Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გადაარჩინა რუსმა გენერალმა ქართველი ახალგაზრდები

როგორ გადაარჩინა რუსმა გენერალმა ქართველი ახალგაზრდები

763

“იმედის” ტელეჟურნალისტი გოდერძი შარაშია, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, გამორჩეულია კოლეგებს შორის და აღიარებულია მაყურებლის მიერ, როგორც გონიერი და ობიექტური ავტორი. მისი ნიჭიერება განსაკუთრებით წარმოჩნდა პროგრამაში “სრულიად საიდუმლოდ”, რომელსაც იგი, კარგა ხანია, უძღვება საინტერესოდ და საქმის ცოდნით. ავტორი _ კომპეტენტური. თემები აქტუალური. რესპონდენტები _ პროფესიონალები. მიზანი _ ფაქტებისა და მოვლენების იმ საიდუმლო ან ნაკლებად ცნობილი მხარეების გაშიფვრა და ფართო საზოგადოებისთვის გაცხადება, რომლებიც ბურუსით იყო მოსილი. ეხება ეს ჩვენს ახლო წარსულსაც, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ახალგაზრდობისთვის. გოდერძი შარაშიას ამასწინანდელი გადაცემა 1978 წლის 14 აპრილის მღელვარებას მიეძღვნა. ჩვენი დღევანდელი პუბლიკაციაც ამ მოვლენის შესახებაა. ერთგვარი შევსებაც კოლეგის ტელეექსკურსის. იმ დღეების მღელვარება და მასობრივი გამოსვლები საკავშირო კომპარტიის ცკ-ის მეორე მდივნის, “უმაღლესი იდეოლოგის” მიხეილ სუსლოვის მიერ ინიცირებულ პროექტს მოჰყვა, რომელიც ეროვნულ რესპუბლიკებში მშობლიური ენის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმებას ითვალისწინებდა. ჩვენი სტუმარია ცნობილი იურისტი, სამართალმცოდნე და სახელმწიფო მოღვაწე ვახტანგ გვარამია.

_ გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი, რომელიც რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიებზე უნდა დამტკიცებულიყო. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებული პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა, ინერტულია ასეთი საკითხების მიმართ. ერთგვარი ნიჰილიზმის დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა 1956 წლის 9 მარტის მღელვარებამ, როცა საპროტესტო დემონსტრაციები ჯარის გამოყენებით უმოწყალოდ დაარბიეს: უამრავი ახალგაზრდა შეეწირა თავისუფალი აზრის გამოხატვის მცდელობას.

მართალია, არც ერთ დოკუმენტში არ ეწერა, მაგრამ რუსული ენა, ფაქტობრივად, ეროვნებათა შორის ურთიერთობის როლს ასრულებდა. თუ აღნიშნულ პროექტს მიიღებდნენ, მაშინ რუსულს საბჭოთა ხალხების ერთიანი სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭებოდა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საპროტესტო აქციებზე არსად, არავის გაულაშქრებია რუსული ენის წინააღმდეგ, არავინ ებრძოდა რუსულ ენას. პირიქით, დაბეჯითებით მოითხოვდნენ, რომ მრავალეროვან რუსეთში სწორედ რუსული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ენა.

საქართველოში _ ქართული.

მერწმუნეთ, სწორედ ასე იყო და არა სხაგვარად.

ვახტანგ გვარამია ამ დროს თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსად მუშაობდა. ჩინით პოდპოლკოვნიკი იყო. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მის მოვალეობაში არ შედიოდა, მაგრამ შინაგან საქმეთა ძალები მთლიანად იყო მობილიზებული და ისიც, ბუნებრივია, მღელვარების ეპიცენტრში იმყოფებოდა.

_ თქვით, რომ ფართო საზოგადოებამ გამოქვეყნებულ პროექტს ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია

_ დიახ, ასე იყო. სამაგიეროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა სრულად გაიცნობიერეს, რა საშიშროებასაც შეიცავდა შემოთავაზებული პროექტი და ატეხეს განგაში. თავდაპირველად უნივერსიტეტის აუდიტორიებში, შემდეგ საპროტესტო ტალღა ქუჩებში გადმოიღვარა.

ეროვნული მუხტი სწორედ დედაუნივერსიტეტში რომ ღვიოდა, საკამათო არ უნდა იყოს. ჩვენი პროფესურის დიდი ნაწილი ივანე ჯავახიშვილის პერიოდიდან მოდიოდა.

_ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, მაგალითად, ლექციებს გვიკითხავდნენ კორნელი კეკელიძე (ძველი ქართული ლიტერატურა), აკაკი შანიძე (ქართული ენა)…

_ იყვნენ სხვა ბუმბერაზებიც ახვლედიანი, ჯანელიძე, რაზმაძე და, ბუნებრივია, რომ ეროვნული იდენტობის ფესვები ღრმად იყო გადგმული საუნივერსიტეტო სივრცეში. სწორედ ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები დადგნენ ამ მოძრაობის ავანგარდში.

სტუდენტების მასობრივი გამოსვლა რომ დაიწყო, ჩვენი პროფესურა სასტუმრო “თბილისში” შეიკრიბა და იქ აზუსტებდა, რა საკითხები უნდა დაეყენებინათ სტუდენტებს ხელისუფლების წინაშე…

ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე წარმომადგენელი ვერაზე გავედით. სტუდენტების დემონსტრაცია დაძრული იყო უნივერსიტეტიდან. მოდიოდნენ ტროტუარზე, მაგრამ აქეთ, შოთა რუსთაველის ძეგლს მიახლოებული, ეს ნაკადი ტროტუარზე ვერ დაეტია და მანქანების სავალ ნაწილზე გადაიღვარა, როგორც კალაპოტიდან გადმოსული მდინარე.

სხვა ქუჩებიდანაც შეუერთდნენ ძირითად მსვლელობას დემონსტრანტები.

სასტუმრო “თბილისთან” უდიდესი მასა შეგროვდა. ვითარება თანდათან რთულდებოდა. გამოიძახეს შინაგანი ჯარი…

_ მერვე პოლკი?

_ დიახ. სამხედრო ტექნიკამ დაიკავა პუშკინისა და ლესელიძის ქუჩები. სიტუაცია, ასე თუ ისე, მართვის საზღვრებში რომ შეენარჩუნებინათ, ყველა ძალოვანი სტრუქტურა გამოიყენეს… ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსმა დამიანე ალანიამ გვერდით ამომიყენა, _ აქ დამჭირდებიო. ჩვენთან იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გენერალი გერმან სერიოდკინი. ვხედავთ, რომ ადგილიდან დაიძრა სამხედრო ტექნიკა ე.წ. ბეტეერები და გეზი რუსთაველის პროსპექტისკენ აიღო, მთავრობის სახლის მიმართულებით. მიჰყვა ჯარი.

_ ესენი თუ არ შეჩერდნენ, დიდი უბედურება დაგვატყდება, _ ვუთხარი დამიანე ალანიას, რომელიც თვითონაც გრძნობდა, რომ ტრაგედია შეიძლება გარდაუვალი გამხდარიყო.

_ მაცალეო! _ მიპასუხა და სერიოდკინთან გავარდა, რომელსაც დაძრული კოლონისკენ გადაენაცვლებინა. მივიდა და ენერგიული ჟესტიკულაციით რაღაცის მტკიცება დაუწყო. ვხედავ, მინისტრის მოადგილე შუა ქუჩაზე გადავიდა, გაშალა მკლავები და ამ არმადას კიროვის ქუჩისკენ წასვლა მიუთითა _ ზევით, ზევითო!

ალბათ, გენერლის სამხრეებმა მოახდინა შთაბეჭდილება ან, იქნებ, სერიოდკინის გაბედულებამ და თავდაჯერებულმა ჟესტებმა იქონია გავლენა; იქნებ, კოლონას გადაადგილების ზუსტი მიმართულება მითითებული არ ჰქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს სამხედრო შენაერთი რუსთაველის ნაცვლად კიროვის ქუჩისკენ დაიძრა, შემდეგ ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იქ შეჩერდა.

მომიტინგეთა უზარმაზარ მასას სამხედრო კოლონამ გვერდი აუარა. ასცდა. პირდაპირ რუსთაველზე რომ მისულიყო, დიდი სისხლი დაიღვრებოდა.

რუსმა კაცმა გადაარჩინა ქართველი ახალგაზრდები.

მთავრობის სახლიდან რუსთაველზე მიდიოდა რადიოტრანსლაცია უმაღლესი საბჭოს სხდომისა, რომელზეც ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის კონსტიტუციაში დარჩენა-ამოღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

პროსპექტი პიონერთა სასახლიდან გაზეთზარია ვოსტოკასრედაქციის შენობამდე გადაჭედილია მომიტინგეებით. განწყობილება საკმაოდ აგრესიულია, დაძაბულობა კულმინაციას აღწევს.

ამ მომენტში შევიტყვეთ, რომ ცეკას მეორე მდივანი გენადი კოლბინი ელაპარაკა საკავშირო ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივან სუსლოვს და ზუსტად დაუხატა ის ვითარება, რომელიც თბილისსა და სრულიად საქართველოში იყო. უთხრა, დაძაბულობა ყოველწუთიერად მატულობს და მალე შეიძლება მდგომარეობა უმართავი გახდეს, რომლის კალაპოტში ჩასაყენებლად აუცილებელი იქნება ძალის გამოყენება, იქნება მსხვერპლი, არცთუ ცოტა, იმაზე არანაკლები, რაც 1956 წელს მიტინგის დახვრეტას მოჰყვაო.

ეს ის პერიოდია, როცა 35 სახელმწიფოს მეთაურების მიერ ხელმოწერილია ჰელსინკის შეთანხმება (დეკლარაცია), საბჭოთა კავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულებები საერთაშორისო-სამართლებრივ, სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დარგებში და, მათ შორის (როგორც ერთ-ერთი შემადგენელი) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ.

იყო პერიოდი სსრკ-აშშ-ის ურთიერთობის დათბობის და, როგორც ჩანს, სუსლოვმაც კი ვერ გაბედა მიტინგის დარბევის დაჟინებით მოთხოვნა, უკან დაიხია, რაც გინდათ, ის ჰქენითო და დაახეთქა თურმე ყურმილი.

ქართული ენა სახელმწიფო ენად დარჩა. ის, რაც ამას მოჰყვა, იყო ჭეშმარიტად დიდი ეროვნული ზეიმი, ერთსულოვნებით მოპოვებული გამარჯვება, უსისხლოდ მოპოვებული. და მოდით, ახლა მაინც გავიხსენოთ გენერალი სერიოდკინი (ღმერთმა აცხონოს!) და 38 წლის შემდეგ მადლობა ვუთხრათ ვაჟკაცური საქციელისთვის.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here