე წყალსაა მიჩვეული? ესე იგი, ფაქტია: ბიძინას აკვარიუმსა და შავ ზღვას შორის ისედაც არსებობს რაღაც საიდუმლო მიწისქვეშა კავშირი და მიშა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ეს იცის.

ამიტომაც ამბობს სანდრა რულოვსი, რომ მისი ქმარი გააკეთებს იმ ურთულეს საქმეს, რომელსაც ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა ჰქვია. სინამდვილეში მიშას არანაირი ჯაფა არ მოუწევს, რადგან ეს გვირაბი თვით ბიძინა ივანიშვილმა გათხარა.

მაგრამ აქვე ისმის კითხვა _ ყველა ციხესიმაგრე, მათ შორის, შუშისაც, ხომ შიგნიდან ტყდება? მაშ, ვინ მიაწოდა ნაცებს ეს ინფორმაცია და ვინ არის მოღალატე? პასუხი უსკანდალურესია _ ზვიგენი! დიახ, ერთხელაც, ჩვენი უსკანდალურესი კორესპონდენტი სასახლეში ესტუმრა ბიძინას ვითომდა ინტერვიუზე, ხოლო ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ იქვე აკვარიუმის კუთხეში მიიმალა ისე, რომ ის დაცვასაც და ბიძინასაც უკვე წასული ეგონა. ასე მოახერხა მან ბიძინას სახლში დილამდე დარჩენა. სწორედ შუაღამისას შენიშნა, რომ ზვიგენმა აკვარიუმში ღრმად ჩაყვინთა და სადღაც გაქრა, მხოლოდ დილისკენ ამოყვინთა და თავისთვის გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა _ ბოლოს და ბოლოს, მეღირსება ამ ტირანი კაცისგან თავის დაღწევა, ჯეკჩიორას უკვე მოველაპარაკეო.

ჩვენმა საზრიანმა კორესპონდენტმა ხერხი იხმარა და, ვინაიდან შეიტყო, რომ ზვიგენი ბიძინას მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, იმწამს თავი გააცნო, როგორც ნაცებისგან, კერძოდ კი, ნუგზარ წიკლაურისგან, შემოგზავნილმა, და ინტერვიუ სთხოვა.

მოტყუებულმა ზვიგენმა მოყვა, რომ ბიძინას აკვარიუმსა და შავ ზღვას შორის არსებობს გვირაბი, რომლითაც იგი ღამით იპარება ხოლმე შავ ზღვაში, ოდესამდე ცურავს და გამთენიისას უკან ბრუნდება. კითხვაზე, რატომ ბრუნდება იგი აკვარიუმში და რატომ არ სარგებლობს თავისუფლებით, ზვიგენმა განაცხადა, რომ ერთი-ორჯერ, როდესაც დილით არ დახვდა აკვარიუმში, ბიძინამ მას სუს-ის თანამშრომლები დაადევნა, ზვიგენი იპოვეს, აწამეს, კუდზე ასოები “ბ.ი.” ამოუწვეს სიგარეტით და ისევ აკვარიუმში გაუშვეს. ამის შემდეგ იძულებულია, ღამის იდუმალი გასეირნებების შემდეგ უკან, აკვარიუმში დაბრუნდეს. სწორედ ერთი ასეთი გასეირნება-გაცურავებისას გადაეყარა თურმე ოდესის სანაპიროსთან ჩუმად მოთათბირე მიშა სააკაშვილს და მის გუნდს და, მოისმინა რა მათი საუბარი ბიძინას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის თაობაზე, შესძახა: “მიმიღეთ თქვენს გუნდში, თქვენი ჭირი და ლხინი რომ გავიზიარო”!

დანარჩენი, უკვე ისედაც გასაგებია მკითხველისთვის. დავაზუსტებთ მხოლოდ იმას, რომ ზღვიდან სოლოლაკის აკვარიუმში ზვიგენის გამოყენებით შემოღწევის საიდუმლო ოპერაციას ცნობილი მეკობრის, ჯეკ-ბეღურას, ახლო ნათესავი და წარსულში თავადაც მეკობრე ჯეკ-ჩიორა უხელმძღვანელებს. მასთან ერთად იქნებიან, ასევე, ცნობილი მეკობრეები _ გიჟი ნუგზარა, უგონო აკო და დიადი გიგა.

არ ვიცი, მკითხველს რამეს ეუბნება თუ არა ეს სახელები, მაგრამ ფაქტია, ბიძინას კარგი დღე არ ელის!

ვნახოთ, ისევ და ისევ მისი მუდამ ერთგული პინგვინი თუ გადაარჩენს ივანიშვილს, რომელსაც, როგორც ამბობენ, 10 საათის შემდეგ სულ ძინავს და გაღვიძებული კი უჟმურ განწყობაზეა და გაიძახის _ რა არის ეს, რა დოზანაა, სულ ჩიორები და ჩიორები მესიზმრებაო?!

დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here