Home რუბრიკები საზოგადოება “ოცნების” არაფორმალური მმართველის ვინაობა ცნობილია

“ოცნების” არაფორმალური მმართველის ვინაობა ცნობილია

627

2013 წლის შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავდა და ის სწორედ ივანიშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების ადრესატი ამას კატეგორიულად უარყოფდა, ოპოზიცია მაინც თავისას არ იშლიდა. და აი, დადგა სკანდალური და სენსაციური მომენტი, როდესაც შოკისმომგვრელ სიმართლეს შეიტყობთ იმის შესახებ, ვინ იდგა “ქართული ოცნების” არაფორმალური მმართველის სახელის უკან.

ჩვენი წყარო კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ის, რასაც დღეს გიამბობთ, ყველას პირდაღებულს დაგტოვებთ. წყაროს შორეული ნათესავი შუშის სასახლის მზარეულად და დამლაგებლად მუშაობს და პირდაპირი შეხება აქვს ივანიშვილის სამუშაო კაბინეტთან, ასევე, მის საძინებელ ოთახთან. წყარო კარგად ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ამიტომ არ გასჭირვებია სკანდალური ინფორმაციის მოპოვება.

მის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ:

“საღამოს 10 საათი იყო. ამ დროს ბატონი ბიძინა ლავანდის აბაზანებს იღებს და დაძინებამდე სამუშაო კაბინეტში იკეტება, საქმეებს ასრულებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძინებს. ოთახში შესვლამდე სამზარეულოში შემოვიდა, ცივი იოგურტი გამოიღო მაცივრიდან, ხალათში იყო გამოწყობილი, ჩუსტები ეცვა, მომიკითხა, გამიღიმა და მითხრა, ტელეფონი დამიტენე, დილით ადრე ვარ გასასვლელიო. თვითონ სააბაზანო ოთახში შევიდა. მე მის სამუშაო კაბინეტს მივაშურე, რადგან ტელეფონს მხოლოდ იქ ტენის. შევაერთე ტელეფონი და კომპიუტერის “მაუსზე” შემთხვევით მომიხვდა ხელი. უცებ მონიტორი აინთო, როგოც ჩანს, კომპიუტერი ლოდინის რეჟიმში იყო და ხელის შეხების შემდეგ, როგორც წესი, ინთება ხოლმე.

ეკრანზე რამდენიმე გახსნილი ინტერნეტფანჯარა დამხვდა, “ოდნოკლასნიკები” და “მაილ.რუ”.

სწორედ “მაილ.რუ”-ზე იყო დაყენებული და, უნებლიეთ, გამოგზავნილი წერილებისკენ გამექცა თვალი. ამ მომენტში აბაზანის კარის სახელური ჩამოიწია და, რომ არ დავენახე, შიშისგან კომპიუტერის მონიტორი გავთიშე, ტელეფონი შევაერთე და სამზარეულოსკენ გამოვეშურე. ძალიან კი ვინანე, რომ ვერ მოვახერხე წერილების ნახვა, მაგრამ ბედმა გამიღიმა, მოულოდნელად ბერამ დაუძახა თავის სტუდიაში, სთხოვა, ახალ სიმღერაზე ხმის დადებაში დამეხმარეო, და ბატონი ბიძინაც იქ გაეშურა. როგორც ჩანს, არ ახსოვდა, კომპიუტერი ჩართული რომ იყო. ვიხელთე დრო და ფეხაკრეფით შევედი მის სამუშაო კაბინეტში, ფრთხილად ჩავრთე კომპიუტერი და დავიწყე წერილების თვალიერება, დიდი არაფერი იყო და ჩავთვალე, რომ სასკანდალო არც არაფერი ყოფილა, თუმცა მოულოდნელად ახალი შეტყობინება მოვიდა სათაურით “სასწრაფოდ სანახავი”. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი მისი ავტორის სახელი იყო, მაგრამ ვიფიქრე, ეს, უბრალოდ, მეტსახელია-მეთქი და მეტი არაფერი, მაგრამ წერილის გახსნის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. იქ ეწერა ყველა ის გეგმა, რომლითაც ხელისუფლებას უნდა ემოქმედა.

წერილის ავტორი ითხოვდა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ჩამოშორებას, აგრეთვე, ძმებ ბერძენიშვილებთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტას და მიზეზად მათი მხრიდან შესაძლო საფრთხეს ასახელებდა. წერილი ბოლომდე ჩავიკითხე და შიშმა კიდევ უფრო მეტად ამიტანა. მისი ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო და მაშინ მივხვდი, რომ ქვეყანას, ივანიშვილი კი არა, იოსებ ბესარიონის ძე მართავდა.

წერილის ბოლოში მისი ავთენტურობის ნიშნად სტალინის დასკანერებული თითის ანაბეჭდი იყო, ხოლო საკონტაქტო მისამართი _ stalin@hell.hell.

და მე მივხვდი, რა იგულისხმა თანამდებობიდან ახალწასულმა თინა ხიდაშელმა, როდესაც “ქართული ოცნების” ახალ სახეებს ასე მიმართა: Welcome To Hell, ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთშიო.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here