Home რუბრიკები პოლიტიკა მერკელი და ფარანჯა

მერკელი და ფარანჯა

658

როგორ ემზადებიან ევროპაშიხალხთა გადასახლებისახალი ტალღისთვის?

2015 წელს ევროპაში ჩამოვიდა 1,83 მილიონი მიგრანტი, მათგან 1,1 მილიონმა ოფიციალურად მოითხოვა გერმანიაში თავშესაფარი. ამათ არალეგალებიც უნდა დაემატოს, რომელთა რაოდენობა ოპოზიციური პარტიის _ “ალტერნატივა გერმანიისთვისლიდერის ფრაუკე პეტრის შეფასებით, ასი ათასობითაა.

ფიქრობდნენ, რომ ასეთი ძლიერი მიგრაციული აფეთქების შემდეგ ევროპა ამოისუნთქებდა, შეისვენებდა, რაც საშუალებას მისცემდა, ნორმალურ კალაპოტში ჩაეყენებინა ქვეყნის განვითარების პროცესები, მაგრამ მკვლევართა დასკვნებმა ეს მოლოდინი გააქარწყლა.

ხალხთა განსახლების ბერლინის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააანალიზეს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 19 ქვეყანაში არსებული სიტუაცია და დაასკვნეს, რომ უახლოეს წლებში იქიდან ევროპაში ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს. ამ ცნობას ავრცელებს შვეიცარიული გაზეთი “ტაგესანზაიგერი”.

მთავარ საშიშროებას ელოდებიან ალჟირიდან, ერაყიდან, იორდანიიდან, ლიბანიდან, ლიბიიდან, მაროკოდან, ომანიდან, პალესტინის ავტონომიიდან, სირიიდან, ტუნისიდან, ეგვიპტიდან და იემენიდან. ამ ზონას გერმანელმა მეცნიერებმაევროპის კარიბჭესთან დადგმული დენთის კასრიუწოდეს. აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 363 მილიონია და სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც დემოგრაფიული წნეხის როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარების შემცირების ფონზე და სტაგნაციაში გადაიზრდება. “არაბული გაზაფხულისმწარე გაკვეთილი ახალგაზრდებს ერთადერთი გამოსავლისკენ უბიძგებს _ ბედნიერება საზღვარგარეთ ეძებონ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ არაბული ქვეყნების მმართველ წრეებში მოხარულებიც კი არიან მოსახლეობის შფოთიანი ფენის ქვეყნიდან გადინების. ეგვიპტის ხელისუფლება, მაგალითად, თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ადგილობრივმა კონტრაბანდისტებმა კარგად ააწყვეს ევროპაში ლტოლვილთა გადაყვანის საქმე თევზსაჭერი გემებით. თითოეული გემი 500 ადამიანს იტევს, “ევროპულ სამოთხეში” ერთი კაცის გადაყვანა 20 ათასი ადგილობრივი ფუნტი (2,3 ამერიკული დოლარი) ღირს, სირიელებისა და სხვა აფრიკელებისთვის გაცილებით ძვირი ჯდება. ორბავშვიანი ოჯახის ევროპაში გადაყვანის ტარიფი 10 ათასი დოლარია.

ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები ეკოლოგიურ ფაქტორებთანაა გადახლართული. მათ შორის უპირველესია მტკნარი წყლის კატასტროფული უკმარისობა. ამასთანავე, იგი მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც იწვევს დამუშავებული მიწისა და საკვები პროდუქტების რაოდენობის შემცირებას. ასეთ პირობებში სპარსეთის ყურის მდიდარმა ქვეყნებმა 2008-2010 წლების სასურსათო კრიზისის შემდეგ “აგროკოლონიზაციას” მიმართეს. საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საამიროების, ყატარის, ბაჰრეინის, ქუვეითის აგროექსპანსია მიმართულია მოზამბიკის, სუდანისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ აფრიკაში, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში _ ტაილანდისა და ლაოსის წინააღმდეგ.

მიგრაციული ნაკადის ზრდის თვალსაზრისით ევროპისთვის საშიშროების შემცველ ქვეყნებს შორის პირველად ეგვიპტეც დასახელდა. თუ ამ ზონის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად გამოსადეგია მიწის მხოლოდ 20 პროცენტი, ეგვიპტეში მხოლოდ 4 პროცენტია. ქვეყანას საკვების 40 პროცენტი საზღვარგარეთიდან შეაქვს. ამასთანავე, ეგვიპტეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოჰყავთ ხელოვნური სასუქების ბაზაზე, რომლებსაც აწარმოებენ კადმიუმისა და მძიმე ლითონების შემცველი ფოსფორიტებისგან. მეჩხერდება ნილოსი. ეთიოპიაში ცისფერ ნილოსზე “ან-ნაჰდას” კაშხლის აგება დამატებით 20 პროცენტით შეამცირებს ამ მდინარის დებიტს. ამასთან, ყველა ეგვიპტური პროდუქტი იწარმოება ნილოსის ველისა და დელტის ზონაში, ამიტომ ეგვიპტელთა ლტოლვილობა გარდაუვალია.

ახლოაღმოსავლელი ლტოლვილების პირველი ძლიერი ტალღა ევროპას წლევანდელ შემოდგომაზე დაატყდება, თუ ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირი თურქეთის მოსახლეობას არ გაუუქმებს შენგენის ვიზებს.

როგორ ემზადებიან ევროპაშიხალხთა გადასახლებისახალი ტალღისთვის?

მას შემდეგ, რაც წლევანდელი ივლისის ბოლოს ანგელა მერკელმა განაცხადა, ჩვენ თავს გავართმევთო, გერმანიაში დიდი კამათი დაიწყო მუსლიმი ქალების მიერ ფარანჯის ტარებაზე. კანცლერის აზრით, ქალს, რომელსაც სახე მთლიანად ექნება დაფარული, გერმანიაში ინტეგრაციის ნაკლები შანსი ექნება. მაგრამ ფარანჯის სრულად აკრძალვის საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას თავი აარიდა და შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მეზიერს ალავერდივით გადაულოცა.

გერმანიისა და ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა კონფერენციამ აკრძალა სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ქალის სახეს მთლიანად ფარავს. კონფერენციამ, აგრეთვე, გადაწყვიტა პოლიციელთა რაოდენობის 15 ათასით მომატება და მოითხოვა სპეცსამსახურების უფლებამოსილების გაზრდა.

ამას გარდა, დაადგინეს, რომ გერმანიის მოქალაქეობის ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან შეთავსება დასაშვები შეიძლება იყოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

მალე გაირკვევა, რა უფრო აღელვებთ გერმანელებს _ ფარანჯის ტარება თუ მიგრანტების გაუკონტროლებელი ნაკადის შეჭრა თავიანთ ქვეყანაში _ პრობლემის დეტალი თუ პრობლემა თავისთავად. ოპოზიციას, კერძოდ, “ალტერნატივას გერმანიისთვის” მიაჩნია, რომ მიგრაციისა და ლტოლვილების საქმეთა ფედერალური უწყება უნდა გადაკეთდეს ისეთ ორგანოდ, რომელიც დაკავდება რეემიგრაციით და შეუდგება არალეგალების დეპორტაციას.

ცნობისთვის: გასულ კვირას აღნიშნულმა ოპოზიციურმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ანგელა მერკელის პარტიას, რომელიც მესამე ადგილზე გადაისროლა. პირველზეა “ალტერნატივა გერმანიისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here