Home რუბრიკები პოლიტიკა იუჯი-ლიმესი ახალი სასწავლო წლიდან ინოვაციურ პროექტებს გეგმავს

იუჯი-ლიმესი ახალი სასწავლო წლიდან ინოვაციურ პროექტებს გეგმავს

1031

რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის პირველი აკადემია 2014 წლის თებერვალში დაარსდა. კომპანია “ლიმესმა” შექმნა ყველა ის პროგრამა, რომლებიც დღეს “იუჯი-ლიმესის” აკადემიაში ხორციელდება. “ლიმესი” 2014 წლის 9 სექტემბრიდან დარეგისტრირდა საქართველოში და დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა. მისი მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მოტივაციას, ისწავლონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სკოლაში, დაიწყონ ინოვაციურად აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება. “საქართველო და მსოფლიო” “იუჯი-ლიმესით” რამდენიმე თვის წინათ დაინტერესდა და სტატიაც მიუძღვნა ამ უნიჭიერეს ახალგაზრდებს. რამდენიმე თვის განმავლობაში კი აკადემიამ ბევრი სიახლე დანერგა. სწორედ ახალ ინოვაციურ პროექტებზე გვესაუბრება რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლა “იუჯი-ლიმესის” დირექტორ ლევან გაბისონია.

_ ბატონო ლევან, რა სიახლეებს სთავაზობს თქვენი აკადემია მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან?

_ უღრმესი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდით ჩვენი აკადემიით. წელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას. უწინარესად, აღვნიშნავ III-IV კლასების მოსწავლეების სასწავლო პროგრამას _ “შეიმეცნე რობოტიკა”. ეს პროგრამა წელს შემოვიღეთ, თავისი შინაარსითა და მიდგომით უნიკალურია. ყოველი გაკვეთილი ხელით მუშაობაზეა დაფუძნებული. თეორიული მასალა კი ისეა შემუშავებული, რომ ბავშვებს არ უჭირთ მისი გაგება. მეორე სიახლეა ფიზიკის პროგრამა VIII-IX-X კლასების მოსწავლეებისთვის. პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და დაფუძნებულია კოლორადოს უნივერსიტეტის სიმულაციებსა და ლაბორატორიულ მუშაობაზე. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი პროგრამა მიჰყვება სასკოლო პროგრამას, ამიტომ მოსწავლეებს არ უჭირთ საკონტროლო და საგამოცდო წერების დაძლევა. წელს ასევე ავამოქმედებთ პროგრამირებისა და ინფორმატიკის სასწავლო პროგრამებს. პროგრამირებისა და ინფორმატიკის გარდა, ყველა პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ამ ორ პროგრამაზე კი აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. უახლოეს დღეებში თბილისის მასშტაბით ვიწყებთ დიდ აქტივობას რობოტექნიკისა და ელექტრონიკის პოპულარიზაციისთვის. თბილისის მასშტაბით შეირჩა რამდენიმე ადგილი რობოტების კარვებისთვის, სადაც ბავშვებს შეეძლებათ სხვადასხვა რობოტის აწყობა, რობოტების შეჯიბრების მოწყობა და სხვა ბევრი რამ.

_ დიდია ქართველი ბავშვების ინტერესი თქვენი აკადემიის მიმართ?

_ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღე იზრდება ინტერესი ჩვენი აკადემიის მიმართ. ეს, ალბათ, ჩვენი სწავლების ხარისხით არის გამოწვეული. სექტემბერში ბევრ მოსწავლეს ველოდებით. ყველა პროგრამაში 500-ზე მეტი მოსწავლე იქნება ჩართული, რაც, ვფიქრობთ, 3 წლის აკადემიისთვის შესანიშნავი შედეგია. ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენთან სწავლის მაღალი ხარისხია. ჩვენი მოსწავლის ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ეს პროექტი რეალურად განხორციელდება. არაფორმალური განათლება ყოველთვის დგას ფორმალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების სადარაჯოზე. თავდაპირველად 32 მოსწავლე გვყავდა. იმხანად, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით, საქართველოში, შეიძლება ითქვას, ვაკუუმი იყო, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მსგავსი სტუდიები ამერიკასა და ევროპაში წამყვან როლს ასრულებს ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასწავლო პროგრამებს მოსწავლეებისა და ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. მოტივაციას გვაძლევდა მოსწავლეების ის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. ვუყურებდით მათი განვითარების სისწრაფეს, ხარისხს და ვხედავდით, რომ ისინი განსხვავდებოდნენ სკოლის მოსწავლეებისგან, რადგან მათ ვასწავლიდით ისე, როგორც სურდათ. სამწუხაროა, რომ “იუჯი-ლიმესის” აკადემია ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში და ვიმედოვნებ, მალე სხვებიც გაჩნდება.

_ თქვენი აკადემიის მეოთხე დონის ბავშვების 8 პროექტი გადავიდა მოსწავლეგამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში. რა შედეგებს ელოდებით?

_ მეოთხე დონე _ ეს არის ეტაპი, რომელზეც მოსწავლეები იწყებენ ჩვენთან მიღებული ცოდნის რეალიზებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ოლიმპიადაზე მათი მონაწილეობით. წელს ყველა, სულ 8 პროექტი, გადავიდა მოსწავლე-გამომგონებელთა ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო კონკურსის ფინალში. შედეგები შემოდგომაზე იქნება ცნობილი. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს მოსწავლეები ჯერ მხოლოდ X-XI კლასებში არიან და ყველაფერი წინ აქვთ.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა სიახლეების დანერგვას აპირებთ?

_ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. 2017 წელს ყველა პროგრამას ინგლისურ ენაზე ავამუშავებთ. ასევე გვინდა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და I-II კლასების მოსწავლეებისთვის დავამატოთ სასწავლო პროგრამები, რაც ნიშნავს, რომ I-დან XII კლასამდე ბავშვებს შეეძლებათ ჩვენთან სწავლა. გვინდა, სექტემბერში დავასრულოთ სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტების პროგრამა. 2017-2018 წლისთვის საქართველოს მასშტაბით გვსურსიუჯილიმესისრეგიონული ცენტრების ფორმირება. პარალელურად აკადემიაში ამოქმედდება მასწავლებელთა გადამზადების უნიკალური პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჩვენთან დასაქმდნენ. მასწავლებელთა გადამზადების საპილოტე პროგრამა წელს დაიწყო და შევძელით 8 ახალი მასწავლებლის მომზადება. პროგრამის წარმატებით დასრულება არ არის მარტივი. ამაზე მიუთითებს ის, რომ 6-თვიანი ინტენსიური პროგრამის ბოლოს აკადემიაში დავტოვეთ 95-ზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები. 91-94 შეფასების მქონე სტუდენტები სექტემბრიდან განაგრძობენ გადამზადების მეორე დონეს.

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here