Home რუბრიკები ბლოგი კულუარული ცნობები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ

კულუარული ცნობები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ

692

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სტუმრობდა. პატივსაცემ სტუმარს ქოცებიც და ნაცებიც დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. ამ დღეს წარმოჩინდა კოაბიტაციის უმაღლესი კლასი, როცა ყველა თანხმდებოდა, რომ ამერიკა ჩვენი უფროსი ძმაა, რომელსაც ყველაფერი უნდა დავუჯეროთ და მისი სიტყვა ჩვენთვის კანონი იყოს.

გასეირნება თბილისის ქუჩებში, ცეკვა დილამდე და დარდი საქართველოს პროდასავლური კურსის განმტკიცებაზე. იყო დიდი თამაში და მხიარულება, როგორც კერიმ საქართველოდან გამგზავრებისას “ფეისბუქში” დაწერა, ის კმაყოფილი ჩანდა ჩვენი სტუმარმასპინძლობით, მეტიც, ისიც კი თქვა, იმდენი მაჭამეს, სამი დღე გულისრევის განცდა მტანჯავდაო _ ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, კახური ღვინო და მოგზაურობა ჰავლაბრის მიდამოებში.

 კულუარებში მობოდიალე ჩვენი კორესპონდენტიც, რა თქმა უნდა, დაინტერესდა, კერძოდ, რით მოიხიბლა ჯონ კერი ასე ძალიან და მოიპოვა კიდეც ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქართული პოლიტიკური ელიტის კულუარებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის სტუმრობისას.

როგორც შევიტყვეთ, მისი გიდი იყო ინგლისურის უზადო სპეციალისტი ეკა ბესელია, საღამოს კი მას გუგული მაღრაძე ენაცვლებოდა. დაღლილი კერისთვის სვანური ცეკვა შეუსრულებია თეა წულუკიანს. მეორე დღეს ბატონ კერის შეხვედრა ჰქონდა მეტად პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებთან _ დავით ბაქრაძესა და ირაკლი ალასანიასთან. სხვებზე კი, _ მომაშორეთ ეგ რუსეთის აგენტები, არ შევხვდები, სტალინი ცუდი კაციაო, _ უთქვამს წარბშეხრილ ჯონს და მშვიდად გასდგომია ოპოზიციისკენ მიმავალ გზას.

ჯერ ნაციონალებისკენ წასულა, მაინც ყოფილი ხელისუფლებაა, ცოდოები არიანო. კართან ხათუნა გოგორიშვილი დახვედრია ნატიფი ღიმილით და ტოლჩით ხელში, _ ემსაათში ვასხამდი ღვინოს და თქვენც მოხვედითო. ოფისის კარი ირმა ნადირაშვილს გაუღია, უცებ რაღაცაზე შემკრთალა ჯონ კერი, როგორც წყარომ გვაცნობა, იქვე, კუთხეში კომპიუტერთან მჯდარა მეგი გოცირიძე და მის დანახვაზე ოდნავ შემხტარა სახელმწიფო მდივანი.

კაბინეტში შესულს, გაღიმებული გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე დახვედრიან. ანონიმი წყაროს ცნობით, გახარებულ ბაქრაძეს ემოციებისგან ფაღარათი დამართნია, სასწრაფოდ ჩამოურთმევია ხელი სტუმრისთვის და საპირფარეშოში გაქანებულა. უხერხულობის განმუხტვა ირინა სარიშვილს უკისრია და ცეკვა-ცეკვით გამოსულა ოფისის სამზარეულოდან, თან ნატიფად გაუღიმია.

სასწრაფოდ დატრიალებულან ქალები, ხათუნა გოგორიშვილი დოქებით მორბოდა, გიგა ბოკერია მაყალზე მწვადს აშიშხინებდა და სახელმწიფო მდივნისთვის ბოდიშიც მოუხდია, ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალევე შემოგიერთდებითო. ამასობაში, ირმა ნადირაშვილს სკაიპი ჩაურთავს და უთქვამს _ ბატონ მიხეილს თქვენთან საუბარი უნდა, ისაუბრეთ და სუფრაც ემსაათში იქნებაო.

ჯონს უთქვამს _ ცოტა მალე, თორემ ალასანიებში მიმეჩქარება, რომ არ მივიდე, მერე რა გაუძლებს მაგის ბუზღუნსო. ამ მომენტში ბოკერია შემოსულა და უთქვამს, _ ალასანია არ არის პრობლემა, დავურეკავ და აქ მოვა, მაგისთვის უცხო არ არის ჩვენი ოფისიო. ჰოდა, გიგასაც დაურეკავს ირაკლისთვის, _ სასწრაფოდ გადმოდი, სუფრები გავაერთიანოთო.

ალასანიებსაც მათ ოფისში გაშლილი სუფრა დიდი ზარ-ზეიმით გადაუტანიათ ნაციონალებში, მაგრამ გზაში პატარა ფათერაკი დამართნიათ, ბუკა პეტრიაშვილს საჩუქრად გამზადებული სამლიტრიანი “ბანკა” გასტყდომია გზაში, რომელშიც ბადაგი ყოფილა.

სასწრაფოდ გაქცეულა ნინო გოგუაძე ფანჯიკიძეებში და ახალი ბადაგი წამოუღია, შეერთებიან ნაცების სუფრას და მთელი ღამე დაუმხიათ თავზე იქაურაობა. ბატონი კერიც კარგად გამოუთვრიათ და ჩუმად “რუსთავი 2”-იც მოუყვანიათ, კამერა ჩართეთ, რამე საჩვენო უნდა ვათქმევინოო.

შეზარხოშებული კერისთვის გიგა ბოკერიას უკითხავს, რას იტყვი, “რუსთავი 2”- ხელისუფლება ხო დევნისო? რაზეც ჯონ კერის ჩათლახურად ჩაღიმებია და უთქვამს: _ ჰაიტ, შე მაიმუნო, რა გინდა მათქმევინოო?

უხერხულობაში ჩავარდნილ ბოკერიას ღიმილი სახეზე შეჰყინვია, მაგრამ რას გააწყობდა, იძულებული შექნილა, სუფრა კარგად დაესრულებინა.

მეორე დღეს ჯონ კერიმ ხელი დაუქნია ყველას და უთხრა: “ალ ბი ბექ”, ანუ მე დავბრუნდებიო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here