Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობები

704

ჩვენი მკითხველისთვის დღეს წარდგენილი პუბლიკაციის ავტორი დამოუკიდებელი საქართველოს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, პოლიტიკისა და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძეა. საარჩევნო ბლოკმათოფაძემრეწველები, ჩვენი სამშობლობატონი ჯემალი გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

“ბედნიერი ვარ, რომ არ მაქვს უფლება, დიდი შეცდომისა, რადგან მე პატარა ერის შვილი ვარ”, _ ამბობს ებრაული სიბრძნე, რომელიც სრულად მიესადაგება საქართველოს წარსულსა და დღევანდელობას.

ჩვენს ისედაც პატარა ქვეყანას დაკარგული აქვს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. საქართველოს ხელისუფლება, მისი სახელმწიფოებრივი იურისდიქცია ამ ორ განდგომილ რეგიონზე არ ვრცელდება.

გავიდა საუკუნის მეოთხედი. ამ ხნის განმავლობაში, კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით, გვქონდა რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული გარკვეული წინსვლა. ამასთანავე, გვქონდა მარცხი, შეცდომები, გამოუცდელობით გამოწვეული, დინების საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დანაშაულებრივი წინდაუხედავობაც, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ რუსეთთან ომში გადაიზარდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სამხედრო კრახით დამთავრდა.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტების დარეგულირების რამდენიმე შედეგიანი პრეცედენტის ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ მათი გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, მოლაპარაკებით, კომპრომისებით, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. უახლესი ისტორიის გაკვეთილები იმაზე მიგვითითებს, რომ თუნდაც ყოფით დონეზე ეპიზოდურად კომერციული და ბიზნესურთიერთობების დაწყებას და მათ ეტაპობრივად, მზარდ განვითარებას, რომელიც პოლიტიკურ ენაზე დიალოგის დაწყებასაც ნიშნავს, ალტერნატივა არ აქვს.

უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვა იყო, არის და იქნება მცირე და დიდი ერების და, შესაბამისად, ქვეყნების მუდმივი საზრუნავი; აქედან გამომდინარე _ ეროვნული ინტერესების შემადგენელიც. იგი პირდაპირ დაკავშირებულია არამხოლოდ თვითგადარჩენასთან, არამედ განვითარების მთავარი ფაქტორიცაა. თუ არ არის ასეთი მუდმივი მისწრაფება, მაშინ მცირენიც და დიდნიც თვითლიკვიდაციას აცხადებენ. მსგავსი ეტაპები ჩვენ უკვე გავიარეთ, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ სიტუაციასა და დროში. მათ შორის, ერთ-ერთი ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ფენომენი იყო. სწორედ ამით გვინდა დავიწყოთ.

მშვიდობიანი ანკლავი

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაყინული კონფლიქტების პერიოდში ერგნეთის ბაზრობა, გარკვეულწილად, მშვიდობიანობის ანკლავი იყო. პრაგმატული რეალპოლიტიკა უთუოდ მოითხოვდა ამ ანკლავის გაფართოებისთვის ხელის შეწყობას, ყოველ შემთხვევაში, მისი თვითდინების შეუფერხებლობას. შეიძლება გადაჭარბებაში ჩაგვითვალონ, მაგრამ გვგონია, რომ ცხინვალსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემის გადაჭრის სხვა მშვიდობიან საშუალებათაგანერგნეთიყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

ერგნეთის ბაზრობა, ნეგატიური მხარეების მიუხედავად, ქართველებისა და ოსების ურთიერთობის დათბობის ბუნებრივ ზონადაც ჩამოყალიბდა. აშკარად შეიმჩნეოდა, რომ არაფორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ ზონას, სოციალურ-ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. ჩვენი თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობაზე არსებული ქაოსი საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს დაქვემდებარებულ მართვად პროცესად უნდა გადაქცეულიყო. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, უფრო ზუსტად, სახეზე გვქონდა პოლიტიკისა და კანონის დაპირისპირება. ხელისუფლებამ მაშინ უპირატესობა მოქმედ კანონმდებლობას მიანიჭა.

სწორედ ასეთ ფონზე, ამ ვითარებაში 1996-1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რამდენჯერმე შეხვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელ ლუდვიგ ჩიბიროვს ჯერ ვლადიკავკაზში, შემდეგ _ ლიკანსა და ჯავაში. შეიქმნა რეალური პირობები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

სამივე შეხვედრის შედეგები შეჯამდა 1998 წლის 20 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორივე მხარეერთგულებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, ხელმძღვანელობს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპითა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებით და კვლავ ადასტურებს, რომ ქართველი და ოსი ხალხების აწყმო და მომავალი განუყრელადაა დაკავშირებული მშვიდობის შენარჩუნებასა და განმტკიცებასთან, ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებასთან. რაგინდ რთულიც უნდა იყოს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, ისინი უნდა გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით, პოლიტიკური დიალოგის გზით, აგრეთვე, სახალხო დიპლომატიის მექანიზმების გამოყენებით”.

“მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სამეურნეო ურთიერთობების დამყარების საქმეში მომხდარი ძვრები. მაგალითად, სააქციო საზოგადოება “ყაზბეგმა” და ცხინვალის ლუდისა და ხილის წვენების ქარხანამ შექმნეს ლუდსახდელი ერთობლივი საწარმო. მიღწეულია მორიგება ფიჭური სატელოფონო კავშირის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ კომპანია “მაგთისა” და სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის საწარმოო გაერთიანებას შორის. წამოყენებულია ინიციატივა ფირმა “მთებისა” და ცხინვალის ქარხანა “ემალსადენის” ურთიერთქმედების შესახებ” და ა.შ.

არც ერთი შეხვედრა არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მათ ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზანი _ ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება, რომელიც ორივე მხარის ხალხების ნების აღსრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

ამასთანავე, ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მხარეები აშკარად ერიდებოდნენ, მეტი კონკრეტულობა შეეტანათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამომავლო სახელმწიფოებრივი სტატუსის განსაზღვრაში, რაც შემთხვევითი არ იყო.

რა ხდებოდა ქვედა ეშელონებში?

პარალელურად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაუბრკოლებლად ხვდებოდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წევრებს (ეს ხდებოდა ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ნახევრად ფარულად და ზოგჯერ ღიად, მედიის თანდასწრებით). კარგად მუშაობდა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პირადი კონტაქტებიც.

შედეგად შესაძლებელი შეიქნა, სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციის რეალური გზების პოვნა, განსაკუთრებით, ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გადაწყდა, შემუშავებულიყო ერთობლივი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მოიცავდა, როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს, ასევე, შიდა ქართლის იმ ტერიტორიებს, რომლებიც ადმინისტრაციულად ოსეთს ესაზღვრებოდა. შემუშავდა პროგრამები, სარწყავი და ენერგეტიკული, სატელეფონო და სხვა სისტემის მოსაწესრიგებლად, საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლის გასაძლიერებლად, განათლების სისტემისთვის ხელშესაწყობად, კულტურული კავშირების აღდგენისა და, რა თქმა უნდა, ლტოლვილების დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ოსებსაც ხელს აძლევდა ასეთი ვითარება. საგულისხმოა, რომ არაფორმალურ მჭიდრო ურთიერთობებს მიესალმებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მართალია, კონფლიქტი ფორმალურად მაინც კონფლიქტად რჩებოდა, მაგრამ უკვე სახეშეცვლილი, არააგრესიული იყო.

ის, რომ ვერ მოხერხდა აღნიშნული ფაქტორის გამოყენებით სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირება, მრავალი მიზეზით აიხსნება. მათ შორის ყველაზე მეტად ხელი შეგვიშალა კონტრაბანდამ, რომელმაც 1992-2001 წლებში წალეკა საქართველოს ეკონომიკა. კორუფცია, ბიუჯეტის დეფიციტი, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხი სულ უფრო ზღუდავდა ჩვენს შესაძლებლობას. ერთობლივ ეკონომიკურ პროგრამებს კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა არ ჰყოფნიდა. თანდათან დაიკარგა პოლიტიკური ენთუზიაზმი, არ იაქტიურა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. პოლიტიკური შეხლაშემოხლის მიზეზი ხდებოდა სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი და სხვა მსგავსი პრობლემები.

იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების არც სათანადო გამოცდილება ჰქონდა და არც შესათავაზებელი წინადადებების სრული პაკეტი, მათ შორის, არც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და მათ შორის ძალაუფლების განაწილებისა და კომპეტენციათა გამიჯვნის, ავტონომიურ ერთეულებში მმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრის და სხვ., ვგულისხმობ ისეთ საკითხებს, რომლებიც მისაღები იქნებოდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დიდხანს მიგვაჩნდა ძალის გამოყენება მიზნის მისაღწევ საშუალებად, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან უაზრობაა და სხვა არაფერი.

ნაკლებად იყო ჩვენთვის ცნობილი ჩინეთის სახელმწიფოში ჰონკონგის მშვიდობიანად დაბრუნების პრეცედენტი, რომელიც განხორციელდა 1997 წელს, ან როგორ შეძლო იტალიის ხელისუფლებამ გერმანელებით დასახლებული სამხრეთ ტიროლის პრობლემების გადაწყვეტა და სხვ.

მოსკოვი, 1995 წლის 30 მარტი

ერგნეთის ბაზრობის ანატომიის ეკონომიკურმა და პოლიტიკურ-სამართლებრივმა ანალიზმა საშუალება მოგვცა, წარმოგვედგინა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თავისთავად ლოგიკურია, რომ გვერდს ვერ ავუვლიდით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ იმდროინდელ მოვლენებს; კერძოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ერგნეთის ანალოგიურად კომერციული ურთიერთობა დაიწყო ქაოსურად და არაორგანიზებულად, თუმცა თანდათან მასშტაბური სახე მიიღო თხილის, მანდარინის, ჯართისა და სხვა ბიზნესის სახით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა ორივე მხარეში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის შემოსავლისა და ოჯახის გადარჩენის საშუალებად იქცა, თუმცა მაშინ ვერც ეს გარემოება გამოვიყენეთ კონფლიქტის მოგვარების ინსტრუმენტად; პირიქით _ ხელი შევუშალეთ მის შემდგომ განვითარებას პროცესის შესაძლებელი კრიმინალიზაციის შიშით.

ეს იყო საერთო პროცესის ერთი მხარე, რომელიც ძირითადად მაინც ყოფით, უმართავ და ხელისუფლების მხრიდან არაორგანიზებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პარალელურად, ოფიციალურ დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რუსეთის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა სხვადასხვა დონის მოლაპარაკებები ქართულაფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა და წინა პლანზე იყო წარმოწეული დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხი თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.

სწორედ ეს მიმართულება შეიქნა ჩვენი კვლევის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ამ საკითხზე დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებაზე შეთანხმების პროექტი, რომელიც შედგა ქალაქ მოსკოვში 1995 წლის 30 მარტს. ეს იყო რეალობასთან მიახლოებული, ორივე მხარის ნების მეტ-ნაკლებად გამომხატველი, ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. მას შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაში ასეთი წინსვლა არ ყოფილა. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროსა და ეუთოს, 100-ზე მეტი რეზოლუციისა, დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხი დღემდე გაურკვევლობის და უიმედობის ბურუსშია გახვეული.

მოსკოვის 1995 წლის 30 მარტის შეთანხმების გავლენით პირველად პოზიტიურ პოზიციებზე დადგნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზ და ქართველ დეპუტატთა ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზგასმით მიუთითეს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება დამღუპველია მხარეებისთვის და გამოხატეს მზადყოფნა, ბოლო მოუღონ უაზრო სისხლისღვრას. შეთანხმდნენ, რომ ქართულაფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეგულირებისთვის აუცილებელია ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა სასწრაფო და ღირსეული დაბრუნება მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში.

ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ “მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სისხლით ნათესაური კავშირებისა და აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის საუკეთესო ტრადიციების აღორძინებასა და განმტკიცებას”.

შეთანხმების პროექტში აუცილებელ პირობად ჩაიწერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსისა და სახელმწიფოსამართლებრივი მოწყობის განხილვისას აუცილებელი იქნება აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების მაქსიმალური გაფართოების აღნიშვნა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდში პირველად იქნა აღიარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზ და ქართველ დეპუტატთა მიერ საქართველოს შემადგენობაში აფხაზეთის, როგორც პოლიტიკური სტატუსის გაფართოება, ასევე ეკონომიკურ საკითხებში მისი უფლებების გაზრდის აუცილებლობა. ეს, ჩვენი აზრით, მეტად მნიშნელოვანი იყო, რადგან კონფლიქტის დარეგულირება რეალპოლიტიკის რელსებზე დადგებოდა და აუცილებლად მოიტანდა სასურველ შედეგს.

ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ მხარეები თანხმდებოდნენ შემდეგზე:

“1. განეხორციელებინათ ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება, მათი ანკეტირების გარეშე, იმ პირთა გამოკლებით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას, სისხლიან დაპირისპირებას და რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულთა ჩადენაში;

2. იმ პირთა სია, რომლებსაც უარი ეთქვათ დაბრუნებაზე, უმოკლეს ვადაში უნდა გადასცემოდა ქართულ მხარეს ორ ან ოთხმხრივ კომისიაზე განსახილველად, ისევე, როგორც აფხაზურ მხარეს _ იმ პირთა სია, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ანალოგიურ ქმედებაში.

ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება განხორციელდებოდა ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე ლტოლვილები დაბრუნდებოდნენ გალის რაიონში; შემდეგ _ მდინარე ფსოუს მხრიდან გაგრასა და გაგრის ზონაში; მესამე ეტაპზეგულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებსა და . სოხუმში, ხოლო შემდეგ _ აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში.

ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში დაიწყებოდა აპრილის შუა რიცხვებიდან და დასრულდებოდა ივნისის ბოლოს.

გაგრასა და გაგრის ზონაში მათი დაბრუნება გათვალისწინებული იყო მაისის დასაწყისიდან და დასრულდებოდა შემოდგომის ბოლოსთვის.

გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებსა და . სოხუმში ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა რეპატრიაცია დაიწყებოდა ივლისში და დასრულდება ისევე, როგორც აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში, 1995 წლის ბოლოს”.

შეთანხმებით გათვალისწინებული იყო დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებები და მათი რეალიზაციის კონტროლის მექანიზმები.

ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებაზე შეთანხმების პროექტს ხელს აწერდნენ: ფხაზთა მხრიდან ანრი ჯერგენია, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; ქართველთა მხრიდან ნაპო მესხია, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დელეგაციის წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

სამწუხაროდ, შეთანხმების პროექტის შემდგომი განხილვა საქართველოს ხელისუფლებისა და მაშინდელი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ განხორციელებულა და, აქედან გამომდინარე, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების ყველაზე რეალური პროექტი საერთოდ გაქრა.

აღნიშნული დოკუმენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული მახასიათებლების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:

1. უახლესი ისტორიის 20-წლიანი გადმოსახედიდან, შეთანხმების დოკუმენტი კონფლიქტური მხარეების შერიგებისთვის, ურთიერთპატიებისა და თანაცხოვრებისთვის ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო; ამასთანავე, _ქართველი და აფხაზი ხალხების ერთად ცხოვრების ისტორიისადმი აშკარად პოზიტიური დამოკიდებულების გამომხატველი. უფრო მეტიც, იგი განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა ქართველი და აფხაზი ხალხის ძმური თანაცხოვრების პერსპექტივას, როგორც აუცილებლობას მათი შემდგომი განვითარებისთვის;

2. პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ დოკუმენტის ავტორები და მონაწილეები კონფლიქტის მოგვარების გზას, უწინარეს ყოვლისა, დევნილთა დაბრუნებაში ხედავდნენ. მის შედგენაში, ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ ის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც რეალურად გააჩნდათ ამისთვის საჭირო ბერკეტები და ხელეწიფებოდათ მისი გადაწყვეტისთვის ხელშეწყობა. მთავარი იყო ის, რომ შეთანხმდნენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები, ისინი, ვისაც აფხაზეთის მომავალზე მანამდე რადიკალურად განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. ეს კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში დიდი გარღვევა იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ისიც, რომ დოკუმენტი ქ. მოსკოვში შედგა;

3. იურიდიული თვალსაზრისით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტში იმ დროის რეალიების მიხედვით შესაძლებლობის მაქსიმუმია გათალისწინებული დაბრუნებული მოსახლეობის დაცვისა და მისი უსაფრთხოების მიზნით. იურიდიულად გამართულია და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური პრინციპების _ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პატივისცემის სულისკვეთებითაა შედგენილი.

ჩვენი პარტიის პროგრამაში დეტალურად არის ჩაწერილი, რომ საქართველოს გაერთიანების პრობლემა უპირველესია იმ პრობლემათა შორის, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და ამიტომ ჩვენი მომავალი საქმიანობა მისი სრულად გადაჭრისკენ იქნება წარმართული.

ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ პროგრამის ამ ნაწილის პრესაში ფართოდ და მკითხველებისთვის გასაგებად წარდგენა.

ჯემალ გახოკიძე,

პოლიტიკისა და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here