Home რუბრიკები ისტორია “მართალი იცოცხლებს რწმენით”

“მართალი იცოცხლებს რწმენით”

888

როგორ შეუწყო ხელი სტალინმა ათეისტური საბჭოთა კავშირის ქრისტიანი მრევლის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაბრუნებას

დღეს ქვეყნდება ერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. თავს უფლება მივეცი, რამდენიმე მოკლე კომენტარი ჩამერთო ამ საოქმო ხასიათის ჩანაწერში, რომელიც ასეა დასათაურებული: გიორგი გრიგოლის ძე კარპოვის ჩანაწერი . . სტალინის მიერ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქების მიღების შესახებ. ცნობისთვის: გიორგი კარპოვი _ საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტროგრადის უნივერსიტეტში, მუშაობდა მემანქანედ მექანიკურ ქარხანაში. 1918-1922 წლებში მსახურობდა წითელ ფლოტში. იყო უშიშროების გენერალმაიორი. აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების პერიოდისთვის პოლკოვნიკია.

04.09.43 წ. გამომიძახეს ამხანაგ სტალინთან, სადაც დამისვეს შემდეგი შეკითხვები:

ა) რას წარმოადგენს, როგორც პიროვნება, მიტროპოლიტი სერგი (ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, მისი ავტორიტეტი ეკლესიაში, მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ),

ბ) მიტროპოლიტების _ ალექსისა და ნიკოლოზის მოკლე დახასიათება,

გ) როდის და როგორ აირჩიეს პატრიარქი ტიხონი,

დ) რა კავშირი აქვს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზღვარგარეთთან,

ე) ვინ არიან მსოფლიო, იერუსალიმისა და სხვა პატრიარქები,

ვ) რა ვიცი ბულგარეთის, იუგოსლავიის, რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიების ხელმძღვანელთა შესახებ,

ზ) როგორ მატერიალურ პირობებში ცხოვრობენ ამჟამად მიტროპოლიტები სერგი, ალექსი და ნიკოლოზი,

თ) მართლმადიდებლური ეკლესიების სამწყსოების რაოდენობა სსრკ-ში და ეპისკოპატების რაოდენობა.

მას შემდეგ, რაც ზემოთ დასახელებულ შეკითხვებს ვუპასუხე, სამი პირადი ხასიათის შეკითხვა დამისვეს:

ა) ვარ თუ არა რუსი,

ბ) რომელი წლიდან ვარ პარტიაში,

გ) რა განათლება მაქვს, რატომ ვარ გაცნობიერებული საეკლესიო საკითხებში,

(სანამ ჩანაწერის თარგმანს გავაგრძელებ, მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ერთ მომენტს, რომელიც აშკარად გამოიკვეთა: ანტისტალინელების მიერ გავრცელებული ბრალდების საწინააღმდეგოდ, თითქოს სტალინი აზრს არავის არასოდეს ეკითხებოდა და არც ითვალისწინებდა, ეს ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი (ჩანაწერი) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელადი განსახილველი საკითხების შესახებ კონსულტაციას პროფესიონალებთან გადიოდა, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდა ამ საკითხების (საქმის) განხორციელება, პრობლემების მოწესრიგება.

სხვათა აზრს კი არ უარყოფდა, არამედ საკუთარს შეაჯერებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდა კორექტირებული (თუ საჭირო იყო) დასკვნები.

აი, ასეთიდიქტატორიიყო სტალინი.

განვაგრძოთ. _ ..).

ამის შემდეგ ამხ. სტალინმა თქვა:

_ უნდა შევქმნათ სპეციალური ორგანო, რომელიც ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კავშირს განახორციელებს. რა წინადადებები გაქვთ?

ვუპასუხე, რომ ამ საკითხზე ბოლომდე მზად არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოსთან შეიქმნებოდა კულტების საქმეთა განყოფილება. ჩემი წინადადება ემყარებოდა საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული კულტების საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციონირების ფაქტს.

ამხ. სტალინმა გამისწორა და მითხრა, რომ საჭირო არ არის საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსთან კულტების საქმეთა კომისიის ან განყოფილების შექმნა, რადგან ლაპარაკია საკავშირო მთავრობასთან არსებულ სპეციალურ ორგანოზე. შეიძლება ვილაპარაკოთ ან კომიტეტის, ან საბჭოს შექმნაზე. მკითხა ჩემი მოსაზრება.

როცა ვუთხარი, რომ მიჭირს ამ საკითხზე პასუხის გაცემა, ამხ. სტალინი ოდნავ დაფიქრდა და თქვა:

1) საჭიროა, მთავრობასთან, .., სახკომსაბჭოსთან შევქმნათ საბჭო, რომელსაც ვუწოდებთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს;

2) საბჭოს დაეკისრება საკავშირო მთავრობასა და პატრიარქს შორის კავშირის განხორციელება;

3) საბჭო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, მოახსენებს მთავრობას და მისი მითითებებით იხელმძღვანელებს.

ამის შემდეგ ამხ. სტალინი ეთათბირა ამხ. მალენკოვს, ბერიას, უნდა მიიღოს თუ არა მიტროპოლიტები სერგი, ალექსი, ნიკოლოზი, აგრეთვე, შემეკითხა, რას ვფიქრობ იმაზე, რომ მთავრობა მიიღებს მათ.

(კვლავ _ მოთათბირება, სხვათა აზრის მოსმენა და საჭიროების მიხედვით გათვალისწინება. _ ..).

სამივემ ვთქვით, რომ ეს დადებით ფაქტად მიგვაჩნია.

ამის შემდეგ აქვე, ამხ. სტალინის აგარაკზე, დამავალეს, დამერეკა მიტროპოლიტ სერგისთვის და მთავრობის სახელით გადამეცა შემდეგი: “გელაპარაკებათ სახკომსაბჭოს წარმომადგენელი. მთავრობას სურს, მიგიღოთ თქვენ, ასევე, მიტროპოლიტები ალექსი და ნიკოლოზი, მოისმინოს თქვენი საჭიროებანი და გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც გაქვთ. მთავრობას შეუძლია მიგიღოთ დღესვე, ერთი საათის, საათ-ნახევრის შემდეგ, ან თუ ეს დრო ხელს არ გაძლევთ, მიღება შეიძლება მოეწყოს ხვალ (კვირას) ან მომდევნო კვირის ნებისმიერ დღეს”.

(სამამულო ომის ფრონტებზე ვითარება ურთულეს სტადიაშია შესული.

ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის!” ეს მოწოდება დროსაც გულისხმობს _ ყოველი დღე, საათი, წუთი ომის პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობს. ეს ეხება მთელ ქვეყანას, მაგრამ ყველაზე მეტად უმაღლესი მთავარსარდლის არაადამიანურად გადატვირთულ დღისა და ღამის სამუშაო რეჟიმს.

და სწორედ ასეთ ვითარებაში სტალინი მზად არის, შეხვდეს მღვდელმთავრებს მათთვის მისაღებ დროს. ეს კი, უწინარესად, მეტყველებს, რა დიდი პატივისცემა ჰქონდა ბელადს მათდამი და რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებას ომის ურთულეს პერიოდში.

არა მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ პრაგმატული საჭიროებით იყო ნაკარნახევი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შეხვედრაც და ყველაფერი, რაც ამ შეხვედრის დროს გადაწყდა და დაისახა, დასაწყისი იყო მართლმადიდებლობისკენ შემობრუნების, ერთგვარი გარდატეხა ათეისტური დოგმატის.

ჯერ ქვეტექსტის დონეზე. თუმცა ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ საბჭოთა მედიაში დაუყოვნებლივ გავრცელდა ოფიციალური შეტყობინებით.

ამაზე _ ქვემოთ. _ ..).

აქვე, ამხ. სტალინის თანდასწრებით, დავურეკე სერგის, წარვუდექი, როგორც სახკომსაბჭოს წარმომადგენელი, გადავეცი ზემოთ აღნიშნული და ვთხოვე, მოთათბირებოდა მიტროპოლიტებს: ალექსისა და ნიკოლოზს, თუ ისინი იმ დროს მიტროპოლიტ სერგისთან იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ მოვახსენე ამხ. სტალინს, რომ მიტროპოლიტები სერგი, ალექსი და ნიკოლოზი მადლობას მოახსენებენ მთავრობის მხრიდან ასეთი ყურადღებისთვის და სურთ, ისინი მიიღონ დღეს.

ორი საათის მოგვიანებით მიტროპოლიტები სერგი, ალექსი და ნიკოლოზი მიბრძანდნენ კრემლში, სადაც ამხ. სტალინმა ისინი საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში მიიღო. მიღებას ვესწრებოდით ამხ. მოლოტოვი და მე.

სტალინის საუბარი მიტროპოლიტებთან 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

ამხ. სტალინმა თქვა, რომ საკავშირო მთავრობამ იცის, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ისინი პატრიოტულ მუშაობას ეწევიან ეკლესიებში, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი წერილი მიიღო ფრონტიდან და ზურგიდან, რომლებშიც იწონებენ ეკლესიის მიერ სახელმწიფოს მიმართ დაკავებულ პოზიციას.

ამხ. სტალინმა მოკლედ აღნიშნა ომის დროს ეკლესიის პატრიოტული საქმიანობის დადებითი მნიშვნელობა და სთხოვა მიტროპოლიტებს სერგის, ალექსისა და ნიკოლოზს, ესაუბრათ პატრიარქატსა და პირადად მათ წინაშე მდგარ მომწიფებულ, მაგრამ გადაუჭრელ საკითხებზე.

მიტროპოლიტმა სერგიმ ამხ. სტალინს უთხრა, რომ ყველაზე მთავარი და ყველაზე უფრო მომწიფებული საკითხი არის ეკლესიის ცენტრალური ხელმძღვანელობის საკითხი, რადგან (იგი) 18 წელიწადია, პატრიარქის ადგილმონაცვლეა, ფიქრობს, რომ საეჭვოა, სადმე კიდევ არსებობდეს ასეთი ხანგრძლივი სიძნელენი, რომ სინოდი საბჭოთა კავშირში არ არსებობს 1935 წლიდან, და ამიტომ სასურველად მიაჩნია, მთავრობამ ნება დართოს, მოიწვიონ მღვდელმთავართა კრება (არქიერების სობორო), რომელიც აირჩევს პატრიარქსაც, აგრეთვე, შექმნის ორგანოს 5-6 მღვდელმთავრის შემადგენლობით.

მიტროპოლიტებმა ალექსიმ და ნიკოლოზმა, აგრეთვე, გამოთქვეს მოსაზრება სინოდის შექმნის თაობაზე და ეს წინადადება დაასაბუთეს იმით, რომ იგი იქნება ყველაზე უფრო სასურველი და მისაღები ფორმა. განაცხადეს ასევე, რომ პატრიარქის არჩევა მღვდელმთავართა კრებაზე მიაჩნიათ სავსებით კანონიკურად, რადგან 18 წლის განმავლობაში ეკლესიას ფაქტობრივად და უცვლელად განაგებს პატრიარქის ადგილმონაცვლე მიტროპოლიტი სერგი.

ამხ. სტალინმა მოიწონა მიტროპოლიტ სერგის წინადადებები და იკითხა:

ა) რა დაერქმევა პატრიარქს,

ბ) როდის შეიძლება შეიკრიბოს მღვდელმთავართა კრება,

გ) სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება კრების წარმატებით ჩასატარებლად (არის თუ არა შენობა, სჭირდებათ თუ არა ტრანსპორტი, სჭირდებათ თუ არა ფული და ა.შ.).

სერგიმ უპასუხა, რომ ეს საკითხები წინასწარ ჰქონდათ განხილული და სასურველად და სწორად მიიჩნევენ, თუ მთავრობა ნებას დართავს, პატრიარქს მიენიჭოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ტიტული, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ტიხონი, რომელიც 1917 წელს დროებითი მთავრობის დროს იყო არჩეული, იწოდებოდა “პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის”.

ამხ. სტალინი დაეთანხმა, თქვა, რომ ასე სწორია.

მეორე საკითხზე მიტროპოლიტმა სერგიმ უპასუხა, რომ მღვდელმთავართა კრების მოწვევა ერთი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამხ. სტალინმა გაიღიმა და თქვა: “არ შეიძლება ბოლშევიკური ტემპების გამოვლენა?” მომიბრუნდა და ჩემი აზრი მკითხა. განვაცხადე, რომ, თუ ჩვენ მიტროპოლიტ სერგის შესაფერისი ტრანსპორტით (თვითმფრინავებით) დავეხმარებით ეპისკოპატის მოსკოვში სწრაფად ჩამოსაყვანად, მაშინ კრება 3-4 დღის შემდეგ შეიძლება გაიმართოს.

მოკლე მოთათბირების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ მღვდელმთავართა კრება მოსკოვში 8 სექტემბერს გაიმართებოდა.

მესამე საკითხზე მიტროპოლიტმა სერგიმ უპასუხა, რომ კრების ჩასატარებლად სახელმწიფოს არავითარ სუფსიდიას არ სთხოვენ.

მიტროპოლიტმა სერგიმ მეორე საკითხად დააყენა, ხოლო მიტროპოლიტმა ალექსიმ განავრცო საკითხი სასულიერო მოღვაწეთა კადრების მომზადების შესახებ. ამასთანავე, ორივემ სთხოვა ამხ. სტალინს, ზოგიერთ ეპარქიასთან საღვთისმეტყველო კურსების გახსნის ნება დართონ.

ამხ. სტალინი დაეთანხმა და შეეკითხა, რატომ აყენებენ საკითხს საღვთისმეტყველო კურსების შესახებ, მაშინ, როცა მთავრობამ შეიძლება გადაწყვიტოს სასულიერო აკადემიის ორგანიზებისა და სასულიერო სემინარიების გახსნის საკითხები ყველა ეპარქიაში, სადაც ამის საჭიროებაა.

მიტროპოლიტმა სერგიმ, შემდეგ კი უფრო მეტად მიტროპოლიტმა ალექსიმ, თქვეს, რომ სასულიერო აკადემიის გახსნისთვის მათ საკმარისი ძალა არ აქვთ და აუცილებელია შესაბამისი მომზადება. სემინარიებთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ (ამ სასწავლებლებში) 18 წლამდე პირების ჩარიცხვა მიუღებლად მიაჩნიათ არსებული ვითარებიდან გამომდინარე და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, რადგან იციან, რომ, სანამ ადამიანს არ ჩამოუყალიბდება გარკვეული მსოფლმხედველობა, მისი მოძღვრად მომზადება ფრიად სახიფათოა, ვინაიდან ხდება დიდი განთესვა. შესაძლებელია, შემდგომ, როცა ეკლესიას დაუგროვდება საღვთისმეტყველო კურსების მუშაობასთან დაკავშირებული გამოცდილება, დადგეს ეს საკითხი, მაგრამ მაშინაც კი სემინარიებისა და აკადემიების საორგანიზაციო საპროგრამო მხარე მკვეთრად უნდა იყოს სახეშეცვლილი.

ამხ. სტალინმა თქვა: მაშ, როგორც გნებავთ, ეს თქვენი საქმეა. თუკი საღვთისმეტყველო კურსები გსურთ, მათით დაიწყეთ, მაგრამ მთავრობა სემინარიებისა და აკადემიების გახსნის წინააღმდეგი არ იქნება”.

მესამე საკითხად სერგიმ წამოაყენა მოსკოვის პატრიარქიის ჟურნალის გამოცემა, რომელიც გამოვიდოდა თვეში ერთხელ და რომელშიც გამოქვეყნდებოდა, როგორც საეკლესიო ქრონიკა, ასევე, საღვთისმეტყველო და პატრიოტული ხასიათის წერილები და სიტყვები.

ამხ. სტალინმა უპასუხა: “ჟურნალის გამოცემა შეიძლება და უნდა გამოიცეს”.

შემდეგ მიტროპოლიტი სერგი შეეხო რიგ ეპარქიებში ეკლესიების გახსნის საკითხს, თქვა, რომ ამის შესახებ მას სთხოვენ თითქმის ყველა ეპარქიის მღვდელმთავრები, ეკლესიები ცოტაა და რომ ძალიან ბევრი წელიწადია, ეკლესიები არ გახსნილა. ამასთანავე, მიტროპოლიტმა სერგიმ თქვა, რომ მას აუცილებლად მიაჩნია, ეპარქიის მღვდელმთავარს მიენიჭოს უფლება ეკლესიების გახსნის საკითხებზე სამოქალაქო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საწარმოებლად.

მიტროპოლიტებმა ალექსიმ და ნიკოლოზმა მხარი დაუჭირეს სერგის, ამასთანავე, აღნიშნეს საბჭოთა კავშირში ეკლესიების არათანაბარი განაწილების შესახებ და გამოთქვეს სურვილი, პირველ რიგში, ეკლესიები გაიხსნას იმ ოლქებსა და მხარეებში, რომლებშიც ეკლესიები ან სულ არ არის, ან ძალიან ცოტაა.

ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ საკითხზე მთავრობის მხრიდან არავითარი დაბრკოლება არ ექნებათ.

შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ ამხ. სტალინის წინაშე დააყენა საკითხი გადასახლებაში, ბანაკებში, ციხეებში და ა.შ. მყოფი ზოგიერთი მღვდელმსახურის გათავისუფლების შესახებ.

ამხ. სტალინმა მათ უთხრა: წარმოადგინეთ სია, ჩვენ განვიხილავთ”.

სერგიმ აქვე წამოაყენა საკითხი, რათა ნება დაერთოს ყოფილ ღვთისმსახურებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, თავისუფლად გადაადგილდნენ კავშირის ფარგლებში და მიეცეთ უფლება, აღავლინონ წირვა-ლოცვა ეკლესიებში, ანუ საკითხი დასმული იყო აკრძალვის, უფრო ზუსტად, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომლებიც საპასპორტო რეჟიმთან არის დაკავშირებული.

ამხ. სტალინმა შემომთავაზა ამ საკითხის შესწავლა.

მიტროპოლიტმა ალექსიმ ამხ. სტალინს ნებართვა სთხოვა და სპეციალურად შეჩერდა საკითხებზე, რომლებიც საეკლესიო სალაროსთან არის დაკავშირებული, კერძოდ კი:

ა) მიტროპოლიტმა ალექსიმ თქვა, რომ მას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, ეპარქიებს მიეცეთ უფლება ეკლესიის ცენტრალური აპარატის სალაროში მის (პატრიარქიის, სინოდის) შესანახად ეკლესიების სალაროებიდან და ეპარქიების სალაროებიდან გარკვეული თანხების გადარიცხვის. ამასთან ერთად, მიტროპოლიტმა ალექსიმ დაასახელა მაგალითი, რომ ლენინგრადის საბჭოს ადმინისტრაციული კონტროლის ინსპექტორმა ტატარინცევამ ასეთი გადარიცხვები აკრძალა;

ბ) ამ საკითხზე იგი, ასევე, მიტროპოლიტები: სერგი და ნიკოლოზი აუცილებლად მიიჩნევენ, შეიცვალოს დებულება ეკლესიის მმართველობის შესახებ, კერძოდ კი, ღვთისმსახურებს მიეცეთ უფლება, გახდნენ ეკლესიის ორგანოს წევრები.

ამხ. სტალინმა თქვა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

* * *

აი, ასე _ დეტალურად, აგურაგურ შეუდგა სტალინი სულიერების იმ მატერიალური ტაძრის აღდგენას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებდა ადამიანების რწმენას და ესოდენ საჭირო იყო გამარჯვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სამამულო ომში, შემდეგ _ ომით დანგრეული ქვეყნის აღსადგენად და წარმატებული წინსვლისთვის, საერთოდ.

ჩვენი განათლებული მკითხველისთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა შეძლო საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო სოციალისტური სისტემის განადგურება, მთავარ ამოცანად კანონიკური მართლმადიდებლობის მოსპობა დაისახა.

ამიტომაა, რომ ერთი ქვეყნის მსოფლიო ჰეგემონობისთვის მოწოდებული იდეოლოგიის ინდუსტრია დღეს ასე გამწარებით ებრძვის მართლმადიდებლობას, სტალინს, რომელმაც ჯერ კიდევ როდის განსჭვრიტა ასეთი პერსპექტივის შესაძლებლობა და აღმართარწმენის კედელიამ გლობალური შემოტევის მოსაგერიებლად.

არმაზ სანებლიძე

დასასრული

მომდევნო ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here