Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე

ქართველი ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე

745

ერმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა საშინელი დემოგრაფიული საფრთხე

რა გვიჩვენა მოსახლეობის ბოლო აღწერამ

დასასრული. დასაწყისი იხ. #32 (361)

ქართველები მე-19 საუკუნესა და თითქმის მთელ მე-20 საუკუნეში დასავლეთ საქართველოში უფრო მეტი რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. 1886 წელს რუსი მოხელეების მიერ შედგენილი საოჯახო სიების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 1 731 449 კაცს უდრიდა, მათგან 1 218 696 კაცი, ანუ მთელი მოსახლეობის 70,4 პროცენტი ქართველი იყო. თბილისის გუბერნიაში, ანუ აღმოსავლეთ საქართველოში 396 673 ქართველი ცხოვრობდა, ქუთაისის გუბერნიაში კი _ 2,1-ჯერ მეტი, ანუ 822 023 ქართველი. ეთნოგრაფიული ჯგუფების მიხედვით იმერლების რაოდენობა 422 877 კაცს უდრიდა, მეგრელებისა _ 245 422 კაცს და ..

თითქმის მე-20 საუკუნის დასასრულამდე დასავლეთ საქართველოში მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. მხოლოდ 1989 წელს გათანაბრდა მათი რაოდენობა _ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 1 894 000 ქართველი ცხოვრობდა.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში 3 224 504 ქართველი ცხოვრობდა, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ. მათი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 1989 წელთან შედარებით (16,7 პროცენტული პუნქტი). ამასთანავე, 2014 წელს ქართველების რაოდენობა 1989 წელთან შედარებით 562 889 კაცი შემცირდა, ხოლო 2002 წელთან შედარებით _ 436 669 კაცით, ანუ ქართველების რაოდენობა, ძირითადად, 2002-2014 წლებში შემცირდა. ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში ქართველების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა თბილისის გარდა (მოიმატა 86 092 კაცით), განსაკუთრებით _ იმერეთის (159 202 კაცი), სამეგრელოს (130 952 კაცი), შიდა ქართლისა (38 903 კაცით) და გურიის (27 674 კაცით) რეგიონებში.

(იხ. ცხრილი #1)

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cxrili00.jpg

საქართველოში, 2014 წლის აღწერამდე, ქართველების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით სომხები ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ სომხები დიდი რაოდენობით წავიდნენ საქართველოდან (1989 წელთან შედარებით სომხების რაოდენობა შემცირდა 269 109 კაცით, ხოლო 2002 წელთან _ 80 827 კაცით) მეორე ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანელებმა გადმოინაცვლეს. ამჟამად საქართველოში 233 ათასი აზერბაიჯანელი და 168 ათასი სომეხი ცხოვრობს. განსაკუთრებით შემცირდა რუსების რაოდენობა _ 1989 წელთან შედარებით 315 ათასით და 2002 წელთან შედარებით 41 ათასი კაცით. ამჟამად საქართველოში მხოლოდ 26 ათასი რუსი ცხოვრობს და მათი ნახევარი _ თბილისში. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 232 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ხოლო დასავლეთში _ 545, სომხები კი შესაბამისად _ 160 ათასი და 8 ათასი.

საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ ჩვენი მსჯელობა უფრო სრული რომ იყოს, შემდეგიც უნდა ითქვას. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის 1897 წელს ჩატარებულ აღწერის მიხედვით დასავლეთ საქართველოში ქართველები მთელი მოსახლეობის 89,9 პროცენტს შეადგენდნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში _ 49,1 პროცენტს. 2014 წელს თბილისში ქართველები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 90,0 პროცენტს, აჭარაში _ 96,0 პროცენტს, იმერეთში _ 99, 3 პროცენტს, გურიაში _ 98, 1 პროცენტს, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 99,3 პროცენტს, კახეთში _ 85, 1 პროცენტს, მცხეთა-მთიანეთში _ 94, 5 პროცენტს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში _ 99,7 პროცენტს, სამცხე-ჯავახეთში _ 48, 3 პროცენტს, ქვემო ქართლში _ 51, 3 პროცენტს, შიდა ქართლში _ 94, 7 პროცენტს.

2014 წელს საქართველოში 3,09 მილიონი კაცი (83, 4 პროცენტი) მართლმადიდებელი იყო, 398,7 ათასი (10, 7 პროცენტი) _ მაჰმადიანი, 109 ათასი (2, 9 პროცენტი) _ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი, კათოლიკე იყო 19,2 ათასი (0,5 პროცენტი), იეღოვას მოწმე _ 12, 4 ათასი კაცი (0,3 პროცენტი) და სხვა აღმსარებლობას 13,9 ათასი კაცი (0, 4 პროცენტი) მისდევდა. საქართველოს 19,1 ათასი მცხოვრები (0,5 პროცენტი) არც ერთ სარწმუნოებას არ აღიარებდა. წინა აღწერის მონაცემებთან შედარებით აჭარის მთელ მოსახლეობაში გაიზარდა მაჰმადიანური სარწმუნოების მიმდევართა წილი, როგორც აბსოლუტურად, ისე შეფარდებით. კერძოდ, 2002 წელს აჭარაში მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა 115 161 კაცი (30,6 პროცენტი), ხოლო 2014 წელს _ 132 852 კაცი (40პროცენტი). განსაკუთრებით გაიზარდა ეს მაჩვენებელი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქალებს სასურველზე ნაკლები ბავშვი ჰყავთ. შობადობის შემცირების შედეგად იზრდება ერთ და ორბავშვიანი ოჯახების როგორც აბსოლუტური, ისე შეფარდებითი მაჩვენებლები. კითხვაზე _ რამდენი ბავშვი უნდა იყოს ოჯახში, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს იმისგან გამომდინარე, როგორია მათი ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, განათლება, რომელ რელიგიურ მიმდინარეობას აღიარებენ, რამდენი წლისანი არიან და სხვ.

როგორც მშობლების, ისე ბავშვების უმეტესობისთვის, უმჯობესია, თუ ოჯახში პატარას ჰყავს თუნდაც ერთი ძმა ან და. ზოგი სამბავშვიან ოჯახს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ბევრი ოჯახი ამჟამად ერთი ბავშვით იფარგლება. საერთოდ, შობადობის ოპტიმალური დონის პირობებში ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ოჯახისა და საზოგადოების ინტერესები. ვერავის დავაძალებთ მეტი ბავშვის ყოლას, როგორც ეს ხდებოდა ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში, ვერც ვერავის მოვახვევთ თავს ოჯახური ქცევის მიუღებელი ნორმებს, მაგრამ დემოგრაფიულმა კრიზისმა ტრაგიკული ფორმა მიიღო და უკვე საქმე ეხება მთელი საზოგადოების, ქვეყნის არსებობას, აუცილებლად უნდა გავატაროთ შობადობის წახალისების, ამაღლების აქტიური პოლიტიკა, რომელიც დადებით შედეგს ორი ათეული წლის შემდეგ მოგვცემს და ხანგრძლივ პერიოდშიც დადებითი შედეგების მომტანი იქნება.

ამჟამად დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია ჯერ შევანელოთ უარყოფითი დემოგრაფიული პროცესები და შემდეგ ვიზრუნოთ მოსახლეობის გამრავლებაზე. დემოგრაფიული ვითარების მყისიერი გამოსწორება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუ ყოველი ქალი გააჩენს 10-12 ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საშუალო ნაყოფიერებას უდრის. როგორც ცნობილია, ქალების ფერტილური პერიოდი (15-49 წლები), როდესაც მათ აქვთ ბავშვების გაჩენის უნარი, 35 წელს შეადგენს, რეპროდუქციული პერიოდი (განისაზღვრება დაქორწინების ასაკისა და ბოლო ბავშვის გაჩენის ასაკს შორის სხვაობით) გაცილებით ნაკლებია ფერტილურ პერიოდზე და საქართველოში საშუალოდ 6 წელს უდრის.

 ამჟამინდელ ვითარებაში საქართველოში თითოეულმა ქალმა 10-12 ბავშვი, ან თუნდაც 6-8 ბავშვი რომ გააჩინოს, ქვეყანა ეკონომიკურად გაჩანაგდება, არნახულად გაუარესდება ცხოვრების ხარისხი, დუხჭირ ცხოვრებას თავს ვერ დავაღწევთ, კიდევ უფრო გაიზრდება მოკვდაობა, მიგრაციული პროცესები, დაიწყება “ტვინების გადინება.” ქვეყნიდან წავა განათლებული და შემოვა განათლების დაბალი დონის, სხვა კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები. მცირე დროში საჭირო შეიქნება 4-6-ჯერ მეტი საბავშვო ბაღების, სკოლების, ბავშვთა და არა მხოლოდ ბავშვთა საავადმყოფოების აშენება, სურსათის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის წარმოება, სამუშაო ადგილების მოწყობა და სხვა, რაც შეუძლებელია. ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება მხოლოდ ბავშვთა საჭიროებების ნორმალურ დაკმაყოფილებას.

უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა, გავარკვიოთ, რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს ქალმა მოსახლეობის ერთი და იგივე რაოდენობით მოსამატებლად ან მოსახლეობის ფართოდ გასამრავლებლად. ზოგიერთის აზრით, თუ ქალი აჩენს ორ ბავშვს, იგი ანაზღაურებს მშობელთა თაობას და ხდება თაობათა ერთი და იგივე რაოდენობით გამრავლება. მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ყოველი ქალი გააჩენს მხოლოდ ორ ბავშვს, ერი დიდი ხნის შემდეგ ამოწყდება. და, თუ ქვეყანაში სხვა, რომელიმე ერის წარმომადგენლები შედარებით მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევიან, ვთქვათ, ყოველი ქალი სამ და მეტ ბავშვსაც კი აჩენს, ამ შემთხვევაში შედარებით დიდი ხნის გავლის შემდეგ ტიტულოვანი ერის (რომელმაც სახელი მისცა ქვეყანას) წარმომადგენლები უმცირესობაში მოექცევიან.

მცირეშვილიანობის ტენდენცია მასობრივად მკვიდრდება ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით _ XXI საუკუნის დასაწყისში. სულ უფრო მცირდებოდა იმ დედების რაოდენობა, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავდათ. კერძოდ, თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი შვილის დაბადების წელი მთელ დაბადებულთა 36,5 პროცენტს შეადგენდა, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 10,9 პროცენტი შეადგინა. 2008 წლის უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დაიწყო მესამე და მეტი შვილის მონათვლა. იმავე წელს პატრიარქის ინიციატივის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მესამე შვილების დაბადებათა რაოდენობა _ 2007 წელს 4077 ბავშვი დაიბადა, 2008 წელს _ 5400. 2010 წელს უკვე 7097 ქალმა გააჩინა მესამე შვილი. მაგრამ განუსაზღვრელად არ შეიძლებოდა გაზრდილიყო დაბადებულ მესამე შვილთა რაოდენობა და 2011 წელს ქვეყანაში გაჩენილი მესამე შვილების რაოდენობამ 6701 ბავშვი შეადგინა, ანუ 396 ბავშვით ნაკლები. 2012 წელსაც, 2010 წელთან შედარებით, 206-ით ნაკლები მესამე ბავშვი დაიბადა.

როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ” მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, ერთ-ერთი ღონისძიების გატარების შედეგად იმ რეგიონებში, რომლებშიც მოსახლეობის ბუნებრივი კლება აღირიცხა, 2013 წლიდან ყოველთვიურად, მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, ოჯახს ბარში 150 და მთაში 200 ლარი ეძლევა. ამ ღონისძიებამ, პატრიარქის ინიციატივასთან ერთად, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. უკვე 2015 წელს ქვეყანაში 9189 რიგით მესამე ბავშვი დაიბადა, ანუ 2298 მეტი 2012 წელთან შედარებით. რიგით მესამე და მეოთხე შვილები დედებმა მეტი გააჩინეს განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებშიც შობადობის წახალისება მოხდა.

(იხ. ცხრილი #2)

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cxrili2.jpg

ამრიგად, სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა რიგით მესამე დაბადებული ბავშვების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს პირობებში, როდესაც უაღრესად მცირდება იმ გოგონების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად შედიან დედობის ასაკში. ამის შედეგად თანდათანობით იკლებს რიგით პირველი და მეორე დაბადებული ბავშვები. ასეთ პირობებში ერის არსებობის, მისი ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქალების მიერ განსაკუთრებით რიგით მესამე და, აგრეთვე, მეოთხე ბავშვის გაჩენას, რაც შემდეგი ბავშვების გაჩენასთან შედარებით უფრო რეალურია. უკვე 2015 წელს პირველი ბავშვების დაბადებათა რაოდენობა 1671 ბავშვით შემცირდა 2014 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში კი 2298 ბავშვით მოიმატა მესამე ბავშვების რაოდენობამ. ამჟამად საქართველოს რეგიონებს შორის რიგით მესამე ბავშვების დაბადების მაჩვენებელი დაბადებულთა მთელ რაოდენობაში ყველაზე მაღალი _ 18,8 პროცენტი, ქვემო ქართლშია.

ყოველი ქალის მიერ ორი ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, მოსახლეობის გამრავლების თვალსაზრისით, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი გარემოებები: ყველა ცოცხლად დაბადებული გოგონა ვერ მიაღწევს ნაყოფიერების ასაკს; არსებობს უნაყოფო ქორწინებები, მათ შორის, ნებაყოფლობითი უნაყოფობა, როდესაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, ქალების გარკვეული რაოდენობა საერთოდ არ ქორწინდება თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

ამასთანავე, დედების მიერ ბავშვთა გაჩენის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ქორწინების შეწყვეტა _ დაქვრივება ან განქორწინება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ერთი და იმავე რაოდენობით გამრავლებისთვის საჭიროა, ყოველმა საქორწინო წყვილმა გააჩინოს 2,6 ბავშვი, ხოლო ყოველმა ქალმა _ დაახლოებით 2,2 ბავშვი. წინა წლებში ყოველი ქალი საშუალოდ აჩენდა 1,5-1,7 ბავშვს და მშობლების რაოდენობის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ 68-78 პროცენტით. ამდენად, ყოველი ქალის მიერ სამი და, მით უმეტეს, 4 ბავშვის გაჩენის შემთხვევაში მოსახლეობის გაფართოებული გამრავლება ხდება, რაც ესოდენ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.

ამრიგად, მთავარია, სახელმწიფომ და მთელმა ერმა იზრუნოს, რომ ყოველმა ქალმა გააჩინოს მესამე ბავშვი. სამშვილიანი ოჯახი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ნორმა. მესამე ბავშვის სტიმულირების აუცილებლობის შესახებ შეიძლება ასეთი მაგალითიც მოვიყვანოთ.

2015 წელს საქართველოში 22 644 მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო რიგით მეხუთე და შემდეგი ბავშვები _ 718. თუ ისინი თითო ბავშვს კიდევ გააჩენენ, მესამე ბავშვის რაოდენობა 22 644-ით გაიზრდება, ხოლო მეხუთე და მეტი ბავშვებისა _ 718-ით. ეს მაგალითი ხანგრძლივ პერიოდზე გაანგარიშებით კიდევ უფრო ცხადყოფს ყოველი ქალის მიერ მესამე ბავშვის გაჩენის საჭიროებას. 1992-2015 წლებში ანუ 24 წელიწადში დაბადების რიგითობის მიხედვით ხუთი და მეტი ბავშვი გააჩინა 15 090 დედამ, ხოლო მხოლოდ მეორე ბავშვი _ 439 143 დედამ. თუ დავუშვებთ, რომ ეს 15 090 დედა, რომლებიც, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ იმყოფებიან ფერტილურ ასაკში და აქვთ ბავშვის გაჩენის უნარი, კიდევ ერთ მომდევნო ბავშვს გააჩენენ, მაშინ დამატებით 15 090 ბავშვი დაიბადება, ანუ საშუალოდ წელიწადში _ 628 ბავშვი. ანალოგიურად დედებმა, რომლებმაც ამ 24 წელიწადში უკვე გააჩინეს 439 143 მეორე ბავშვი და გადაწყვიტეს, გააჩინონ მესამე ბავშვი, მაშინ ასეთ შემთხვევაში, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს მოსახლეობას 439 143 ბავშვი შეემატება, ანუ საშუალოდ წელიწადში 18 298 ბავშვი, რაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ქალების ნაწილი აჩენს მესამე შვილს, მაგრამ ქალების დიდი ნაწილი ორი ბავშვის ამარა რჩება. ამ მაგალითიდან ნათელია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მესამე ბავშვის გაჩენის სტიმულირებას ერის გამრავლებისათვის.

ჩვენი განსახილველი პრობლემა დასრულებულად არ ჩაითვლება, თუ შემდეგიც არ ითქვა: მოსახლეობის აღწერათშორისი პერიოდი (2002-2014 წლები) 12 წელიწადს მოიცავს. მათგან ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში “მოქალაქეთა კავშირი” იყო, 9 წლის განმავლობაში _ “ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში _ “ქართული ოცნება”. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ისედაც მძიმე დემოგრაფიული ვითარება კატასტროფის პირზე მიიყვანა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ამას კონკრეტული სტატისტიკურ-დემოგრაფიული მონაცემები თვალნათლივ ადასტურებს. საკმარისია, ითქვას, რომ 30 ათასამდე პატიმრისა და თითქმის 350 ათასი პრობაციონერის არსებობის შედეგად, მიახლოებითი გაანგარიშებით, 40 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა, ე.ი. თითქმის იმდენი, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში იბადება ქვეყანაში.

ერთი მთავარი დემოგრაფიული მოვლენის შესახებაც: 2002-2014 წლებში ქვეყანაში შემოსულებს გასულებმა 759 823 კაცით გადააჭარბეს. ამასთანავე, იმიგრანტთა რაოდენობა, აღწერის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 5,0 პროცენტია, ანუ 185 690 კაცი. 2002-2014 წლებში საქართველოდან საზღვარგარეთ წავიდა და იქ, ერთ წელზე მეტია, ცხოვრობს 574 133 კაცი.

დასასრულ, იმის შესახებაც უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების ანალიზისას საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვის გამიზნულად, აშკარად განზრახ დამახინჯების ფაქტებს. ეს სჭირდებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ამ დავალებას დიდი მონდომებით ასრულებდა საჯარო რეესტრის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. სულაც არ არის ძნელი, მკითხველი თავად დარწმუნდეს ამ უმსგავსობაში, რადგან უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში დემოგრაფიული მონაცემების შელამაზება ობიექტური დასკვნის გამოტანის და, მაშასადამე, მეცნიერულად შემუშავებული ღონისძიებების დასახვის საშუალებასაც გვართმევს. შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში ეს ერის წინაშე დანაშაულია.

ახლა ვნახოთ, რას ღაღადებენ ფაქტები:

ჩვენი ისტორიის განმავლობაში, რაც დემოგრაფიული შემთხვევების აღრიცხვა წარმოებს, დაბადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად უმნიშვნელოდ იზრდებოდა. სურათი ერთბაშად შეიცვალა 2009-2010 წლებში, როდესაც შობადობა წინა წლებთან შედარებით შვიდ-შვიდი ათასით გაიზარდა და ამ წლებში თურმე ქვეყანაში შესაბამისად 63 377 და 62 585 ბავშვი დაიბადა. თუ ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებელს მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ხუთი წლის გასვლის შემდეგ 2014 წელს ხუთი წლის ბავშვთა რაოდენობა დაახლოებით 62 ათასი, ხოლო ოთხი წლისა 61 ათასი ბავშვი უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, სულ სხვა მონაცემები აღირიცხა: როგორც ხუთი წლის, ისე ოთხი წლის ბავშვთა რაოდენობა 54-54 ათას ბავშვს უდრიდა.

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ პერიოდში ტელევიზიით რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქვეყანაში შობადობის ბუმი იყო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას დაუკავშირა, თუმცა მსგავსი რამ ქვეყნის ცხოვრებაში არ მომხდარა.

ანზორ თოთაძე,

პროფესორი, დემოგრაფი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here