Home რუბრიკები პოლიტიკა განრისხებული მოქალაქეები და შერისხული პრეზიდენტი

განრისხებული მოქალაქეები და შერისხული პრეზიდენტი

534

გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა, არ დანიშნოს რეფერენდუმი, რომლის მთავარი კითხვა უნდა ყოფილიყო: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, სტარტს მისცემს ხანგრძლივ კრიზისს და ის შეიძლება ფრიად დრამატულად განვითარდეს.

მიუხედავად იმისა, რა საკითხზე ტარდება რეფერენდუმი, როდესაც ერთი კაცი გზას უღობავს 200 ათასი მოქალაქის ნებას, რომლებმაც ხელმოწერით დაუჭირეს მხარი რეფერენდუმის გამართვას, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სერიოზულად უნდა დაასაბუთოს. მარგველაშვილმა ძირითად არგუმენტად გამოიყენა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვერ ჩატარდება, ხოლო მისი გამართვა მხოლოდ იქ, სადაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ვრცელდება, მისცემს რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს იმისთვის, რომ სეპარატისტული რესპუბლიკების სტატუსი გაამყაროს. იმაზე, რომ 2003 წლის რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებაზე, აგრეთვე, არ ჩატარებულა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მარგველაშვილს არაფერი უთქვამს; არც არჩევნებზე, რომელიც ასეთ პირობებში, 20 წელიწადზე მეტია, ტარდება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, როდესაც თვითონ მარგველაშვილი აირჩიეს. რეფერენდუმის მომხრეებმა ეს არგუმენტი ლამის დაცინვად ჩათვალეს, მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საპროტესტო აქციები დააანონსეს.

ვიდრე “საქმის არსებით განხილვაზე” გადავალთ, პრობლემის ერთ-ერთ ტაქტიკურ ასპექტს უნდა შევეხოთ. კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის გამართვა 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, არა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის არამედ “ქართული ოცნების” ინტერესებშიც შედიოდა. ეს გაზრდიდა კონსერვატიულად განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგე ელექტორატის აქტიურობას, რის გამოც გაუარესდებოდანაცმოძრაობის” (აგრეთვე, გამოკვეთილად ლიბერალური პარტიების) შედეგი არჩევნებში, რადგან ამ კატეგორიის ხალხის უმრავლესობა ხსენებულ პარტიებს ხმას არ აძლევს. მიჩნეულია, რომ ეს ხელს აძლევდაქართულ ოცნებასიმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა პარტიების ყულაბაში წავიდოდა.

საგულისხმოა, რომ რეფერენდუმის გამართვაზე უარის თქმის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიზნად ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდას ისახავს. მართალია, მისი დაბალი რეიტინგისა და ავტორიტეტის გამო ამ წამოწყებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ _ მარგველაშვილი თითქოს ცდილობს, დაამტკიცოს, რომ, რეფერენდუმზე უარის თქმის მიუხედავად, არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობის შემცირება მისი მიზანი ნამდვილად არ იყო. ამ თემაზე საუბრისას, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ მაქსიმალისტური შეფასებებისგან, რადგან არსებობს ამომრჩეველთა მიზნობრივი ჯგუფების გააქტიურების ალტერნატიული საშუალებებიც. არც ისე რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ პრეზიდენტი, უფრო ზუსტად კი ის ძალები, რომელთა გავლენის ქვეშ ის იმყოფება, რეფერენდუმს დაბლოკავდა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილი რეფერენდუმის სამობილიზაციო ეფექტზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა.

ერთი შეხედვით, მარგველაშვილისთვის ფრიად უსიამოვნოა, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, მით უმეტეს, რომ ამ ინიციატივის ავტორები, სავარაუდოდ, შეძლებენ ათასობით ხელმოწერის შეგროვებას და ხმაურიანი აქციების გამართვას. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი _ უკმაყოფილება გიორგი მარგველაშვილის ქცევით დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. გავრცელდა მოსაზრება, რომ მან, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარ ამომრჩევლებს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს უღალატა და მათთვის ყოვლად მიუღებელი ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, შესახლდა ავლაბრის რეზიდენციაში (მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება), რაც სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. დაიწყო აბსურდული დაპირისპირება წინა პრემიერმინისტრთან, რაც კინაღამ დიპლომატიური სკანდალით დასრულდა (ამერიკაშიპარალელურივიზიტების დაგეგმვის პერიოდში) და კონსტრუქციული ურთიერთობა ვერც გიორგი კვირიკაშვილთან დაამყარა. მარგველაშვილი ეთამაშებოდა ვეტოს უფლებას, როგორც ბავშვი ასანთს და პრეზიდენტის ადმინისტრაცია (უფრო ფართოდ კი _ გარემოცვა) სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისთვის ერთგვარ თავშესაფრად გადააქცია. რამდენიმე ბოლო დანიშვნით მან, შესაძლოა, სცადა, ეს შთაბეჭდილება გაექარწყლებინა, მაგრამ რამდენად გამოუვიდა, ძნელი სათქმელია. ბოლო პერიოდში კი (საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული სკანდალი) პრეზიდენტის ოპონენტები მიუთითებენ იმაზე, რომ ის ნაციონალების დაკვეთას ასრულებს და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ _ იდეური სიახლოვე, ალკოჰოლის თუ გარკვეული ფიგურების პათოლოგიური ზეგავლენა, კომპრომატი და ეს საუბრები უკიდურესად უხერხულ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბინძურ ხასიათს იღებს. ყოველივე ეს გროვდებოდა და აშკარა იყო, რომ კრიზისი მალე ამა თუ იმ ფორმით ამოხეთქავდა და დღის წესრიგში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დადგებოდა. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, ვინ აღმოჩნდება საპროტესტო მოძრაობის მართვის სადავეებთან. დღეს რეფერენდუმის ინიციატორები ეწევიან არა მხოლოდ საკუთარი თანამოაზრეების ემოციების მობილიზებას, არამედ იმ ადამიანებისაც, რომელნიც მარგველაშვილს 2012 წლის მშვიდობიანი რევოლუციის იდეალების ღალატში ადანაშაულებენ. რაოდენ პარადოქსულად უნდა მოგეჩვენოთ _ ეს მარგველაშვილს ხელს აძლევს.

მას შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი თავი ლიბერალური ღირებულებების დამცველად წარმოაჩინოს, რომელსაც “ბნელი ტრადიციონალისტები” ებრძვიან, დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვოს და, ამასთანავე, იქცეს გამაერთიანებელ ფიგურად დაქსასული, ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიბერალური ჯგუფებისთვის. ეს არ მოხდებოდა, თუ ცოტა ადრე ავლაბრის რეზიდენციასთან ასიათასობით ხელმოწერით და ტრანსპარანტებით შეიარაღებული მისი ყოფილი ამომრჩეველი მივიდოდა და მარგველაშვილს პასუხს იმ თემებიდან გამომდინარე მოსთხოვდა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ეს იქნებოდა მხოლოდ კანდიდატისა და მისი იმედგაცრუებული ამომრჩევლების საქმე და იმ შემთხვევაში მარგველაშვილს თავდაცვის გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნებოდა. ახლა კი, როდესაც საუბარი შეეხო გლობალურ თემებს, ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს, დასავლურ და ანტიდასავლურ ორიენტაციას და ა.შ., პრეზიდენტის პოზიციები გამყარდა.

ვერ ვიტყვით, რომ მან თვითონ აირჩია, ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე დაპირისპირებაში, რომლის დაწყებაც გარდაუვალი იყო. ეს მისი ოპონენტების ბრალია, რომლებიც ისხდნენ და ელოდებოდნენ, რას იტყოდა ბიძინა ივანიშვილი. მან კი ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ინტერვიუში განაცხადა, რომ მარგველაშვილი, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად იქცევა, მაგრამ ისინი მაინც ელოდებოდნენ, როგორც ჩანს, მითითებას, რომლის გახმოვანება ივანიშვილს გასაგები მიზეზების გამო არ შეეძლო. სოციალურ ქსელებში ბოლო წლის განმავლობაში მარგველაშვილის თითოეული, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ნაბიჯის კვალობაზე, სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეები (ღიად, ეს ჩანაწერები დღესაც არსებობს) ეკითხებოდნენ ერთმანეთს “რა ფორმით გავაპროტესტოთ?”, “აქციები ხომ არ დავიწყოთ?”, “ხომ არ დადგა დრო?” და ა.შ. თუმცა ამის შემდეგ ისევ ჩერდებოდნენ, თითქოს ელოდებოდნენ რაღაც სიგნალს “შუშის სასახლიდან” და საბოლოოდ მიიღეს, რაც მიიღეს _ ბრძოლა მარგველაშვილის გადადგომისთვის, როგორც ჩანს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის დროშის ქვეშ წარიმართება. ეს დღის წესრიგის, მეტიც, “მარგველაშვილის პრობლემისარსის გაუმართლებელი გამარტივებაა. თუ ეს აქტივისტები ასევე პასიურად მოიქცევიან ოქტომბერში, სავარაუდო პოსტსაარჩევნო ესკალაციის დროს, საქართველოში შეიძლება სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური წინაპირობები ამისთვის, ერთი შეხედვით, არ არსებობს. ამას დიდი მსხვერპლი და ეროვნული კატასტროფა მოჰყვება. ყველაზე პარადოქსული ამ ვითარებაში არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც 2012-ში (და უფრო ადრეც) დემოკრატიული იდეალებისა და ავტორიტარული აზროვნების წინააღმდეგ იბრძოდნენ, დღეს ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამენ ლიდერის მითითების გარეშე, მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ ბრძოლა უსამართლობისა და სიცრუის წინააღმდეგ მისი იდენტიფიცირებისთანავე უნდა დაიწყოს. საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ეს აქტივისტები ხვალ, როდესაც რეფერენდუმის ინიციატორები მარგველაშვილის გადადგომისთვის წარმოებულ ბრძოლაშილოკომოტივისროლს მოირგებენ _ შეუერთდებიან მათ, დამოუკიდებლად იბძოლებენ თუ კონფლიქტში ჩარევისგან თავს შეიკავებენ?

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მარგველაშვილის გადაყენება განსაკუთრებული პრობლემას არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისის კულმინაცია დაემთხვევა არჩევნების შემდგომ არეულობას ანმაიდნისაგორების მცდელობასრუსთავი 2”-ის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მდგომარეობა შეიძლება გართულდეს. ამასთანავე, სუსტი ქვეყნისთვის (და ამაზე ყველზე კარგად ლათინური ამერიკის უახლესი ისტორია მიუთითებს) ძალზე საშიშია ნებისმიერი კონფლიქტი, რომლის უკან გლობალური იდეების დაპირისპირება იგულისხმება: ლიბერალიზმი _ კონსერვატიზმი, პროამერიკულობა _ პრორუსულობა და ა.შ. ერთია, როდესაც პრეზიდენტს უპირისპირდებიან თაღლითობის, ღალატის, კონკრეტული დანაშაულის თუ მათი სერიის გამო და სულ სხვა, როდესაც ის ღირებულებათა მთელი სისტემის დამცველის მანტიას ირგებს, თუნდაც ეს ღირებულებები ქვეყანაში ნაკლებად პოპულარული იყოს. ამას შეიძლება საზოგადოების გახლეჩა, სამოქალაქო დაპირისპირება და მასში უცხო ქვეყნების ჩარევა მოყვეს. კრიზისი, რომელიც ახლახან დაიწყო, ბევრმა მოქალაქემ შეიძლება ნაკლებად საშიშად ჩათვალოს, მაგრამ დაპირისპირების მოდელმა, რომელიც მის უკან დგას, განსაცდელში არაერთი ქვეყანა ჩააგდო.

რაც შეეხება საკუთრივ რეფერენდუმსა და კანონმდებლობაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, შემდგომ განსაზღვრას, ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ცხადია, არ მოიხსნება და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ახალი რეფერენდუმის გამართვის ან კანონის მიღების იდეად ტრანსფორმირდეს. ეს, რომ იტყვიან, “მარადიული თემაა”, რომლის გარშემო დისკუსია საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ათწლეულების განმავლობაში გაიმართება. ამ კონტექსტში, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება ზომიერებისა და სიმშვიდის დაცვა, რათა ადგილობრივმა ავანტიურისტებმა და მათმა უცხოელმა პარტნიორებმა საზოგადოების გახლეჩა და ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაყვანა ვერ მოახერხონ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. მაკა ჩიჩუა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკეთესი იქნებოდა. ე ს ლენჩი კაცი როგორ მოძებნეს. ჯერ მანიაკი სააკიანი დაგვასვა ამერიკამ ეხლა ეს მარგველაშვილი, თანაც სმა ყვარებია.

  2. საქართველ;ოს არ ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა, მეც ვიერთდები პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას, რადგან იმ თანხებიტრომელიც ამ ინსტიტუტის შესანახად იხარჯება ჩვენი ფულია ამიტომ მე მომხრე ვარ დაიწყოს ამ მიმართულებიტ ფართო მუშაობა კანონისზ ფარგლებში. ხოლო თუ პრეზიდენტის აპარატში ვინმეს უნდა ამ კანონიტ სარგებლობა ისარგებლონ ამ კანონის სიკეტიტ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here