Home რუბრიკები პოლიტიკა მიდი არჩევნებზე _ აღადგინე სამართლიანობა!

მიდი არჩევნებზე _ აღადგინე სამართლიანობა!

653

შაბათს, 8 ოქტომბერს, საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურს, ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, ხოლო დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს, უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს ნებისმიერ პარტიას, “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, რომლებსაც მის სატელიტად მიიჩნევს.

არაერთი ადამიანი, რომელსაც სძულს სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ, ამასთანავე, ვერ მიუტევებს “ქართულ ოცნებას” დაშვებულ შეცდომებს, უპირველესად კი, ფაქტობრივ უარს სამართლიანობის აღდგენაზე, მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მიუსვლელობით, ერთგვარი “ჩუმი ბოიკოტით” ის თავის პროტესტს ყველაზე კარგად გამოხატავს. ეს, ალბათ, ფატალური შეცდომაა, რადგან ის ფაქტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ ივარგა, არ ხსნის დღის წესრიგიდან “ნაცმოძრაობის” პოლიტიკიდან ამოშანთვის აუცილებლობას და მის წინააღმდეგ მიცემული თითოეული ხმა ამ შედეგთან გვაახლოებს. მართალია, ხელისუფლებამ ვერ აღადგინა სამართლიანობა, მაგრამ ამის გაკეთება საზოგადოებას შეუძლია.

სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობასა და სისხლისღვრას გეგმავს. ქვეყნდება შესაბამისი ჩანაწერები, “ნაცმოძრაობის” წევრები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ მოსალოდნელი ესკალაციის, ტოვებენ პარტიას და შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მიუხედავად ამისა, ათიათასობით ადამიანი კვლავინდებურად რჩება სააკაშვილის ამბიციების მძევლად.

თუ თვალს ოდესის გუბერნატორის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს, ვიდეოჩანაწერებს ან თუნდაც ფოტოებს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ დეგრადაციის ნიშნები თვალშისაცემია. სპეციალისტები, ალბათ, დაადგენენ, რა არის ამის მიზეზი _ კოკაინი, ბოღმა თუ ორივე ერთად. მთავარია, რომ ის უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკოსად, რადგან ამისთვის აუცილებელი მთავარი თვისება _ საღი განსჯის უნარი დაკარგა. აშკარაა ისიც, რომ სააკაშვილს სურს, საქართველოზე შური იძიოს იმისთვის, რომ 2012-ში მის რეჟიმს უარი უთხრა. ყველსათვის, მათ შორის, სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობის” “პოლიტბიუროსთვისაც” ცხადია, რომ მისი გეგმები ხელისუფლებაში დაბრუნებით ვერ დაგვირგვინდება, მაგრამ შეიძლება არეულობა და სისხლისღვრა მოგვიტანოს. 2013-ში, როდესაც გაცილებით დიდი რესურსი ჰქონდა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ვერ გაბედა, რადგან ეშინოდა, რომ, წარუმატებლობის შემთხვევაში, ავლაბრის რეზიდენციიდან გამოათრევდნენ და, მუსოლინის მსგავსად, ფეხებით ჩამოჰკიდებდნენ. დღეს კი უკრაინაშია და თვლის, რომ პირადად მას საფრთხე არ ემუქრება.

საერთოდ, ქართველების ტრადიციული ტოლერანტულობა ხშირად საკმაოდ უცნაურ ფორმებში ვლინდება. თუ ვინმე მოვა და გვეტყვის, რომ აპირებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად დაგვიჭიროს, გვაწამოს, გაგვაუპატიუროს და მოგვკლას, მას საკადრის პასუხს დაუყონებლივ გავცემთ. მაგრამ, ვეგუებით ქართულ პოლიტიკაში იმ პარტიის არსებობას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას სწორედ ამას აკეთებდა და უამავი ოჯახი გააუბედურა. რეალურად, ყველა, ვინც ხმას “ნაცმოძრაობას” აძლევს, მხარს ამას უჭერს და ვერ აცნობიერებს, რომ ბიულეტენში ხუთიანის შემოხაზვა ყოველივე ჩამოთვლილზე პერსონალურ პასუხისმგებლობას აკისრებს. რჩება სულ რაღაც სამი დღე იმისთვის, რომ ეს თითოეულ მათგანს ავუხსნათ.

დაახლოებით ნახევარი წლის წინათ თბილისის ერთ-ერთ უბანში საგულისხმო შემთხვევა მოხდა. ერთი კაცი, სააკაშვილის მომხრე, უიმედო ლოთი, დეგრადაციის ისეთ სტადიაში, როდესაც მეზობლები ჩადენილი სისულეების გამო აღარც ლანძღავენ (ცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია), სიმთვრალეში მუდამ იმეორებდა, რომ ყველაფერს იწერს და “ბატონი მიშას” ყველა მტერს, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვება. მეზობლები იცინოდნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ მანამ, სანამ, ერთ-ერთ მათგანს, სრულიად შემთხვევით, ხელში არ ჩაუვარდა რვეული, რომელშიც ის კაცი მართლა იწერდა ყველაფერს დაახლოებით ასეთ სტილში: “ამან (სახელი, გვარი), ამის თანდასწრებით, ბატონ მიხეილ სააკაშვილს დედა შეაგინა” (თარიღი), “ამან ბატონ ბაჩო ახალაიას მკვლელი უწოდა” (თარიღი) და ა.შ. როგორც ჩანს, ის ელოდებოდა “ნაციონალების” რევანშს და ოცნებობდა იმაზე, რომ ამ რვეულის გამოყენებით სამეზობლოს მუსრს გაავლებს.

ერთი შეხედვით, სახალისო ისტორიაა, მაგრამ მის უკან უდიდესი, ეროვნული მასშტაბის ტრაგედია დგას, რადგან ჩვენ გვერდით ცხოვრობს არაერთი “ადამიანი რვეულით” (მათი უმრავლესობა, ცხადია, უბრალოდ, იმახსოვრებს), რომელიც ელოდება იმ მომენტს, როდესაც კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი წარუმატებლობისა და ფსიქოლოგიური კომლექსებისთვის შური იძიოს თითოეულ ჩვენგანზე. სინამდვილეში, კლინიკური ფსიქიატრიის გადასახედიდან არანაირი სხვაობა მიხეილ სააკაშვილსა და იმ ლოთს შორის არ არსებობს და ორივეს ერთი ოცნება აქვს. თუ არ გვინდა, რომ მათი პათოლოგიური ფანტაზიები რეალობად იქცეს, 8 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეთ.

არეულობის მთავარ კერად, დიდი ალბათობით, გადაიქცევა ის ქალაქი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მაჟორიტარობის კანდიდატები ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პარტია რესურსების კონცენტრირებას აჭარასა და სამეგრელოში აპირებს, ეს შეიძლება ბათუმსა და ზუგდიდში მოხდეს. თუ ნაციონალები ზუგდიდში ბევრ ხმას მიიღებენ, ამ ქალაქს 1990-იანებში დაბრუნება დაემუქრება, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი (ჭკუა დაუშლის თუ გონება!) შეეცდება, იქ ანტიკონსტიტუციური ამბოხის კერა შექმნას. თითოეულმა ზუგდიდელმა ეს საფრთხე უნდა გაიაზროს და გააკეთოს ყველაფერი, რათა სააკაშვილის გეგმა ჩაშალოს. რაც შეეხება ბათუმს, იქ არსებობს კიდევ ერთი სპეციფიკური საფრთხე _ ნებისმიერი არეულობა შეიძლება თურქეთის ჩარევით დასრულდეს. ნაციონალები თურქეთის ხელისუფლებას ძალიან საეჭვო სიგნალებს უგზავნიან, “ჰურიეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლევან ვარშალომიძემ, საქართველოსა და თურქეთზე საუბრისას თქვა: ერთი ერი ორ სახელმწიფოში” და სასურველია, აჭარაში მცხოვრებმა თითოეულმა ამომრჩეველმა, არჩევნებზე წასვლის წინ ეს ციტატა გადაიკითხოს. ნაციონალურმა მოძრაობამ”, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე დააყენა დარტყმის ქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამას, სავარაუდოდ, კიდევ არაერთგზის გააკეთებს, თუ უცხო ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ექნება.

უშიშროების ყოფილი შეფი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს გათვლა აქვს გაკეთებული არა კარვების დადგმაზე (ანუ მშვიდობიან პროტესტზე), არამედ სროლაზე. ის ამბობს, რომ გაკეთებულია სამალავები. ლაპარაკია დიდი ოდენობით იარაღზე. ერთ-ერთი სამალავი ლუგელაში აღმოაჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის არც ერთი სამალავი დღემდე გამოვლენილი და აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ლაპარაკია გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, რომლებიც თავის დროზე მათი უშიშროების, ძალოვანი სტრუქტურების აღიცხვაზე იყო და ფულსაც უხდიდნენ. ასევე, საუბარია არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ჩემი ინფორმაციით, ისინი საკმაო რაოდენობით საქართველოში უკვე შემოვიდნენ. ისინი გამოცდილი მებრძოლები არიან და ბევრი მათგანი, ვიცი, რა მებრძოლებიც არიან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მათ საკმაო დასაყრდენი და მხარდამჭერი ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროებაში. მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისინი კოორდინაციაში არიან ძალოვან სტრუქტურებთან და მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით. თავიანთთან ხალხი ფარულადაც ჰყავთ გაწევრიანებული და უბრალოდ იმედი აქვთ, რომ, უკეთესს შემთხვევაში, ეს ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში არაფერს გააკეთებს” (“ინტერპრესნიუსი”).

საბაბი არეულობისთვის, და ამას სააკაშვილი, პრინციპში, აღარც მალავს, სავარაუდოდ, გახდება დიდი სხვაობა “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლსა და ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს შორის. ამ ჩანაფიქრის ნეიტრალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ნაცმოძრაობა” რეალურად ძალიან მცირე პროცენტს მიიღებს და სააკაშვილის ხელქვეითები დაინახავენ, რომ არ შეუძლიათ მანიპულირება ამომრჩეველთა თუნდაც 15 პროცენტის ემოციებით. სწორედ ამიტომ, არჩევნებზე მიუსვლელობა შეიძლება ბრძოლის ველიდან დეზერტირობას შევადაროთ. თუ არეულობა და სისხლისღვრა მართლა დაიწყება, თითოეული ასეთი დეზერტირი” მწარედ ინანებს, რომ კატასტროფის შეჩერება არ სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაძაბულია და არეულობას ელოდება, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის ხელისუფლების ბრალია. მან რამდენიმე ათეული განსაკუთრებით ცინიკური შემთხვევის გარდა, უარი თქვა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი მაღალჩინოსნების არათუ დასჯაზე, არამედ დაკითხვაზეც კი. მან კოაბიტაციის რეჟიმის მეშვეობით მოახდინა “ნაცმოძრაობის” რეანიმირება სწორედ მაშინ, როდესაც ის სულს ღაფავდა. უფრო ვიწრო, ბოლოდროინდელ თემებს თუ შევეხებით, ხელისუფლებამ არ დაუწესა არანაირი სანქცია “ნაცმოძრაობას” იმისთვის, რომ მის კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა (ვიდეომიმართვები, სატელეფონო ჩართვები, კამპანიის ფაქტობრივი მართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც კანონით აკრძალულია. მან არ მიმართა მკვეთრ დიპლომატიურ დემარშს იმისთვის, რომ აღეკვეთა უკრაინელი მაღალჩინოსნების ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მან გამოავლინა საოცრად ლიბერალური მიდგომა იმ ეპიზოდებში, რომლებშიც საუბარი არეულობის მოწყობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე მიდიოდა და არც ერთ “ნაციონალს” თითიც კი არ დააკარა, მაშინ, როდესაც, ნებისმიერი ჩვენგანი, თუ იმის ნახევარს მაინც ილაპარაკებდა, რაც ცნობილ ჩანაწერებშია, 99%-იანი ალბათობით, უკვე იზოლატორში იჯდებოდა ან, რამდენჯერმე იქნებოდა დაკითხული. როდესაც საუბარი ამ თემას ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები მიგვანიშნებენ, რომ მათი პოზიცია უცხოელი პარტნიორების დაჟინებული რჩევების საფუძველზე ჩამოყალიბდა. სწორედ ასე მივედით იმ მომენტამდე, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე სავსებით რეალური გახდა.

მაგრამ საზოგადოებას, მთავრობისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე არანაირი ვალდებულება არ დაუკისრებია და აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს ანგარიში არ უნდა ჩააბაროს. მას შეუძლია ნაციონალებს ისე მოეპყროს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ღმერთმა დაგვიფაროს ეს “ფორს-მაჟორიტარულ” ვითარებაში, არეულობისას მოხდეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები ნაციონალებზე ნადირობას დაიწყებენ. საჭიროა ლეგიტიმური მშვიდობიანი მეთოდების გამოყენება მანამ, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამიტომ, როგორც უკვე ითქვა, საქართველოს მოქალაქეები უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცენ ნებისმიერ პარტიას, “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, რომელთაც მის სატელიტად მიიჩნევენ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here