Home რუბრიკები საზოგადოება მრავალშვილიანი ომის ვეტერანი დახმარებას სთხოვს ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს

მრავალშვილიანი ომის ვეტერანი დახმარებას სთხოვს ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს

1137

ვეფხვია ღვალაძე: უნდა მოვმკვდარიყავი, რომ ჩემს შვილებს დახმარებოდნენ?

ათი შვილის მამა და აფხაზეთის ომის ვეტერანი ვეფხვია ღვალაძე რამდენიმე თვის წინათ სახელმწიფო კანცელარიის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ, როგორც ამბობს, მთავრობის წარმომადგენლები ვითარების გამოსწორებას დაჰპირდნენ და შიმშილობა გადაიფიქრა. მას შემდეგ დაპირებების შესრულებას უშედეგოდ ელის. ვეფხვია ღვალაძე თბილისში, ფონიჭალაში, ერთოთახიან ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ათი შვილიდან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი. ყველაზე უმცროსი, დაუნის სინდრომით დაავადებული კი, ჯერ თვეებისაა და განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებათავის გასაჭირზე სასაუბროდ ვეფხვია ღვალაძესაქართველო და მსოფლიოსდაუკავშირდა.

_ ერთადერთი ომის ვეტერანი ვარ, რომელსაც ათი შვილი ჰყავს. ვარ ბატალიონ “ავაზას” მეომარი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტრისტან წითელაშვილი გახლდათ ჩემი ბატალიონის უფროსი. შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ, ფაქტობრივად, ამ სახელმწიფოს სახე. მცირეწლოვანი შვილები მყავს, უფროსი ახლახან შესრულდა 18 წლის, დანარჩენები პატარები არიან. მივმართავ ჩვენს პრემიერს: ან ერთჯერადი კომპენსაციის სახით დამეხმაროს, როგორც ერთადერთ მრავალშვილიან ვეტერანს, ან დამინიშნონ თვეში 1 800-ლარიანი დახმარება, ნუ დამიქვითავენ საშემოსავლოს და ნურც კომუნალურ გადასახადებს გადამახდევინებენ. ეს არის ჩემი თხოვნა. ამ შემთხვევაში ვიგრძნობ თავს ჩემს სახელმწიფოში დაცულად. დღეს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერის გამრავლებაზე საუბრობენ, თუ მართლა სურთ, სხვამაც მომბაძოს და ბევრი შვილი გააჩინოს, ასე უნდა მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს ნუ ატყუებენ. განგაშის ზარებს რომ რეკენ, ერი ბერდება და 2050 წლისთვის, ფაქტობრივად, აღარ ვიარსებებთო, დაეხმარონ ჩემნაირ მრავალშვილიანებს და ეს ხომ სხვებისთვისაც ერთგვარი სტიმული იქნება? აბა, მე რომ შემომხედავენ, გული ხომ გაუტყდებათ და ბევრი შვილის ყოლის სურვილი ვიღას გაუჩნდება?!

როდესაც კანცელარიის წინ შიმშილობის დაწყება გადავწყვიტე, ეს ამბავი მხოლოდ ტელეკომპანია “ობიექტივს” შევატყობინე, რადგან თავი შევიკავე აჟიოტაჟისგან.

_ თქვენი პროტესტის შემდეგ ვინმე თუ გამოგეხმაურათ ხელისუფლებიდან ან ვეტერანების დეპარტმენტს თუ მიმართეთ?

_ დიახ, პირადად შემხვდა ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე; ფულითაც დამეხმარა და დამპირდა, რომ თხოვნას შემისრულებდა. მე ომის ვეტერანი ვარ, კობალაძე დეპარტამენტის თავმჯდომარეა, პატივს ვცემ ამ კაცს და ამიტომ გავჩერდი, თორემ ვერავინ გამაჩერებდა. უმუშევარი ვარ, სამსახურსაც შემპირდა, მაგრამ უკვე რამდენი თვე გავიდა და დღემდე უშედეგოდ ველოდები.

_ სახლი თუ გაქვთ, სად ცხოვრობთ?

_ თბილისში, ფონიჭალაში, 47კვ მეტრი ფართობის ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ 12-სულიანი ოჯახი. ეს ბინა სახელმწიფოს ბალანსზეა, კარგა ხანია, გვპირდებიან და არ გვიმტკიცებენ ბინას. ბავშვებს სწავლა მოუნდებათ თუ მუშაობას დაიწყებენ, მინდა, ქალაქში ჰქონდეთ სახლი. რადგან ათი შვილი მყავს, იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ძროხების მწყემსი უნდა ვიყოთ. ზოგს რატომღაც ასე ჰგონია და ამრეზით გვიყურებს, ფიქრობს, რადგან მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს, წერა-კითხვაც არ ვიცით.

 ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში მაქვს სახლი, მაგრამ, იქ რომ გადავიდეთ საცხოვრებლად, ის დახმარებაც მოგვეხსნება, რომელსაც ახლა ვიღებთ. ამიტომ ვფიქრობ, თუ სოფელში წავალ, მეურნეობას გავაკეთებ, თხებსა და ძროხებს მოვაშენებ. რისი საშუალებაც ამჟამად არ მაქვს და მინდა მივმართო ბიზნესმენებს: დამეხმარონ, ფული არ მინდა, თხები და ძროხები მიყიდონ და მერე მე მივხედავ ოჯახს

თუ არავინ დამეხმარება, იძულებული ვიქნები, ბიძინა ივანიშვილთან მივიდე და დარწმუნებული ვარ, ეს კაცი ხელს არ მკრავს.

_ ბიძინა ივანიშვილი ხომ აღარ არის ქვეყნის პრემიერმინისტრი?

_ დიახ, მაგრამ მას შევახსენებ მისივე ნათქვამს, _ მე ვიცი, რასაც ნიშნავს მრავალშვილინი ოჯახიო. უმადური ნამდვილად არ ვარ, მადლობელი ვარ, რომ ამ კაცმა ის “შავი ჭირი”, სააკაშვილის ხელისუფლება, მოგვაშორა და, პრეტენზია კი არა, მასთან მხოლოდ თხოვნა მაქვს. სხვათა შორის, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ბოლნისში შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და მაშინ მკითხა _ რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო? ვუთხარი, ოღონდ თქვენ იყავით კარგად და ეს ჭირი, ნაციონალები, მოგვაშორეთ და არაფერი მინდა-მეთქი. კაცი ამხელა ომში იყო ჩაბმული, როგორ ვიკადრებდი, ჩემთვის რაიმე მეთხოვა?!

ნაციონალების წინააღმდეგ ვიბრძოდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ხელისუფლების შეცვლით ვითარებაც შეიცვლებოდა. თორემ იმხანად მითხრეს, თუ სააკაშვილს მისცემ ხმას, პირობით სასჯელს მოგიხსნითო, მე კი სწორედ მაშინ, ხალხი შიშით გარეთ რომ ვერ გამოდიოდა, მოვკიდე ხელი ჩემს ორსულ მეუღლეს და “ქართულ ოცნებაში” წევრი გავხდი. პირობითი სასჯელი, იცით, რისთვის მომისაჯეს? _ ტაქსის მძღოლს შემთხვევით მინა გავუბზარე. არც კი მიჩხუბია და მეტი რომ ვერაფერი მომიხერხეს, საჩივარი დააწერინეს ჩემზე, რადგან ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი. 2011 წლის მაისის აქციებშიც, 22 მაისს, გენერალი უჩავა რომ გაიტაცეს, იქაც ვიყავი, სასწაულით გადავრჩი დაჭერას. როცა სპეცრაზმელები მოვიდნენ, ვუთხარი მრავალშვილიანი მამა ვარ, თუ გინდათ, ახლავე მომკალით-მეთქი და ერთმა სპეცრაზმელმა გამომიშვა; მითხრა, _ ადექი და გაიქეციო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვიმალებოდი. კუდი ყოველდღე დადიოდა ჩემთან სახლში, დარწმუნებული ვარ, “ყინწვისის ამბებში” უნდოდათ ჩემი გარევა. ამ სასამართლოს მერე მეუღლეს, 4 თვის ორსულს, მუცელი მოეშალა. ბოლოს ეს ნასამართლეობა მომიხსნეს, მაგრამ ამდენი რამ გადაიტანა ჩემმა ოჯახმა…

_ როგორც ომის ვეტერანი, დახმარებას არ იღებთ?

_ არა, ადრე სპეციალურად არ ვიღებდი საბუთს, არ მინდოდა, ამით მესარგებლა, მხოლოდ 2008 წლის მერე გავაკეთე საბუთი და მათ, ვისაც 2008 წლის შემდეგ აქვს აღებული საბუთი, ის 22 ლარი, რომელსაც ვეტერანები იღებენ, არ ეკუთვნის.

 წარმოიდგინეთ, კანონით, ომში მარჩენალდაკარგულებს ათასი ლარით ეხმარებიან. აუცილებლად უნდა მოვმკვდარიყავი, რომ ჩემს შვილებს დახმარებოდნენ?

არადა, ჩემი სამშობლოსთვის არასდროს უკან არ დამიხევია. ტამიშში, ბესლახუბაში ვიბძოდი, ტანკისტი ვიყავი. 2008 წლის ომის დროსაც მივედით კომისარიატში 130 კაცი, ვეხვეწებოდით, ეს ახალგაზარდები დააბრუნეთ და ომში ჩვენ გაგვიშვით-თქო, მაგრამ საბრძოლველად არ გაგვიშვეს. სააკაშვილი რატომღაც არ გვენდობოდა, ყველას რუსების აგენტს გვეძახდა, ვინც აფხაზეთის ომში ვიბრძოდით.

_ ამჟამად რამე დახმარებას თუ იღებთ ხელისუფლებისგან?

_ თითოეულ ბავშვზე თბილისის მერიისგან ვიღებ 50 ლარს, რომელიც სოფელში გადასვლისთანავე გაგვიუქმდება. ამას გარდა, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი, ვიღებთ სოციალურ დახმარებას და, თუ ეს დახმარება მოგვეხსნება, ათი ბავშვი 500 ლარით როგორ ვარჩინო? არადა, თბილისში ვეღარ ვარჩენ ოჯახს და სხვა გამოსავალიც არ მრჩება. ამიტომ მინდა სოფელში პატარა მეურნეობა გავაკეთო და, როგორც აღვნიშნე, ბიზნესმენებს დახმარებას სწორედ ამიტომ ვთხოვ.

 რამდენიმე ხნის წინათ, როგორც ტრადიციული ქართული ოჯახი, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გია ჯაჯანიძის შოუში მიგვიწვიეს. წავედით, რადგან ამ გადაცემაში სულ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი დადის და იქნებ ტრადიციული ხალხიც გამოჩნდეს-მეთქი. მოძღვარსაც ვთხოვე კურთხევა და გამიშვა. ამ გადაცემაში ტყუილიც კი ვთქვი, მეხმარება მთავრობა-მეთქი, რადგან იქ ხელისუფლების კრიტიკას არ დავიწყებდი. აქედან გამომდინარე, გადაცემის შემდეგაც არავინ გამოგვხმაურებია და დაგვხმარებია. მხოლოდ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დამეხმარა 3 ათასი ლარით. ახლაც გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყოთ, არაფერს ვიტყოდი. ბოლნისში მაღაზია არ არის, ვალი რომ არ გვქონდეს, ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას, ბიზნესმენებს დამეხმარონ, რათა ჩემი მრავალშვილიანი ოჯახის რჩენა შევძლო და უმადურივით არ მოვიქცევი, გაზეთის მეშვეობით ყველას საჯაროდ გადავუხდი მადლობას.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

P.S. ვისაც ბატონი ვეფხვია ღვალაძის მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება გსურთ, დაუკავშირდით ნომერზე _ 558 111 873

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here