Home რუბრიკები საზოგადოება ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს! ბატონ დავით თარხან-მოურავს! ბატონ დავით თევზაძეს!

ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს! ბატონ დავით თარხან-მოურავს! ბატონ დავით თევზაძეს!

955

(გვარები ჩამოთვლილია ქართული ანბანის მიხედვით)

ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძირითად კანონს პატივს აშკარად არ სცემენ, ხოლო პარლამენტარები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მთავრობის წევრები კონსტიტუციის მოთხოვნებში აღმაშფოთებლად სუსტად ერკვევიან, ამიტომაც არის, რომ მათ არ შეუძლიათ ამ დოკუმენტის კვალიფიციური დაცვა და იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ კონსტიტუციის მიმართ პატივისცემის დამკვიდრება სამომავლოდ.

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” არაერთხელ გამოქვეყნებულა სტატიები სახელისუფლო შტოების მხრიდან კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევების შესახებ, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ეს სტატიაც ამ თემას ეკუთვნის.

2016 წლის აგვისტოში საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტს წარუდგინა 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის მოთხოვნა: “დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციაში ოჯახის შემადგენლობის დაკანონების თაობაზე”, რაზეც მან უარი განაცხადა და ეს საკითხი გადასაწყვეტად პარლამენტს გადასცა.

ჩვენთან მრავალნი, განსაკუთრებით კი _ ძალაუფლების მოყვარული ძალები და პიროვნებები, ხშირად იყენებენ სიტყვებს _ “ხალხი”, “საზოგადოება”, “დემოკრატია”, “თავისუფლება”, “სუვერენიტეტი”, “ადამიანის უფლებები”, “ევროპული ღირებულებები” და სხვ., მაგრამ ამ სიტყვებს ისინი ძირითადად იყენებენ ვითომდა ლიბერალური ღირებულებების გამოსახატავად, სინამდვილეში კი _ მოსახლეობის მოსატყუებლად.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

პრეზიდენტს ნამდვილად დაავიწყდა ძირითადი კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნა, რომელშიც წერია:

“2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით”.

და რადგან ასეა, გამოდის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც არ გაითვალისწინა 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის აზრი და არ დანიშნა რეფერენდუმი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო ისეა გართული ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ადვოკატობით, რომ ვერც კი ამჩნევს ძირითადი კანონის ამ და სხვა დარღვევებს.

კონსტიტუციის მე-5 მუხლმა დემოკრატიულობის მნიშვნელობით პირველ ადგილზე ხომ რეფერენდუმი დააყენა და მხოლოდ მესამე ადგილზე _ ხალხის წარმომადგენლები, ანუ პარლამენტარები.

ის, რომ მოქმედი ძირითადი კანონის 74- მუხლის თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის უპირატესობით 2010 წლიდან პარლამენტი სარგებლობს, შემდეგ _ მთავრობა და ბოლოს _ 200 000 ამომრჩეველი, წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს, საკონსტიტუციო კომისიის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიის მიერ შეგნებულად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ბრალია. მათ ხომ ძირითადი კანონიც და ეს მუხლიც კონკრეტულ პიროვნებას მოარგეს და დღესაც ვერ აცნობიერებენ, რომ არღვევენ მათ მიერვე დეკლარირებულ ადამიანის უფლებებს.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ავტორებს წინასწარ რომ ჩაეხედათ საპარლამენტო რესპუბლიკების ძირითად კანონებში, ადვილად დაადგენდნენ და მიხვდებოდნენ, თუ როგორ ახორციელებს ამ ქვეყნების მოსახლეობა თავის უფლებას _ მართოს ქვეყანა.

მაგალითად, იტალიაში, რომლის მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია (თითქმის 20-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოსი), ხალხი საკანონმდებლო ინიციატივას ახორციელებს არა ნაკლებ 50 000 ამომრჩევლის სახელით, კანონპროექტის შეტანის გზით; სახალხო რეფერენდუმი ინიშნება, თუ ამას მოითხოვს 500 000 ამომრჩეველი.

გერმანიის ძირითად კანონში უშუალო დემოკრატიის ინსტიტუტებიდან გათვალისწინებულია სავალდებულო ძალის რეფერენდუმი, საკონსტიტუციო ხასიათის სახალხო გამოკითხვა და სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა.

ჩვენთან კი ხალხის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ისევ ბოლო ადგილზე დააყენეს. მის წინ დგანან: მთავრობა, პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, კომიტეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები.

და ეს არის ჩვენი სახალხო დემოკრატია?

საქართველოში უმაღლესდამთავრებულთა მესამედი ან იურისტია, ან ჟურნალისტი, ან კიდევ პოლიტიკოსი და მათ დიდ ნაწილს სწავლების კურსი (თუ დახელოვნების სტაჟირება) გავლილი აქვს საზღვარგარეთ, რითაც ძალიან ამაყობენ და თავსაც იწონებენ (ხშირად აფრიალებენ იქ მიღებულ დიპლომებს) და ამით გამუდმებით ცდილობენ ძველი თაობის (მათ შორის, მეცნიერებათა აკადემიის) დაჩაგვრას (ჩარეცხვას), მაგრამ ვერ ამჩნევენ, რომ მათი მეშვეობით (ზედაპირული ცოდნით) როგორი გაუგებარი და დაუბალანსებელი გახდა ძირითადი კანონი და რა წინააღმდეგობრივია ის სხვა კანონებთან და რეალობასთან.

მათ ხომ ვერც ერთ სფეროში ვერ გამოამჟღავნეს განსაკუთრებული ცოდნა და უნარი (მით უმეტეს, გამოცდილება) და მთავარ ამოცანად დაისახეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული ტრადიციების შესუსტების ხარჯზე ვითომდა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება.

ისინი, ვისაც ეჭვი შეაქვს წინა თაობების განსწავლულობასა და პრაქტიკულ გამოცდილებაში, ძალიან ცდებიან. ამის დასამტკიცებლად მოვიყვან საბჭოთა კავშირისდროინდელ ერთ მაგალითს:

პირველი რანგის სამხედრო ოლქების შტაბების დაზვერვის სამმართველოების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა სრულიად გასაიდუმლოებული სპეციალური (უფრო ზუსტად გაშიფრვის) მომსახურების ცენტრები, რომელთა ამოცანა იყო ნებისმიერი მოპოვებული ინფორმაციის (შიფრის, კოდის თუ ღია ტექსტის) გახსნა და დამუშავება.

და ასეთი ცენტრები კავშირის მასშტაბით თითქმის ყველა ოლქში ძალიან ხშირად კომპლექტდებოდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკამათემატიკისა და ისტორიის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებით. მათ გარდა დაზვერვის სისტემაში ფასობდნენ უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებიც, განსაკუთრებით _ აღმოსავლური ენების.

1983 წელს, როდესაც აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დასჯა და დაიწყო ამ ოპერაციისათვის მზადება, ეს ამბავი დროულად ამოიცნო (პირველმა ივარაუდა) თბილისის გაშიფრვის ცენტრმა.

და როდესაც ავიაბაზა ჰიტროუდან (ლონდონი) აფრენილი ამერიკული ბომბდამშენები უკვე იმყოფებოდნენ ბისკაის ყურის საჰაერო სივრცეში, ამერიკულმა მხარემ თავისი განზრახვის შესახებ აცნობა საბჭოთა ხელმძღვანელობას, რომელსაც გადაწყვეტილება, ალბათ, უკვე მიღებული ჰქონდა.

იმისათვის, რომ მკითხველს ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა თანამედროვე შიფრზე (საიდუმლო ინფორმაცია ხომ მხოლოდ შიფრით გადაიცემა ან სპეციალური ფოსტით იგზავნება), მოვიყვან ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობას:

თუ გამომთვლელი ტექნიკა შეძლებს ერთ წამში 100 000 ინფორმაცია დაამუშაოს, მას თანამედროვე შიფრის გასახსნელად დასჭირდებოდა 26 881 წელი.

ასეთი შიფრის წასაკითხად ანალიტიკური აზროვნება, მრავალმხრივი განათლება, მრავალი ინფორმაციის ფლობა (ისტორიული, გეოგრაფიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და კიდევ მრავალი სხვა) და, რაც მთავარია, დიდი კოლექტიური შრომაა საჭირო.

ასეთი ცენტრების თანამშრომლები ისე იყვნენ გაწაფულნი ცნობების დამუშავებაში, რომ მათ შეეძლოთ ერთი სიტყვიდანაც კი ამოეღოთ ინფორმაცია.

ამას აშშ-ი ახორციელებს უზარმაზარი ორგანიზაცია _ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო. მათი ასეთი მიდგომა ჩვენთვის სადაზვერვო ინფორმაციაა. რატომ არ გვეხმარებიან?

 ჩვენთან რა ხდებოდა?

აღნიშნული სპეციალისტების სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და უცხო ენების ინსტიტუტიდან შერჩევის გარდა, ცენტრი კომპლექტებოდა, აგრეთვე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებით (გათანაბრებული იყო აკადემიასთან), რომლებიც წინასწარ ყოველწლიურად შეირჩეოდნენ ვეკუასა და კომაროვის სახელობის სპეციალიზებული სკოლებიდან და შემდეგ იგზავნებოდნენ მოსკოვში სასწავლებლად.

სამობილიზაციო რესურსის დაგროვების მიზნით (რეზერვის შესაქმნელად) თვით ამ ცენტრში ყოველწლიურად მონათესავე სპეციალობებიდან 10-15 ახალი სპეციალისტი მზადდებოდა.

ცენტრის მუდმივი მზადყოფნისთვის 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდა შემადგენლობის გამოძახება 25-დღიან სასწავლო შეკრებაზე.

ამ ცენტრებში ძალიან პოპულარული იყო ჭადრაკი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გასეირნება მუზეუმებში, ქალაქგარეთ.

ჩვენთან ცნობების მომპოვებელი (ელექტრონული და სხვა) და ცნობების დამამუშავებელი (სპეციალური სამსახურის ცენტრი და სხვ.) სტრუქტურების შესახებ ძალიან პრიმიტიული წარმოდგენა ჰქონდათ, სანამ გენერალურ შტაბს სათავეში არ ჩაუდგნენ ბატონები დავით მაისურაძე და გურამ ნიკოლაიშვილი. მათ დაიკისრეს პასუხისმგებლობა დაზვერვის წარმოებაზე და გაააქტიურეს ძალისხმევა მის დახვეწაზე. ბატონმა დავითმა ჩამოაყალიბა საჯარისო და ბრიგადის სადაზვერვო კომპლექტები, ხოლო ბატონმა გურამმა _ სადაზვერვო საინფორმაციო და დეშიფრირების ცენტრები.

თანამდებობებიდან მათი წასვლის შემდეგ დაზვერვის სათავეში მოყვარულები მოექცნენ. დარგი უყურადღებოდ დარჩა. მოიშალა ცენტრების საქმიანობაც.

და, საერთოდ, დაზვერვაზე დღემდე ძალიან დაბალ დონეზე აზროვნებენ ისინი, ვისაც ამ თემაზე საუბარი სურს.

დღეს ის, ვინც ადრე გამომძიებლად მუშაობდა, თავს უკვე მზვერავად თვლის, ხოლო თუ პროკურატურაში მუშაობდა _ სუპერმზვერავად და აქეთ დაგიწყებს ახსნას, რა არის დაზვერვა.

ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ გაშიფრვის ცენტრი, უკვე დიდი ხანია, ერთადერთი პიროვნების, საბჭოთადროინდელი ოფიცრის, 80 წლის პოდპოლკოვნიკის _ თენგიზ ელაშვილის იმედზეა, რომელსაც საერთოდ არ უსმენდნენ.

მის თხოვნას სრულყოფილი ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობა ყურადღებას არ აქცევდა, ვინაიდან არ ესმოდა მისი მნიშვნელობა და დანიშნულება უცხოეთში განსწავლულ და, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა აფასებს ხოლმე ასეთ პიროვნებებს, “ძალიან კვალიფიციურ სპეციალისტებს”.

ჩვენი კონსტიტუციისა და სამხედრო საკანონმდებლო აქტების გაცნობის შემდეგ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი ღიმილით არ იტყვის, აი ეს არის ის, რასაც ვეძებდიო, და მათ ავტორებს მადლობას გადაუხდის უფასო, ოპერატიული და სანდო ინფორმაციისთვის.

ხოლო, თუ ამ დოკუმენტებს დავუმატებთ თანამდებობის პირთა შერჩევისა და დანიშვნის მექანიზმს, აგენტი, ალბათ, იკითხავს: “ჯარში დარჩა კიდევ რაიმე საიდუმლო?”

ქალბატონო ნინო და ბატონებო!

არც ისე დიდი ხნის წინათ აშშის დაზვერვის უფროსმა გაასაჯაროა მისი უწყების მიერ სხვა სახელმწიფოებში მოპოვებული ინფორმაცია, რომელშიც საქართველო და რუსეთიც არიან მოხსენიებულნი.

ჩვენთვის ეს ცნობები იმით არის საინტერესო, რომ ხმელეთის თითქმის ერთ მერვედზე გადაჭიმული რუსეთის (სადაც 140 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) პრეზიდენტის მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა ზუსტად არის დათვლილი, ხოლო საქართველოში, რომელიც რუსეთზე თითქმის 243-ჯერ მცირეა და რომლის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება, ნატოს მოწინააღმდეგეთა რიცხვი ვერ დაადგინეს (ვერ დათვალეს).

ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სერიოზული განსჯისთვის.

ვინაიდან რეფერენდუმის დანიშვნაზე საქართველოს 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის მოთხოვნის უარყოფით ქვეყნის პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი (ჯერჯერობით პარლამენტს ამ მუხლში შესწორება არ შეუტანია), ძირითადი კანონის 75- მუხლის თანახმად:

“2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63- მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი”.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

1 COMMENT

  1. უხერხემლო ზაქიჭამია ვუი პრეზიდენტი, სექსისა და ალკოჰოლის ჭარბათ მომხმარე ცოლის ქუსლის ქურუმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here