Home რუბრიკები საზოგადოება ტყვედ ყოფნა თუ _ “დღეს სტუმარია ეგ ჩემი”?

ტყვედ ყოფნა თუ _ “დღეს სტუმარია ეგ ჩემი”?

2555

24 წლის შემდეგ პირველად მოყოლილი ამბავი

ზუსტად 24 წლის წინათ, 1992 წლის 14 აგვისტოს, დაიწყო აფხაზეთის ომი, რომელსაც წინ ბევრი საინტერესო მოვლენა უსწრებდა, მათ შორის, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც. პოლიტიკურმა დაპირისპირებამ იძალა ქვეყანაში, იდეური პლატფორმები ისე შეეჯახა ერთმანეთს, რომ ეროვნული ტრადიციების სიწმინდე და უზენაესობა მიწასთან გაასწორა. მართლა ასე იყო? ამ პრობლემაზესაქართველო და მსოფლიოსთანცნობილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, საგადასახადო სამსახურის პირველმა თავკაცმა და პირველმა ომბუდსმენმა დავით სალარიძემ ისაუბრა, ადამიანმა, რომელიც აფხაზეთის ომის დაწყების დღეს სამშვიდობო მისიის შესრულებისას დატყვევებული აღმოჩნდა.

* * *

_ ეს ამბავი 1992 წელს მოხდა.

საქართველოში ურთულესი ვითარებაა: სახელმწიფოს მეთაურთან შექმნილია პატარა აპარატი, რომელშიც, როგორც მისი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, მეც ვმუშაობ. ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია ევალება ჩვენს სამკაციან ჯგუფს.

ითვლება, რომ ამ დროისთვის დამთავრებულია სამოქალაქო ომი, მაგრამ ყოველდღე ხდება კრიმინალური დანაშაული, ზოგს ვახერხებთ, რომ მივწვდეთ, ზოგს _ ვერა. ცუდ დღეში ვართ. ბევრს ცდილობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი (იყო მაშინ ასეთი სახელმწიფო სტრუქტურა), რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე კავსაძე, მაგრამ სერიოზული შედეგები არ ჩანს.

ბატონმა სანდრომ გადაწყვიტა, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ჩასულიყო ამ რთულ რეგიონში და ადგილზე შეესწავლა მდგომარეობა. ჩავიდა კიდეც ჩხოროწყუს რაიონში, მაგრამ მას და მის თანამშრომლებს გზაში ჩაუსაფრდნენ და (რამდენიმე მისი თანამშრომელი, როგორც მახსოვს, დაიღუპა) დაატყვევეს.

გადის დღეები, თვეც გავიდა, მიდის მოლაპარაკება მათ დასახსნელად, მაგრამ უშედეგოდ.

ჩვენთვის _ სახელმწიფოს მეთაურის აპარატისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია, რა ტიპის შეიარაღებულ ფორმირებას ჰყავს ისინი დატყვევებული, და სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ მოლაპარაკებით ფონს ვერ გავალთ, საჭირო იქნება უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

_ რა ტიპისა იყო, ბატონო დავით, ის შეიარაღებული დაჯგუფება? ეროვნული იდეებით ხელმძღვანელობდა თუ კრიმინალურბანდიტურიგაგებით”?

_ ამოფარებულები იყვნენ ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერთა სახელს, პრაქტიკულად კი დაკავებულები იყვნენ ისეთი საქმიანობით, რომელსაც ეროვნულ იდეებთან საერთო არაფერი ჰქონდა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, ქვეყნის სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

მოკლედ, შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა რომან გვენცაძემ და მე გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად გაგვეაქტიურებინა დატყვევებული საჯარო მოხელეების გამოხსნის ღონისძიებები.

ამ შეიარაღებული ფორმირების სამი წევრი ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისში ჰყავდა დაპატიმრებული. მეორე მხარემ ტყვეთა გაცვლა შემოგვთავაზა. მოვახსენეთ სახელმწიფოს მეთაურს, მივიღეთ თანხმობა და 14 აგვისტოს (კარგად მახსოვს ეს დღე) მე და რომან გვენცაძე ზემოთ ნახსენებ სამ დაკავებულთან ერთად გავემგზავრეთ ზუგდიდში.

პატიმართა გაცვლა ზუგდიდის პოლიციის უფროსის _ რაფავას ოჯახში უნდა მომხდარიყო. იგი (ეს უფროსი) კომპრომისული ფიგურა იყო: კი დანიშნა ამ თანამდებობაზე მინისტრმა რომან გვენცაძემ, მაგრამ იქითაც იყო და აქეთაც.

ჩავფრინდით სენაკში, იქიდან მანქანებით წავედით ზუგდიდში. რაფავას ოჯახში დაგვხვდნენ ზუგდიდის გამგებელი ოთარ ფაცაცია, რომელიც მაშინ ამ რანგში იყო, იქაური სხვა “ჩვენი თანამშრომლები”, ასევე _ უშიშროების რამდენიმე მუშაკი.

ველოდებით, რომ მოიყვანენ სახელმწიფო მინისტრს _ სანდრო კავსაძეს და გავცვლით ტყვეებს.

სუფრა გაშლილია და ველოდებით, რომ, როცა ეს ყველაფერი კარგად დასრულდება, ჭიქა ღვინოსაც ავწევთ და მშვიდობიანად დავცილდებით ერთმანეთს, მაგრამ ამასობაში თურმე ალყა შემოგვარტყეს: ავტომატებით შეიარაღებული ორასამდე კაცია ამ სახლის ირგვლივ ჩასაფრებული.

შეიარაღებულ დაჯგუფებებს იმხანად ბატალიონებს უწოდებდნენ. ყველას თავისი მეთაური ჰყავდა. ეს არ იყო ერთიანი სტრუქტურა, მაგრამ ამ ფაქტმა ყველა გააერთიანა, მოხდა მათი კონსოლიდაცია და ყველა ბატალიონი შეიკრა ამ ოპერაციის ჩასატარებლად, რომელსაც სათავეში ლოთი ქობალია და გოჩა ბახია ედგნენ.

_ უიარაღოდ იყავით?

_ სამშვიდობო მისიით ვიყავით ჩასული და, რა თქმა უნდა, იარაღი არ გვქონია. რომც გვქონოდა, ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას ამდენ შეიარაღებულ ადამიანს?! ავტომატების ისეთი კაკანი ატყდა, როგორც სამამულო ომის პერიოდში შეტევაზე გადასვლისას იყო.

ჰოდა, კავსაძის გათავისუფლების ნაცვლად ჩვენ, დაახლოებით 10 კაცი, დაგვაპატიმრეს. ჩაგვსვეს მანქანებში და ენგურზე გადაგვიყვანეს, გალის მხარეს. გაგახსენებთ, 14 აგვისტოა და აფაზეთის ომი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩახმახი შემართულია.

ჯერ ყველანი ერთ ოჯახში მიგვიყვანეს, შემდეგ სხვადასხვა ოჯახში დაგვანაწილეს. იმავე დღეს გაათავისუფლეს ზუგდიდის გამგებელი ოთარ ფაცაცია და გამგეობის თანამშრომლები. ტყვეობაში დავრჩით თბილისიდან ჩასულები, ანუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები: მე, რომან გვენცაძე, ზიბერტ ხაზალია, რომელიც შს მინისტრის მოადგილე იყო, გამოცდილი პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანი (ღმერთმა აცხონოს!).

მე და ზიბერტი გალის რაიონში მცხოვრებ გაგოშიძეების ოჯახში მიგვიყვანეს.

რამდენი წელიწადი გავიდა მას შემდეგ და ამას პირველად ვყვები. ვყვები, რათა გითხრათ თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველს, რომ არც მაშინ, მით უმეტეს, ახლა, არ მქონია და არ მაქვს განცდა იმისა, რომ მტრის ბანაკში ვიყავი დაპატიმრებული, როგორც პალესტინელების მიერ დატყვევებული ისრაელის რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ვიყავი ჩემს თანამემამულეებთან, ქართულ ოჯახში, რომელიც წმინდად იცავდა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციულ წესსა და ადათს.

(მოვლენებს წინ გავუსწრებ და შემოგთავაზებთ ერთ მრავლისმთქმელ წინადადებას გაგოშიძეების ოჯახის დედის, ქალბატონი მერის მონათხრობიდანტყვეებთანპირველი შეხვედრის შესახებ:

“ისინი მოიყვანეს, როგორც დატყვევებულები რამდენიმე შეიარაღებული კაცის ბადრაგით (ხუთი_ექვსი კაცი იყო). ამათ უნდა ეყარაულათ, როგორც ციხეში.

მივედი ამ ბიჭებთან, კატეგორიულად მოვთხოვე, ახლავე მოცილდით აქაურობას, ესენი ჩვენი სტუმრები არიან, ხოლო ჩემი სახლი საპატიმრო არ გეგონოთ-მეთქი! _ ვუთხარი და გავუშვი”.

ის ახალგაზრდებიც დაჰყვნენ ქალბატონის მოთხოვნას, თუნდაც იმიტომ, რომ გენში ჰქონდათ:

რადგან სტუმარი სხვის სახლში,

ვერ გაშლის ხათაბალასა” (ვაჟა)

მაშ ასე, გაგოშიძეების ოჯახში აღმოჩნდნენ, გალში ჩასიძებული რაჭველი გაგოშიძის ოჯახში. ხის ოდების აგების იშვიათი პროფესიის კაცი გახლდათ ბატონი მურმანი (ახლა 84 წლისაა), ფრიად დაფასებული იმ სოფელსა და რაიონში. დიდოსტატი თავისი საქმის.

_ რაიკომის პირველ მდივანს _ ამირან ქავთარაძეს ოდა რომ გავუმართე, ხელი ჩამავლო, აქედან არსად გაგიშვებო და დავრჩი სამეგრელოში, მერე ეს პატიოსანი ქალი ვნახე, აქაური, ცოლად მოვიყვანე, ოთხი შვილი შეგვეძინა _ ერთი ბიჭი და სამი გოგო. დავრჩი და დავრჩი, სანამ ლტოლვილი გავხდებოდი, _ მომიყვება ბატონი მურმანი სტუმრად რომ ჩავალთ ბატონ დავითთან ერთად სოფელ ნორიოს სანახებში გადმოხვეწილ გაგოშიძეებთან, _ ..).

_ ძალიან ცუდი დროა, _ განაგრძობს ბატონი დავითი, _ გაჭირვებაა მთელ საქართველოში _ არც საჭმელია, არც სასმელი. ყველას თავისი თავი გასჭირვებია და ახლა ჩვენც, მე და ზიბერტ ხაზალია, გავუხდით შესანახი.

_ რატომ მიგიყვანეს მაინცდამაინც მათთან?

_ იმიტომ, ალბათ, რომ ისინი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერები და ერთგულები იყვნენ.

იქ ყოფნისას არც მათ, არც ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე ვიდექით თუ არა, ან რატომ უნდა ვყოფილიყავით დაპირისპირებული და მტრულად განწყობილი ერთმანეთის მიმართ?!

ჩვენ და ისინი _ ასე არასოდეს დამდგარა საკითხი, რადგან მათაც და ჩვენც ერთი საფიცარი გვქონდა _ საქართველო.

თითქოს სხვებზე შეძლებული იყვნენ, მაგრამ ვგრძნობდით და ვხედავდით (თუმცა ყოველნაირად ცდილობდნენ, დაემალათ), როგორ იკლებდნენ თვითონ, ჩვენთვის, როგორც სტუმრებისთვის, შესაფერისი პატივი რომ ეცათ.

ერთი რამეცაა: ისინი ჩვენ სულაც არ გვიყურებდნენ, როგორც ტყვეებს, ან მძევლად აყვანილებს. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცოტა ხანს მათთან დავყოფდით და შემდეგ გაგვიშვებდნენ.

შეიძლება ასეც მომხდარიყო, მაგრამ 14 აგვისტოს დაწყებული ლოკალური შეიარაღებული შეტაკებების 15-ში აფხაზეთის ომში გადაზრდამ, ყველაფერი ისე არია, რომ ჩემთვის და ზიბერტ ხაზალიასთვის აღარავის ეცალა.

ჩვენი დატოვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არარაციონალურად მიიჩნიეს, და იმ დაჯგუფებამ, რომელმაც ტყვედ აგვიყვანა, გადაწყვიტა ჩვენი ევაკუირება წალენჯიხის რაიონში.

მაშინ ამბავი ატყდა! ეს ოჯახი, რომელიც, როგორც გითხარით, დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე დღეში გაგვათავისუფლებდნენ, წინ აღუდგა იმ დაჯგუფების წევრებს და კატეგორიულად მოსთხოვა, ხელი აეღოთ განზრახვაზე.

_ სახელი გაგვიტყდება, თავი მოგვეჭრება, ჩვენს სტუმრებს დაუყოვნებლივ თუ არ გაუშვებთო. რას იფიქრებს ჩვენზე ხალხი: სტუმარ-მასპინძლობის კანონი დაივიწყეს სამეგრელოშიო! _ კატეგორიულად განუცხადა ოჯახის დედამ ქალბატონმა მერიმ, აღაზას ქართულმა განსახიერებამ, მოსულებს.

_ ბატონო დავით, თქვენ რა, ვაჟას “სტუმარ-მასპინძელს” მიყვებით?

_ ზუსტად ის სიტუაცია გამეორდა, ვაჟას რომ აქვს აღწერილი.

(იქ, ვაჟასთან აბობოქრდნენ ქისტები, ჩვენი მოსისხლე ზვიადაური შეიფარაო ჯოყოლამ:

აღელვდნენ ქისტის შვილები,

ყველამ შაიბა ხმალია,

აღელვდა მთელი სოფელი:

ბალღი, კაცი და ქალია.

შეუპოვრად გადისთავდამსხმელებთანხმალხანჯრიანიჯოყოლა და შეუძახებს ქისტებს:

ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?

რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,

თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?

ჩემს რჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,

განანებთ ბრიყვულ ქცევასა,

განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,

ჩემის კაცობის ქელვასა).

_ ახლა გაავლეთ პარალელი პოლიციის უფროსის ოჯახსა და მშრომელი კაცის ოჯახებს შორის. პირველ შემთხვევაში, მოღალატური პრინციპის ერთგულება (იცოდნენ, თავს რომ უნდა დაგვსხმოდნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და ხელი შეუწყვეს ამის განხორციელებას) და, მეორე შემთხვევაში, ოჯახი, რომელიც მორალით, განათლებით _ ყველანაირად იცავდა და უფრთხილდებოდა სტუმარმასპინძლობის ხელშეუხებელ პრინციპს. ჩვენი სტუმრები სხვაგან მიგყავთ, ისევ პატიმრობაში რომ ამყოფოთო, _ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი.

უსიამოვნება თავიდან რომ აგვეცილებინა და ჩვენი მიზეზით უბედურება არ დატრიალებულიყო, მე და ზიბერტი დაპირისპირებულთა შუაში ჩავდექით, დავამშვიდეთ ორივე მხარე იმით, რომ შევძელით დაგვერწმუნებინა _ დღეს თუ ხვალ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა

წაგვიყვანეს წალენჯიხის რაიონში და 24 დღის განმავლობაში 6-7 ოჯახი გამოვიცვალეთ.

ყველგან, სადაც ვიყავით, ერთი და იგივე მეორდებოდა _ თავისთვის იკლებდნენ, სტუმრებისთვის ღირსეული მასპინძლობა რომ გაეწიათ.

ერთ-ერთი ასეთი იყო წალენჯიხელი ედემი ხასიას ოჯახი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ, როგორც კი მომიხერხდება, ჩავდივარ და შეძლებისდაგვარად ვეხმარები. ძლიერი გლეხია ბატონი ედემი, მშრომელი ოჯახის უფროსია, ზვიად გამსახურდიას მომხრე და ერთგულია. ასე რომ არ ყოფილიყო, იქ არ მიგვიყვანდნენ.

შევედით ამ ოჯახში და რას ვხედავთ: ერთ კედელზე ზვიად გამსახურდიას სურათი კიდია, მეორეზე _ იოსებ სტალინის.

_ ამოუხსნელია, უფალო, საქმენი შენი…

_ ყოველ შემთხვევაში, ეს, ალბათ, უნდა ნიშნავდეს, რომ, რაგინდ ურთიერთგამომრიცხავი იყოს ერთი ერის წიაღში დამკვიდრებული იდეოლოგიები, რაღაც საერთო საფუძველი, ადამიანების ქვეცნობიერში არსებული ფესვები საერთო ნიადაგშია გადგმული, ეროვნულ ნიადაგში.

_ ამ შემთხვევაში, ეპოქების გადახლართვაგადადინებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომელიც ერთი თაობის ცხოვრებაში მოხდა: სოციალისტური წყობილების პირობებში აღზრდილი თაობა საქართველოს დამოუკიდებლობის გაბრწყინებას მოესწრო

_ სიმბოლური დატვირთვის მქონე ეს ფაქტი ადასტურებს დაპირისპირებულთა თანაარსებობის შესაძლებლობას, თუნდაც საზოგადოების ერთი უჯრედის _ ოჯახის საზღვრებში.

ჩვენი “დატყვევების” გარშემო განვითარებული მოვლენებიც ამ ვარაუდის პრაქტიკული დადასტურება იყო.

_ “მიწის ყივილი”?

_ დიახ… ხასიების ოჯახში, სოფელ ობუჯში რამდენიმე დღე დავყავით. იქიდან სხვა ოჯახში ჩაგვასახლეს.

ერთხელ ენგურმშენის დასახლება ჯვარში მოვხვდით, რომელიც იმ დროს მიტოვებული იყო. აქ წალენჯიხის ბატალიონს გადაგვაბარეს, რომლის მეთაურს მეტსახელად ფაზა ერქვა. წალენჯიხელი იყო, ელექტრიკოსი და ეს თიკუნი ძველი დროიდან შემორჩენოდა.

ომის შემდეგაც ვხვდებოდი ფაზას, კარგი, ნორმალური კაცი იყო. კარგა ხანია, მის შესახებ არაფერი მსმენია… ძალიან მენატრება.

იმას გიყვებოდით, რომ ჯვარში ჩაგვასახლეს, მიტოვებულ, სამოთახიან ბინაში. ეუხერხულებოდათ, აშკარად ვატყობდი, ჩვენი მოუწყობელ პირობებში ცხოვრება, თანაც ისეთ დასახლებაში, სადაც მოსახლე არავინ იყო. არ უპასუხებდა აქაური რეალობა მეგრელებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობის წესებს, და ერთ მშვენიერ დღეს მოგვიწყვეს… ექსკურსია ენგურჰესზე.

_ კულტურული ღონისძიება!

_ დიახ, როგორც ნებისმიერ ადგილობრივ კურორტზე იცოდნენ დამსვენებლების გართობა (გულიანად ვიცინით). მაგრამ ტყვეთა გართობა-დასვენების ორგანიზება ასეთი, ან, თუნდაც, მსგავსი გაგიგიათ?!.

აგვიყვანეს კაშხალზე, _ განაგრძო ბატონმა დავითმა, ცოტა რომ დაცხრა ჩვენი ემოციები, _ გადავდივართ და გადმოვდივართ ამ თაღოვანი, უნიკალური კაშხალის თავზე, გვიყვებიან, გვიხსნიან დეტალურად ყველაფერს.

_ ბატონო დავით, დავიჯერო, რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდათ ,ასე იდილიური იყო?

_ არა, რა თქმა უნდა. იყო ვინმე ბაძაღუა, გალის ბატალიონის მეთაური. ამ ბაძაღუამ ერთი ოჯახიდან რომ წაგვიყვანა, მე და ზიბერტს ხელბორკილები დაგვადო. აფხაზობდა, ამიტომაც დარჩა აფხაზეთში. დაუფასეს და დანიშნეს გალის ბაზრის დირექტორის მოადგილედ. ეს იქ და მაშინ დიდი თანამდებობა იყო.

ამ ბაძაღუამ ცოლად მოიყვანა გაგოშიძეების ერთერთი ქალიშვილი. გაუჩნდათ ვაჟი. ეს ოჯახი აფხაზეთში დარჩა. ერთ უბედურ დღეს, ბაზარში თავის კაბინეტში რომ შევიდა, ნაღმი აუფეთქეს და _ დამთავრდა!

დაქვრივებული ქალი და მისი ვაჟი თბილისში ჩამოვიდნენ. მაჩაბლის 11-ში, სადაც უწინ კომკავშირის ცკ იყო, იქ, უკანა ეზოში მივაცემინე ოთახი. დღესაც იქ ცხოვრობენ.

_ სიკეთით გადაუხადეთ?

_ მეტსაც გეტყვით: ლოთი ქობალიას, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა, შვილი სამსახურში მოვუწყვე… მამის თხოვნით…

იყო ასეთი მომენტებიც.

ამასობაში დრო გადის. სანდრო კავსაძე, ვის გასათავისუფლებლადაც ჩავედით ცხელ წერტილში, სხვებიც, ვინც მასთან ერთად იყვნენ, თბილისში არიან, ჩვენ კი იქ ვრჩებით. ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის _ აფხაზეთის ომი დაწყებულია და სალარიძეხაზალიას პრობლემა მეორე პლანზეა გადასული.

უნდა გითხრათ, რომ ბატალიონებში, რომლებიც არაერთხელ ვახსენე, ბევრი სვანი იყო. დიდი ხანია, სვანებთან ვმეგობრობ. სანამ მათთან დაკავშირებულ ამბავზე გადავალ, გეტყვით, რატომ აჭიანურებდნენ ჩვენ გათავისუფლებას შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელები: 200 ცალ ავტომატში გაგიცვლითო, პირობა წაუყენეს ცენტრალურ ხელისუფლებას.

მოტივაცია ასეთი იყო: აფხაზებთან ომი დაიწყო, ხელისუფლებას თავი არ აქვს, მოიგოს ეს ომი. მოგვეცით ეს იარაღი, ჩვენ ჩვენსას დავუმატებთ და ვიომებთ აფაზეთშიო.

ხელისუფლება ამას არ თანხმდება, რადგან მოწინააღმდეგის, კერძოდ, შეიარაღებული ფორმირებების ამ რაოდენობის იარაღით აღჭურვა საკუთარი ყელის გამოჭრა იქნებოდა.

საკითხი თავიდანვე ჩიხში შევიდა. არც ერთი მხარე პოზიციას არ თმობდა. და სწორედ ასეთ ვითარებაში ჩაერივნენ სვანები, რომლებმაც საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩვენი გათავისუფლების საკითხი.

_ შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ ესენი იყვნენ მარგველანები, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი და მისი ძმა. აქტიური მონაწილეობა მიიღო იურისტმა ნაირა ხაბულიანმა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა, თენგიზ გაზდელიანიც მონაწილეობდა, ლიპარტელიანი _ შს სამინისტროს თანამშრომელი, გრიშა ონიანი, რა თქმა უნდა. ამ “სადესანტო ჯგუფს” დიდი და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, საქმე ბოლომდე რომ მიეყვანა.

ამასობაში, როგორც გითხარით, ათი ოჯახი მაინც გამოვიცვალეთ. და აი, ერთ-ერთ ოჯახში რომ ვართ, იქ მოგვაკითხეს. წაგვიყვანეს მესტიაში. ეს იყო კომპრომისი მათთან, ვინც დარაჯად გვყავდა მოჩენილი, მათ მთავარ შტაბთან შეუთანხმებლად.

ამან, რა თქმა უნდა, შტაბში ვნებათაღელვა გამოიწვია, დაგვიწყეს დევნა, მაგრამ სვანებმა ჩვენი დაკავების უფლება არ მისცეს და მესტიაში აგვიყვანეს.

მთავრობას, როგორც ცნობილია, მაშინ ძალიან მწირი შესაძლებლობები ჰქონდა, ორხელისუფლებიანობა იყო საქართველოში, მაგრამ მაინც მოხერხდა ჩვენს გამოსაყვანად ვერტმფრენის გამოგზავნა მესტიაში.

ერთი ნიუანსია აქ საინტერესო. ჩემმა მეგობარმა სვანებმა თბილისში ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსის _ მარგველანის ძმა მოძებნეს, გაგზავნეს გროზნოში, სადაც იმხანად იმყოფებოდა დევნილი პრეზიდენტი. ბატონ ზვიადს მოახსენეს, ასე და ასეაო საქმე. მასაც უთქვამს, რა ვიცი, ვინ სად ჰყავთ დაკავებულიო. დაცვის უფროსმა უთხრა თბილისიდან ჩასულებს, წადით და გამოიყვანეთ, აქ მათ არავინ არაფერს ერჩისო. ეს აცნობეს ჩემს მეგობარ სვანებს და მათაც გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი.

ასე დამთავრდა ჩვენი ოდისეა, მაგრამ არა ყველაფერი, უწინარესად, იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც მიგვიღეს, როგორც სტუმრები, და რომლებსაც ომის დაწყების შემდეგ ცხოვრება გაურთულდათ, განსაკუთრებით, გალის რაიონში.

გაგოშიძეების ოჯახი, რომელიც აფხაზ სეპარატისტებს იყო დაპირისპირებული, ერთ თვეში იძულებული შეიქნა, აყრილიყო და ზუგდიდში გადმოსულიყო ნათესავებთან. იქიდან თბილისში ჩამოვიდნენ. მოახერხეს და ხმა მომაწვდინეს.

ნორიოში პატარა სააგარაკო სახლი მქონდა, დავუთმე ის სახლი და დღემდე იქ ცხოვრობენ. უკვე 24 წელიწადია, მე და ჩემს ოჯახს ყურადღება არ მოგვიკლია მათთვის, არც არასოდეს არაფერი დაგვითვლია.

გაიზარდა, ფეხზე დადგა გაგოშიძეების გვარი. თუ არ ვცდები, შვილებიან-შვილიშვილებიანად 12 მაინც იქნებიან. ყველას ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ ერთი ქალიშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ერთი შვილიშვილი _ სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი და ა.შ. დალხინებული ცხოვრება შეიძლება არ აქვთ, მაგრამ სიძნელეებს არ ეპუებიან, არც წუწუნებენ.

ერთ საკითხს გამოვყოფ.

ახლა, როცა გაირკვა, რომ გაგოშიძეების ოჯახის არც ერთი წევრი სისხლიან დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, ოჯახის დედ-მამა უშიშრად ჩავიდა გალში და ნახეს, რომ მათი სახლ-კარისთვის ხელი არავის უხლია, მეზობელს შეუნახავს, აფხაზებს არ გადაუწვიათ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

დასასრული მომდევნო ნომერში

1 COMMENT

  1. ასე დაასრულა სარალიძემ დამოუკიდეელი საქართველოს ერთგულება და იმ წამიდანვე ჩაება შევარდნაძის კრიმინალური ხელისუფლებისათვის მოღვაწეთა მოწინავე რიგებში.
    კავსაძეს ეტყობა არასდროს დაუსვოა კითხვა თუ როგორ მოხდა სამართალ დამცავო ორგანოდან პორდაპირ მხედრიონის ორგიაში. და რატომ შეიძულა ახალგაზრდა საქართველო და რატომ განუდგა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. მას არასდროს ჯეროდა რომ საქართველო დამოუკიდებეელი სახელმწიფო გახდებოდა და მა კომუნისტების ნამიკატურის გზა აირჩია ერის ასაოხრებლად! და ბოლოს მინდა ვითხრათ რომ ობალიას არასდროს უთხოვია კავსაძეზათვის შვილის დასაქმება. ჩვენ შორის მტყუან მართალი უფალმა განსაჯოს , ამინ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here