Home რუბრიკები საზოგადოება უსასრულობა

უსასრულობა

1425

შვიდი წლის იყო. ცხოვრობდა და არსებობდა, როგორც ყველა იმ თაობის პატარა ბიჭი, მაგრამ სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ყოველთვის ოცნებობდამისი ცხოვრება სავსე იყო ფიქრებითა და ულამაზესი სიზმრებით. ესიზმრებოდა ყველაფერი, ესიზმრებოდა ისიც, რაც ჰქონდა ან არ ჰქონდა განცდილი, მაგრამ, რაც ერთ ღამეს მოხდა, განსხვავდებოდა ყველაფრისგან.

ღამით, როდესაც პატარა ბიჭს ღრმად ეძინა, მის საწოლთან ამოცურდა უზარმაზარი და ულამაზესი ვარდისფერი გამჭვირვალე ბურთი, რომლიდანაც გადმოვიდა მშვენიერი გოგონა და ბიჭის საწოლზე ჩამოჯდა. ერთმანეთს დიდი ხნის ნაცნობებივით ესაუბრებოდნენ. ბიჭი, მიუხედავად მცირეწლოვნებისა, გრძნობდა გოგონას თავბრუდამხვევ სილამაზეს და რაღაც ჯერ მისი ასაკისთვის უცხო, შეუცნობელი სასიამოვნო განცდა ეუფლებოდა, მაგრამ ვერაფრით აცნობიერებდა, რა იყო ეს. საუბრობდნენ ყველაფერზე. წლოვანების მიუხედავად, მოვლენებს მოწიფული ადამიანებივით აფასებდნენ. დრომ სწრაფად გაიარა. ბიჭს გამოეღვიძა. მიხვდა, რომ ყველაფერი სიზმარი იყო და საშინლად დასწყდა გული.

გავიდა წლები. პატარა ბიჭი დავაჟკაცდა, მიიღო კარგი განათლება, დაიწყო მუშაობა და მიაღწია ისეთ სიმაღლეებს, როგორიც იშვიათად ეღირსებათ ხოლმე მოკვდავ ადამიანებს. იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობდა, გახდა სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირი. დაოჯახდა. შეეძინა შვილები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში წარმატებული იყვნენ. ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით, მაგრამ ერთი სიზმრის განცდა არც ერთ დროს არ ასვენებდა უკვე ასაკოვან ჩვენს გმირს. სულ ახსოვდა ის ნუშისფერთვალებიანი საოცარი სილამაზის გოგონა, განსაკუთრებული, განუმეორებელი ღიმილით, რომლის მსგავსი თავის ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში არ ენახა.

სულ ფიქრობდა: რა იყო ეს? ნუთუ შეიძლება ასეთი სიზმარი არსებობდეს, რომ მოკვდავ ადამიანს ასე მკვეთრად და ხანგრძლივად ახსოვდეს და არც ერთი წუთით არ ტოვებდეს მის ცნობიერს?! ისევ გადიოდა წლები ზღაპრული სილამაზის გოგონას მოლოდინში, ერთხელ სიზმრად ნანახი ანგელოზის ტრფიალში, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო და, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ვერც საუკუნეები დააკლებდა რამეს.

კიდევ გავიდა დრო. უკვე აღარ იყო თანამდებობის პირი და არც არანაირი მდგომარეობის მაძიებელი. ახლოვდებოდა ის ზღვრული გადასვლა სხვა განზომილებაში, როდესაც ადამიანზე არაფერია დამოკიდებული და ემზადებოდა უსასრულობასთან შესახვედრად. მუშაობდა რიგით მოხელედ ერთ-ერთ დაწესებულებაში. იგონებდა ყველაფერს, დაწყებული იმ ბობოქარი დღეებიდან, რომლებსაც ახალგაზრდობა, სიყვარული და ცხოვრების სილამაზე ჰქვია, დამთავრებული ყოველგვარი ცუდით და კარგით.

ერთხელ ოთახში, სადაც მისი სამუშაო მაგიდა იდგა, შემოვიდა საოცარღიმილიანი, იშვიათი სილამაზის ქალბატონი და იცით, ვინ იყო ეს ქალბატონი?! _ დიახ! თქვენ სწორად მიხვდით: ეს იყო სიზმრიდან გადმოსული პატარა გოგონა, რომელიც შევსებულიყო, ასაკი მომატებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც ბიჭს. გამოიყურებოდა ისე, როგორც შეეფერება შუახანზე გაცილებით პატარა ასაკის ქალს _ ისევ ის ნუშისფერი თვალები, ისევ ის მწველი და სავსე ტუჩები და, რაც მთავარია, განუმეორებელი ღიმილი, ღიმილი, რომლის მსგავსიც არასოდეს უნახავს.

ჩვენი გმირი ახლაღა მიხვდა, რომ მას უცნაურად ეწვია ისეთი სიყვარული, რომლის მსგავსიც ცოტაა; რომელიც პირდაპირ სიზმრიდან გადმოვიდა, მრავალი წელი ალოდინა და ბოლოს მაინც ეწვია. ახლა მის წინ იდგა ქალი, გაცისკროვნებული ღიმილით განათებული, და მშვიდად შეჰყურებდა ჩვენს გმირს.

_ ყველაფერი ვიცი, _ ბრძანა მან, _ ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

_ კი, მაგრამ… _ ამოილუღლუღა კაცმა, _ მე ხომ მთელი ცხოვრება მიყვარდი, სულ შენზე ვფიქრობდი, ერთი დღე არ გასულა შენ გარეშე, გელოდებოდი, სულ გელოდებოდი…

_ თუ მელოდებოდი, ცოლი რატომ მოიყვანე, რატომ ცდილობდი, რომ მაღალი მდგომარეობა შეგექმნა შენი თავისთვის?!

_ მაგრამ შენ ხომ არსად ჩანდი, არც მეგონა, რომ არსებობდი…

_ თუ არ იცოდი, რომ ვარსებობდი, როგორღა გიყვარდი?!

_ მეგონა, რომ ყოველივე ეს სიზმარი იყო.

_ ახლა ხომ დარწმუნდი, რომ სიზმარი არ არის?

_ დიახ! დავრწმუნდი… მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა საჭირო იყო ყოველივე…

_ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან თავდაჯერებული იყავი და სულ გსურდა, ყველასთვის გეჯობნა; გინდოდა, ამ ცხოვრებისგან მიგეღო ყველაფერი.

_ კი მაგრამ, 7 წლის ბიჭუნას რა სურდა, შენ საიდან იცი?!

ქალს გაეცინა, გაშალა მარჯვენა ხელის მტევანი და გამოაჩინა პატარა, მრგვალი, ბრჭყვიალა, ლამაზი ბურთი.

_ აი აქ შენის ბედისა და ცხოვრების კარმაა, რომლის თანახმადაც შენ უნდა დაღუპულიყავი ძალიან ახალგაზრდა. მე გამოვთვალე შენი ცხოვრების მდინარება და მოვატრიალე შენი ბედისწერა უზენაესის ნებით. ჩვენ ორივეს უნდა განგვეცადა სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, რათა შენ გადარჩენილიყავი და შენ გადარჩი.

_ კი, მაგრამ… _ იდგა ჩვენი გმირი თავბრუდახვეული და ვერაფერს ამბობდა, ათასი კითხვა აწვალებდა, მაგრამ დამუნჯებულიყო ჯერ ქალის სილამაზით, შემდეგ მომხდარის იდუმალებით და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ ბოლომდე შეცნობილ-შეუცნობელი სიყვარულის განცდით; სიყვარულისა, რომელსაც 21-ე საუკუნეში უკვე ავადმყოფობასაც ეძახიან და ვერც ერთ საუკუნეში ვერ ახსნა ვერავინ. რა არის ეს?! საიდან მოდის და საით მიდის?! ჩვენს გმირს ვერაფრით გაეგო, როგორ დაიწყო ყოველივე, როცა 7 წლის იყო და აგერ, უკვე სიცოცხლის ბოლოს ისევ ისეა შეყვარებული, როგორც დასაწყისში. “სად არის გამოსავალი?! რა შეუძლია მას?! რა უთხრას ამ ქალს?!” _ მყისიერად გაიფიქრა. ამ დროს ქალმა რაღაც ზღაპრული სილამაზის ხმით მიმართა:

_ იცი, როგორც მოგიყევი, ეს სიყვარული ჩემი ინიციატივით დაიწყო, ვინაიდან შენ ამას ნამდვილად იმსახურებდი. ეს კითხვები, რომლებიც დაგისვი და უხერხულობა შეგიქმენი, ემსახურებოდა იმას, რომ კიდევ ერთხელ შემეცნო შენი პიროვნება და საბოლოოდ მიმეღო გადაწყვეტილება. დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება. მე ვარ უკვდავი და დღეს შენი სიყვარულისთვის ვთმობ ამ უდიდეს საჩუქარს და, სანამ შენ იცოცხლებ, ვიქნები შენ გვერდით, ხოლო შემდეგ შენთან ერთად გადავალ იმ სამყაროში. მე აღარ ვიქნები უკვდავი _ მოვკვდები, როგორც უამრავი ადამიანი.

_ სხვა რა მოხდება? _ ჰკითხა ვაჟმა.

_ დღესვე თუ შეელევი სიცოცხლეს, მე ისევ უკვდავი ვიქნები, ოღონდ შენი წასვლა ამ ქვეყნიდან ჩემთვის იქნება უდიდესი სასჯელი, რომელსაც ვერავითარი უკვდავება ვერ აანაზღაურებს.

თქვენ რას იზამდით, მკითხველო?

ეს პატარა ნოველა, რომელიც ნაწილობრივ ალეგორიულია, ეხება იმ ადამიანების ცხოვრებას, რომელთათვის ეს ულამაზესი გრძნობა ხშირად აგვიანებს, ისევე, როგორც ხშირად აგვიანებს მათთვის განკუთვნილი სიკეთეები, რომლებიც ზოგისთვის მოდის, ზოგისთვის კი _ არასოდეს. მხოლოდ უზენაესის სურვილს შეუძლია სრულყოფილქმნას ყოველი. ამ შემთხვევაში რა მოხდა?! მოხდა ის, რომ ორივემ დათმო ყოველივე ამქვეყნიური და მარადიულ უსასრულობას შეუერთდა…

ვაჟა აბაკელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here