Home რუბრიკები საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების ხუთი წესი, რომლებსაც ლეო ბოკერია გვთავაზობს

ჯანსაღი ცხოვრების ხუთი წესი, რომლებსაც ლეო ბოკერია გვთავაზობს

832

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბავშვთა კარდიოქირურგმა ლეო ბოკერიამსაქართველო და მსოფლიოსთვისმიცემულ ინტერვიუშისანამ ცოცხალი ვარ…”, რომელიც 2014 წლის 3 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა, ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად ისაუბრა სპარტანულ ცხოვრების წესზე, რომელსაც იგი ერთგულად იცავს. დღეს გთავაზობთ მის რჩევადარიგებას ჯანსაღი ცხოვრების ხუთი წესის შესახებ. თუ დაიცავთ, მოგებული დარჩებით.

I. მოძრაობა

_ არა მხოლოდ მე, _ ამბობს ბატონი ლეო, _ არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც მიაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა გაიაროს არანაკლებ 10 ათასი ნაბიჯი 40 წუთის განმავლობაში, ნორმალურ, უცვლელ ტემპში. არ უნდა იჩქაროთ, არ უნდა ირბინოთ. ეს უნდა იყოს გასეირნება. კარგი იქნება, თუ სიარულის დაწყებამდე გაიზომავთ წნევას და დაითვლით პულსს. ასეთი სეირნობა დადებითად მოქმედებს სუნთქვაზე, გულის რიტმზე, მშვიდ ტემპში ავარჯიშებს კუნთებს, სისხლძარღვებს.

II. ოპტიმიზმი

_ ყოველ დილას გაღიმებით ვიწყებ. თითქოს არაფერია, მაგრამ ძალიან მეხმარება, საჭირო განწყობილებას უმალვე მიქმნის, რომელიც მთელ დღეს გამყვება ხოლმე. გაუღიმე შენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საკუთარ თავს სარკეში. და განწყობილება უმალვე გამოგისწორდება. მე, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ოჯახი მყავს _ ყველას გვიყვარს ერთმანეთი და გვჯერა მომავლის. ძალიან მახარებს, რომ ჩემი ორივე ქალიშვილი, ორივე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჩემი შვილიშვილები ოპტიმისტები არიან. დამტკიცებულია: ოპტიმისტები ცხოვრობენ დიდხანს!

III. მეგობრები

_ ჩვენ ვაწყობთ “გასეირნებას ექიმთან ერთად”. ამ დროს ადამიანები ინტერესების მიხედვით ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან, განიხილავენ პრობლემებს, მეგობრდებიან. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე უფრო შესანიშნავია ჩვენს არცთუ მშვიდ ცხოვრებაში. მე რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ნებისმიერ დროს დამეხმარებიან. ეს მამშვიდებს და მამხნევებს.

IV. წონის გაკონტროლება

_ ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 60-იანი წლების დასაწყისში, კოსტიუმი შევიკერე და ამას წინათ ტანსაცმელს რომ ვათვალიერებდი, ვიპოვე. სიმპათიურად გამოიყურება. ჩავიცვი და მომერგო. სამსახურშიც წავედი ამ კოსტიუმში გამოწყობილი. ვერავინ შეამჩნია, რომ წარსულიდან იყო… ამას იმიტომ გიყვებით, რომ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე წონა შეინარჩუნოთ. ზომიერად, მრავალფეროვნად იკვებეთ და გული მადლობას გეტყვით.

V. ცხოვრების მიზანი

_ ჩემი პროფესიისთვის, 40 წელიწადია, არ მიღალატია. მიყვარს. ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რისი ძალაც შემწევს, რათა ბავშვთა კარდიოლოგიაში ყველაფერი კარგად იყოს აწყობილი. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. ისინი, უწინარესად, დაფინანსებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი ექიმები გვყავს, სანიმუშო პროფესიონალები, და ყოველთვის მახარებს, რომ ჩემმა შვილიშვილმა გოგონებმა ბევრი რამ იციან გულის აღნაგობის, კარდიოლოგიის შესახებ; იციან ისიც, რა მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების საქმით და ჩემი მონაგარიც, აგრეთვე. ეს მმატებს ძალას თითოეული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნების საქმეში.

1 COMMENT

  1. ლეო ქართველთა საამაყო სახეა რუსეთში! ქართული დიპლომატიის კაშკაშა ვარსკვლავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here