Home რუბრიკები საზოგადოება მოგზაურობა თბილისში

მოგზაურობა თბილისში

საარჩევნო კამპანიამ, რომელსაც დიდუბის რაიონში ვაწარმოებ, როგორც უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამეურნეო დაგეგმვის უამრავი პრობლემის წინაშე დამაყენა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში დამხვდა ზაჰესის დასახლება, რომელიც ფორმალურად ეკუთვნის დედაქალაქს, პრაქტიკულად კი, მოწყვეტილია მას. მთავარ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში უნდა აღმდგარიყო, დღემდე არ არის რეაბილიტირებული, რის გამოც მოსახლეობა სერიოზულ დისკომფორტს განიცდის, რადგან შემოვლითი გზით სარგებლობა რამდენიმე კილომეტრით აგრძელებს მანძილს. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება მერიას კარსმომდგარი არჩევნების წინ გაახსენდა და რამდენიმე ტრაქტორი მოუყენებია ხიდთან, როგორც ამას დღეს მთელი ქალაქის მაშტაბით აქვს ადგილი _ გადათხრილია თბილისი, დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ბუმი, მაშინ, როდესაც ეს პროცესი 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა წარმოებულიყო.

წლებია, ზაჰესის მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს, რაც დაკავშირებულია ზედმეტ მატერიალურ ხარჯებთან _ დიდი დრო მიაქვს ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირებას. ზაჰესის დასახლება, რომელიც მოწყვეტილია მთავარ მაგისტრალს, მიყრუებულ სოფელს უფრო ჰგავს, ვიდრე დედაქალაქის უბანს. არ არის გაკეთებული ბორდიურები, არ არსებობს დასასვენებლი პარკი, ახალგაზრდობის გასართობი ადგილები _ კაფებარი, რესტორანი. ერთადერთი, რაც არის, სტადიონია და ისიც განათების გარეშე. საზოგადოდ, ზაჰესში ძალინ უხარისხო განათებაა. აუცილებელია ამ ადგილის სათანადო კეთილმოწყობა, უწინარესად კი სრულფასოვანი კომუნიკაციის აღდგენა დედაქალაქთან, სამარშრუტო და ავტობუსის ხაზები დღეს თითზე ჩამოსათვლელია.

კასკადის ქუჩაზე მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ღიაა წლების განმავლობაში, ფეკალური მასები ზედაპირზე ტივტივებს. უბანში გაუსაძლისი სუნი დგას და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. კანალიზაციის მოწესრიგების შესახებ მოქალაქეების არაერთი თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ საკითხის მოგვარებას ვერ ახერხებს, განმარტავს, რომ საკითხის გადაწყვეტა დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ამ ეტაპზე კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია შეუძლებელია.

ზაჰესის დევნილთა დასახლებაში ლიფტის დამონტაჟების პრობლემაა (რომელიც ჯდება 30 000 ლარი). ამხანაგობა “მერცხალმა” მიმართა გამგეობას თანადაფინანსების თაობაზე, მაგრამ გამგეობამ ამაზეც უარი თქვა _ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არისო.

სამი დღეა, დევნილებს წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს წინასაარჩევნო ხრიკია და არ გამორიცხავენ, რომ წყალი საარჩევნო დივიდენდების მოპოვების მსურველმა ხელოვნურად გადაკეტა, ანუ მან, ვისაც წყლის მიწოდება ხელეწიფება.

როგორც ჩანს, იმ ფონზე, როცა უსახო ახალმშენებლობებით განადგურდა დედაქალაქის იერსახე, დამახინჯდა მისი კოლორიტული უბნები, არ მიმდინარეობს კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი რესურსის თანაბარი გადანაწილება, ამიტომ რჩება უსახსროდ და უპატრონოდ ზაჰესის მგავსი დასახლებები. მთელი ყურადღება მიმართულია ქალაქის ცენტრალური უბნებისკენ, სადაც ყოვლად დაუშვებელი მშენებლობებია გაჩაღებული ისევ და ისევ ფინანსური დაინტერსების გამო. ადგილი აქვს ძველ თბილიში მცხოვრები მოსახლეობის სიდუხჭირით სპეკულაციას. გარკვეული თანხის შეთავაზების შემთხვევაში მოქალაქე თანხმდება, გაყიდოს საკუთრება და გზა დაუთმოს დანაშაულებრივ მშენებლობებს.

9 წლის წინათ ზაჰესი 41 მილიონ დოლარად გასხვისდა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სტრატეგიული ობიექტის შესყიდვის მსურველს ხელშეკრულებაში ერთერთ პირობად აღნიშნული უნდა ჰქონოდა ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. აუცილებელია, გასაჯაროვდეს უხცოელ ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხი არ იყო ერთ-ერთ პუნქტად შეტანილი, ჰესის გასხვისების მიზანშეწონილობა საეჭვო ხდება. თუ იყო და არ გაკეთდა, მაშინ ინვესტორს ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოეთხოვოს.

ამომრჩევლის მოსყიდვა უნდა დაისაჯოს

ქალაქის პერიფერიის მიტოვებული მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში არავის ახსოვს, უკიდურესად იმედგაცრუებულია. შეხვედრებისას არაერთგზის მსმენია, რომ პარტიებმა დაღუპეს და შეჭამეს ქვეყანა. შეუსრულებელი დაპირებებით გადაღლილი ხალხი მათთან მისულ დეპუტატობის ყველა კანდიდატს უდობლობით ეპყრობა, თუმცა პირისპირ საუბრის შემდეგ ჩემსა და მოსახლეობას შორის აღმართული ჩინური კედელი ნაწილობრივ დაირღვა. საგანგაშოა ადამიანებში დასადგურებული უნდობლობა, რომელიც ისევ და ისევ მავანის წისქვილზე ასხამს წყალს და ხელ-ფეხს უხსნის მის თვითნებობას, რადგან სიდუხჭირით დამძიმებული, დაბეჩავებული მოსახლეობა სიფხიზლეს კარგავს და საკუთარი ინტერსების დასაცავად უუნარო ხდება.

გამაოცა ზაჰესის დასახლების ახალგაზრდა თაობამ. უაღრესად ნიჭიერი, ალალი ბავშვები, რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ მომავალს. დღეს ერთადერთ სტადიონზე, რომლის გარდა სხვა გასართობი არ გააჩნიათ, განათების გასაკეთებლად სახსერები ვერ მოინახა.

მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოვუწოდებ მერიას, უკანონო მშენებლობებისთვის ნებართვის გაცემის ნაცვლად, ზაჰესს შეუსრულოს დაპირება და უმოკლეს ხანში განახორციელოს ცენტალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოაგვაროს საკანალიზაციო სისტემა, განათების პრობლემა და, რაც მთავარია, ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჯაროოს ჰესის გასხვისებისას დადებული ხელშეკრულების პირობები. იქნებ, ამ შემთხვევაში მაინც ზაჰესის მოსახლეობამ იგრძნოს თავი დედაქალაქის და, საზოგადოდ, ქვეყნის სრულფასოვან მცხოვრებად.

მას შემდეგ, რაც ზაჰესში არაერთი შეხვედრა გავმართე, მათ შორის, მოზარდებში ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც ჩავატარეთ, გამოჩნდა ჩემი კოლეგა მმართველი პარტიიდან თბილისის მერთან ერთად. ეს უკანასკნელი მაჟორიტარობის კანდიდატს მეტი დამაჯერებლობისთვის მოჰყვა და აშკარად ეტყობოდა, რომ მანამდე ზაჰესი ნანახი არ ჰქონდა. ჩემი საარჩევნო კამპანიის ნაკვალევზე მოსულმა ოპონენტმა მერითურთ ხმების მიღების ხათრით მაინც მისცეს ზაჰესს ელემენტარული ინფრასტრუქტურული შვება. ვიმეორებ, ნებისმიერმა პარტიამ მიიწეროს ამის გაკეთება თავის თავზე, ოღონდ გასაკეთებელი გაკეთდეს!

დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონში მდებარე 187- საჯარო სკოლა, რომელშიც 700 მოსწავლე სწავლობდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაიყიდა. მსოფლიო ბანკის მიერ გარემონტებული, იგი დღეს 10 წლის ვადით “თიბისი” ბანკშია დაგირავებული. შედეგად, მიკრორაიონი სკოლის გარეშე დარჩა.

გასხვისების დეტალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დაინტერესდნენ, რადგან ამ პროცესში გადაცდომის ფაქტები აღირიცხა, მაგრამ საქმე მოკვლევის დონეზე დარჩა და გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. პედაგოგებმა მიმართეს ყველა მოქმედ თანამდებობის პირს, რომელთაც ხელეწიფებოდათ სკოლის აღდგენის საკითხზე გავლენის მოხდენა, მაგრამ დღემდე ეს საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. მოზარდები მოსწყდნენ სასწავლო პროცესს, მათთვის ჩვეულ გარემოს, მეგობრებს, პედაგოგებს, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს. მათი სხვა სკოლებში გადაყვანა უკავშირდება ახალ გარემოსთან შეგუების საკმაოდ მტკივნეულ პროცესს, რომლის გადალახვაც მოზარდს გარკვეული დროის განმავლობაში უწევს, რაც თავისთავად ურყოფითად მოქმედებს ცოდნის მიღებასა და სასწავლო მასალის ათვისებაზე. ამასთანავე, ათეულობით პედაგოგი უმუშევარი დარჩა.

აუცილებელია 187- საჯარო სკოლის გასხვისების საქმეზე გამოძიების დაწყება. განათლების სამინისტრო ვალდებულია, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა სკოლა დაუბრუნდეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

რამდენიმე დღის წინათ ზურგოვანის მოსახლეობასთან გავმართე შეხვედრა და აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, იმედგაცრუებასა და უნდობლობას წავაწყდი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოუგვარებელია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ჭარბი ნალექის მოსვლის შედეგად იტბორება სახლები, ზიანდება ეზოები, ნარგავები. ადამიანები რეგულარულად განიცდიან ავდრით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომლის ანაზღაურებაც, კანონით, ადგილობრივ სტრუქტურებს ევალება. მოსახლეობა იძულებულია, თავისი მწირი სახსრებით გაუმკლავდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უნიათობითა და უპასუხისმგებლობით მიყენებულ ზიანს. ამასთანავე, წლების განმავლობაში უგულებელყოფილია მოსახლეობის თხოვნა ასფალტის დაგების თაობაზე.

ერთ-ერთმა ამომრჩეველმა წამიყენა პირობა: ხმას იმ შემთხვევაში მომცემდა, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მოვუგვარებდი. მსგავსი დამოკიდებულება ძირეულად მცდარია, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატის მისამართით ასეთი ობივატელური ულტიმატუმის წაყენება შედეგია ათწლეულების განმავლობაში დანერგილი საარჩევნო სპეულაციური სისტემისა, რომელსაც ხმების მოსაპოვებლად მიმართავენ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები. განვითარებული ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს აზრად არ მოუვა, რომ გზის დაგება, სანიაღვრე სისტემის მოგვარება, გაზიფიკაცია ან სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა დეპუტატობის კანდიდატს აჰკიდოს. საქართველოში კი ასეთი უზნეო პრაქტიკა წლების მანძილზე მოქმედებებს, რომლებიც რყვნის და აჩლუნგებს ამომრჩეველს. მოქალაქეს არ აინტერესებს კანდიდატის პროგრამა, მისი მსოფლმხედველობა, პოლიტიკური მისწრაფებები. იგი ევაჭრება კანდიდატს და, თავის მხრივ, ცდილობს მასზე ზეგავლენას, რათა საარჩევნო პერიოდში მაინც წაგლიჯოს ლუკმა, რადგან იცის, რომ არჩევნების დასრულებისთანავე არავის გაახსენდება.

მსგავსი დამოკიდებულება ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის დაუშვებელია, ამიტომაც არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსახლეობა მუდმივად განიცდის უკმაყოფილებას, რადგან უმრავლესად ის ირჩევს არა იდეოლოგიური შეხედულებებით, არამედ ყიდის თავის ხმას დაგებულ ასფალტზე, გაყვანილ კანალიზაციაზე ან, უბრალოდ, 50 ლარზე. ამომრჩეველი დააჩვიეს საარჩევნო სპეკულაციას, მმართველი ძალა სარგებლობას მისი სიდუხჭირით და ეს იქცა ნორმად. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კანდიდატის მიერ საკუთარი ან პარტიის სახსრებით ასფალტის დაგება ან სხვა ინფრასტრუქტურული მანიპულაცია არ არის ქველმოქმედება. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, მასზე ზემოქმედების განხორციელება, რომელიც კანონით იკრძალება. სანამ ასეთი პრაქტიკა არ აღმოიფხვრება, ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ ჩვენთვის სასურველ მთავრობას, რომელიც ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება.

ამომრჩეველი ვალდებულია, მაჟორიტარობის კანდიდატს საკუთარი სახსრებით ასფალტის დაგება კი არ მოსთხოვოს, არამედ მაღალკვალიფიციური შუამდგომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კანდიდატი კი, თავის მხრივ, ვალდებულია, დაარწმუნოს ამომრჩეველი თავის წესიერებაში და მასზე დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებაში.

მე, როგორც დიდუბის უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვაცხადებ, რომ არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა ამომრჩევლების მოსყიდვისა და, რომც მქონდეს, არ გავაკეთებდი ამას. თითქმის ყველა უბანში, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართე, ანალოგიური პრობლემები დამხვდა. რაც უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეს ამა თუ იმ კანდიდატს, ის მთელ რაიონს ვერ გასწვდება. თუ ერთ უბანში ან ერთ ქუჩაზე დააგე გზა, სხვა ქუჩების მცხოვრებლებმა რა დააშავეს?! ყველა შემთხვევაში .. ქველმოქმედება შერჩევითი გამოდის. ვიმეორებ: მსგავსიქველმოქმედებაამომრჩეველზე ზემოქმედების მცდელობაა. მოსახლეობისთვის გაცემული დაპირებების შესრულება კანონით განსაზღვრულ ვადებში უნდა ხდებოდეს და არა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

თუ ჩვენ ავდექით, თქვენ დაწვებით!”

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ვეტერანთა შესახებ კანონმდებლობის დანაშაულებრივმა შეცვლამ გამოიწვია ომის ვეტერანთა და ინვალიდთა უფლებების უპრეცენდენტო შელახვა. 2006 წლის 1 იანვრიდან გატარებული ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო ბაზა სრულიად განადგურდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ თანამემამულეებს მოეხსნათ კომუნალური, სატრანსპორტო, სამედიცინო შეღავათები, ასევე, წელიწადში ერთხელ საზღგვარგარეთ გამგზავრების დაფინანსება. მეორე და მესამე ჯგუფის ომის ინვალიდებს მათი დასაქმების შემთხვევაში მოეხსნათ სოციალური შემწეობა.

მსგავსი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სახელმწიფოსგან მოსახლეობის იმ ნაწილისადმი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყნის კეთილდღეობას, ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია! სამარცხვინოა ომის ვეტრანთა და ინვალიდთა მიმართ ასეთი დამამცირებელი მოპყრობა იმ ფონზე, როდესაც, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის სამედიცინო დახმარების პროგრამა მუშაობს, რომლის მიხედვითაც თბილისის საუკეთესო კლინიკებში მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ეწევათ აფხაზეთიდან ჩამოსულებს. პროგრამა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებასაც გულისხმობს. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ ის “ბოევიკებიც”, რომლებიც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის ფართომასშტაბიან ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში აქტიურად მონაწილეობდნენ.

2016 წელს ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში რეანომობილით მოიყვანეს რუსლან ქიშმარია, აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტთა აღმოსავლეთის ფრონტის ხელმძღვანელი, რომლის ბატალიონებმა გაიარეს მთელი სამეგრელო სამტრედიამდე. შემდგომში ქიშმარია გალის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თბილისში ფარულად, ქართული სპეცსამსხურების დაცვით, მეტადონის პროგრამის ფარგლებში ორჯერ კომპლექსურ გამოკვლევასა და მკურნალობას გადიოდა ვლადისლავ არძინბას ღვიძლი ძმისშვილი _ კემალ არძინბა, რომელმაც ჩაიდინა არაერთი ამაზრზენი დანაშაული _ მკვლელეობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება.

მაშინ, როდესაც სეპარატისტი კრიმინალები და დამშავეები სარგებლობენ ქართული სახელმწიფოს ქველმოქმდებით, ქართველი ომის ვეტერენები და ინვალიდები არიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი მათივე ხელისუფლების მხრიდან. დღეს 42 წლის ახალგაზრდა კაცს, ომის ვეტერანსა და სამი შვილის მამას არ აქვს სამსახური, არანაირი შემწეობა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცი, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში 4 ომი გამოიარა, ვერ ინახავს ოჯახს, ვერ აძლევს შვილებს სათანადო განათლებას, არარეალიზირებული და მიტოვებულია სახელმწიფოსგან. ჩემს მორიგ შეხვედრაზე ზაჰესში ამ ახალგაზრდა კაცის მხრიდან გამოთქმული სამართლიანი გულისწყრომა ათასობით ომის ვეტერანის გულისწყრომაა. ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი ზოგადსაკაცობრიო დანაშაულში მონაწილენი სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების უპრეცენდენტო პრივილეგიებით, რომლებიც არ ვრცელდება ომის ვეტერანებსა და ინვალიდებზე, არ ვრცელდება დევნილ მოსახლეობაზე, ამიტომაც 42 წლის აღშფოთებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ წარმოთქვა სიტყვები: თუ ჩვენ ავდექით, თქვენ დაწვებით!”. პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი მოსახლეობის დისკრიმინაციის, მისი უფლებების აშკარა შელახვისა და აბუჩად აგდების ხარჯზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავის მოსაწონებლად აბსურდული საქველმოქმედო აქციებისა და პროექტების განხორციელებით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს ქვეყანას. თუ სახელმწიფო არ შეიცვლის სტრატეგიას, მოსახლეობაში დაგროვებული აგრესია ადრე თუ გვიან ამოხეთქავს.

ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანთა საკანონმდებლო ბაზის ეტაპობრივი აღდგენაა, რომლის განსახორციელებლად ყველაფერს ვიღონებ.

დიდი დიღმის ზურგოვანის მთის წვერზე ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით უნდა აიგოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობა, რამდენიმე წელიწადია, მიმდინარეობს. მოსახლეობის უსახსრობის გამო მშენებლობა შეჩერებულია, თანაც ამოყვანილი კედლის ნაწილი ისე უხარისხოდაა ნაგები, რომ უკვე ბზარი გაუჩნდა. შესაბამისად, აშენებული ფრაგმენტი მთლიანად დასანგრევია, კედლების ამოყვანა კი უნდა დაიწყოს ხელახლა. ამ დიდ და კეთილშობილურ საქმეში თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, თუნდაც ერთი აგურის დადებით, რითაც უდიდეს მადლს გავიღებთ ზურგოვანის მოსახლეობისთვის. მივმართავ ადგილობრივ სტრუქტურებს და მოვუწოდებ, აღირსონ მოსახლეობას გზა და სანიაღვრე სისტემის მოგვარება. მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, ვპირდები ზურგოვანელებს, რომ თქვენი სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კოდალასავით არ მოვასვენებ ადგილობრივ მუნიციპალურ სტრუქტურებს.

ნაციონალური რეჟიმის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ირანში ტბის წყალმომარაგებას საქართველოს ტერიტორიიდან. საბედნიეროდ, ეს პროექტი, რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფას უქადდა იმ რეგიონს, რომლიდანაც უნდა მომხდარიყო წყლის გადაქაჩვა, შეჩერდა, თუმცა ეს საკითხი, როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ცდილობენ მის განახლებას. პროექტი თითქოს მომგებიანია და დიდი რაოდენობის ინვესტიციის შემოტანა შეუძლია ქვეყანაში, მაგრამ წყლის გადაქაჩვა თავისთავად გამოიწვევს მდინარის კალაპოტის შეცვლას, ეკოლოგიის შეცვლასა და ამ ზონაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას. დღეს თითქოს მომგებიანი პროექტი ხვალ ეკოლოგიურ კატასტროფას ნიშნავს. თქვენ შემთხვევაშიც, ჩემო ამომრჩევლებო, ანალოგიური მდგომარეობაა, ამიტომ მოგიწოდეთ, დაფიქრდეთ _ ვიდრე ასფალტის სანაცვლოდ მისცემდეთ ვინმეს ხმას, ღირს ეს ასფლატი ამად თუ ხვალ ეჭვქვეშ დადგება თქვენი უფლება საკუთრების შესახებ, თქვენი ან თქვენი ახლობლების პირადი უსაფრთხოება და მოქალაქეობრივი ღირსება?!

რაც შეეხება კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს, ბელიაშვილის ქუჩაზე საკმაოდ მძიმეა სოციალური ფონი _ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, მასობრივი უმუშევრობა. ძნელია ოჯახის გამოკვება, კომუნალური გადასახდების გადახდა. გამრიცხველიანების შემდეგ “თელასმა” ერთ-ერთ ოჯახს, რომელიც მიმდინარე დენის გადასახადს გაჭირვებით უმკლავდებოდა, საკმაოდ სოლიდური თანხა დაარიცხა. გადახდისუუნარო აბონენტს დენის მიწოდება შეუწყდა. სახელმწიფო ვალდებულია, მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, გაუწიოს შუამდგომლობა და კერძო კომპანიასთან წარმოქმნილი ასეთი პრობლემის შემთხვევაში დაიცვას მისი ინტერესები. არ არსებობს არანაირი მექანიზმი მსგავსი შუამდგომლობისა, რომლის გამოც სოციალურად დაუცველი დევნილი მოქალაქე კერძო კომპანიასთან პირისპირ რჩება და იჩაგრება.

აღნიშნულზე მივმართეთელასისსაპრეტენზიო განყოფილებას. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში სემეკსა და სასამრთლოს მივმართავ.

დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში უწევს ყოფნა. ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახში ფანჯრები არ არის. შესაბამის ორგანოებში შესატანად ვამზადებ შუამდგომლობას, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს საჭირო დახმარების აღმოჩენა.

ანალოგიური მდგომარეობა დამხვდა თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში. მოუწესრიგებელია მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველოყოფა, რომელიც ერთი ავტობუსის იმედადაა დარჩენილი.

დიღმის მასივში, “ტურბაზაში ჩასახლებულ დევნილებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოსახლეობას ზამთარში ჭარბი რაოდებობით უწევს ელექტროენერგიის მოხმარება, რისი გადახდის საშუალებაც არ გააჩნია. ზამთრის პერიოდში დასახლებაში მოაქვთ გარკვეული რაოდენობის შეშა, რომელიც იქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ შეშა მოსახლეებს უშუალოდ არ მიეწოდება. მას ყრიან დასახლებაში განსაზღვრულ ადგილას და დევნილებს თვითონ უწევთ მათთვის განკუთვნილი შემწეობის გადანაწილება, რაც დაკავშირებულია დავასა და დაპირისპირებასთან. შეშის ასეთი ფორმით მიწოდება შეურაცხმყოფელია _ თითქოს საკვებს ნახირს უყრიდნენ. ეს არის პროვაკაცია, რომელიც გულისხმობს დევნილებს შორის უთანხმოების ჩამოდგებასა და შუღლის გაღვივებას. რისთვის? იმ პრინციპით ხომ არა _ გათიშე და იბატონე?! ფაქტია, ვიღაცას ხელს არ აძლევს კომპაქტურ დასახლებებში დევნილთა ერთიანობა. ამასთანავე, საინტერესოა, რომელი კრიტერიუმებით მოხდა სოციალურად დაუცველი პირების შერჩევა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სოციალური ფონი ამ დასახლებაში საერთოდ მძიმეა. სითბო ზამთარში ყველას სჭირდება _ სოციალურად დაცულსა თუ დაუცველს. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი მოსახლეობას სახლში უვარდება. ტალახიანდება გზა და ფეხით მოსიარულეებისთვის ყოველი წვიმის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელი ხდება. “ტურბაზაში” მცხოვრებ დევნილებს მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობები დღემდე დაკანონებული არ აქვთ და ჰაერში არიან გამოკიდებულნი. კარგი იქნებოდა, თბილისის მერს თავისი მშობლიური სოფლის _ კოკის იერი მაინც მიეცა “ტურბაზის” დასახლებისთვის.

საკუთარ ნაჭუჭში მოქცეულნი

კომპაქტურ დასახლებებში არსებულ მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქრტურულ მდგომარეობასთან ერთად დამხვდა პრობლემა, რომლის არსებობა, სიმართლე გითხრათ, ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის. ხალხი, რომელსაც იძულებით დაატოვებინეს საკუთარი კერა, დღეს თავის მიწა-წყალს მოწყდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ცნობიერად და ეს არის ეროვნული ტრაგედია ჩვენი თანამედროვეობისა. ადამიანები ისე ჩაითრიეს სიდუხჭირის მორევში, ისე დაარეტიანეს უმუშევრობით, ბანკების სესხებით, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებით, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიოფებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, არამედ საკუთარ კერაზე, საკუთარ მიწაწყალზე, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და სადაც დატოვეს წინაპრების საფლავები, საუბარიც აღარ აინტერესებთ. შეხვედრისას ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც დასახლების მამასახლისად წარმომიდგინა თავი, მისაყვედურა, რომ საუბარი დავიწყე საკითხებით, რომლებიც შორსაა ყოფითი პრობლემებისგან, რომ ხალხს უჭირს და მისთვის სტრატეგიული საკითხები, ტერიტორიული მთლინობის პრობლემა და ა.შ. მეორეხარისხოვანია. დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ნაკვეთების დაკანონება კი დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე საკუთრი მიწა-წყლის დაბრუნებაზე ფიქრი. სამაჩაბლოდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმაც დაახლოებით ანალოგიური აზრი გამოთქვა. “ტურბაზაში” მეტწილად სამაჩაბლოდან დევნილი პირველი ნაკადია ჩასახლებული, რომელიც უკვე, დიდი ხანია, არავის ანაღვლებს.

ეს არის შედეგი ხელისუფლებაში მოსული პოლიკიტიკური სპეკულანტების მიერ საკუთარი მოსახლეობის მისამართით წარმოებული სოციალური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიური ძალადობისა. წლების განმავლობაში განხორციელებულმა ანტიეროვნულმა პოლიტიკამ საზოგადოებაში საყოველთაო უიმედობა დათესა. ადამიანებს დააკარგვინეს რწმენა უკეთესი მომავლის. მიმდინარეობს მოსახლეობის სოციალური პრობლემებით ზომბირება და დამონება. ამასობაში კი იზრდება თაობა, რომელიც არ იცნობს არც აფხაზეთს და არც სამაჩაბლოს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს. სკოლებში არ ისწავლება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი ტრაგედია _ აფხაზეთის ომი. ამის ნაცლად კი განათლების სამინისტრო საშუალო განათლების ფარგლებში ყოვლად უსარგებლო საგნების შემოღებას ლამობს, მაშინ, როდესაც აფხაზეთში მოზარდებს წამლავენ გაყალბებული ისტორიული ფაქტებითა და მოვლენებით, უნერგავენ ზიზღსა და სიძულვილს ქართველებისა და ყოველივე ქართულის მიმართ, ხოლო ჩვენი შვილები საკუთარი ქვეყნის ერთიანობისთვის დაცემული გმირების _ ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ჯუმბერ ბეთაშვილის, ვახტანგ გეგელაშვილის, მამია ალასანიას, გენო ადამიას, ზურაბ ჩიქოვანის, დიმა ჭუღღულიას, მამა ანდრია ყურაშვილის, იური ანუას, ვოვა ვეკუას, დავით ქეცბაიას, გიორგი მიროტაძისა და სხვა გმირების წმინდა სახელებს არ იცნობენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/chiqovani-2.jpg

საშუალო განათლების ფარგლებში საქართველოს უახლესი ისტორია აფხაზეთის ომის გარეშე არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან დაუშვებელია საკუთარი ქვეყნის წარსულის უცოდინარი თაობის აღზრდა! სამწუხაროა, რომ 24 წლის განმავლობაში არც აფხაზეთის დევნილ მთავრობას და არც საქართველოს ხელისუფლებას ამაზე არ უფიქრია. ეს საკითხი ჩემთვის უზენაესი მნიშვნელობისაა და ყველაფერს ვიღონებ, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! და ის კედელიც აგებული გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაცემულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, გახდეს სრულყოფილი.

ტელეკომპანია “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “საღამოს თოქშოუში” მამუკა ტუსკაძესთან, რომელიც მიეძღვნა 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყებას, ამ საკითხს დიდი გულისტკივილით შევეხე. ამავე გადაცემაში ვახსენე კაცი, რომელიც რესპუბლიკელებმა კონსტიტუციის გვერდის ავლით პირდაპირ დასვევს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებითი შემსრულებლის თანამდებობაზე. ეს გახლავთ რესპუბლიკელთა იდოლოგიური თანამოაზრე, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მომხრე _ ვახტანგ ყოლბაია. ჩემთან პირად საუბარში მან აღიარა, რომ “20 წელიწადი გავიდა და დროა, აფხაზებს თავისუფლება მივცეთ და ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა”. საქართველოს კონსტიტუციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევით რესპუბლიკელებმა შექმნეს კონსტიტუციური კაზუსი, რადგან დაუშვებელია სამი წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარე დროებითი შემსრულებლის სტატუსით სარგებლობდეს. სწორედ რესპუბლიკელთა მიერ ხელდასმული ყოლბაიას წარმომადგენელი ერთადერთი სუბიექტია, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას და ეს ფაქტი აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის ინტერსებს დამცველი არ ჰყავს.

ჩემი განცხადებით გაცეცხლებულ ყოლბაიასობიექტივმაეთერი დაუთმო. იმავე გადაცემასაღამოს თოქშოუშიმამუკა ტუსკაძესთან ვახტან ყოლბაიას არა მხოლოდ უარგუმენტო, არამედ სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ჰქონდა. მეტიც, ურცხვად მიიწერა ჩემი საყვედური იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტრაგედია სკოლებში არ ისწავლება და განაცხადა, თითქოს უკვე დიდი ხანია, განათლების სამინისტროსთან ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამაოცა გადაცემის წამყვანის მამუკა ტუსკაძის უცნაურმა ფერისცვალებამ. პირდაპირ ეთერში ჩემთან საუბრისას აფხაზეთის მიმართ კაპიტულანტური პოლიტიკით აღშფოთებული წამყვანი, ამ პოლიტიკის დამქაშ ყოლბაიას ნოტებზე ელაპარაკებოდა. ნუთუ ასე დააშინა ტუსკაძე ყოლბაიას გაცეცხლებამ და მასთან ერთად ობიექტურიობიექტივი”?! არა მგონია, განწყობისა და ხასიათის ხშირი ცვლილება წაადგეს ამ ახალაგზრდა კაცს მის ახალ საქმიანობაში. დღეს ტუსკაძე გლდანში მაჟორიტარად იყრის კენჭს და მე მას გამარჯვებასა და მეტ პრინციპულობას ვუსურვებდი.

ძნელია ამ ფონზე გაამტყუნო ხალხი, რომელიც თვითან თვემდე 45-ლარიან შემწეობას ელოდება. სასაცილოა დევნილთა დახმარების თანხა, რომელიც საარსებო მინიმუმს ვერ უტოლდება. ოჯახებს, რომლებიც უმუშევართა მრავალრიცხოვან კატეგორიას განეკუთვნებიან, წინასწარ გამოაქვთ დევნილის დახმარება, ხოლო ბანკი სახელმწიფოს მხრიდან მიგდებულ კაპიკებზე პროცენტს უქვითავს. მეტიც, ბოლო ორი თვეა, რაც ბანკი მეხუთე თვის დახმარებას წინასწარ აღარ გასცემს იმ მოტივით, რომ სესხი მთლიანად უნდა დაიფაროს. მაშინ როგორ მოიქცეს დევნილი, რომელსაც ამის გარდა სხვა საარსებო წყარო არ აქვს? უსამართლობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხდება აღმაშფოთებელია. თბილისში “მოგზაურობამ” დამიტოვა განცდა იმისა, რომ საქართველოს დიდი დეპრესიის ხანა დაუდგა, როგორც ეს 20-30 წლების ამერიკას გადახდა თავს. მაგრამ მიუხედავად გაჭირვებისა, ჩემსა და დევნილებს შორის გალღვა ყინული და ვიგრძენი, რომ შევძელი მიმეღწია მათგულებამდე.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მთავარი _ ყოფითის დალაგება ცნობიერების დალაგებით იწყება. სახელმწიფო აზროვნება _ ეს არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ამ ურთულესს ვითარებაში. ამიტომ ხელისუფლებამ, მთავრობამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა უნდა მიმართონ ძალისხმევა ამ აზროვნების ჩამოყალიბებისა დაპოპულარიზაციისაკენ. საქართველოს გამთლიანების საკითხზე რეგულარულად უნდა ლაპარაკობდნენ საპარლამენტო ტრიბუნაზე, საეთერო სივრცეში, პრესაში. ეს უნდა იყოს სახელწიფოს ნომერი პირველი საზრუნავი, პირველი მიზანი, ყოველდღე ერთმანეთისთვის შეხსენება იმისა, რომ საქართველოს დასათმობი მიწები არა აქვს.

ნაცვლად ამისა, ბოლო მოწვევის პარლამენტში ურთიერთბრალდებებსა და პოლიტიკურ კინკლაობას მოანდომეს დრო, რომელიც საბოლოოდ კოაბიტაციური გარიგებით დაგვირგვინდა, ხოლო რიხიანი დაპირებები სიტყვად დარჩა. ხალხის უნდობლობა ხელისუფლებისადმი გაიზარდა და წარმოქმნა ბარიერი, რომლის გადალახვა დღეს, ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. საზოგადოების ინტერესებზე აგებული სწორი სახელმწიფო იდეოლოგიის დანერგვა არის შესაძლებლობა ხელისულებასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა, რომელიც აპათიიდან გამოიყვანს ხალხს და მაშინ თვით საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება და დაეხმარება ხელისუფლებას მთავარი გამოწვევების გადალახვაში.

დღეს წამყვან პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ თავისი მყარი და სტაბილური ელექტორატი, ამიტომ მნიშვნელოვნია თქვენი აქტივობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტორატი გადაწყვეტს არჩვენების შედეგებს, რომელიც ამომრჩევლის დაბალი აქტივობის გამო არ იქნება ხალხის არჩევანისა და ნების გამომხატველი. ამიტომ გთხოვთ, გაეცანით ყველა კანდიდატისა თუ პარტიის პროგრამას, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნა და მიდით საარჩევნო ურნებთან, რათა აირჩიოთ ღირსეული მომავალი, სადაც ზნეობა და მამულიშვილობა იქნება უზენაესი.

ზურაბ ჩიქოვანი,

დიდუბის რაიონის უპარტიო დამოუკიდებელი

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #43

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here