Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ დგებუაძე: სად არის დაპირებული სამართლიანობა, ის უმთავრესი პირობა, რომლისთვისაც ხალხმა “ქართული...

ზურაბ დგებუაძე: სად არის დაპირებული სამართლიანობა, ის უმთავრესი პირობა, რომლისთვისაც ხალხმა “ქართული ოცნება” აირჩია?

1283

დასასრული. დასაწყისი იხ. #34 (363)

_ რამ გაამწარა ასე კარლო კალაძე, რა დაუშავეთ ასეთი?!

_ კალაძეების საქმეში ბევრი რამ არის დაუჯერებელი და უცნაური. ავიღოთ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა _ რატომ უნდა გაეცოფებინა კარლო კალაძე ჩემ მცდელობას, პასუხი გამეცა მეტად მნიშვნელოვანი კითხვებისთვის: ვინ შემოაგდო ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის აფრასიძეებთან ყოფნის ვერისია? ვინ წაიღო რეალურად კალაძეების კუთვნილი გამოსასყიდი თანახა _ 200 000 დოლარი? ვინ იდგა ამ აფერის უკან? ვინ და რატომ მოკლა აფრასიძეები? განსაკუთრებით მაინტერესებდა ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის ინფორმაცია, რომელიც დაბეჯითებით ირწმუნებოდა, სვანეთის მთებში, აფრასიძეების ბუნკერში, დიდი ფული და იარაღი ინახება, იქვე 20-ოდე მეტრში კი ლევან კალაძის საფლავიც უნდა იყოსო. არადა, სწორედ ამ ინფორმაციისა და ვერსიების გასარკვევად დავთანხმდი მერაბიშვილს თანაშემწეობაზე. მინისტრის თანაშემწედ დანიშვნის დღიდან რამდენიმე კვირაში კი მოყვარე მტრად მექცა და ყოველი მხრიდან მუქარის კორიანტელი ატყდა.

_ ამ ჟურნალისტმა საიდან იცოდა, ბუნკერისა და კალაძის სავარუდო საფლავის შესახებ?

_ ნინო ბურჭულაძე მიმტკიცებდა, რომ აფრასიძეების ბუნკერში ომეხ აფრასიძემ წაიყვანა და იქ ფული და იარაღი თავისი თვალით ნახა. იმასაც ირწმუნებოდა, რომ ბუნკერიდან რამდენიმე მეტრში კალაძის საფლავიც იყო. წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებული ვარ, რომ უნდა მოხდეს ამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შემოწმება და ამ დროს ყველა შეტევაზე გადმოდის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ, თუ ნინო ბურჭულაძე აფრასიძეების ბუნკერს ვერ მაჩვენებდა, მაშინ უნდა აეხსნა, საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, ვინ დაავალა, გაემყარებინა აფრასიძების ვერსია, რა როლი ითამაშა მან აფრასიძეებთან მოლაპარაკებებში და ..

_ სასწაულია პირდაპირ! შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ ამ საქმით დაინტერესებული მაღალჩინოსნების საქციელს _ აფრასიძეების ლიკვიდაციით მათ მნიშვნელოვანი მოწმე მოიშორეს, მაგრამ კალაძეების საქციელს რით ამართლებთ?

_ კარლო კალაძე ემოციური კაცია, შვილის ტრაგედიამ მას გონება აურია, ზოგჯერ არათუ ემოციებს ვერ თოკავდა, შურისძიებით აღვსილი თვითონ იქცეოდა დამნაშავესავით.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ ავიღოთ თუნდაც ასეთი ფაქტი: 2001 წელს, ლევან კალაძის გატაცებიდან ორიოდე კვირაში, ხობის ოპერაციის “წარუმატებლად” დამთავრების შემდეგ კალაძეების ოჯახს მათი ნათესავი ჯემალ ლეჟავა დაუკავშირდა. მან კარლო კალაძეს უთხრა, ბიჭის დაბრუნება, ალბათ, იმიტომ არ მოხერხდა, რომ ამ საქმეში პოლიციას თავის ინტერესები აქვს, ამიტომ, სჯობს, საქმეში “შავები” ჩავრიოთო. კალაძეები ლეჟავას ამ წინადადებას ფორმალურად დათანხმდნენ, სინამდვილეში კი მაღალჩინოსნებთან კავშირს მაინც განაგრძობდნენ, რაზეც ჯემალ ლეჟავამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კარლო კალაძეს ამ საქმეში მისივე ინიციატივით ჩართული ბადრი ხუნდაძისგან საყვედური გადასცა: ჩვენ ყველასთან კარგად ვართ და პოლიციასთან თქვენი თანამშრომლობის ამბავი ვიცით. ასე რომ, თუ შედეგი გსურთ, ჩვენი შეთანხმება არ უნდა დაარღვიოთო. ერთ-ერთი ასეთი შენიშვნის შემდეგ კარლო კალაძეს ნერვებმა უმტყუნა, ლეჟავა სამტრედიაში ცხენისწყლის პირას გაიყვანა, ხელკეტით ცემა და მოკვლით დაემუქრა. ამ დანაშაულებრივი საქციელის შედეგად ნაცემი ლეჟავა ერთ თვეს მკურნალობდა. ჯემალ ლეჟავა გენერალური პროკურორისა და შს მინისტრის სახელზე დაწერილ 2001 წლი 12 დეკემბრის განცხადებაში კარლო კალაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სხვა ძალადობრივ ფაქტებზეც მიუთითებს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შვილის ტრაგედიით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობლის ემოციური ხასიათით ბოროტად ისარგებლეს დამნაშავე მაღალჩინოსნებმა _ ის თავის ჭკუაზეც ატარეს და საკმაო კომპრომატებიც შეუქმნეს. ასე რომ, ჩემ წინააღმდეგ კარლო კალაძის ამხედრება რთული საქმე არ იყო.

_ ამის შემდეგ აღარ გიცდიათ კახა კალაძესთან შეხვედრა?

_ არა, რადგან პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე ვნახე და ყველაფერი ნათელი შეიქნა. მან მიამბო, პატიმრობაში ყოფნისას რა ზემოქმედებას ახორციელებდა მასზე სააკაშვლის რეჟიმი _ როგორ ცდილობდნენ მის მოწამვლას, რა ხერხებს მიმართავდნენ, რათა პოლკოვნიკს უკან გამოეტანა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივარი. და აი ასეთ უმძიმეს მდგომარებაში მყოფი პოლკოვნიკი და მისი ოჯახის წევრები (ისინი საცხოვრებლიდანაც გამოასახლეს და წლების განმავლობაში დაგროვილი ქონებაც წაართვეს) კალაძეებს ემუდარებიან, ერთადერთ მიწის ნაკვეთს ჩაგიდებთ გირაოში, ოღონდ სტრასბურგში საქმის წარმოებისთვის საჭირო თანხა გვასესხეთო.

_ და კალაძეებმა ფული არ მისცეს?

_ არა.

_ დაუჯერებელია! როგორც ვიცი, კახა კალაძე მინისტრის ხელფასსაც არ იღებს და ქველმოქმედებასაც ეწევა.

_ როცა ქველმოქმედება პირად რეკლამას და პიარს ემსახურება, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა. მე უკვე აღარ მჯერა კახა კალაძის გულკეთილობის და ვფიქრობ, ქართული დასისლიდერი ჯონდი ბაღათურია არ ტყუის, როცა კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს _ ენერგეტიკის სფეროში კახა კალაძეს პირადი კომერციული ინტერესები აქვსო. ბატონმა ბათუმ ცოტახნის წინათ თავის საცხოვრებელ ვაგონში გადაღებული ფოტო მაჩვენა და მითხრა, ეს კახა კალაძემ ჩემს პატარა შვილიშვილთან მაშინ გადაიღო, როცა ვჭირდებოდი, ახლა საკუთარ კარში გოლების გამტან ფეხბურთელს ასეთივე სურათი ბიძინა ივანიშვილის პატარა შვილთან აქვს გადაღებულიო. სამწუხაროდ, პირადი ინტერესებით მოქმედი კაცების უმადურობას საზღვარი არ აქვს. საქმე ის არის, რომ, როცა პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს დაპატიმრებული ჰყავდა, მე კი, გერმანიაში, დევნილთა ბანაკში უფლებაშეზღუდული, პოლიტიკური დევნილის სტატუსს ველოდებოდი, ცნობილი ფეხბურთელი პრეზიდენტ სააკაშვილთან მეგობრობდა, საქართველოში ბიზნესს აწყობდა და, საქმის “გახსნით” მადლიერი, ჩვენზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებულ პოლიციის მაღალჩინოსნებს _ ლევან გვაზავას, ირაკლი კოდუას, დავით გოგიბერიძესა და სხვებს, მერაბიშვილის თამადობით, საჯაროდ მადლობას უხდიდა.

_ გასაგებია. . . კახა კალაძეს სააკაშვილის კარში, ანუ, ასე ვთქვათ, “საკუთარ კარშიჯერ ბურთი გატანილი არ ჰქონდა.

_ არც მაგ ბურთის გატანის შემდეგ მობრუნებია გული ნატანჯ პოლკოვნიკზე. 7-წლიანმა პატიმრობამ, ციხის მძიმე პირობებმა და სტრესმა ხანდაზმულ მაძებარს ჯანმრთელობა შეურყია. უკვე გათავისუფლებულ პოლკოვნიკს უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა. სამკურნალოდ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა 10 ათასი დოლარი. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდინლმა ბათუ საღინაძემ ისევ კალაძეებს მიმართა და მათ სახლში დარეკა. ზარს კახა კალაძის დედამ უპასუხა. ქალბატონი მედიკო თურმე ძალიან შეწუხებულა, როცა შეუტყვია ბატონი ბათუს უმძიმესი მდგომარეობა, უთქვამს, _ თქვენ იმდენი უბედურება გამოირეთ ჩვენ გამო, რომ 10 ათას დოლარს როგორ დაგამადლით, საღამოს კახა მოვა თქვენთან და ამ თანხას მოგაწვდითო.

_ და გამინისტრებულმა ყოფილმა ცნობილმა ფეხბურთელმა მძიმედ დაავადებულ პოლკოვნიკს ეს თანხა ვერშეუგროვა”?

_ ფაქტია: მას შემდეგ ბათუ საღინაძეს სათოფეზე არ გაჰკარებია. ეგ კი არა, ღვთის შემწეობით გადარჩენილმა საღინაძემ მოახერხა, სამსახურში მიმავალ კახა კალაძეს წინ გადადგომოდა, ის კი დაცვის თანხლებით შენობაში შევარდა.

_ იქნებ კალაძეებს აქვთ მიზეზი?

_ რა თქმა უნდა, გარდა უმადურობისა, სხვა მიზეზიც არსებობს. პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კალაძის გატაცება დაკავშირებულია კახა კალაძის იტალიურ ტრანსფერთან, რომელშიც ჩარეულნი იყვნენ ცნობილი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, აგრეთვე, კახა თარგამაძისდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. უფრო ზუსტად, პოლკოვნიკ ბათუ საღინაძეს მიაჩნდა, რომ გატაცების ორგანიზატორებმა გატაცებული ლევან კალაძის გამოსასყიდად თავდაპირველად სწორედ ის თანხა მოთხოვეს, რომელიც კალაძეებმა ამ საქმის მოსაგვარებლად შუამავლებს არ გადაუხადეს, ეს თანხა კი 600 ათას დოლარს შეადგენდა. პოლკოვნიკის ამ ვერსიას არ იზიარებდნენ კალაძეები, პირიქით _ მათ აღიზიანებდათ ბევრის მნახველი მაძებრის ეს განცხადება. სხვათა შორის, კარლო კალაძეს მეც ვკითხე ტრანსფერზე, მან კი მიპასუხა: კახას სატრანსფერო კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟორდანიამ და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სურკისმა. კონტრაქტიდან კახას არაფერი შეხვდა. შემდეგ ამ თემაზე დიდი დაპირისპირება მოხდა მაშინდელ შს მინისტრ კახა თარგამაძესა და ჟორდანიას შორის”. საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში მაფია და დანაშაული მასშტაბური მოვლენა რომ არის, ამაზე მეტყველებს თუნდაც ცოტა ხნის წინათ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციაში აგორებული დიდი სკანდალი და გახმაურებული დაპატიმრებები. საერთოდ, სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი, დღეს არა მხოლოდ დიდი ბიზნესია, არამედ პოლიტიკის მნიშვნელოვანი იარაღიც და იქ დიდძალი შავი ფული ტრიალებს.

_ გამოდის, კახა კალაძე პოლიტიკაში, პირდაპირ ფეხბურთიდან კი არა, ბიზნესიდან მოსულა. მას არც ჩვენებური მილიარდერი პოლიტიკოსის მზრუნველობა აკლია.

_ გეთანხმებით, არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი, სხვანაირად ძნელი ასახსნელია, როგორ შეიძლება ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ისტორიკოსის განათლება აქვს, უცებ ბუცები გაიხადოს და პირდაპირ ენერგეტიკის მინისტრის სავარძელში ჩასკუპდეს. ჰო, ბუნებრივად ჩნდება კითხვა _ რატომ არ ჩაუდგა ყოფილი ფეხბურთელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათავეში, განა ქართული სპორტისა და ფეხბურთის აღორძინება ნაკლებად პრესტიჟულია?! რაც შეეხება ქართული მაფიოზური სტრუქტურების გავლენას ქართულ ფეხბურთზე, ამის თვალსაჩინო მაგალითია კარლო კალაძის მონათხრობი: ლევანის გატაცების შემდეგ, როდესაც პოლკოვნიკმა დავით კეკუამ ტარიელ ონიანთან დაახლოებული ცნობილი კრიმინალი თენგიზ გურჩიანი დააკავა, ამ უკანასკნელმა სწორედ ფეხბურთის იმჟამინდელი პრეზიდენტის _ ჟორდანიას მოადგილე რატიანი მომიგზავნა, _ თენგომ შემოგითვალა, დავით კეკუა ჩემ უდანაშაულობაში დაარწმუნეო”.

_ ეს ის გურჩიანია, რომელზეც პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე ამბობდა, პოლიციის გენერალ სოსო ალავიძის ძმადნაფიციაო?

_ დიახ, თენგიზ გურჩიანის ახლო ურთიერთობა ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან და პოლიციის მაღალჩინოსნებთან გახმაურებული ფაქტია. უფრო მეტიც, როცა გენერალმა სოსო ალავიძემ თავის ჯგუფთან, პოლიციის მაღალჩინოსნებთან _ ლევან გვაზავასა და დავით ბედიასთან _ ერთად პარლამენტარი გოჩა ჯოჯუა გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა, გენერალმა საქმის მოსაგვარებლად პარლამენტარს სწორედ ცნობილი კრიმინალი, თენგიზ გურჩიანი, მიუგზავნა. გოჩა ჯოჯუა გამჭრიახი პოლიტიკოსია, მან მშვენივრად იცოდა, რომ მაფიოზური მეტასტაზები ღრმად იყო გამჯდარი სახელმწიფო სტრუქტურებში, ამიტომ დამნაშავეთა ნებას დაჰყვა და მათთან დაპირისპირებას მოერიდა.

მაგრამ ეს ამბავი ძალიან გახმაურდა. ასე რომ, პოლკოვნიკი ბათუ საღინაძის ეჭვები თენგიზ გურჩიანის მიმართ, რომელიც აფრასიძეების კარის მეზობელი იყო სვანეთში, საფუძველს მოკლებული არ არის. იგივე შეიძლება ითქვას მეორე ცნობილ კრიმინალ ნოდარ გვიჩიანზეც, რომელმაც 2003 წლის ზაფხულში ვითომდა გატაცებული ლევან კალაძის გამოსახსნელად აფრასიძეებს 200 000 დოლარიგადასცა”.

_ რასაც შემდეგ სვანეთში სისხლიანი სპეცოპერაცია და მნიშვნელოვანი მოწმის ლიკვიდაცია მოჰყვა.

_ ჰო, ასეა. უფრო მეტიც _ სწორედ ამ ცნობილმა დამნაშავემ მოუტანა სხვა არანაკლები “წარმატებები” ვარდოსნებს. ვარდების რევოლუციითმოსულმა ხელისუფლებამ პოლიციელების მიერ მოკლული გირგვლიანის სისხლისგადასარეცხადნოდარ გვიჩიანისწყალობითბევრი გახმაურებული საქმეგახსნა”. იმხანად უკვე 4-ჯერ ნასამართლევი ნოდარ გვიჩიანის ჩვენების საფუძველზე “თელასის” მენეჯერის _ ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით “თელასის” თანამშრომელი გია გვიჩიანი დაიჭირეს. მას სამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე დააპატიმრეს გენერალი დავით კეკუაც, რომელიც ციხეში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. სხვათა შორის, დავით კეკუა პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებდა, რამდენიმე დღეში კი ის საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს. არაერთხელ აღმინიშნავს ლევან კალაძის საქმის მონაწილის ან ამ საქმესთან დაკავშირებული ადამიანის უცნაურ აღსასრულზე. მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ სისხლიანი სერიალების ქრონოლოგიას და წინაპირობებს.

* 2001 წელს ზაფხულში, ხობისწარუმატებელისპეცოპერაციის შემდეგ, ამ საქმეში ეჭვმიტანილი . ბალავაძე და . ქარდავა მოკლეს;

* 2002 წლის ნოემბერში თბილისის მე-5 იზოლატორში კალაძეების საქმეზე ეჭვმიტანილი ძმები მიქელთაძეები დახოცეს;

* 2003 წლის გაზაფხულზე მეხუთე ეჭვმიტანილი გია ქარდავა მოკლეს;

* 2004 წელს ჩატარდა სვანეთის გახმაურებული სპეცოპერაცია, რომელსაც მამა-შვილი აფრასიძეების სიცოცხლე შეეწირა;

*კალაძის საქმეს უკავშირებენ სადახლოს პოლიციის უფროსის _ უჩა ჯანელიძის მკლელობასაც. ერთ-ერთი ვერსიით, 2006 წლის 16 თებერვალს ლევან კალაძის გატაცებაში ეჭვმიტანილი ამისულაშვილი დააკავეს. მისი დაკავების თავდაპირველი საბაბი სადახლოს ტერიტორიაზე საზღვრის უკონონო გადაკვეთა იყო. დაკავების შემდეგ ამისულაშვილმა კალაძის გატაცებაში მონაწილეობა აღიარა და თანამონაწილეები დაასახელა. ამისულაშვილის ჩვენების კანონიერებაში პირველი ბზარი უჩა ჯანელიძის მეუღლემ, ნათია ჯანელიძემ, შეიტანა. მისი განმარტებით, მერაბ ამისულაშვილს სადახლოს გამშვებ პუნქტზე იმ მომენტში ვერ დააკავებდნენ, რადგან იგი მის მეუღლეს, ანუ სადახლოს პოლიციის მაშინდელ უფროს უჩა ჯანელიძესა და გენერალ ლევან გვაზავას მუხიანის დასახლებაში თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდათო. ამ ვერსიას უფრო აძლიერებს პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ყოფილი ადვოკატის _ თოდუას განცხადება: “უჩა ჯანელიძის მკვლელობა პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს კალაძის საქმესთან, რადგან იგი სახიფათო ინფორმაციის მქონე იყო და ამიტომაც მოიშორეს. მოგვიანებით ქმრის, უჩა ჯანალიძის, მკვლელობაში ბრალდებული ნათია ჯანელიძე სასამართლოზე აპირებდა სიმართლის თქმას, მაგრამ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად გადაიფიქრა…”.

_ ძალზე უცნაურია ოქროყანის ინციდენტი, რომელშიც გენერალი ლევან გვაზავა ერთდროულად მოგვევლინა ბრალდებულად და დაზარალებულად.

_ თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ოქროყანის შემთხვევა, როცა ლევან გვაზავამ გაუფრთხილებლობით საკუთარი დეიდაშვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

_ ჰო, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ვერსია ასეთია.

_ ფაქტია, კალაძის საქმის მთავარი გამხსნელი და პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე გენერალი გვაზავა ამჯერად, ნებსით თუ უნებლიეთ, უახლოესი ნათესავის მკვლელიც ხდება და თვითმკვლელობასაც შეეცადა. სხვათა შორის, არც ლევან კალაძის საქმის სხვა “გამხსნელ” მაღალჩინოსნებს წაუვიდათ კარგად საქმე. კახა კალაძის მადლობის ადრესატებს მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა, მაგალითად, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამჟამად პატიმარია; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროს ირაკლი კოდუაზე ძებნაა გამოცხადებული; ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის _ ლევან გვაზავას თანამებრძოლი, კრიმინალური პოლიციის ერთერთი ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ამაყად აცხადებდა, ლევან კალაძის საქმე მე გავხსენიო, დაპატიმრებულია. თუ ამ ყველაფერს იური ვაზაგაშვილის შემაძრწუნებელ მკვლელობას დავუმატებთ, საქმე გაცილებით რთულადაა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ იური ვაზაგაშვილის საზარელ მკვლელობას წინ უძღოდა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ის უმძიმეს დანაშაულში ამხელდა ლევან გვაზავას, ირაკლი ფირცხალავასა და ირაკლი ქადაგიძეს. ის ხელისუფლებას მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავსეა ზონდერებითა და დამნაშავეებით, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში ბნელ საქმეებს აკეთებდნენო. და აი დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ მებრძოლ შვილმკვდარ მამას გაუგონარი ცინიზმითა და სისასტიკით გაუსწორდნენ _ შვილის საფლავზე ააფეთქეს.

_ გამოდის, მართალი იყავით, როცა ჯერ კიდევ 2005 წლის მარტში, თანამდებობაზე დანიშვნამდე, შს მინისტრ მერაბიშვილს განუცხადეთ _ თქვენს გარემოცვას ვერ ვენდობი, რადგან დამნაშავეები არიანო.

_ ამ საუბარს, რომელიც ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა, კახა კალაძეც ესწრებოდა.

_ რა გიპასუხათ მინისტრმა მერაბიშვილმა?

_ მითხრა, რომ ის პროფესიონალი არ იყო და ბევრი რამ არ იცოდა. გამოგიტყდებით, მაშინ მის მიმართ თანგრძნობის განცდა დამეუფლა.

_ და თანაშემწედ დაგნიშნათ

_ თუმცა ისიც ფაქტია, რომ მერაბიშვილი დამნაშავე გარემოცვის გავლენის ქვეშ მოექცა…

_ და დამსახურებულად იხდის სასჯელს.

_ ვფიქრობ, ეს პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი კაცის შეცდომა თუ დანაშაულებრივი ქმედება. საუბედუროდ, ჩვენ დღესაც ვერ დაგვიღწევია თავი გასული საუკუნის 80-იან წლებშიშემოჭრილიუკიდურესად ცალმხრივი და პრიმიტიულ ეროვნული მსოფლმხედველობისგან. დღესაც ვიკვებებით ილუზიური წარმოდგენებით თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოებრიობაზე; დღესაც კი ბევრისთვის საბჭოთა კავშირი მხოლოდ ბოროტების იმპერიაა და მისი დანგრევა თანამედროვეობის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა. არადა, ჩემი ყურით მოვისმინე გერმანიაში ცნობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა კატასტროფის ტოლფასი იყო, რომელმაც მილიონობით ადამიანი, უსახსროდ დატოვა და აქამდე არნახული მიგრაციული პროცესები გამოიწვია. მსოფლიოში დაწყებულმა გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების პროცესმა მრავალი სახელმწიფო დაანგრია და დააქუცმაცა. სწორედ ამ გლობალური პროცესების შედეგია ჩვენთან დატრიალებული სამოქალაქო ომი და თავსმოხვეული ეთნოკონფლიქტები. ადამიანები სისხლსა და ძალადობას დაეჩვივნენ. ნახეთ, რა ხდება დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გააფთრებული საჯარო ორთაბრძოლები და ჯგუფური ცემა-ტყეპა ჩვეულებრივი პოლიტიკური ურთიერთობის ატრიბუტია. გაუგებარია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს ამ აშკარად ხულიგნურ და გულისამრევ ძველბიჭურ საქციელის ჩამდენზე იმუნიტეტი, ეს ხომ საზოგადოებას, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობას რყვნის?! ძალადობის პროპაგანდისა და აღვირახსნილობის გამოძახილია ის უბედურებები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ბევრ უსამართლობაზე პასუხისმგებლობა დღევანდელმა ხელისუფლებამაც უნდა დაიკისროს. ეს არის მის მიერ უნიჭოდ შემოგდებული კოაბიტაციური პოლიტიკის შედეგი. მე მათ ვეკითხები _ სად არის დაპირებული სამართლიანობის აღდგენა? შორს რომ არ წავიდეთ, მათი უნიათო მოღვაწეობის საჩვენებლად პოლკოვნიკი ბათუ საღინაძისა და მისი ოჯახის წვრების სავალალო მდგომარეობა იკმარებდა. კომუნისტების ეპოქაში პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით განთქმული მაძებარი შევარდნაძის ახალმასამეგობროპოლიტიკამ დევნილად აქცია, სააკაშვილისდემოკრატიულმარეჟიმმა _ პოლიტიკურ პატიმრად. ამჟამინდელმაქილა ოცნებამკი მას ყოველგვარი ოცნების სურვილი და იმედი დაუკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუ საღინაძის სასარგებლოდ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, დღემდე ირღვევა მისი უფლებები. ხანდაზმული პოლკოვნიკი, რომელიც მშვიდად და უზრუნველად უნდა ატარებდეს სიბერის წლებს, დღესაც ჟანგიანი რკინის ვაგონის სარკმლიდან გასცქერის ერთ დროს მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ კოტეჯს, რომელშიც ოჯახთან ერთად 10 წელი გაატარა. კიდევ ერთხელ დევნილად ქცეული ოჯახისთვის არც უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნებიათ. ის, რაც საღინაძეებს საქართველოს ხელისუფლებამ გაუკეთა, ვაიპოლიტიკოსების მიერ მტრად წაკიდებულ აფხაზ ძმებსაც არ უკადრებიათ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა _ სად არის დაპირებული სამართლიანობა, ის უმთავრესი პირობა, რომლისთვისაც ხალხმა “ქართული ოცნება” აირჩია? სამაგიეროდ, ახალ მესიად მოვლენილმა ბიძინა ივანიშვილმა საღინაძისთვის, გირგვლიანისა და სხვებისთვის უკანონო გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლე მუსერიძე და მსგავსი მარიონეტი სახელმწიფო მოხელეები სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა. ეს არა მხოლოდ გაუგონარი სამართლებრივი ნიჰილიზმია, არამედ, საერთოდ, ცინიზმის ზენიტიცაა. ცოტა ხნის წინათ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული მსხვერპლი სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ბატონმა ბათუმ დამირეკა და მთხოვა, ერთად მივსულიყავით ქაშვეთის ეკლესიაში, რათა იქ დასვენებული ყოფილი პოლიტიკური პატიმრისთვის პატივი მიგვეგო. იმ დღეს ეკლესიის ეზოში აუარებელი ხალხი ირეოდა. ვის არ ნახავდით სამგლოვიარო პროცესიაზე _ ახალგაზრდა გოგონები ფურცლებით დარბოდნენ და მოლაშვილის მწამებელთა დასჯისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. ეკლესიიდან გამოსვლისას პოლკოვნიკმა შემაჩერა და მითხრა, _ ალბათ, ჩემს სიკვდილსაც ასე სულმოუთქმელად ელოდება ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებაო.

_ ბატონო ზურაბ, მოდი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ ინტერვიუ. გამოსავალს ხედავთ?

_ თუ სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები ერთად დავდგებით და ერთ მუშტად შევიკვრებით, მაშინ პირიქით _ ჩვენ დავასაფლავებთ უნიათო და უკეთურ ადამიანთა ზრახვებს.

ესაუბრა თემურ ბერიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here