Home რუბრიკები საზოგადოება დამნაშავის ადგილი ციხეშია და არა პარლამენტში

დამნაშავის ადგილი ციხეშია და არა პარლამენტში

583

საქართველოში 238 პოლიტიკური პარტიაა რეგისტირებული. მიუხედავად ამდენი პარტისაა, ქართველი საზოგადოება უნდობლობას უცხადებს პოლიტიკურ ძალებს _ ამომრჩეველი ხვდება, რომ დღევანდელი პარლამენტარების მთავარი ფუნქცია პულტის ღილაკზე თითის დაჭერა და დასავლეთიდან ნაკარნახევი დავალებების შესრულებაა. რა სენი გვჭირს ქართველებს, რატომ გვინდა ყველას პოლიტიკაში წასვლა, პარტიაში შესვლისთანავე მისი დატოვება და სხვა პარტიაში გადაბარგება? რა პრიორიტეტების მიხედვით უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი? _ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სოსო ცინცაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

არ სჭირდებოდანაციონალურ მოძრაობასგანათლებული ხალხი, ლომაიამ შეგნებულად დაიწყო განათლების ნგრევა

სოსო ცინცაძე:

_ ამდენი პარტია არ არის საჭირო. ამას უკვე მრავალპარტიულობა აღარ ჰქვია. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, მისი პირველი ლიდერი დევიდ ბენგურიონი მემუარებში წერდა: “ორი ოცნება მქონდა: ერთი ის, რომ ისრაელის მოსახლეობას მიეღწია სამ მილიონამდე და გაქრობა აღარ დამუქრებოდა, მეორე კი _ პარტიების შემცირება”. იტალიაში სულ 302 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს დემოკრატიას. საქართველოში სხვა სიტუაციაა.

_ ბატონო სოსო, რატომ მიილტვიან ქართველები ასე პოლიტიკისკენ?

_ დღეს ქართველებისთვის კეთილდღეობის ერთადერთი გარანტი არის პოლიტიკა. პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ბიზნესს დაიწყებ, მოიპოვებ გავლენას. როდესაც კარგი ცხოვრების გარანტია არის პოლიტიკა, რასაკვირველია, ყველა პოლიტიკაში მოისურვებს ჩართვას, ამიტომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მეტი პოლიტიკური კულტურა. თავის დროზე ნაციონალები ტრაბახობდნენ, ჩვენს კანდიდატს ოქსფორდი, სორბონა აქვს დამთავრებულიო, შემდეგ ირკვეოდა, რომ ზოგს არ ჰქონდა დამთავრებული. უბრალოდ, ვერაფერი გააკეთა იქ და საქართველოში ჩამოვიდა. “ოცნება” რომ გვატენის უცხოეთში უმაღლესდამთავრებულებს, ესე იგი ამ ადამიანებმა იქ ვერაფერს მიაღწიეს. პაკისტანელები, ინდუსები, ჩინელები, რომლებიც ევროპაში კარგად სწავლობდნენ და კარგ სამსახურს შოულობენ, სამშობლოში აღარ ბრუნდებიან. ბუნებრივია, ყველას უნდა კარგი ცხოვრება… როგორ უნდა ენდოს ადამიანი იმ ელექტორატს, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში უმრავლესობით ირჩევს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას და შემდეგ მათ ხმას აღარ აძლევს?.. როგორ ფიქრობთ, იოლი დასაჯერებელია, რომ ისეთი რესურსის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გადასახადები განხევრდება? ქვეყანაში, რომელმაც თავის დროზე უარი თქვა ხუდონჰესზე, მუქთად, სხვისი ფულით აშენებულზე, და დღეს თავს იკლავს, რომ აშენდეს ისე, რომ მერე გამომუშავებული დენი ისევ ჩვენ ვიყიდოთ? არადა, ოთხი წლის წინათ რუსეთის ფულით შენდებოდა ხუდონჰესი. დღეს კი ერთი ამბავია, რომ ააშენონ ვიღაც გადამთიელებმა. აი ასეთი ხალხი რისი ღირსია? ადამიანი, რომელსაც გულწფელად სჯეროდა, რომ მისი კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფულს დახარჯავდა, არ არის ჩემთვის ამომრჩეველი, ამიტომ არის საშინელება გაუნათლებლობა. არ სჭირდებოდანაციონალურ მოძრაობასგანათლებული ხალხი. ლომაიამ შეგნებულად დაიწყო განათლების ნგრევა, არ აძლევდა ხელსოცნებასგანათლებული ადამიანები და განაგრძო სანიკიძემ მეცნიერების ნგრევა.

_ პოლიტიკოსები აქტიურად ტოვებენ პარტიებს, რა არის ამის მიზეზი?

_ იყიდებიან ფულზე. რატომ დატოვეს ბურჯანაძის ფრაქცია? რა, ახლა შეიტყვეს, რომ ბურჯანაძე უბლოკო სისტემის მომხრეა? ერთგული არავინ არის, იდეოლოგიურად მოტივირებულნი არ არიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/news_20500_2885.jpg

საქართველოს პოლიტიკური სისტემა დასავლეთის სტრუქტურებზეა ჩამოკიდებული”.

გულბაათ რცხილაძე:

_ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ჭორებისა და არაჯანსაღი ცხოვრების წყურვილი. პოლიტიკა რთული საქმეა და როგორ შეიძლება ამდენი ხალხი დაკავებული იყოს პოლიტიკით. ამომრჩეველს დაკვირვება მართებს. ჰარმონიაში უნდა იყოს ერთმანეთთან ორი რამ: რას სთავაზობს პარტია ამომრჩეველს და ის ღირსეული პიროვნებები, რომლებიც არიან ამ პარტიაში. ასეთი პარტიები კი არ გვყავს, სამწუხაროდ. ჯერჯერობით კვლავაც მოქმედებს ჯგუფი ნაძირალა ადამიანებისა, რომლებსაც ფინანსებიც აქვთ, გამოცდილებაც, კავშირებიც, უცხოეთიდან მხარდაჭერაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პარტია უნდა ვუწოდოთ. მით უმეტეს, ახლა ხშირად გადადიან და გადმოდიან ერთი პარტიიდან მეორეში და სარგებელს ეძებენ. საქართველოს პოლიტიკური სისტემა დასავლეთის სტრუქტურებზეა ჩამოკიდებული. ეს ახალი არ არის, კონსულტაციას მათთან გადიან. ამას წინათ უბანში მოიტანეს ნაციონალების ბუკლეტი. იქ შავით თეთრზე წერია ნაციონალების ერთერთი დაპირება _ ზედა ინსტანციის მოსამართლეს უწყვეტი ვადით მოვიწვევთო. რატომ გვიკვირს, რომ ისინი დავალებებს იღებენ? საქართველო არ არის დამოუკიდებელი, ეს არის ტრაგიკომედია და არანაირი გადაწყვეტილების მიღება არც მთავრობას, არც პოლიტიკურ პარტიებს უცხოეთთან შეთანხმების გარეშე არ შეუძლიათ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jum1_2956.jpg

ხელისუფლებაში პროფესიონალი გამყალბებლები გვყავს

ჯუმბერ პატიაშვილი:

_ გაუგებრობები, განუკითხაობა, უპასუხისმგებლობა და, ამასთანავე, პოლიტიკური დაქუცმაცება იმიტომ ხდებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, საზოგადოებას რომ ვერ გაერკვია, რომელი გზით წასულიყო.

_ რა პრიორიტეტებით უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიები?

_ ამომრჩეველმა ლიდერები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა აირჩიოს, ლიდერს უნდა აინტერესებდეს კეთილდღეობა თავისი ქვეყნისა და ხალხის.

_ არის კი დღეს პოლიტიკური პარტია, რომელსაც ამომრჩეველი ენდობა?

_ ასე ვერ ვიტყვით. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ადამიანები ისე იცველებიან, რომ შესაძლოა, სულ დაგავიწყონ, რა პიროვნული ღირსებების გამო დაუჭირე მხარი.

ბევრი საარჩევნო გაყალბების მოწმე ვარ. ის გაყალბება, რომელიც მოხდა 1995 წელს, რომლის შესახებაც ბევრჯერ ითქვა და რომლის გამოც მივმართე ადმინისტრაციულ ორგანოებს, პროკურატურას, პარლამენტს, ყურად არავინ იღო და არავინ შეისწავლა, რა იყო ამის მიზეზი. ხშირად ადამიანს მცირე დანაშაულისთვისაც ძალიან სჯიან და იმხელა დანაშულის გამო, რასაც სჩადიოდნენ და სჩადიან დღესაც არჩევნებში მონაწილე პოლტიკოსები, მათ საზოგადოებამ პასუხი უნდა აგებინოს. ადამიანებს ხმა არ მიუციათ ასეთი ძალებისთვის და მათ მაინც გაიმარჯვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაყალბება ჩვეულებრივი პროცესია.

არჩევნებისთვის უნდობლობა ამიტომ გვაქვს გამოცხადებული. მეც ვმონაწილებოდი არჩევნებში, მქონდა მეტ-ნაკლები წარმატება, მაგრამ გაყალბება იყო ის დიდი დანაშული, რომელიც ვერ აღვკვეთეთ და დღესაც ხელისუფლებაში პროფესიონალი გამყალბებლები გვყავს.

გამყალბებლების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ფაქტორი კი არის ამომრჩევლის აქტიურობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ამომრჩეველმა იმ პროცესებს, რომლებიც დღეს ხდება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ აუცილებლად. ისინი არ უნდა აძლევდნენ პატიოსან ადამიანებს რჩევადარიგებებს და არ უნდა უკითხავდნენ მორალს. დამნაშავეებს უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა და მიეცენ პასუხისგებაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/chichinadze_vasil_2105.jpg

უნდა გაარჩიოს ხალხმა, რეალურად ვინ შეძლებს დაპირებების შესრულებას და ვინ ყვება ზღაპრებს

ვასილ ჭიჭინაძე:

_ ქართველებს, ეტყობა, სისხლში გვაქვს პოლიტიკა გამჯდარი, პოლიტიკა მარტივი საქმე გვგონია, თითქოს ბუხარს უნდა მივუსხდეთ. ბევრს უნდა თავის დამკვიდრება და ამისთვის პოლიტიკა რატომღაც იოლი სფერო ჰგონიათ.

_ როგორ უნდა გამოარჩიოს ამომრჩეველმა პარტიები ერთმანეთისგან?

_ ჩემი აზრით, საზოგადოებამ პროგრამის მიხედვით უნდა მისცეს ხმა პარტიას და არა პარტიის ლიდერების გამო. უნდა გაარჩიოს ხალხმა, რეალურად ვინ შეძლებს დაპირებების შესრულებას და ვინ ყვება ზღაპრებს. თუ ამ დონემდე მივა ჩვენი მოსახლეობა, ყველაფერი რიგზე იქნება, არანაირი პრო არ უნდა იყო, გარდა პროქართველობისა. არიან საქართველოზე გულანთებული ადამიანები, პროფესიონალებს რა დალევს, თუ ახლობელთა წრეში არ დავიწყებთ მათ ძებნას.

_ რატომ ტოვებენ პოლიტიკოსები პარტიებს?

_ რატომღაც ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, შანსი თუ მიეცემათ, ცდილობენ, შეძვრნენ პარლმანეტში, ამიტომ გადახტებიან ხოლმე სხვა პარტიაში. მაგალითად, “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების ნახევარზე მეტი ნაციონალია. ეს ჩვენთან მიღებული პრაქტიკაა. აი ასეთ პარლამენტარებს არ უნდა ენდოს ხალხი. ადამიანი ერთხელ რომ გაყიდის ვიღაცას, მეორედაც და მესამედაც გაყიდის, ვინც მეტს გადაუხდის, მასთან მიდიან. რატომ იყრის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი კენჭს სოლოლაკში, სხვებიც რატომ იცვლიან უბნებს? ესე იგი არაფერი გაუკეთებიათ თავისი ამომრჩევლისთვის და მათთან შეხვედრას ვერ ბედავენ _ კიდევ ერთხელ ხომ ვეღარ მოატყუებენ? და ამიტომ გარბიან სხვაგან, სხვათა მოსატყურბლად. ვერ ივარგა, ვერაფერი გააკეთა და თავის ამომრჩეველთან მისასვლელი პირი არ აქვს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here