Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს დასავლური ორიენტაცია – მდგომარეობა ვარშავის სამიტის შემდეგ

საქართველოს დასავლური ორიენტაცია – მდგომარეობა ვარშავის სამიტის შემდეგ

717

გლობალური კვლევების ცენტრმა საექსპერტო სემინარი გამართა, რომელიც ვარშავის სამიტსა და, ზოგადად, საქართველოს დასავლური ორიენტაციის დინამიკას მიეძღვნა. სემინარში მონაწილეობდნენ ეწსპერტები იოსებ არჩვაძე, მამუკა არეშიძე, ვახტანგ მაისაია, პეტრე მამრაძე, ვასო კაპანაძე, ზაალ ანჯაფარიძე, სიმონ კილაძე, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი. 

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძემ მოხსენებაში „საქართველოს დასავლური ორიენტაციის შესახებ“ მიმოიხილა საკითხის ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე. პეტრე მამრაძე: „2008 წლის შემოდგომაზე, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო არასოდეს არ მიეღოთ ნატოში და მაპიც, ანუ ე.წ. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა აღარ მოეცათ ჩვენთვის. „არასოდეს“ ქვეშ აქ, ცხადია, იგულისხმება: „მანამ, სანამ რუსეთის სამხედრო ბაზები დგას საქართველოში, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სანამ რუსეთი კატეგორიულად, სიტყვით და საქმით, ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“. ნატოს ხელმძღვანელებმა და ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა აცნობეს რუსეთს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ყველას, ვინც კი მეტ-ნაკლებად აცნობიერებს, თუ რას წარმოადგენს ნატო, კარგად ესმის, რომ ნატოს საქართველოსთან დაკავშირებით არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი და ეს „გადაწყვეტილება“ უბრალოდ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონსტატაცია იყო. ნატოს შტაბ-ბინაში არავის, არასოდეს აზრადაც არ მოუვა იმ ქვეყნის მიღება თავის რიგებში, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია იმ ერთადერთი სახელმწიფოს სამხედრო ბაზები, რომელსაც შეუძლია 30 წუთში მოსპოს არა მარტო აშშ, არამედ სიცოცხლე მთელ დედამიწაზე.

„ვარშავის სამიტი ნატოს უდავოდ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ფორუმი გამოდგა ცივი ომის დასრულების შემდეგ. „დათბობა“ და „ხელახალი ჩატვირთვა“ ისტორიას ჩაბარდა. ღიად და მკვეთრად ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პრიორიტეტები. ასეთივე მკვეთრი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. სამიტი, ბუნებრივია მსოფლიო მედიის და წამყვანი ექსპერტების ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ პუბლიკაციების ნიაღვარში საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. თუმცა სამიტმა ჯეროვნად შეაფასა და დააფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ისიც გაითვალისწინა, რომ საქართველოს საზღვარი ჰქონია თავის ჩრდილოელ მეზობელთან. ეს ყველაფერი აისახა სამიტის კომიუნიკესა და ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში. ის რად ღირს, რომ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „მაპ-ი ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება“ და არაფერია იმაზე ნათქვამი, თუ როდის შეიძლება მიიღოს საქართველომ ეს მაპი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქ-ნი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ მაპი მას აღარ აინტერესებდა, რომ ჩვენ უნდა გადავახტეთ მაპს და პირდაპირ შევიდეთ ნატოში.  ნატომ, ცხადია, ახლაც არ უღალატა ორმაგ სტანდარტებს. ვგულისხმობ მონტენეგროს ნატოში მიღების ფონზე საქართველოს არჩევნებზე და სხვა სტანდარტებზე და „საჭირო პროგრესზე“ საუბარს, მაგრამ ეს სრულიად უმნიშვნელო რამ არის იმასთან შედარებით, რომ ნატო ამ ეტაპზე „უფრთხილდება საქართველოს“. ისიც ნამდვილად დასაფასებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ განაცხადა, რომ საქართველოს სრულიად უსამართლოდ მოექცნენ და რომ ყველა პარამეტრით და სტანდარტით (გარდა იმ არაფორმალური ფაქტორისა, რომ ჩვენი ორი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და იქ სამხედრო ბაზები განათავსა, რუსეთთან საერთო საზღვრის ქონაზე რომ არაფერი ვთქვათ), ჩვენ ბევრად უფრო ვიმსახურებთ ნატოს წევრობას, ვიდრე მონტენეგრო.

საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალური გამოცხადებიდან 25 წელი, ანუ საუკუნის მეოთხედია გასული. ამ პერიოდმა ცხადყო, რომ ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან პოლიტიკაში მოსული ლიდერები ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც პოლიტიკოსებად და ვერც სახელმწიფო მოღვაწეებად. მათთვის დამახასიათებელია ყბადაღებული დილეტანტიზმი და პირადი და ვიწროჯგუფური ინტერესების ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დაყენება მაშინაც კი, როცა მათი ინტერესები ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

ექსპერტ ვასო კაპანაძის შეფასებით, „ფაქტია, რომ ვარშავის სამიტის შედეგად, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კუთხით ოდნავი წინსვლაც კი არ დაფიქსირებულა. ფაქტია ასევე ისიც, რომ ნატოს ეს ბოლო სამიტი იყო მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი სამიტი 2006 წლის შემდეგ, რადგანაც ყველა სამიტზე საქართველო უფრო აქტიურად ელოდა კონკრეტულ შედეგებს და ამჯერად კი, რეალურად, საქართველო არც არაფერს ელოდა, გარდა უბრალოდ პოზიტიური გზავნილებისა.

საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად ნატომ გადაწყვიტა, საზღვაო უსაფრთხოების, თავდაცვის, სპეციალური დანიშნულების, ავიაციისა  და ქართული ჯარის განვითარებისთვის ინვესტიციები განახორციელოს. სულ ნავარაუდევია 13 პროექტის ამოქმედება, რომლებშიც ნატოს 28 წევრი ქვეყნიდან 24 მიიღებს მონაწილეობას. ნატომ აიღო ვალდებულება, მოიზიდოს საჭირო რესურსები ამ პროექტების განსახორციელებლად.

ალიანსმა ასევე გადაწყვიტა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში საქართველომაც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, ის კონკრეტული ღონისძიებები, რითაც ალიანსმა უნდა უზრუნველყოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიუთითებს, რომ პირველად სამიტის პარალელურად მიმდინარეობდა ექსპერტთა საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც სამიტის პროგრამაში შეტანილ საკითხებზე იმსჯელეს. ექსპერტთა ამგვარი ჩართულობის წყალობით, მიღებული კომუნიკე ბევრად უფრო სქელტანიანი და კონკრეტილი აღმოჩნდა. ასევე, მაისაიას შეფასებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატომ და ევროკავშირმა პირველად მოახერხეს შეთანხმება და ერთობლივი დეკლარაციის მიღება.

საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში ვახტანგ მაისაია გამოყოფს 3, 4 და 10 პუნქტებს. მესამე პუნქტი ეხება საქართველოსა და ნატოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს, მათ შორის, სამხედრო–ტექნიკურ თანამშრომლობას – საკომუნიკაციო სისტემების დაცვას (კიბერუსაფრთხოების დონეზე). მეოთხე პუნქტი ეხება საქართველოს სამხედრო ძალების თავსებადობას ნატოსთან. პირველად ალიანსის მხრიდან საქართველომ მიიღო ასეთი მაღალი შეფასება. მეათე პუნქტი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას ეხება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, 7–8 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ვახტანგ მაისაია: „მთლიანობაში, პოზიტივის გარდა, იყო ხარვეზებიც. მაგალითად, საქართველომ ამჯერადაც ვერ მიიღო MAP. მეტიც, დაიმსხვრა მყიფე იმედები, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ. თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ ნატოში MAP –ის გარეშეც შევიდოდით, მაგრამ ვარშავის სამიტმა დაადასტურა, რომ სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანება ვერ მოხერხდება.

სემინარზე გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება და ევროპის უსაფრთხოების დღეს არსებული სისტემა გადახედვას საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები, ნატოს მესვეურთაგან განსხვავებით, საექსპერტო საზოგადოების აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ. ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე მათი რიტორიკა არ იცვლება. არადა, საქართველომ უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირებაში.

1 COMMENT

  1. სანამ დასავლეთის მიერ თავს მოხვეული დასავლური დემოკრატია იბოგინებს, რომელიც ბოლომდე ვიწვნიეთ სააკაშვილის 9 წლიანი \\\”ნაციონალ ფაშისტური რეჟიმის\\\” დროს და მათი გრანტებით დახუნძლული არასამთავრობო გამყიდველი ორგანიზაციებით, გამჭვირვალე-არაგამჭვირვალეებით დამთავრებული არ გაუქმდება, ქვეყანაში მუდმივი არეულობა იქნება!

  2. რატომ იგონებთ რუსეთს მტრად/ რა, არანაკლები მტრები გვყავს გარშემო? მიმოიხედეთ.
    ეკონომიურად რუსეთს უკვე დაპყრობილი ვყევართ(ჩუბაისის გეგმა), ნაწილიეკონომიკისა თურქეთ-ირანზე მოდის. ჩვენს აგრარულ პროდუქტებზე სომხები გულაობენ, აზერებიც არ
    გვაკლებენ და ეს ნატო რად გვინდა? რა უნდა დავიცვათ? არაფერი არ გაგვაჩნია. მონა
    მთავრობა გვყავს და ალბათ ჩვენც მონებად გაგვიდიან მერე გინდა ნატოში შევიდნენ და გინდა მარსელების კონგრეაციაში, საქართველო აღარ იარსებებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here