Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკური ნოველა

პოლიტიკური ნოველა

566

სტალინმა რომელიღაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, კალმისტარი თავის ბუდეში დააბრუნა და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით პაწია ღილაკს შეეხოიმავე წამს კაბინეტის კარი გაიღო და ზღურბლზე პოსკრებიშევი გამოჩნდა. სტალინი, თავის პირად მდივანს რომელიმე მნიშვნელოვან დავალებას როდესაც აძლევდა, ყოველთვის ასე იწყებდა: “ამხანაგო პოსკრებიშევ!”. ამჯერად მან ეს ტრადიცია დაარღვია და პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _ ხვალ დილით საქართველოში მივემგზავრები. გააფრთხილეთ სამიმოსვლო გზათა სახალხო კომისარი, გენერალლეიტენანტი კოვალიოვი, გააფრთხილეთ ამხანაგი ბერია (ბერიას თანამდებობა და სამხედრო ჩინი არ უხსენებია), პირად დაცვას მე თვითონ გავაფრთხილებ, რომ დილის ცხრა საათზე კრემლიდან გავალთ! დაბნეულმა პოსკრებიშევმა მხოლოდ გარკვეული პაუზის შემდეგ წარმოთქვა: _ არის, ამხანაგო სტალინ! 2016 წლის სექტემბერი იწურებოდა

უცნაური რამ არის ფანტაზია _ არარეალური, გამოგონილი, ცრუ ამბების სამყარო. აი, სად არის ჭეშმარიტი თავისუფლება. 1953 წლის 5 მარტს გარდაცვლილ საბჭოთა ბელადს აგერ, ახლა, 2016 წლის სექტემბრის მიწურულს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოში ვამოგზაურებ და საინტერესო დასკვნებსაც გავაკეთებინებ. მკითხველი კი, როგორი უცნაურიც უნდა გეჩვენოთ, ყოველივე ამას დაიჯერებს, ვინაიდან სიცრუე და გამონაგონი ზოგჯერ გაცილებით მართალი, ჭეშმარიტი და რეალურია, ვიდრე თვით ცხოვრება, რომლის სიმართლეშიც ეჭვი არ გვეპარება.

ბელადის სარკინიგზო შემადგენლობამ, რომელიც ოთხი სპეციალური ვაგონისა და ორი ელმავლისგან შედგებოდა, მდინარე ფსოუს ხიდი საღამოს შვიდ საათზე გადმოკვეთა.

სტალინი რბილ სავარძელში იჯდა, სამხედრო ყაიდის კიტელის ღილები ბოლომდე შეეხსნა, რომლის ქვეშ შავი მაისური უჩანდა და რომელსაც იაკობის დაღუპვის შემდეგ მუდმივად ატარებდა. თვალები მილულული ჰქონდა, თვლემდა თუ ეძინა, მაგრამ, როგორც კი შემადგენლობა ფსოუს ხიდს გასცდა, გაახილა და ვაგონის კაბინეტიდან ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, გაფაციცებით იწყო მზერა.…

ფანჯრიდან ზღაპრული პეიზაჟი გადაიშალა და ერთბაშად ისეთი სურნელი შემოიჭრა, რომლის მსგავსი არსად, დედამიწის არც ერთ კონტინენტზე არ იგრძნობა. ჩამავალი მზის მეწამულ სხივებში გახვეული ჰორიზონტის ხაზი ჩვეულებრივზე უფრო შორს ჩანდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს აფხაზეთი ხელისგულისოდენა კუთხე კი არ იყო საქართველოსი, არამედ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაშლილ-გადაჭიმული უზარმაზარი სამეფო.

ბელადის გონებაში აფხაზეთის ამბებმა იწყეს ამოტივტივება, მაგრამ ამ მომენტში ვაგონის კაბინეტის კართან წითელი შუქი აინთო. უმალ კარიც გაიღო და ზღურბლთან შემადგენლობის მეთაურის, გენერალ-მაიორ სუხარევსკის ფიგურა გამოიკვეთა. სტალინმა თავის მსუბუქი დაკვრით ანიშნა გენერალს, რომ მიახლოვებოდა. გენერალი მაგიდიდან სამი ნაბიჯის დაშორებით შედგა, მხედრულად გაიჭიმა და მოახსენა:

_ ამხანაგო სტალინ, ჩვენი შემადგენლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. წინასწარ შედგენილი სამარშრუტო გეგმის მიხედვით, აფხაზეთში გაჩერება გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მივიღეთ ცნობა, რომ გუდაუთისა და რიწის ტერიტორიაზე არსებული თქვენი აგარაკები მზად არის უმაღლესი სტუმრის მისაღებად. ხომ არ ინებებთ გაჩერებას და ღამის გათევას რომელიმე აგარაკზე? მალე სოხუმშიც შევალთ.

_ არა, ამხანაგო სუხარევსკი, _ თბილად მიუგო სტალინმა, _ გაუჩერებლად ვიაროთ!

ბელადის თბილი ტონით წახალისებულმა გენერალმა ახალი შეკითხვა დასვა:

_ სამარშრუტო გეგმაში აღნიშნული არ არის გაჩერება. გაუჩერებლად ვივლით?

_ მითითებებს დაელოდეთ, ამხანაგო გენერალო!

_ არის, ამხანაგო სტალინ! _ ქუსლი ქუსლზე მსუბუქად მიირტყა გენერალმა.

მარტო დარჩენილ ბელადს გაეღიმა. მან იცოდა, გუდაუთაში და რიწაზე სტალინის აგარაკებზე გამოკრული განცხადება იუწყებოდა, რომ აგარაკის დათვალიერების საფასური იყო ასი რუსული რუბლი, ხოლო სტალინის საწოლზე რამდენიმე წამით წამოწოლის მსურველებს ეს სიამოვნება დამატებით ორასი რუსული რუბლი დაუჯდებოდათ. რომელი უმაღლესი სტუმრის მისაღებად მზადყოფნაზე საუბრობდა სუხარევსკი? _ აი, რამ გააღიმა ბელადი. საქმე ის არის, რომ ჩვენი ფანტაზია ბელადს ერთდროულად ამოგზაურებს ორ დროში _ წარსულსა და აწმყოში. აქ შეგნებულად დავუშვით მცირე აცდენა _ სუხარევსკი წარსულ დროში დავტოვეთ, ბელადი კი _ აწმყოში. ასეთია ფანტაზიის შესაძლებლობები.…

სტალინის ყურადღება კვლავ აფხაზეთის პეიზაჟებმა მიიპყრო. ათასგვარი წიწვოვანის _ კედარის, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე, მუდმივად ჟანგბადით სავსე ჯიშები, მუხის, ცაცხვისა და ევკალიპტის წარმოუდგენლად ტანმაღალი ასწლოვანი ხეები, დიდფოთლება მაგნოლიები, თოკივით დაგრეხილი ზღმარტლის, უნაზესყვავილებიანი ფეიხოას, ეგზოტიკური ზეთისხილისა და გამჭვირვალემერქნიანი უნაბის ხეები საშინელი სისწრაფით მიქროდნენ ბელადის ვაგონის გასწვრივ… თანდათან ღონეს იკრებდა ბინდი და სადაცაა წყვდიადში ჩაიძირებოდა აფხაზეთი. ცოტა ხანში მართლაც აღარაფერი ჩანდა ფანჯრიდან, ლიანდაგებზე ბორბლების რახარუხი და ქარის ქშენა ისმოდა მხოლოდ. წამის წინათ ჩამავალი მზის მეწამული სხივებით აელვარებული თვალისმომჭრელი და ღვთაებრივი სილამაზე ჯოჯოხეთურმა უკუნმა შთანთქა… და გაახსენდა ბელადს დიდოსტატ კონსტანტინეს მიერ დიდი ხნის წინათ ნათქვამი: “არსად ისეთი ბნელი ღამე არ იცის, როგორიც _ აფხაზეთში”.

წყვდიადში მიქროდა უდიდესი და უკიდეგანო სიცრუის _ ფანტაზიის _ წყალობით ამ ახალ დროში გადმოსროლილი დიდი წარსულის დიდი მატარებელი, რომელშიც ყველა დროის ყველაზე დიდი ადამიანი იჯდა და ღრმა ფიქრებს მისცემოდა. “ეჰ, ლავრენტი, ლავრენტი, _ ფიქრობდა იგი, _ ბევრი ვიწვალეთ მე და შენ აფხაზეთისთვის, სრულიად საქართველოსთვის; გვეგონა, რომ ავაყვავეთ კიდეც ჩვენი სამშობლო, მაგრამ ვხედავ, რომ დაიღუპა ქვეყანა. დაღუპულია უაფხაზეთო საქართველოც და ორგზის დაღუპულია საქართველოს მოწყვეტილი აფხაზეთიც. ჩემი და შენი უმძიმესი შეცდომის ბრალია ეს.

ჩვენს ეპოქაში დასავლეთი ვერ გვჯაბნიდა, გერმანული ფაშიზმიც დავამარცხეთ და ანგლოსაქსურ ვირ-ეშმაკობასაც მაგარი აღვირი ამოვდეთ, მაგრამ გრძელ დისტანციაზე მაინც გვაჯობეს, რა ვერ გავთვალეთ”?

ასე მძიმე ფიქრებში გართული გაუნძრევლად იჯდა სავარძელში, ვიდრე ფანჯრებში ერთბაშად არ შემოანათა ოქროსფერმა ნათელმა _ უზარმაზარი მთვარის დისკო გამოეკიდა აფხაზურ ცაზე და, თითქოს ამას ელოდაო, აფხაზური “ვარადოს” ჟრუანტელისმომგვრელი ჰანგები გაისმა საიდანღაც, რომელსაც მგრგვინავი “ერგეაშვა”, მიუჩვეველი ყურისთვის ოდნავ გამყივანი “სალუმან ახაწა”, ველური “აზამატი”, აღმოსავლური ჰანგებით გაჯერებული “შარათინი” და უკიდეგანო სევდის მომგვრელი “აჭარპანი” მოჰყვა. თითოეული მათგანი სრულყოფილად იცოდა ბელადმა და უკვირდა ფრიად, რომ ყოველ მათგანში ქართლური სიმღერების _ “ცედურის”, “ჭონას” და “გაფრინდი შავო მერცხალოს” ინტონაციები ჩაესმოდა. ბელადი ცალკერძ ტკბებოდა ამ ჯადოსნური ხმებითა და არნახული პეიზაჟებით, რომელმაც სრულყოფილი სახე მაშინ მიიღო, როდესაც მთვარის შუქით განათებული, ოქროსფერი, უკიდეგანო ზღვა სპარსულ ხალიჩათა ნაირსახეობად, _ ფარშ, ქალიჩეჰ, ქილიმ და ზილუ გაიფინა ერთბაშად, ცალკერძ კი ბასრი დანა უსერავდა გულს და “ეჰ, ლავრენტი, ლავრენტი”, _ ჩურჩულებდა ბაგემოკუმული.

წარსულის დიდი მატარებელი სოხუმში შესრიალდა. ბელადი სავარძლიდან წამოდგა და ფანჯრის ჯავშნიან შუშას მიადგა. ოდესღაც ულამაზეს სოხუმს, როგორც ბელადს მოეჩვენა, ცხვირპირი ჩამოსტიროდა. უღიმღამო განათება მოუვლელობით ჩამოძონძილი შენობანაგებობების უბადრუკობას ხაზს უსვამდა და თითქოს საგანგებოდ წარმოაჩენდა. სუსტად განათებული და ალაგალაგ ჩამქრალი რუსული წარწერები და რეკლამები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, ქართველის ჭაჭანება აქ თითქოს არასოდეს ყოფილაო. გაახსენდა ბელადს, რა ძნელი იყო მისთვის ქლუხორის რაიონის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1943 წელს. ძნელი იყო, მაგრამ მიიღო. საქართველოს მაშინ მთელი აფხაზეთის არა, მაგრამ მისი ნახევარი ტერიტორია შეემატა თითქმის.

იდგა ბელადი სოხუმის გასწვრივ მთელი სისწრაფით მიმავალი ძველი მატარებლის ჯავშნიანი სპეცვაგონის ფანჯარასთან, ოდნავ ჩამოწეული სარკმლიდან შემონაბერი ნიავი უგრილებდა შუბლს და გონებაში მერამდენედ უსვამდა შეკითხვას ქართველ ხალხს: დღეს ქლუხორი კი არა, ისტორიული აფხაზეთი და ცხინვალიც რომ დაკარგული გაქვთ, ამ საქართველოდან იმ საქართველოს ლანძღვა ლოგიკურია”?!

ერთ საათზე ნაკლებ დროში წარსულის დიდმა მატარებელმა ენგურის ხიდზე გადაიქროლა. უკან დარჩა აფხაზეთი და, მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოც არანაკლებ წყვდიადში იყო ჩაძირული, ბელადმა გამახვილებული ყნოსვით შეიგრძნო კოლხეთის განუმეორებელი სურნელი, რომლის უძველესი ცივილიზაციისა და ოქრომრავლობის ისტორია, ამ ისტორიასთან დაკავშირებული მითებითა და ლეგენდებით შესანიშნავად იცოდა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად უწყოდა ჭაობად ქცეული ამ ვრცელი ტერიტორიის დაშრობისა და მისი წალკოტად ქცევის სასწაულის დარი ისტორია, რომლის ავტორი და შემოქმედი თვითონ გახლდათ. კოლხეთის დაბლობზე მიქროდა წარსულის დიდი მატარებელი და გარეთ გამეფებულ წყვდიადში ადამიანის თვალი, მართალია, ვერაფერს გაარჩევდა, მაგრამ ბელადი ნათელმხილველივით შესანიშნავად ხედავდა გავერანებულ ჩაის პლანტაციებს, დანგრეულ გადამამუშავებელ ფაბრიკებს, ჯართადქცეულ მთელ ინფრასტრუქტურას და გულში კვლავ ეკითხებოდა დამბლადაცემულ ქართველობას: “ამ საქართველოდან იმ საქართველოს ლანძღვასა და კილვას რა გული გაძლევთ, ქართველებო”?!

ვაგონის კაბინეტის კარზე კვლავ აინთო წითელი შუქი. ცოტა ხანში კარიც გაიღო. ამჟამად ზღურბლზე ვაგონ-რესტორნის დიასახლისი იდგა. ბელადმა ოდნავ დაუქნია თავი.

დიასახლისი მისკენ დაიძრა, მიუახლოვდა და სრულიად არაოფიციალური, მზრუნველი კილოთი წარმოთქვა მთელ საბჭოეთში ყველაზე ოფიციალური სიტყვები.

_ ამხანაგო სტალინ!…

_ გისმენთ, ამხანაგო კუზნეცოვა, _ არანაკლები სითბო იგრძნობოდა ბელადის სიტყვებშიც.

_ რა მოგართვათ, რას ინებებთ?

_ არაფერი, არაფერია საჭირო.

_ ჩაი, ამხანაგო სტალინ, საღამოს ჩაი მაინც……

_ ქართველებმა მტკიცე უარი ვთქვით ჩაიზე.…

დიასახლისი, რომელიც ნათქვამის შინაარსს ვერ ჩასწვდა, უხერხულად იღიმოდა და არ იცოდა, რა ექნა.

_ ქართველებმა ჩაისა და ციტრუსებს დასავლური დემოკრატიის ჰაერით სუნთქვა ვამჯობინეთ. გაიგეთ, ამხანაგო კუზნეცოვა?

საბოლოოდ დაბნეულმა დიასახლისმა მხნეობა მოიკრიბა, წელში გასწორდა და ნირწამხდარმა წარმოსთქვა:

_ ნება მომეცით, გავიდე, ამხანაგო სტალინ!

_ წაბრძანდით, ამხანაგო კუზნეცოვა, ოღონდ თქვენ აუცილებლად დალიეთ ჩაი, საღამოს ჩაი.…

 დიასახლისის გასვლისთანავე სტალინი წამოდგა და საძინებელ კუპეს მიაშურა. კიტელი გაიხადა და სავარძელზე მიაგდო. ფეხზეც არ გაუხდია, ისე წამოწვა საწოლზე. ფიქრში გაატარა მთელი ღამე. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში საქართველომ ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი და მოსახლეობის ოცდაათ პროცენტზე მეტი დაკარგა”, _ ფიქრობდა იგი და ამ ამბით გაოცებული მერამდენედ სვამდა რიტორიკულ შეკითხვას: “ამ საქართველოდან იმ საქართველოს ანათემაზე გადაცემა შეიძლება”?!

დიდხანს უტრიალა ამ შეკითხვას, მაგრამ ამ გასაოცარი ლოგიკის გასაღებს ვერ მიაგნო. სოციოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს მიადგა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მექანიზმებზე დაფიქრდა და აღიარა, რომ პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით დასავლეთი წარმოუდგენლად გაიჭრა წინ. მის მიერვე დიდი ხნის წინათ ნათქვამი გაახსენდა: “არჩევნებში მთავარი ის კი არ არის, ხმებს ვის აძლევენ, მთავარი ისაა, ხმებს ვინ ითვლისო”. დასავლურ არჩევნებზე ლაპარაკობდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორად ვერ გაუგეს. მარჯვენა მუშტი შეკრა და ისე ძლიერ მოუჭირა, რომ მუჭში საკუთარ პულსს გრძნობდა. მერე ნელა, თავისთავად გაიშალა შეკრული მუშტი. თვლემა მოერია.

სამტრედიაში შემადგენლობამ მკვეთრად მოუხვია მარცხნივ და გეზი ბათუმისკენ აიღო.…

_ ალლაჰ ლა ილლაჰა ილლა ალლაჰ! _ მისწვდა მთვლემარე ბელადის ყურთასმენას.

მსწრაფლ გამოფხიზლდა.

_ ილლა ლა ილლააა ლაჰ ალლააააჰ!…

წარსულის დიდი მატარებელი ბათუმში შედიოდა.

ფანჯარაში დილის რიჟრაჟი აღწევდა. ადგა, ხელ-პირი დაიბანა, კიტელი ჩაიცვა და სამუშაო კაბინეტში გამოვიდა. ფანჯარას მიადგა. მატარებელი ქალაქში შევიდა, მაგრამ სადღა იყო ბათუმი _ ძველი, ევროპული, ზღვისპირა ქალაქი? მრავალსართულიანი, უსახური და უგემოვნო ნაგებობებით სრულიად დესტილიზებული და დამახინჯებული ქალაქი თითქოს შველას ითხოვდა.

ბელადი ტელეფონის ყურმილს დასწვდა და შემადგენლობის მეთაურის ნომერი აკრიფა.

_ გენერალ-ლეიტენანტი სუხარევსკი გისმენთ, ამხანაგო სტალინ!

_ ბათუმში არ ვჩერდებით, თურქეთის საზღვრამდე იარეთ! _ მოკლე იყო ბრძანება.

ბელადი კვლავ ფანჯარასთან იდგა. არც ერთი შენობა არ ეცნო. ინგლისური და თურქული წარწერებით იყო მოფენილი ყველა კედელი, ყველა შესასვლელი და ყველა ვიტრინა. ფანჯარა გამოაღო. თურქული ლაპარაკი ნიაღვრად მოედინებოდა ქუჩებიდან. კაფეებს, მაღაზიებს, ჯიხურებს ხმაურით აღებდნენ სირბილით მოსიარულე თურქები. ერთმანეთს ასწრებდნენ და ისე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თურქულმასპინძლური მიხვრამოხვრით, თითქოს სტუმრების დასახვედრად ემზადებიანო. თენდებოდა ლამის გათურქებულ ბათუმში.

რამდენიმე წუთში წარსულის დიდი მატარებელი თურქეთის საზღვარს მიადგა. სტალინი სარფს იქეთა საქართველოს გაჰყურებდა და ახსენდებოდა, რა შრომა გასწია თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დასაბრუნებლად თავის დროზე. ჯერ თეირანის, შემდეგ იალტისა და მერე პოტსდამის კონფერენციებზე როგორ დაჰყვებოდა სერგო ქავთარაძე დიდი შავი საქაღალდით, რათა შესაფერის სიტუაციაში, როდესაც სტალინი ამ საკითხის წამოწევას შეძლებდა, მისთვის ეს საქაღალდე გადაეცა, რომელშიც ყველა დოკუმენტი ქრონოლოგიურად იყო ჩალაგებული. ვაგლახ, რომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე. არადა, საქართველოში უზარმაზარი სამუშაო იყო ჩატარებული. საზოგადოებრივი აზრი შექმნილი იყო. მეტიც, საქართველოს კომპარტიის ტაოკლარჯეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდატურაც შერჩეული ჰყავდა. შემდეგ ამერიკელებმა იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს, რითაც სტალინის ოცნებას საქართველოსთვის ისტორიული მიწების შემოერთების შესახებ წერტილი დაესვა. ახლა კი თურქები ეპოტინებიან ბათუმს და ამას მათი ისტორიული მიწების დაბრუნებას ეძახიან. ქართველები კი ამ საქართველოდან საბჭოთა სოციალისტურ საქართველოს ლანძღავენ. “რა ჰქვია ამას”? _ მერამდენედ ეკითხებოდა ბელადი საკუთარ თავს.

სარფში რამდენიმე წუთით შეჩერებული შემადგენლობა ბელადის ბრძანებით უკან წამოვიდა და გურიაიმერეთის გავლით გეზი თბილისისკენ აიღო.

თბილისამდე გაუჩერებლად იარეს. გურიის ყოფილ მილიონერ, ახლა კი იავარქნილ კოლმეურნეობებს ჩაუარეს; გავერანებულ ტყიბულს, რომელშიც ნახშირის უმდიდრესი საბადოები იყო; მარგანეცით მდიდარ, ახლა გასხვისებულ ჭიათურას; მერე ოდესღაც ხეხილით განთქმულ, ამჟამად გახრიოკებულ ქართლის ველებს ჩაუქროლეს და თბილისსაც მიადგნენ. ბელადმა თვალის ერთი შევლებით დაინახა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის უთავობა და უპატრონობა. რკინიგზის სადგურის, სპორტის სასახლისა და გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიების ხილვამ, რომლებზეც სამშენებლო ბუმი იდგა, ბელადი იმაში დაარწმუნა, რომ ქალაქების ნგრევა არა სახელდობრ ნგრევით, არამედ უტვინო და უგემოვნო შენებითაც შეიძლება.

რუსთავში ჩასულმა ბელადმა აღმოაჩინა, რომ ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ გემთმშენებელი, მანქანათმშენებელი, ჩარხმშენებელი, ელმავალმშენებელი, ავიამშენებელი და სხვა უმდიდრესი და უძვირფასესი გიგანტები დაუნგრევიათ, არა მხოლოდ საბჭოთა საქართველოს სამრეწველო პოტენციალის სიამაყე რუსთავის მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, არამედ სახელგანთქმული ქართული მუშათა კლასის სიმბოლო, თვით რუსთავი ისე გაუნადგურებიათ და აუოხრებიათ, რომ ნაომარი ქალაქისთვის დაუმსგავსებიათ. ამ მდგომარეობაში მყოფ საქართველოდან იმ მდგომარებაში მყოფი საქართველოს კრიტიკა, რა მდგომარეობაშიც საბჭოთა სოციალისტური საქართველო იყო, რა სინდისნამუსითაა შესაძლებელი”? _ კვლავ საკუთარ თავს ეკითხებოდა ხალხთა ბელადი.

დიდი სამამულო ომი დაწყებული იყო, როდესაც საქართველოში მეცნიერებათა აკადემიას ვქმნიდით. ნანგრევებად ქცეული ასეულობით საბჭოთა ქალაქის მშენებლობის კვალდაკვალ, ურთულესი რელიეფის მქონე თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა დავიწყეთ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ოცდახუთი წლის განმავლობაში, მეტროპოლიტენის იმ დროისათვის უკვე დაწყებული ერთადერთი სადგურის დამთავრება ვერ მოახერხეთ და ამ საქართველოდან იმ საქართველოს უყიჟინებთ? ადამიანებს ღირსება და პატივი შეულახეთ; უფასო ჯანდაცვისა და განათლების უნიკალური სისტემები დაუნგრიეთ; ყველა შემოქმედებითი კავშირი, უდიდესი გამოცდილების მქონე სამეცნიერი ინსტიტუტები, უმდიდრესი კინოსტუდია და კინოგაქირავების ასევე უმდიდრესი ქსელი გაუუქმეთ; ხუთმილიონნახევრიანი მოსახლეობა ორი მილიონით შეამცირეთ; ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენეთ; ხალხს ყოველგვარი პერსპექტივა მოუსპეთ; იმედი წაართვით; ოცნების უნარი დაუკარგეთ და ამ საქართველოდან იმ საქართველოს აფურთხებთ?! ესეც არ იკმარეთ და საბჭოთა სოციალისტურ მონაპოვარს, ე.წ. ოკუპაციის მუზეუმით უპასუხეთ. ეს მაშინ, როდესაც ერს მისი ისტორიული სიამაყე _ ხელოვნების ინსტიტუტი წაართვით. პეტრე იბერისა და არსენ იყალთოელის ერს ფილოსოფიის ინსტიტუტი გაუუქმეთ; დიმიტრი უზნაძის ერს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დაუხურეთ. თუ გიფიქრიათ მაინც, როდის შეიქმნა ეს ყოველივე?! ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვერ ამოვძირკვე სარეველა, ვერ გავანეიტრალე საწამლავიეჰ, ლავრენტი, ლავრენტი…”.

ბელადი ფანჯარას მოსცილდა, სავარძელში დაღლილი და სახეალეწილი ჩაეშვა, თან ტელეფონის ყურმილს დასწვდა.

_ ამხანაგო სუხარევსკი, მოსკოვში მივდივართ!

_ არის, ამხანაგო სტალინ!

_ გაჩერების გარეშე! _ დასძინა ბელადმა…

დაახლოებით ერთ საათში წარსულის დიდი მატარებელი მკვეთრად დამუხრუჭდა. სტალინი კვლავ დასწვდა ტელეფონის ყურმილს.

_ რა მოხდა? _ მკაცრად იკითხა.

_ ამხანაგო სტალინ, გორში ვართ, თქვენს მშობლიურ ქალაქში. ქუჩებში ათიათასობით ადამიანია გამოსული. მაგისტრალი ჩაკეტილია. ხალხი თქვენთან შეხვედრას ითხოვს.

სტალინმა ყურმილი დაკიდა.

იმავე წამს სტალინის კაბინეტში წითელი შუქი აინთო. ცოტა ხანში კარი გაიღო და დაცვის უფროსი ვლასიკი და მისი მოადგილე თევდორაძე შემოვიდნენ. სტალინი ვაგონიდან ჩასასვლელ კართან იდგა.

_ ამხანაგო სტალინ! _ თითქმის ერთდროულად წარმოთქვა ორივემ.

_ ხალხში გასვლა გამორიცხულია! _ ბრძანების კილოთი, მაგრამ მაინც განწირული ხმით წამოიძახეს მათ.

_ ეს გორია, ჩემი მშობლიური ქალაქი, ესენი კი გორელები არიან, ჩემი მშობელი ხალხი, _ ხაზგასმული სიმშვიდით უპასუხა ბელადმა და კარის სახელურს მისწვდა.…

მატარებელი ზღვა ხალხის ალყაში იყო მოქცეული. მთელი გორი ხალხით გავსებულიყო. გორელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ადამიანთა უზარმაზარი ტალღები ემატებოდა.

ჯავშნიანი ვაგონის კარი გაიღო და მილიონიანი ქართველი საზოგადოების წინაშე მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი წარდგა.

მარჯვენა მკლავი მაღლა აღმართა და ასე ზეშემართული ხელის მსუბუქი მოძრაობით დიდხანს ესალმებოდა ხალხს. მერე ვაგონის კიბე მშვიდად ჩაიარა და ხალხისკენ გაემართა. ხალხი შემჭიდროვდა და ბელადის ირგვლივ რკალად შეიკრა. ეს რკალი ბელადთან ერთად მოძრაობდა და, რაც უფრო წინ მიიწევდა იგი, რკალიც არ ვიწროვდებოდა, ისე მიჰყვებოდა ხალხის სიღრმისკენ. ბოლოს, როდესაც მთლად ხალხის შუაგულში აღმოჩნდა, ბელადი შემაღლებულ ადგილზე შედგა.

_ დავბრუნდი! _ წარმოთქვა მან ერთადერთი სიტყვა.

_ დიდება შენს მობრძანებას! _ ისე ერთხმად დაიქუხა ხალხმა, თითქოს რეპეტიცია ჰქონოდა გავლილი მრავალჯერ.

_ წამომყვებით? _ იკითხა მან ერთგვარი მორიდებით.

_ მოგყვებით! _ ერთხმად გუგუნებდა ხალხი.

ბელადი დაიძრა. ხალხის მილიონიან მასაში იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა, ვინაიდან მის ირგვლივ შეკრული რკალი მუდამ უცვლელი რჩებოდა. იგი ქალაქის გარეუბანში, ერთ პატარა სახელოსნოში შევიდა, სადაც კუსტარული საზეინკლო დაზგა იდგა. ხალხი სახელოსნოს კარს მიაწყდა, მაგრამ კვლავ რკალი გაკეთდა და ყველაფერი დაწყნარდა.

ბელადმა კიტელის სახელოები აიკაპიწა და საზეინკლო დაზგასთან დადგა, რაღაც გადახერხა, რაღაც გამოკვერა, რაღაც გაქლიბა და დაახლოებით ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ ხელში ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ნამგალი და ურო ეჭირა. ხალხი ამას მქუხარე ტაშითა და ოვაციებით შეხვდა.

_ დიდება შრომას!

_ შრომამ შექმნა ადამიანი!

_ თავისუფალ შრომას გაუმარჯოს!

_ სოციალურ სამართლიანობას გაუმარჯოს!

_ სოციალიზმს გაუმარჯოს! _ გუგუნებდა მილიონობით ადამიანი და ამდენივე წითელი დროშა ფრიალებდა ჰაერში.

_ რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ვის მივცეთ ხმა? _ იკითხა ვიღაცამ.

_ ხალხს ერთადერთი არჩევანი აქვს ყოველთვის: ან მონობაში დარჩენა, ან მონობისგან გათავისუფლება. სხვა არჩევანი არ არსებობს. ვისაც უნდა, მისცეს ხალხმა ხმა, დასავლურ-ბურჟუაზიული არჩევნები ერთი და იგივე შედეგით მთავრდება ყოველთვის!

პატარა სახელოსნოს წინ იდგა მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი, რომელსაც კიტელის სახელოები აკაპიწებული ჰქონდა და ოფლიან სახეს დაჭმუჭნული ცხვირსახოცით იმშრალებდა.

აქ კიდევ ერთხელ ამუშავდება ფანტაზიის კანონი და კიდევ ერთხელ შეგნებულად გადავაკვეთინებთ ერთმანეთს წარსულსა და აწმყოს:

ადამიანთა მილიონიან ტალღას სანდომიანი სახის ხანდაზმული ქალბატონი გამოეყო და ბელადისკენ გაემართა. მის ირგვლივ უმალვე შეიკრა ისეთივე რკალი, როგორიც ბელადის ირგვლივ იკვრებოდა ხალხში გადაადგილებისას. ქალბატონს ნაოჭებიანი კაბა ფეხსაცმლებს უფარავდა, თავს ჩიხტიკოპი უმშვენებდა და სახეზე მსუბუქი ფერუმარილის კვალი ეტყობოდა. იგი ბელადის წინ შედგა.

_ დედაჩემო! _ წარმოთქვა ბელადმა, დაიხარა და ხელზე ეამბორა მოხუცს, შემდეგ კი გულში ჩაიკრა აქვითინებული მშობელი, რომელსაც სული ყელში ებჯინებოდა და უმწეო მხრები უცახცახებდა.

_ სულ დაბრუნდი? _ ეკითხებოდა დიდი ხნის უნახავ შვილს.

_ სულ დავბრუნდი! _ იყო პასუხი.

_ რა გზას დაადგები?

_ ყველაფერს თავიდან დავიწყებ, გორიდან.…

წარსულის დიდმა მატარებელმა იმავე დღეს ბელადის გარეშე აიღო გეზი მოსკოვისკენ.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here