Home რუბრიკები საზოგადოება რა უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან

რა უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან

529

შვეიცარიის მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნა. მოსახლეობას ორი კითხვა დაუსვეს _ სურთ თუ არა პენსიის გაზრდა 10%-ით და სურთ თუ არა, რომ მათი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ჰქონდეს მოქალაქეების მოსმენისა და მათი ელექტრონული ფოსტის კონტროლის უფლება?

გამოკითხულთა 65,5%-მა აღნიშნა, რომ პენსიის მომატება უმართებულოა, რადგან ეს ბიუჯეტს დააწვება, ხოლო მოსმენა და კონტროლი არ იქნება ცუდი, რადგან ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და ყველა ქვეყანაში ტერორისტების ეშინიათ. გადაწყდა, რომ პენსია არ მოიმატებს, ხოლო უშიშროების სამსახური თვეში ერთხელ საეჭვო რეპუტაციის მქონე მოქალაქეებს მოუსმენს.

ეს ყველაფერი რომ წავიკითხე, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორი გამახსენდა, გერმანიიდან სტუმრად იყო ჩამოსული და გაზეთებზე ვკითხე, როგორ იყიდება, რა სისტემაა-მეთქი. ჰოდა, იმანაც ამიხსნა, სტელაჟებზე ალაგია, მიხვალ, აიღებ, ბარათს გაატარებ და წახვალ შენთვის, გამყიდველი არ ჰყავსო. და ისე რომ აიღო, ბარათი რომ არ გაატარო, რა მოხდება-მეთქი და… რატომ არ უნდა გაატაროო? _ თვალები შუბლზე აუვიდა პროფესორს.

ახლა წარმოიდგინეთ ანალოგიური გამოკითხვა რომ ჩატარდეს საქართველოში, რა შედეგს მივიღებთ: ჯერ ერთი _ რეფერენდუმზე ხალხის გამოყვანა გაჭირდება, რადგან პოლიტიკური კულტურა, რბილად რომ ვთქვათ, სასურველ დონეზე არ არის, და მეორეც _ მოსახლეობა არ დაინტერესდება, რა დაემართება ბიუჯეტს, ისე იტყვის თანხმობას პენსიის მომატებაზე და კატეგორიულ უარს _ მოსმენაზე. ჰოდა, სანამ იმ დონემდე არ მივალთ, რომ გერმანელი (ფრანგი, შვეიცარიელი, დანიელი…) პროფესორი გაოცებით არ გვკითხავს, რატომო, მანამდე არაფერი გვეშველება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here