გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას!
ქვეყანაში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ბევრი რამ სწორი გზით არ ვითარდება. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ვერ იქნა და ვერ მოგვარდა ისეთი ელემენტარული საკითხიც კი, როგორიც საარჩევნო კანონმდებლობაა. ყოველი არჩევნების წინ მიმდინარეობს დავა, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება ჩვენთვის მისაღები. არადა, ცხადია, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსი მორგებულია მხოლოდ სამკაციანი პარტიების ინტერესებზე და არ შეესაბამება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს. თვით ის ფაქტი, რომ პარტიები ასე თავგამოდებით იცავენ მხოლოდ პროპორციული არჩევნების წესს, ამის დადასტურებაა.
არადა, პოლიტიკურ და სახელისუფლო რგოლებში გამეფებული უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი არჩევნების ამ წესის შედეგია, როდესაც რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, ერთმანეთთან გარიგების გზით ხელოვნურად გადაინაწილონ საარჩევნო ხმები და სულ ერთი და იგივე პიროვნებები ჩანდნენ პოლიტიკურ არენაზე. ხომ ფაქტია, რომ თითქმის 2000 ყოფილი დეპუტატიდან ვერც ერთს ვერ გაიხსენებთ, ასე თუ ისე მნიშვნელოვანი კვალი რომ დაეტოვებინოს საპარლამენტო ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ სარბიელზე. პროპორციული გზით არჩევნების შემთხევაში ასევე ირღვევა კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ამ შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატს და შემდგომში დეპუტატს, ხალხი კი არა, იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ირჩევს, რომელიც აკომპლექტებს სიებს თავისთვის სასურველი, მისდამი ერთგულებითა და მორჩილებით გამორჩეული პიროვნებებით და არა პროფესიული, საქმიანი თუ სხვა თვისებების მქონე ადამიანებით, რომლებსაც ხალხი იცნობს და ენდობა. ამან გამოიწვია ინტელექტუალი, საქმის მცოდნე, პატრიოტი ადამიანების ჩამოშორება სახელმწიფოს მართვიდან. პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები ერთპიროვნულად წყვეტენ, ვინ უნდა იყოს პარტიის სიაში თუ მაჟორიტარ დეპუტატად, მაშინ, როდესაც ბევრი მათგანი თვითონ ვერ ბედავს მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით ხალხის წინაშე წარდგომას, რადგან იცის, რომ მხარს არ დაუჭერენ. უკეთეს შემთხვევაში, ხალხი იცნობს სიის პირველ ათეულში მყოფ პირებს, ხოლო დანარჩენი 100-140, საერთოდ, უცნობია. არადა, მარტივი პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებით, ეს პირველი ათეული, შესაძლოა, გავიდეს პარლამენტიდან სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე და პარლამენტის შემადგენლობაში რჩება ვინ? _ ადამიანები, რომლებზეც ხალხს წარმოდგენა არ აქვს, არ იციან მათი პიროვნული, მორალური თუ საქმიანი თვისებების შესახებ. აქედან გამომდინარეობს ყველა ის გადაუჭრელი პრობლემა, რომლებიც, 25 წელია, მიუხედავად დაპირებებისა, ვერ გადაიჭრა:
მუდმივი რეფორმის მიუხედავად, მოუგვარებელია სასამართლო სისტემა;
მოუგვარებელი, დაუხვეწავი და ეროვნულ ხასიათთან შეუთავსებელია სისხლის სამართლისა და სამოქალაქო, საპროცესო კანონმდებლობა;
კატასტროფულ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა და მრეწველობა;
დაცლილია მთა და გაპარტახებულია სოფლები;
ქვეყანა დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე;
აღუდგენელია ტერიტორიული მთლიანობა;
დიდია ბავშვთა მოკვდავობა;
კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია უმუშევრობამ (ვინც ვითომ დასაქმებულია, ისიც სიმბოლურ ფასად მუშაობს);
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს პენსიონერების მდგომარეობა;
ქონებრივმა პოლარიზაციამ არნახულ მასშტაბს მიაღწია _ არ არსებობს საშუალო ფენა. მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია არნახულად მდიდარი, ხოლო დანარჩენი 90% _ არნახულად ღარიბი;
შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია სოციალურად დაუცველთათვის (იხ. სურათი) პროდუქტების დარიგების წესი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პურის რიგებს გვაგონებს.
ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაციას, რომელიც ასევე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დგას დღეს ქვეყნის წინაშე. როდესაც გამარჯვებული პარტიის დეპუტატები ინიშნებიან შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებად და თან მიჰყავთ თავიანთი საძმაკაცო, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს დეპოლიტიზაციად. უფრო მეტიც, ეს პირდაპირი პოლიტიზებაა აღნიშნული ორგანოების. წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან უნდა ჰყავდეს პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ამ სფეროს პროფესიონალთა გუნდი, მაშინ, როდესაც ერთი საშუალო რგოლის ხელმძღვანელის (მაგ., მაიორის) გაზრდას 8-10 წელი სჭირდება? მინისტრის დანიშვნის შემდეგ, მაშინვე ხდება მინისტრის მოადგილეებისა და წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელების გადადგომა და მათ ადგილას ახალდანიშნული არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა სამეგობრო-სანათესაოდან. ეს საგრძნობლად აფერხებს აღნიშნული ინსტიტუტების მუშაობას, იწვევს კადრების გადინებასა და პროფესიონალთა სამსახურებრივი ზრდის ციკლის წყვეტას. თუ ადრე რიგითი თანამშრომლიდან შეიძლებოდა მინისტრის მოადგილემდე ან თვით მინისტრამდეც გაზრდა (და ამის მაგალითი ბევრია), ახლანდელ სიტუაციაში პოლიტიზებულია არა მხოლოდ მინისტრისა და მოადგილეების, არამედ დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების თანამდებობებიც კი. ვერც ერთი პროფესიონალი თანამშრომელი ვერ მიაღწევს თუნდაც სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე, თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს არ არის მიკედლებული, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაციის პრინციპს, იწვევს აღნიშნულ ინსტიტუტებში თანამშრომლების კარიერული ზრდის მიმართ ინტერესის დაკარგვას. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს აღნიშნული სისტემების ეფექტიანობაზე.
აუცილებელია, აიკრძალოს მინისტრის შეცვლასთან ერთად მისი მოადგილეებისა და მაღალი რგოლის პროფესიონალი კადრების დაუმსახურებელი ცვლილება. ამასთანავე, თუ ვაღიარებთ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მიზანშეწონილი იქნება, მას შეუნარჩუნდეს პარლამენტის წევრის სტატუსიც. ეს, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, მმართველი გუნდის მიერ აღნიშნულ სფეროში წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებასაც.
მრავალ პრობლემათა შორის, რომლებიც, ასევე, მთელი სიმწვავით დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და შიგნიდან ხრავს ერის ორგანიზმს, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, არის ნარკომანია. ეს მძიმესი სენი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში თითქმის ყოველთვის იყო პრობლემა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად საქართველოში იყო გავრცელებული.
მისი ინტენსიური გამოვლინება საქართველოში დაიწყო საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში _ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში და, როგორც დაკვირვება აჩვენებდა, წახალისებული იყო ცენტრალური ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიერ.
ნარკოტიკები საქართველოში შემოდიოდა შუა აზიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ა.შ. ეს გადაიქცა ყველაზე მომგებიან ბიზნესად. ნარკომოვაჭრეები ხალხის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გაუბედურების ხარჯზე შოულობდნენ უზარმაზარ ფულს. მარტივი გამოთვლებით, ამ სფეროში საქართველოში წლიურმა კაპიტალბრუნვამ 2-2,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მომგებიანი ბიზნესის ხელიდან გაშვება არავის უნდა _ არც ნარკომაფიას და არც მასთან დაახლოებულ, ხელისუფლებაში მოკალათებულ დანაშაულებრივ ელემენტებს; მით უმეტეს, რომ ეს პოლიტიკური მანიპულირებისთვის ძალიან მომგებიანია. ამიტომაც არ მიმდინარეობს ატიური ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ, ხორციელდება მოჩვენებითი პროცესები; ამითვე არის გამოწვეული საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობა.
ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება–შენახვა–შეძენისთვის გასამართლებული ადამიანების ნახევარზე მეტი სულ ტყუილად, არასამართლებრივად არიან პატიმრობაში; აუცილებელია ამ სასჯელების გადახედვა და უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლება.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ხალხი და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა იქცეს უსინდისოთა “მეწველ ძროხად” და პოლიტიკური მანიპულაციის მძევლად.
პრობლემა უამრავია, გადამწყვეტი არავინ არის. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში პრიორიტეტულ სწორედ ზემოაღნიშნული სფეროების სასწრაფოდ მოგვარების საკითხს დავაყენებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ახლა წყდება, როგორი პოლიტიკური სპექტრი ეყოლება ქვეყანას მომავალი 4 წლის განმავლობაში; ვინაიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არჩევნების გზით ხალხმა უნდა მისცეს მანდატი თავის რჩეულ მაჟორიტარებს თუ პოლიტიკურ პარტიას.
პატივისცემით,
ალექსანდრე (ალეკო) მიქაბერიძე
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი