Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოგვიტანს არეულობა თურქეთში

რას მოგვიტანს არეულობა თურქეთში

532

თურქეთში კვლავინდებურად რთული ვითარებაა, პრეზიდენტი ერდოღანი მკაცრ რეპრესიებს მიმართავს. პუტჩის მოწყობაში ეჭვმიტანილთა დაკავების გარდა, მიმდინარეობს თანამდებობიდან ათასობით საჯარო მოხელის გათავისუფლების პროცესი – ასეთი მასშტაბის ცვლილებები გარდაუვალს ხდის თურქეთის პოლიტიკური ცხოვრების სერიოზულ ტრანსფორმაციას; ჩვენ თვალწინ, რეალური დროის რეჟიმში, ახალი თურქეთი იბადება.

თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობა თანდათან იძაბება. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება პრაქტიკულად ღიად ადანაშაულებს ვაშინგტონს გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში, ხოლო დასავლეთში ერდოღანს სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, მედიაში ჩნდება პუბლიკაციები ნატოდან თურქეთის შესაძლო გასვლაზე (ან გაძევებაზე) და გარდაუვალ დაპირისპირებაზე ევროპასა და “განახლებულ თურქეთს” შორის. ყოველივე ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა, მათ შეიძლება, მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილი გაგვახსენოს.

XX საუკუნის 20-იან წლებში დასავლეთთან დაპირისპირებულმა და თითქმის სრულ იზოლაციაში მყოფმა რუსეთმა და თურქეთმა საერთო ენა გამონახეს. ეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაუჯდა. თუ დღევანდელი ტენდენციები შენარჩუნდება და გაძლიერდება, გამორიცხული არ არის, ორი მეზობელი ქვეყანა ისევ ტაქტიკური ალიანსის შექმნის გზას დაადგეს. პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა, რომელიც აგვისტოში გაიმართება, ამ მხრივ, შეიძლება, პირველ ნაბიჯად იქცეს.

გასული წლის 22 სექტემბერს “ნეშნლ ინტერესტმა” გამოაქვეყნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის შტაბის ყოფილი უფროსის _ ჰანს რულეს წერილი თურქეთის ბირთვული ამბიციების შესახებ. ავტორი ეყრდნობა გერმანიის დაზვერვიდან მიღებულ ინფორმაციას, აანალიზებს თურქეთის სარაკეტო პროგრამას, ბირთვული ენერგეტიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, პოლიტიკოსების განცხადებებს და ასკვნის: თურქეთს არ აქვს რეალური ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ბირთვულ იარაღს დაეუფლოს. თუ ის ამ ვარიანტს არ აირჩევს, მეორე ეშელონში დარჩება, რასაც ერდოღანი ვერ მიიღებს”. ბირთვული იარაღი, როგორც თურქეთის “სტრატეგიული სუვერენიტეტის” უზრუნველყოფის ფაქტორი, შეიძლება უმწვავეს თემად და ბირთვული ზესახელმწიფოებისთვის ახალ თავსატეხად იქცეს ახლო მომავალში. თუ ერდოღანი შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მასალების დაუფლებას განიზრახავს, სავარაუდოდ, შეეცდება, დახმარება რუსეთისგან მიიღოს. როდესაც 1921 წლის მოვლენებს ვიხსენებთ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლენინმა ათათურქს დიდი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა გადასცა, რადგან მიიჩნია, რომ მისი გაძლიერება ბოლშევიკური რუსეთის ინტერესებშია და დასავლეთს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. საინტერესოა, როგორ მოიქცევა ვლადიმერ პუტინი, თუ თურქი კოლეგა მიანიშნებს, რომ მისი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება. ცხადია, ყოველივე ეს მხოლოდ ჰოპოთეზური ვარიანტებია, თუმცა ჰანს რულეს ანალიზმა შეიძლება საკმაოდ პესიმისტური დასკვნებისკენ გვიბიძგოს.

საერთოდ, საქართველოს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე დრამატული სცენარების რეალიზებისთვის უნდა მოვემზადოთ. რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ თურქეთის ანტიდასავლურ პოზიციებზე გადასვლა საქართველოს დღევანდელ საგარეოპოლიტიკურ კურსს ეჭვქვეშ დააყენებს. ის დასავლური სამხედროპოლიტიკური გავლენის სივრცისგან იზოლირებული აღმოჩნდება: ერთ მხარეს _ რუსეთი, მეორე მხარეს _ “ახალი თურქეთი”. ასეთ ვითარებაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს მხოლოდ სადღეგრძელოს დატვირთვა ექნება. თუ ახალ რეალობაში თურქეთი და რუსეთი საქართველოში გამყოფ ზღუდეს ან დასავლური გავლენის პლაცდარმს დაინახავენ, მას, სავარაუდოდ, ისეთივე გააფთრებით შეუტევენ, როგორც 1921-ში.

დღეს საუბარი ამაზე ნაადრევი ჩანს, რადგან ჯერჯერობით, მომხდარის მიუხედავად, თურქეთი რეგიონში ვაშინგტონის მთავარ პარტნიორად რჩება. ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი კომენტატორი გვიმტკიცებს, რომ პროცესები მეზობელ ქვეყანაში ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ამას, სავარაუდოდ, იმიტომ აკეთებენ, რომ “განსხვავებული თურქეთი” დაამსხვრევს მათ წარმოსახვაში არსებულ, დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე დაფუძნებულ ორპოლუსიან მოდელს, რომელიც მათი მოსაზრებების ქვაკუთხედს წარმოადგენს, მაგრამ ბოლო მოვლენები მიუთითებს, რომ განვითარების ძველმა, ქემალისტურმა გზამ, თურქეთის მოდერნიზაციის ისტორიული მისიის შესრულების შემდეგ, საკუთარი თავი ამოწურა და XXI საუკუნის ტენდენციების შეუსაბამო აღმოჩნდა. მარტივად რომ ვთქვათ, მეზობელ ქვეყანას სჭირდება ახალი ათათურქი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, ალბათ (ირანის არ იყოს), ახალ ჰომეინის მიიღებს.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი ათათურქის რეფორმებმა გადაარჩინა, ხოლო ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა და სამხედროპოლიტიკურმა გაძლიერებამ მასში იმპერიული ამბიციები გააღვიძა დაპირველი რანგისსახელმწიფოდ გადაქცევის სურვილი გაუჩინა. ამასთანავე, ისლამისტური იდეების გავლენის ზრდამ თანდათან შეზღუდა ქემალისტური ეპოქის კულტურულ-ცივილიზაციური მონაპოვარი და ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩის (ისლამისტური თურქეთი _ სეკულარული თურქეთი) რეალური საფრთხე შექმნა. ერდოღანის გუნდი ცდილობს, თანამედროვე პოლიტიკური ისლამის იდეები და იმპერიული ამბიციები, აგრეთვე, ქემალისტური მემკვიდრეობა ერთმანეთს მიუსადაგოს და მათგან უცნაური იდეოლოგიური კოქტეილი შექმნას. გარე მოთამაშეები კი, პირიქით _ ცდილობენ, ამ იდეების მქონეთ მწვავე დაპირისპირებისკენ უბიძგონ. მათი ჩანაფიქრი გასაგებია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევას მოახერხებს, ის რეგიონში დომინანტურ ძალად გადაიქცევა.

თუ ოპონენტები ერდოღანის შეჩერებას ვერ შეძლებენ და ძლიერ ავტორიტარულ რეჟიმს ჩამოაყალიბებს, მას დღევანდელი მხარდამჭერები, ადრე თუ გვიან, მოსთხოვენ ხილულ შედეგებს იმ უფლებების სანაცვლოდ, რომლებიც დათმეს; მაგალითად, ქურთი მეამბოხეების დამარცხებას, წარმატებებს სირიაში, მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ _ “დიდებას”. ეს მით უფრო აქტუალური იქნება იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზი არცთუ სახარბიელოა. ამის გამო მთავრობა, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, უფრო ხისტად და აგრესიულად იმოქმედოს. დღეს თურქეთი კონცენტრირებულია ვითარებაზე სირიასა და ერაყში, კავკასიის მიმართულება მისთვის მეორეხარისხოვანია, ამიტომ სხვა მოთამაშეებს, რომლებსაც აწუხებთ (და, სავარაუდოდ, მომავალშიც შეაწუხებთ) თურქეთის გავლენის ზრდა მისი საზღვრების სამხრეთით, შეიძლება გაუჩნდეთ იდეა, რომ მისი ყურადღება ჩრდილოეთით, კავკასიისკენ გადაიტანონ (არაფერი პირადული _ უბრალოდ სტრატეგია), ჯერ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოებს, პერსპექტივაში კი რუსეთს დაუპირისპირონ. ამისთვის, თეორიულად, შეიძლება ორი ძირითადი საშუალება გამოიყენონ _ საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ყარაბაღში და კრიზისი აჭარაში.

საქმე ის არის, რომ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მეტსახელად “ქინძი” (თვითონ უწოდებს საკუთარ თავს ასე), ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ხვდება, რომ ქვეყნის მასშტაბით ამისთვის შესაძლებლობები არ ჰყოფნის. ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ რესურსების კონცენტრაციას ბათუმში აპირებს. თუ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზენაცმოძრაობისაქტიურობა მეტნაკლებად ფორმალურიმიტაციურ ხასიათს ატარებს, აჭარაში ყველაფერი სერიოზულადაა. სავარაუდოდ, ეს შეიქნა ერთერთი მიზეზი იმისა, რომქართულმა ოცნებამიქაურ ხელისუფლებაში სრულიად უუნარო კადრების როტაცია განახორციელა. ალბათ, ვერავინ გამორიცხავს, რომ ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანის თავში შეიძლება დაიბადოს გეგმა, საარჩევნოდ არეულობა სწორედ აჭარაში მოაწყოს, თურქეთის ჩარევის პროვოცირება მოახდინოს (ყარსის ხელშეკრულების, უფრო სწორად კი მისი ინტერპრეტაციის საფუძველზე), ხოლო შემდეგ თურქული “ქოლგის” ქვეშ კვაზისახელმწიფო შექმნას, თუ სრულიად საქართველოს დამორჩილება არ გამოუვა. ჭკუა დაუშლის სააკაშვილს ამის გაკეთებას თუ პატიოსნება?! ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ესოდენ გამოკვეთილი კონცენტრაცია აჭარაზე ფრიად დამაფიქრებელია.

ამ ეტაპზე ერდოღანს მსგავსი ავანტიურა არაფერში სჭირდება, მაგრამ შეიძლება გარემოებებმა აიძულოს, ჩაერიოს სიტუაციაში, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები სააკაშვილის ბოღმისა და ამბიციების გამოყენებით განგებ შექმნიან. უშიშროების სამსახურს, ისევე, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ალბათ, განსაკუთრებული სიფხიზლის გამოვლენა მართებს იმისთვის, რომ შესაძლო პროვოკაციას წინ აღუდგეს.

აქ კონკრეტულ დეტალებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია ძირითადი სტრატეგიული პრინციპის გაგება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის წინ _ თუ ვინმეს სურდა, სსრკ და გერმანია ერთმანეთს დაპირისპირებოდა, პირველ ეტაპზე პოლონეთი უნდა გაენადგურებინა, რომელიც მათ ერთმანეთისგან ყოფდა. თუ დღეს ვინმე აპირებს რუსეთთურქეთის მასშტაბური დაპირისპირება გამოიწვიოს, სავარაუდოდ, შეეცდება, გაანადგუროს საქართველო, როგორც ბუფერული სახელმწიფო, და ორი დიდი მეზობლის ბრძოლის არენად აქციოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ამისთვის მსხვერპლის შეგულიანებაა, მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემა და მანევრის შესაძლებლობის წართმევა _ 1939 წლის პოლონეთის შემთხვევაში, პრინციპში, სხვა არაფერი მომხდარა.

პირველმა უსიამოვნებამ საქართველოს და “ახალი თურქეთის” ურთიერთობებში თავი, პრაქტიკულად, მყისიერად იჩინა, მას შემდეგ, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა “ტვ-25”-თან საუბარში განაცხადა, რომ ერდოღანის მთავარი ოპონენტის _ ფეთჰულაჰ გიულენის მიერ საქართველოში გახსნილ სკოლებში “ზრდიან თაობებს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან” და ის მალე მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა ეს სასწავლო დაწესებულებები დაიხუროს.

თურქეთის ხელისუფლების პოზიცია ამ სკოლების მიმართ აშკარად უარყოფითია. საქართველოში კი ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მათ უკან მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც, დგას და იქ შეიძლება საეჭვო პროცესები მიმდინარეობდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ვერ მოიქცევა ისე, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლება (ადგა და დახურა). არსებობს კანონი, პროცედურები და, რაც მთავარია, სასწავლებლების მყისიერმა დახურვამ თურქეთის ხელისუფლებაში შეიძლება ილუზია გააჩინოს, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარ ნებას თავს სხვა დროსაც იოლად მოახვევს. არადა, ეს მხოლოდ ერთი, შედარებით უმნიშვნელო ეპიზოდია; რაც უფრო შორს წავა თურქეთის ტრანსფორმაციისა და თანმდევი დესტაბილიზაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში მწვავე კრიზისის დაწყების ალბათობა, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება და ამისთვის დღესვე უნდა მოვემზადოთ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ზემოთქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას.. ეწყინება ვინმეს თუ არა, უნდა იქნეს მიღებული გადამჭრელი ზომები! ის სასწავლებლები, რაც საზიანოა საქართველოსთვის უნდა დაიხუროს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here