Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი კვალიაშვილი: ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველო,...

გიორგი კვალიაშვილი: ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, არის რუსეთი

1056

საქართველოს მოქალაქემ რუსეთის პრეზიდენტს წერილით მიმართა

ჩემი რესპონდენტი, თადარიგის ოფიცერი გიორგი კვალიაშვილი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, შეიარაღებული ბანდფორმირებების წინააღმდეგ სპეციალურ ოპერაციებსაც ხელმძღვანელობდა და დავალებებს, რომ იტყვიან, გერმანული სიზუსტით ასრულებდა. 1992-93 წლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იყო, რვა წელიწადი წალკის გამგებლადაც იმუშავა და მოგვიანებით ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეც გახდა. თუმცა ფაქტი, რომელმაც წინამდებარე მასალის მომზადება გადაგვაწყვეტინა, მის თანამდებობებსა და პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება, ამას, ალბათ, უფრო პიროვნული ხასიათისა და მსოფლმხედველობის გამოვლინება ჰქვია. გიორგი კვალიაშვილმა მცირე ხნის წინათ წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს და მიმართა წინადადებით, რომ ვოლგოგრადის ოლქს აღუდგეს ძველი სახელწოდება _ სტალინგრადი. მას მალე გამოეხმაურნენ. საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს ვოლგოგრადის გუბერნატორი აწერს, ნათქვამია, რომ შესაბამისი უწყებები ამ შეთავაზებას განიხილავენ. “ისე უნდა მექნა, რომ წერილი 9 მაისამდე მიეღოთ, უფრო ადრე უნდა გამეგზავნა”, _ ერთგვარი დანანებით განაცხადა ბატონმა გიორგიმ საუბრის დასაწყისში. ალბათ, ასეც სჯობდა, მაგრამ ნათქვამია, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს “ _ კარგი საქმის კეთება ყოველთვის დროულია

გიორგი კვალიაშვილი:

_ მაისის დასაწყისში, თუ სწორად მახსოვს, 4 მაისს, რუსეთის პრეზიდენტს მივწერე წერილი, რომელშიც გამოვთქვი მოსაზრება, რომ ვოლგოგრადს დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება _ სტალინგრადი. კაცობრიობის ისტორიაში უამრავი დიდებული ქალაქი დაცემულა, მათ შორის, ტროა, კონსტანტინოპოლი, პარიზი და ბერლინი, მაგრამ სტალინგრადი _ არა. ამიტომ მიმაჩნია, რომ იმ ათასობით ქართველი და რუსი ჯარისკაცის პატივსაცემად, რომლებიც ერთად წვანან საძმო საფლავებში, უპრიანი იქნება, თუ გმირ ქალაქსა და ოლქს აღუდგება ადრინდელი სახელწოდება. ზუსტად ამას ვწერდი წერილში, კერძოდ, იქ მქონდა ასეთი ფრაზა: ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსა და ერთიანი დამოუკიდებელი რუსეთის ღირსეული მომავლის გამო მიზანშეწონილი იქნება, გმირმა ქალაქმა დაიბრუნოს და ღირსეულად ატაროს თავისი გმირული სახელი. ამასთანავე დავწერე, რომ, თუ ისინი მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, ეს დადებითად იქნება აღქმული საზოგადოების უდიდეს ნაწილში და გამოიწვევს მხოლოდ ჩვენი საერთო მტრის გაბოროტებას. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით ორი კვირა და მივიღე საპასუხო წერილი…

_ რა შინაარსის წერილი იყო?

_ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ასე მოკლე დროში მივიღებდი პასუხს.

მწერდნენ, რომ ჩემს ინიციატივას გაეცნო პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განსახილველად გადაუგზავნა სტალინგრადის ოლქის გუბერნატორს. ამის შემდეგ უკვე მივიღე წერილი სტალინგრადის ოლქის გუბერნატორის აპარატისგან, მას ხელს აწერდა ორი პიროვნება. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჩემს შეთავაზებას განიხილავენ და მადლობა გადამიხადეს ასეთი ინიციატივისთვის. ეს იყო და ეს.

_ საქართველოში დღეს გაშმაგებული ანტისტალინური პროპაგანდა მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, ამის ფონზე როგორ შეიძლება აღიქვან თქვენი ინიციატივა?

_ ვფიქრობ, დღეს საქართველოსა და ქართველ ხალხს, საკუთარი თავისა და ღმერთის გარდა, პატრონი არ ჰყავს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს უნდა შევიგნოთ. ნებისმიერი ქვეყანა, დიდი თუ პატარა, ყოველთვის ეცდება, ისარგებლოს ჩვენი შეცდომებით და ეს ბუნებრივია, რადგან ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები და ამოცანები. დღეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ძველ საზღვრებში აღდგენილი საქართველო, არის რუსეთი. აი, ეს უნდა შევაგონოთ ბევრ ჩვენს თანამემამულეს. ახლა, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრის გაღიზიანება მოჰყვება, განსაკუთრებით მათი, ვინც, ბოლო წლებია, მილიონებს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს _ მუდმივად ვერ ვიქნებით სხვის იმედზე, საქართველო მხოლოდ ღმერთის იმედად შეიძლება იყოს. გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ხალხის მიერ არჩეულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. გავიხსენოთ დიდი მამულიშვილის _ გრიგოლ ორბელიანის სტროფები: “მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს”.

ვიდრე არა ხალხის, არამედ უფლის მიერ ხელდასხმული, ერეკლეს გვარისა და გენის კაცი არ ჩაიბარებს ქვეყანას, საქართველოს დაღმასვლა გაგრძელდება.

რაც შეხება ანტისტალინურ პროპაგანდას, საიდან მოდის და რა მიზანს ემსახურება, ყველამ ვიცით, მაგრამ ფაქტია: ბოროტება, რომელიც მსოფლიოს რამდენჯერმე დაემუქრა და წამოვიდა კაცობრიობის წასალეკად, ორჯერ შეაჩერა ქართველმა გენერალისიმუსმა სტალინმა: ერთხელ, როდესაც გაანადგურა ლენინი, ტროცკი და მათი მიმდევრები, რომლებსაც გულუხვად აფინანსებდნენ ბნელი დასავლური ძალები; და მეორედ, როცა დაამარცხა ფაშისტური გერმანია. ზუსტად ამიტომ ებრძვიან მის სახელს დღესაც და, სამწუხაროა, რომ საზოგადოებას არ აქვს ობიექტური ინფორმაცია ამ ადამიანზე. ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ სტალინი იყო დიქტატორი, მკვლელი და კაციჭამია, ხოლო რეალურად რა გააკეთა, რა საფრთხეები ააცილა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ მსოფლიოს, მალავენ.

_ მიუხედავად ამ პროპაგანდისა, საქართველოში მაინც არიან სტალინის მოღვაწეობის დამფასებლები.

_ არიან და ყოველთვის იქნებიან და რატომ, იცით? ფილმი “გიორგი სააკაძე” ხომ გაქვთ ნანახი? ეს ფილმი უშუალოდ სტალინის მითითებით გადაიღეს და გაიხსენეთ, რას ამბობს სააკაძე: გავა დრო და ჩემი ერი, თავისუფალი, ამაყი და ბედნიერი, დაინახავს და შეაფასებს ჩემს ტანჯვას, ჩემს ბრძოლას მისთვის და ან შემაჩვენებს, ან ღირსეულ შვილთა შორის ღირსეულ ადგილს მიმიჩენს”. ეს სტალინი მიმართავს ქართველ ერს და არა გიორგი სააკაძე, ამიტომ ყველაფერს სჭირდება დრო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანები დაინახავენ რეალობას და მიხვდებიან, ვინ ვინ იყო, უბრალოდ, ზოგი გვიან მიხვდება ამას, ზოგი _ ადრე.

მარადიული ღირებულებების დამცველი ქართველი ერის ბოლოდროინდელი ხელისუფლებები ხსნას სოდომ-გომორის ქვეყნებიდან ელოდებიან, მათთვის სასოობენ და, ვიდრე ეს ვითარება არ შეიცვლება, ვიდრე შემოქმედისკენ არ მივბრუნდებით, ჩვენს დაცემას ბოლო არ მოეღება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. “პერესტროიკისშემდგომ, მძიმე 1990-იან წლებში, როცა მთელი საქართველო ქაოსმა და სამარცხვინო ძმათამკვლელმა დაპირისპირებამ მოიცვა, წალკა ერთადერთი რაიონი იყო, რომელშიცმხედრიონმაფეხი ვერ შედგა და ადგილობრივი მოსახლეობის აწიოკება ვერ შეძლო. ამაში ლომის წილი, რა თქმა უნდა, წალკის იმჟამინდელ გამგებელს _ გიორგი კვალიაშვილს მიუძღოდა.

რაც შეეხება სხვა დიდ საქმეს, მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში წალკა ყველაზე არაქართული რაიონი იყო, რადგან რაიონში მხოლოდ ერთ სოფელში ცხოვრობდნენ ქართველები და თანაც, რამდენიმე ოჯახი. გიორგი კვალიაშვილმა რვაწლიანი მუშაობის შედეგად რვა სოფელი დაასახლა ქართველებით, გახსნა ქართული სკოლები და ყველაფერი გააკეთა, ამ რაიონში “ჩვენებურები” უმცირესობაში რომ არ ყოფილიყვნენ. ახლა ვიღაცისთვის ეს, ალბათ, ქსენოფობიაა, ვიღაცისთვის _ ფასდაუდებელი ეროვნული საქმე. ერთი კი უდავოა, დიდ საქმეებს ყოველთვის ღირსეული და უანგარო ადამიანები აკეთებენ.

1 COMMENT

  1. ბატონი გიორგისადმი ერთი თხოვნა მაქვს. როგორც სჩანს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია (და ალბათ თავად პრეზიდენტიც) გულისყურით ეკიდებიან მის წერილებს და იქნებ სთხოვოს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.ეს უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს მაგისთვის ვიდრე სტალინგრად–ვოლგოგრადობა.

  2. დიახ! სტალინი დიდი პიროვნება იყო და უნდა მივბაძოთ მას! სანამ საქართველოში სტალინისნაირი პიროვნება არ ეყოლება სატავეში, მანამდე ჩემი ქვეყანა სულ დაღმავლობის გზაზე იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here