Home რუბრიკები პოლიტიკა მე ლონდონში ვსწავლობდი!

მე ლონდონში ვსწავლობდი!

1064

“ქართული ოცნების” ახალ სახეებზე მხოლოდ ზარმაცს არ უქილიკია, თანაც, ამაში ერთმანეთს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი ძალის გარიყული თუ გაურკვევლობაში მყოფი სახეებიც ეჯიბრებიან. წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას ეს, საზოგადოდ, ახასიათებს და, როგორც წესი, მოძველებულ სახეებს სწრაფად ავიწყდებათ, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ მათაც ახალ სახეებს უწოდებდნენ.

ყველაზე დიდი ხმაური მაინც არა ახალ, არამედ შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის დასახელებას მოჰყვა. “რევოლუციური” ბექგრაუნდის მქონენი ისე ავიშვიდნენ, რომ ლოგიკის ნატამალიც კი დაკარგეს და ნარჩემაშვილს ის დაუწუნეს, რომ “მოვალეობას თავი ვერ გაართვა”. ერთი სიტყვით, ნარჩემაშვილს დღეს ედავებიან, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეები რატომ არ დაგვიჭირეო(!). ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გულში, ალბათ, დღემდე უკვირთ, თუ რატომ არ გაუხსნა მათ ცეცხლი ნარჩემაშვილმა. თვითონ ხომრევოლუციისშემდეგ სწორედ ასე იქცეოდნენ!

უტიფრობა იქამდეც მივიდა, რომ “რუსთავი 2”-ის რეპორტაჟში ნარჩემაშვილს შევარდნაძის ერთგულება კი “დაუფასეს”, მაგრამ იქვე დააყოლეს – ნარჩემაშვილმა თავი ნანული შევარდნაძის პანაშვიდზე დააჭერინაო. თქვენ გეგონათ, დაიჭირეს ნარჩემაშვილი? ოლოლო თქვენა! ვერ გამოიცანით! თვითონ კობამ “დააჭერინა თავი”! ბარემაც გაეხარდებოდათ სააკაშვილის ჭკუისრევოლუციონერებსსროლა და სისხლისღვრა, მაგრამ სისხლი არ დაიღვარა და წინასწარ მომზადებული ჰოლანდიური ვარდები სახელმწიფო გადატრიალების ბრენდად შეასაღეს გაბრიყვებულ სტატისტებს.

ახლა ახალ სახეებს დავუბრუნდეთ. “შუა ქალაქის” ერთ-ერთი გმირის ტრაბახი _ “მე ლონდონში ვსწავლობდი”, როგორც არასდროს, აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. ლონდონში და იმის იქით ნასწავლი ახალი სახეები იმავე საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ იქ ნასწავლებს დასვამდა მინისტრებად, მერე მინისტრობიდან ისევ იქით გზავნიდა სასწავლებლად. ახალ სახეებში თამარ ჩუგოშვილიც აღმოჩნდა, რომელმაც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევა გაამართლა და სააკაშვილის რეჟიმს სისხლი მოსწმინდა. მისი თქმით, მიტინგის ვადა ამოწურული იყო და, აქედან გამომდინარე, დარბევაც _ გამართლებული. გამოთქმა “არასანქცირებული მიტინგი” 1989 წლის შემდეგ საქართველოში არავის გამოუყენებია ჩუგოშვილამდე. დღეს იგი სრულიად სხვაგვარად აფასებს იმჟამინდელ მოვლენებს: “26 მაისის დღე კოშმარულად მახსოვს, რადგან ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან მძიმე იყო”.

ახლა იმ ნაცემნაწამებ და დაპატიმრებულ ასეულობით ადამიანს ჰკითხეთ: მათთვის უფრო მძიმე იყო ის ღამე თუ ჩუგოშვილისთვის? თუმცა ეს რიტორიკული კითხვაა და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვისი მეცადინეობით აღმოჩნდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, შემდეგ კი _ “ქართული ოცნებისსაარჩევნო სიაში. რესპუბლიკური პარტიის კომკავშირის ხელმძღვანელები დღეს ხელისუფლების ყველა შტოში არიან გაფანტულნი და, თუ ვინმე თავს იმშვიდებს, რომ ეს პარტია “ოცნებისგან” დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ჩუგოშვილის მაგალითზე მაინც უნდა მიხვდეს, რომ სხვა პარტიაში ჩანერგილი რესპუბლიკელები ისევე მოიქცევიან, როგორც თავის დროზე “ქართული ოცნების” სახელით ნაძალადევის მაჟორიტარად გაყვანილი “უპარტიო” თამარ კორძაია.

2012 წლის იანვარში ვთქვი, რომ “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები ყველაფერს იზამდნენ, ოღონდ ივანიშვილს საკუთარი პარტია ვერ შეექმნა. ოთხ წელზე მეტი გავიდა და პარტია “ქართული ოცნება” კვლავაც ჩანასახობრივ მდგომარეობაშია; რეგიონებში პორტირებული ნაციონალები ჰყავთ, ხოლო საარჩევნო სია მთლიანად აუთსორსინგზე (ერთი კომპანიის მიერ, შეთანხმების საფუძველზე, თავისი ფუნქციების გადაცემა მეორე კომპანიისთვის) აქვთ გადაყვანილი. კადრების შერჩევას ეწევა კომპანია “მე ლონდონში ვსწავლობდი”!

ცხადია, ამ პრინციპით შერჩეული კადრები ნატოსა და ევროკავშირის ერთგულებით გამოირჩევიან, ხოლო მათ შორის ყველაზე ენთუზიასტები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის ადგილზე მიგვიღებენ, ხოლო ნატოში _ თურქეთის ადგილზე. დღევანდელ მსოფლიოში მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ პოლიტიკოსებს პულსზე ხელი უნდა ედოთ და, ვითარებიდან გამომდინარე, ცვლიდნენ რიტორიკას, მაგრამ უცხოეთში მოკლე კურსგავლილი ახალი სახეები ახალს ვერაფერს იტყვიან იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვისი კონსპექტით დაზეპირებულ ტექსტში კორექტივების შეტანა მათთვის არავის უსწავლებია.

ლონდონში ნასწავლიუმაღლესი თანამდებობის პირები ამ წინასაარჩევნოდ დევნაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. პაპუაშვილმა მოსამართლეების მიმართ ზემოქმედებაზე ილაპარაკა, ხოლო მარგველაშვილმა _ საკუთარი ოჯახის წევრის დევნაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, პაპუაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია, ხოლო პრეზიდენტის “ოჯახის წევრზე” გაირკვა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. 2011 წელს მოკლული ზურა ტარყაშვილის დედამ _ თამილა კოჭლამაზაშვილმა განაცხადა:

“პრეზიდენტის საპასუხოდ შს სამინისტროს გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ამა წლის 28 ივნისს პოლიციამ გაჩხრიკა ჩემი შვილის, ზურა ტარყაშვილის, ერთ-ერთი მკვლელის _ მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის, ბინა, რომლის დასჯას, უკვე წლებია, უშედეგოდ ვითხოვ პროკურატურისგან.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქამდე გრძელდება და პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს_ მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოფირები და ფოტოსურათები _ დღემდე არ წაუყენეს ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდება მინდია გოგოჭურს, რომელიც, როგორც უკვე საჯაროდ გამოჩნდა, მარგველაშვილის მფარველობით სარგებლობს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იცავს მკვლელს _ მინდია გოგოჭურს, რომელმაც სხვა თანამზრახველებთან ერთად 23 წლის შვილი მომიკლა რუსთაველის გამზირზე. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, მზადაა, ხელი დააფაროს სასტიკ დამნაშავეს, რადგან ის მისი ნათესავია”.

საქმე, ალბათ, გამოძიებას მოითხოვს, მაგრამ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ცივი იარაღის ტარებაზე რომ გაჩხრეკ და პრეზიდენტს ოჯახის წევრის დევნაზე ალაპარაკებ, რა ჰქვია ამას? ან იმას რა ჰქვია, პრეზიდენტი მისი მეუღლის მასთან ქორწინებამდე შეძენილი შვილის ბოიფრენდს “ოჯახის წევრს” რომ უწოდებს? არადა, ლონდონში უსწავლელი ფეოდალები ამბობდნენ, “ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არისო”! თუმცა მაშინ ხალხი ბნელი იყო, ახლა კი აღარც ის უკვირს ვინმეს, რომ სიმართლისთვის დამაშვრალი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღესაც სამი მცირეწლოვანი ბავშვის ქუჩაში გაგდების ხარჯზე ცხოვრობს პრეზიდენტისგან ნაჩუქარ ბინაში! იურიდიულად ვერ მოედავები: ბინა სხვამ წაართვა, მას კი პრეზიდენტმა აჩუქა, თანაც დააყოლა, ეს შენ – სამართლიანი მოსამართლეობისთვისო! არ რცხვენია და უთხარი, რაც გინდა! ბინის 1 ლარად ჩუქება ხომ დანაშაული არ არის? ბლადაძის შვილებმა კი ამ მოსამართლის გადაწყვეტილებებიც უნდა ირწმუნონ და მისი ნათქვამიც დაიჯერონ!

პაპუაშვილის განცხადებამ აშშის ელჩს გული აუდუღა და, მიუხედავად იმისა, რომ არ უნახავს, მყისვე გამოეხმაურა: “მე არ მინახავს [პაპუაშვილის] განცხადება. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მნიშნელოვანი ინვესტიცია გვაქვს ქართულ დემოკრატიაში და ამის ძირითადი ღერძი არის ნებისმიერი სახის პოლიტიკური გავლენისა და კონტროლისგან სრულიად თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვიცი, რომ მთავრობასაც სჯერა ამის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ სასამართლო სისტემას საქართველოში”.

ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა რაც არის, ეს ჩვენში უკვე ბავშვმაც კი იცის. სიტუაციის ამგვარად დაძაბვა ვის აძლევს ხელს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰკითხეთ და ის აგიხსნით. ახლა კი სერიოზულად:

ევროკავშირსა და ნატოში დაძაბულობის ზრდის კვალდაკვალ რეგიონში სიტუაცია კარდინალურად იცვლება. ვისაც ნატო უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარანტად მიაჩნდა, ისიც კარგად ხედავს, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენები არც ევროკავშირის და არც ნატოს დეკლარირებულ მიზნებს არ შეესაბამება. ფედერიკა მოგერინის განცხადება, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში თურქეთს ევროკავშირში აღარ მიიღებენ, უკვე სასაცილოა. 50 წელზე მეტია, თურქეთს ამის გარეშეც არ იღებენ ევროკავშირში და ახლა რა _ ორჯერ უფრო არ მიიღებენ? ჩვენებური დემოკრატების ჭმუნვა, რომ ნატოში მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებისა და ინსტიტუციების დახვეწის შემდეგ მიგვიღებენ, ასევე ღიმილის მომგვრელია. თურქეთისთვის ნატოს წევრობაში ხელი არც სამხედრო გადატრიალებებს შეუშლია და არც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს.

მთელი ამ არაადეკვატური რეაქციების ფონზე ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ინიციატივა წინასაარჩევნოდ უბლოკო სტატუსის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად ხელმოწერების შეგროვება იწყება. უბლოკო სტატუსი ქვეყნის გამთლიანების რეალური წინაპირობაა.

მაგრამ ამას ვერ ხვდებიან ის პოლიტიკოსები, რომელთა მთავარი დამსახურება ამ ფრაზით გამოითქმის: “მე ლონდონში ვსწავლობდი!”

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ნანა მშვენიერი და გონიერი ქალბატონია, შეხედეთ რა სწორად აფასებს სიტუაციას ეს სამშობლოს ერთგული ქალი. ლენჩ ალასანიებს ვთხოვ ყურადღებით წაიკითხოს ეს სტატია.

  2. ისე ეს ჩლუნგოშვილი ვინ არის, გუშინდელმა \\\”ნაც გოგომ\\\” რომელიც კოჟორიძე- კაპიტან გიაურთან ერთად \\\”ნაცების\\\” მარიონეტ არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ ჭკუა და მითითებები უნდა მოგვცენ? რას აკეთებ კვირიკაშვილო? თუ ამერიკის ელჩო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here