Home რუბრიკები საზოგადოება ქვეყანაში დომხალია, ანუ გზა არსაით

ქვეყანაში დომხალია, ანუ გზა არსაით

650

მეოთხედი საუკუნე გავიდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და სიხარულის მაგივრად, ჩვენდა სამწუხაროდ, მივიღეთ:

*დანგრეული ეკონომიკა;

*დანგრეული სოფლის მეურნეობა;

*გამათხოვრებული ხალხი;

* ქვეყნიდან გაქცეული მილიონზე მეტი მოქალაქე;

*დაკარგული ტერიტორიები.

*დემოგრაფებმა საქართველო შეიტანეს მომაკვდავ ერთა სიაში.

იცვლება ხელისუფლებები (გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ბოლოს _ ივანიშვილის), მაგრამ თითქმის არაფერი იცვლება უკეთესობისკენ.

ახლა მოდის მორიგი არჩევნები და, სავარაუდოდ, იგივე ხელისუფლება, ოღონდ არა ძველი უპირატესობით (თუ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად), დარჩება ქვეყნის სათავეში და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წარმატებულია, არამედ იმიტომ, რომ არ ჩანს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან და ამოტომ, როგორც ქართულ ანდაზაშია, “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ”.

ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაში გამეფებულია უიმედობა. ხალხი დაბნეულია, არ იცის, რა ქნას; არ იცის, რა ელის ხვალ.

ყოველივე ეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის ბრალიცაა. ხალხში გამჯდარია ე.წ. ბელადომანია.

ყველა მთავრობა, გამსახურდიას ხელისუფლებით დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული, ჩვენივე გულუბრყვილობით ვაქციეთ ბელადებად, ავირჩიეთ დიდი უპირატესობით და, სულ რაღაც, თვეების შემდეგ მივიღეთ იმედგაცრუება.

სასწაული არ მოხდა _ ე.წ. ბელადმა ქვეყანა ვერ ააღორძინა. მაინცდამაინც არც ჰქონია ამისი არც რესურსი და არც სურვილი.

ე.წ. ბელადების სიტყვები მხოლოდ სუფრასთან ნათქვამი სადღეგრძელოს დონის იყო. გარშემო შემოიკრიბეს ათასი ჯურის მედროვეები და ხალხი გაბრიყვებული დატოვეს.

მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, მოვა კარგი მთავრობა და ყველა კარგად იცხოვრებს. არადა, ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში კარგი ცხოვრება მხოლოდ თითოეული მოქალაქის დიდი შრომითა და ინიციატივით მიიღწევა და არა _ კარგი მთავრობით.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ დღევანდელ სიტუაციას.

ქვეყანაში არსებობს 200-ზე მეტი პარტია. არადა, გაცილებით კარგი იქნებოდა, ყოფილიყო 200-ზე მეტი საწარმო, რომლებშიც ხალხი დასაქმდებოდა.

პარტიების უმრავლესობა დასაქმებულია დემაგოგიით და ხალხის გაბრიყვებით. რასაკვირველია, თუ სინდისზე ხელს აიღებ, დემაგოგია უფრო ადვილია, ვიდრე თანამედროვე წარმოების ამუშავება.

200-ზე მეტი პარტიიდან 10 საპარლამენტო პარტიაა, 16 _ არასაპარლამენტო, დანარჩენი კი _ მცირერიცხოვანი და არაფრისმაქნისი.

ბუნებრივია, ყველა პარტიის მიზანი ხელისუფლებაში მოხვედრაა, მაგრამ მათ უმეტესობას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის.

ახლა რაც შეეხება დღევანდელ პარლამენტს.

დღევანდელი პარლამენტი გავსებულია არაკვალიფიციური ადამიანებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სამარცხვინო პარლამენტი ქვეყანას, ალბათ, არასოდეს ჰყოლია. პარლამენტის წევრობისთვის არ არის საჭირო არც კვალიფიკაცია, არც გამოცდილება, არც პასუხისმგებლობა.

მთავარია ბელადის კეთილგანწყობა.

და მოდიან პარლამენტარებად სპორტსმენები, მსახიობები, რეჟისორები, ბიზნესმენები და ბელადის ნაცნობ-მეგობრები.

არ მინდა, დავაკნინო ზემოთ ნახსენები ხალხის ღირსება, მაგრამ ყველას თავისი მოქმედების სფერო უნდა ჰქონდეს.

ეს მაგონებს კომუნისტებისდროინდელ დეპუტატებს. იმხანად დეპუტატებად ირჩევდნენ (უფრო სწორად ნიშნავდნენ) მოწინავე ტრაქტორისტებს, მეჩაიეებს, მეშახტეებს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ საპარლამენტო მუშაობაზე და მხოლოდ ხელის აწევა ევალებოდათ კენჭისყრისას, მაგრამ, დღევანდელი პარლამენტარებისგან განსხვავებით, ისინი სხდომებს ვერ გააცდენდნენ.

დღევანდელი პარლამენტი სამოთხეა დეპუტატებისთვის:

საარაკო ხელფასი;

დამატებითი ხელფასი;

პრემია თითქმის ყოველთვიურად;

დეპუტატის იმუნიტეტი.

და რაც მთავარია, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ე.წ. გულაობა, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში უმიზეზო-უსარგებლო ვიზიტები.

როგორ შეიძლება, პარლამენტის წევრი იყო და 4 წლის განმავლობაში ერთი საღი აზრი ან საკანონმდებლო აქტი არ შესთავაზო პარლამენტს?!

შეუძლია, საერთოდ არ იაროს პარლამენტში და ჩვენი “დამსახურებული” პარლამენტარები მიიღებენ სამჯერ მეტ პენსიას, ვიდრე, ვთქვათ, მეშახტე ან პედაგოგი, ე. ი. 540 ლარს.

მოკლედ, პარლამენტი ამქვეყნიური სამოთხეა ამ დაქცეულ-გაღატაკებულ ქვეყანაში.

ამიტომაც მიისწრაფვის ათასი ჯურის ავანტიურისტი ასე პარანოიკულად პარლამენტში.

ეს სწრაფვა რომ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, მომავალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი ხელფასი, დიდი-დიდი, 1000 ლარი. თუ ამ თანხას არ დასჯერდებიან, გამოინახება მათზე კვალიფიციური ხალხი. და კიდევ _ ვიდრე პარლამენტარის სავარძელში მოკალათდებიან, უნდა გაიარონ ე.წ. ტესტირება, ანუ გამოცდა; დაწერონ თემები ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე.

დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა ამას ვერ შეძლებს.

შემდეგ, თუ ერთი წლის განმავლობაში არ გამოიჩინა თავი საკანონმდებლო საქმიანობით, მისი ადგილი უნდა დაიკავოს არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა პიროვნებამ.

იქმნება პარადოქსული სიტუაცია: სახელმწიფო სტრუქტურების დაბალ რგოლებში სამსახური რომ დაიწყო, ტესტირება უნდა გაიარო, პარლამენტარობისას კი მსგავსი არაფერია.

თუ პედაგოგს, რომელსაც დაახლოებით 300 ლარი აქვს ხელფასი, გამოცდებს აბარებინებენ, რატომ არ ხდება ასეთივე რამ კანონმდებლების მიმართ, რომლებსაც ხელფასი 3000 ლარი აქვთ?

გულისამრევია დღევანდელი ვითარება: ყველა პარტია ხალხს ამქვეყნიურ სამოთხეს ჰპირდება: ზოგი _ 300-ლარიან პენსიას, ზოგი _ მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე მომატებას, ზოგი _ 45 ათასი ადამიანის დასაქმებასა და გადასახადების შემცირებას, რომელიც, უბრალოდ, ნონსენსია.

პენსია 120 ლარით რომ გაიზარდოს, საჭიროა დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წლიურად. ჩვენ გვაქვს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა და, საინტერესოა, საიდან მოიტანენ ამ თანხას?

ხალხს ასაქმებს ბიზნესი და არა ხელისუფლება. ვერც ერთი ბიზნესმენი _ ვერც ქართველი და ვერც უცხოელი, ვერ განსაზღვრავს, რა მოხდება მომავალი 4 წლის განმავლობაში და ვერ იტყვის, რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის

ასეთივე სიტუაციაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

როგორ შეიძლება, მინისტრად დაინიშნოს ამ სფეროში დილეტანტი ახალგაზრდა?!

თავს იმართლებენ, _ არ არის აუცილებელი, მინისტრი სპეციალისტი იყოს, ის პოლიტიკოსი ან მენეჯერი უნდა იყოსო.

ჩვენი მინისტრების უმრავლესობა კი, სამწუხაროდ, არც სპეციალისტია, არც მენეჯერი და არც პოლიტიკოსი. ან როგორ იქნება, როცა მინისტრობა მისი პირველი სამუშაო ადგილია?!

ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

მოკლედ, ქვეყანაში დომხალია და მხოლოდ ღმერთის წყალობის იმედად ცხოვრობს ჩვენი ხალხი.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამ ეგრეთ წოდებულ დამატებით ხელფასზე.

არ ვიცი, ასეთი ანაზღაურება თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში. უფრო მგონია, არა.

თუ შემოიღეს ხომ უნდა ვრცელდებოდეს სხვებზეც და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე?!

ნუთუ, თუნდაც გამონაკლისის სახით, არ შეიძლება ის მიიღოს ან ექიმმა, ან მაშველმა, ან პედაგოგმა?

დღევანდელ საქართველოში ჩამოყალიბდა ბატონყმური წყობა _ სოციალიზმიდან გადავედით ბატონყმობაზე. ღრმა უფსკრული გაჩნდა ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ეს კარგს არაფერს მოიტანს.

გურამ ამირანაშვილი

1 COMMENT

  1. საქართველო დასაღუპად არის განწირული ჲუ ინტელიგენცია და ეროვნული ძალები არ ჩაება აქტიურ ბრძოლაში. ამბარცუმა პარლამენტარ-იმპორტიორები ქვეყანას დაახრჩობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here