Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

832

“მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”
დავამთავრე რა პავლე ჟიგარევისა და სტალინის ურთიერთობის საკითხები, მკითხველს უნდა შევახსენო, რომ ეს ის ჟიგარევია, რომელმაც ომის დაწყების წინ პოლიტბიუროს ერთ-ერთ თათბირზე, როცა იხილებოდა საავიაციო ავარიების გახშირების გამომწვევი მიზეზების საკითხი, მრავალ გამომსვლელთა შორის, რომლებიც ავიაკონსტრუქტორებთან ერთად აანალიზებდნენ არასასიამოვნო შემთხვევებს, ჟიგარევი წამოდგა და ყოველგვარი საფუძვლისა და აუცილებლობის გარეშე, სტალინს, რომელიც შექმნილ მდგომარეობაზე ჩაფიქრებული მიმოდიოდა, პირში მიახალა:

“ამხანაგო სტალინ, საჰაერო კატასტროფები მომავალშიც ბევრი გვექნება, რადგან პირადად თქვენ გვავალებთ, რომ კუბოებით ვიფრინოთ.

დარბაზში მსხდომნი მოულოდნელობისგან დამუნჯდნენ, _ იგონებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსი ადმირალი ივანე ისაკოვი. იქ მსხდომნი ვერ ვაანალიზებდით შექმნილ ვითარებას და მოსალოდნელ მოვლენებს. სტალინი ადგილზე გაშეშდა. თვალები გაუმწვანდა, გაუფართოვდა და ჟიგარევს (სამხედრო-საჰაერო ფლოტის სარდალს) გამჭოლი მზერა მიაპყრო. პაუზა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს სტალინმა სვლა განაგრძო და ოთახის ბოლო კუთხემდე მივიდა. უკან მობრუნდა და ისევ ჟიგარევის წინ გაჩერდა, თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გზა ისევ განაგრძო. როდესაც კაბინეტის მეორე კუთხემდე მივიდა და უკან მობრუნდა, კვლავ იმ ადილას შეჩერდა, სადაც უწინ. იქ მყოფებს, არა მხოლოდ სუნთქვა, მგონი, გულის ფეთქვაც გაგვიჩერდა.

სტალინმა ჟიგარევს შეხედა და აუღელვებლად უთხრა:

_ თქვენ ჩემთვის ეს სიტყვები არ უნდა გეთქვათ!

სტალინმა ბოლთის ცემა განაგრძო, კაბინეტის კუთხემდე მივიდა და ისევ იქ, იმ ადგილზე გაჩერდა, სადაც ცოტა ხნის წინათ იდგა. კვლავ ჟიგარევის მიაპყრო მზერა, ახლა უკვე ნაღვლიანი თვლებით და კვლავ გაუმეორა:

_ თქვენ ჩემთვის ეს სიტყვები არ უნდა გეთქვათ!

რუსულ ჯარში მიღებული იყო, რომ მეთაურს ხელქვეითის მიმართ სასჯელი დანაშაულის მომენტში არ უნდა გამოეტანა. მას სასჯელის ზომა ორი დღის გასვლის შემდეგ მშვიდ მდგომარეობაში უნდა განესაზღვრა. ალბათ, ამას ელოდნენ ამ ამბის შემსწრენიც და ჟიგარევიც, მაგრამ გავიდა ორი დღე, წელიწადიც და ჟიგარევი კვლავ განაგრძობდა სამხედრო ავიაციის ფლოტის სარდლობას, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ სტალინი ხელაღებით ვერ იმეტებდა თავის გაზრდილ ახალგაზრდა მეთაურებს”.

მაგრამ, როდესაც ჟიგარევმა სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული ჩაიდინა, სტალინი იძულებული შეიქნა, დაკავებული თანამდებობიდან დაეთხოვა და უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაეყვანა. ჟიგარევი მოქმედ არმიაში ფრიად მნიშვნელოვან შენაერთს ხელმძნელობდა და ომის დამთავრებამდე ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.

ამას კი ჭორები მოჰყვა ხრუშჩოვის პერიოდში:

ჟიგარევი სტალინმა შეკამათებისთანავე მოხსნა თანამდებობიდან და ფრონტის წინა ხაზზე გაუშვაო. შემდეგ კი იქ ჩვენს დაზვერვას მოაკვლევინაო (თითქოს ვერ დაიჭერდა და დახვრეტდა _ გრ. ონიანი).

“მაისის ერთ ღამეს გოლოვანოვთან ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. სარდალს პოსკრებიშევი სასწრაფოდ სტალინთან უხმობდა. გოლოვანოვმა იცოდა, რომ სხვა კითხვას პოსკრებიშევი მაინც არ უპასუხებდა და მხოლოდ ის ჰკითხა, ვინ იყო სტალინთან კაბინეტში.

_ მეზღვაურები, _ იყო პასუხი.

სტალინამდე მისვლას 7 წუთი სჭირდებოდა, _ იგონებს გოლოვანოვი, _ და ვფიქრობდი, რატომ უნდა ვყოფილიყავი საჭირო მეზღვაურებთან თათბირის დროს.

კაბინეტის კარი შევაღე. იქ იყვნენ საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი, ფლოტის ადმირალი კუზნეცოვი, სამხედრო საზღვაო ავიაციის სარდალი ჟავორონკოვი, ჟიგარევის შემცვლელი გენერალი ნოვიკოვი, მოლოტოვი, მალენკოვი და სხვები.

მოსალმების შემდეგ სტალინმა მომმართა:

_ მეზღვაურებს სჭირდებათ დახმარება, ხომალდების ქარავანი, რომელიც ინგლისიდან მოემართება, საფრთხეშია გერმანელების ავიაციის მოქმედების გამო, დიდ ზარალს განვიცდით. უნდა შევაჩეროთ მათი მოქმედება”.

გოლოვანოვი გაკვირვებული იყო, _ რით უნდა დახმარებოდა მეზღვაურებს, საზღვაო ფლოტს ხომ უფრო ძლიერი ავიაცია ჰყავდა, ვიდრე მას?

“_ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ამხანაგო სტალინ?

_ უნდა გამოიყენოთ თქვენი მძიმე ავიაცია და გაანადგუროთ აეროდრომები, რომლებიდანაც ფრენას ახორციელებენ გერმანული ბომბდამშენები. ისინი განლაგებულა ნორვეგიისა და ფინეთის აეროდრომებზე. გაქვთ ამ საქმეში დახმარების სურვილი?

_ რა თქმა უნდა, ამხანაგო სტალინ, მაგრამ მინდა ვიცოდე, საიდან უნდა იფრინონ ჩვენმა მძიმე თვითმფრინავებმა ამ დავალების შესასრულებლად?

_ მალენკოვთან, ნოვიკოვთან და მეზღვაურებთან ერთად გადით მეორე ოთახში, გაარკვიეთ ყოველივე, შეთანხმდით და ცოტა ხნის შემდეგ გვითხარით თქვენი გადაწყვეტილება”.

ჩამოთვლილი პირები სათათბიროდ მეორე ოთახში გავიდნენ. გოლოვანოვს გააცნეს, საიდან უნდა იფრინონ მისმა თვითმფრინავებმა ჩრდილოეთის მიმართულებით და დაუსახელეს აეროდრომები. გოლოვანოვს გაუკვირდა არაკომპეტენტურობა, რომელსაც იქ მყოფი პასუხისმგებელი პირები იჩენდნენ საქმის მიმართ.

გოლოვანოვმა განაცხადა, რომ მათ მიერ მითითებული აეროდრომების ასაფრენი ბილიკის სიგრძე 800 მეტრს არ აღემატებოდა, მძიმე თვითმფრინავს კი ასაფრენ-დასშვებად ორჯერ მეტი ზოლი სჭირდებოდა და, აქედან გამომდინარე, ამ საკითხის დასმა განსახილველადაც კი არ შეიძლებოდა.

“ვინ ურჩია სტალინს, რომ ამ აეროდრომებიდან ეფრინა ოთხძრავიან მძიმე თვითმფრინავებს? _ ჰკითხა გოლოვანოვმა მალენკოვს, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

_ ეს წინადადება არასერიოზულია, _ კვლავ მიმართა გოლოვანოვმა მალენკოვს.

_ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, ამხანაგო გოლოვანოვ. თქვენ მხოლოდ მის შესრულებაზე უნდა იზრუნოთ.

სტალინს უკვე მოახსენეს, რომ აღნიშნული აეროდრომებიდან შეიძლება მძიმე თვითმფრინავებით ფრენა, თუ ამას გოლოვანოვი მოინდომებსო. ამიტომ გირჩევთ, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას და იფიქრეთ დავალების შესრულებაზე”.

გოლოვანოვი პირველად არ მოხვედრილა ასეთ გაუგებრობაში და მიხვდა, რომ მძიმე საუბარი ექნებოდა სტალინთან, მაგრამ დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში.

“ნუთუ არ შეიძლება ვიცოდე, ვინ მოახსენა ამის შესახებ სტალინს? _ კვლავ იკითხა გოლოვანოვმა, მაგრამ კითხვა ისევ პასუხგაუცემელი დარჩა.

_ მაშინ შევიდეთ სტალინთან და მე თვითონ მოვახსენებ, _ გაბედულად თქვა გოლოვანოვმა და სტალინის კაბინეტში შევიდნენ.

გოლოვანოვმა სტალინს იგივე უთხრა, რაც სათათბირო ოთახში განაცხადა, რომ მძიმე თვითმფრინავები აღნიშნული აეროდრომებიდან ვერც აფრინდებიან და ვერც დაჯდებიან და მათთვის ეს აეროდრომები გამოუსადეგარია.

_ თქვენ რა, ხუმრობთ? _ ამხანაგები მეუბნებიან, რომ აეროდრომებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ და გაუშვან თქვენი თვითმფრინავები.

_ ჩვენთვის ეს აეროდრომები უვარგისია.

_ თქვენ გინდათ, რომ ხომალდების ქარავანმა ჩვენამდე მოაღწიოს?

_ მინდა, ამხანაგო სტალინ.

_ აბა, რაშია საქმე?

_ საქმე ის არის, ამხანაგო სტალინ, რომ მითითებულ აეროდრომებზე არ შეიძლება მძიმე თვითმფრინავების არც დაშვება და არც აფრენა.

_ მაშინ რატომ უშვებთ ასეთ საჰაერო აპარატებს? უნდა ჩამოგართვათ ქარხნებიცა და თვითმფრინავებიც!

_ თქვენი ნებაა, ამხანაგო სტალინ.

_ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ, უბრალოდ, არ გინდათ, დაარტყათ ფაშისტებს!”

საუბარმა ძალზე არასასიამოვნო ხასიათი მიიღო. ასე არასოდეს უსაუბრია ჩემთან სტალინს, _ იგონებს გოლოვანოვი.

“მე შემიძლია თვითონ დავჯდე შტურვალთან და დავეშვა მითითებულ აეროდრომზე. დაიმსხვრევა თვითმფრინავი და დავიღუპები. მე ეს შემიძლია, მაგრამ არ შემიძლია ჩემი ბრძანებით დაიხოცოს ეკიპაჟის წევრები და დავწვა თვითმფრინავები. ეს თავიდან რომ ავაცილო ქვეყანას და ჩემს არმიას, მაგალითი მე ვიქნები”, _ უპასუხა გოლოვანოვმა _ მამაცმა ადამიანმა, თავისი არმიის ერთგულმა სარდალმა, და დასძინა:

 _ არ ვიცი, რომელმა უცოდინარმა მოგაწოდათ ეს ყოვლად უვარგისი წინადადება”.

ესეც თავგანწირული შებრძოლება იყო სტალინის წინააღმდეგ, რომელსაც სტალინის მრისხანება უნდა მოჰყოლოდა და ამას ბევრი ელოდა.

ჩამოვარდა ხანგრძლივი და ნერვული სიჩუმე. სტალინის თვალწინ კოლეიდოსკოპური სისწრაფით გაიარა ყველა იმ ჩანაფიქრმა და დაპირებამ, რომლებიც კი მან მისცა მოკავშირეებს ხომალდების დაცვის თაობაზე. და უცებ ასეთი წინააღმდეგობა. შეცვალოს დავალება თუ გამონახოს სხვა საშუალება? სტალინი ნერვულად აბოლებდა ჩიბუხს და აჩქარებული ნაბიჯით კვლავ თელავდა კაბინეტში გაფენილ წითელ ხალიჩას.

შუა ოთახში გაჩერდა და ისე, რომ კონკრეტულად არავისთვის მიუმართავს, წარმოთქვა:

_ რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ?

არსაიდან პასუხი, არსაიდან ხმა.

“რატომ მაინცდამაინც მძიმე თვითმფრინავები, როდესაც არსებობს სხვა საშუალება, ნეტავ, ვინ არის ამით დაინტერესებული?” _ თავისთვის ფიქრობდა გოლოვანოვი, როდესაც მოესმა სტალინის სიტყვები:

_ იქნებ თქვენ გაქვთ რაიმე წინადადება, ამხანაგო გოლოვანოვ?

_ რატომ არის აუცილებელი, ეს სამუშაო შეასრულოს მაინცდამაინც მძიმე ხომალდებმა? ეს ვერ გამირკვევია.

_ სხვა რამ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ?

_ ვფიქრობ, აღნიშნული დავალების შესრულება სრულიად შესაძლებელია “ილ-4”-ის ტიპის თვითმფრინავებით. ყველა აეროდრომი, რომლებზეც განლაგებულია გერმანელთა ავიაცია, მოქცეულია “ილ-4”-ის მოქმედების რადიუსში და აეროდრომები, რომლებიც განლაგებულია ამ რადიუსში სრულად შეესაბამება “ილ-4”-ის დაშვებისა და აფრენის პარამეტრებს.

_ დარწმუნებული ხართ, რომ “ილ-4”-ის ტიპის თვითმფრინავებით შესაძლებელია ამ დავალების შესრულება?

_ დიახ, დარწმუნებული ვარ. ისინი უფრო კარგად შეასრულებენ ამ დავალებას, ვიდრე მძიმე თვითმფრინავები.

_ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ყოველივე ამაზე?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ.

_ ძალიან კარგი. მოდი, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, _ დაასკვნა საბოლოოდ სტალინმა.

“თათბირი ისე ჩატარდა, რომ იქ მყოფ არც ერთ პირს მონაწილეობა არ მიუღია. თათბირს, ალბათ, ისიც ესწრებოდა, ვინც ეს სულელური წინადადება მიაწოდა სტალინს.

სტალინის დავალების შესასრულებლად 20 მაისს სამხედრო-საჰაერო ძალების 26 საუკეთესო ეკიპაჟი გადაიყვანეს ჩრდილოეთის აეროდრომებზე, სადაც გადავიდა დივიზიის საკომანდო პუნქტიც და დაიწყო რთული, მაგრამ აუცილებელი დავალების შესრულება.

საბჭოთა მფრინავები მტრის აეროდრომებს გოლოვანოვის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ანადგურებდნენ, რაზეც აღტაცებით წერდა და ლაპარაკობდა არა მხოლოდ საბჭოთა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები, არამედ ამერიკული და ინგლისური გაზეთები და რადიოსადგურები. ხომალდების ქარავანი სრული შემადგენლობით მოადგა საბჭოთა პორტებს და გადმოიტვირთა როგორც საბროლო მასალები, ასევე კვების პროდუქტები.

ერთ თვეს გაგრძელდა ჰაერიდან ხომალდების დაცვა და მისი მშვიდობიანი შემოსვლის უზრუნველყოფა საბჭოთა პორტებში. პირველი საჰაერო ექსპედიცია წარმატებით დასრულდა და ბევრმა მფრინავმა მთავრობის უმაღლესი ჯილდო _ ოქროს ვარსკვლავი _ დაიმსახურა.

მეორე ექსპედიციას სათავეში ჩაუყენეს დივიზიის მეთაურის მოადგილე პოდპოლკოვნიკი შჩელკუნოვი, რომელმაც გმირობის ფურცლები ჩაწერა საბჭოთა ავიაციისა და, კერძოდ, შორსმოქმედი არმიის ისტორიაში.

კონსტრუქტორი ილიუშინი მომწოდებელი იყო ისეთი ბომბდამშენებისა, რომლებიც ძირითად ძალას წარმოადგენდნენ შორსმოქმედ ავიაციაში. ეს იყო ბომბდამშენი “ილ-4”, რომელსაც გერმანელებმა “შავი სიკვდილი” შეარქვეს.

“ილ-4”-მა უდიდესი ზარალი მიაყენა ბერლინის ამა თუ იმ სამრეწველო ობიექტებსა და იარაღის საწყობებს.

ერთ დღეს გოლოვანოვის კაბინეტს ავიაკონსტრუქტორი სერგეი ილიუშინი მიადგა. მასპინძელმა დიდი პატივისცემით მიიღო სახელოვანი ავიაკონსტრუქტორი. საქმიან საუბარში ილიუშინმა გაკვირვება გამოთქვა, როგორ ბომბავდნენ ბერლინსილ-4”-ის ტიპის ბომბდამშენებით, როდესაც პროექტის მიხედვით მათ არ აქვთ საჭირო პარამეტრები შორ მანძილზე საფრენად და მძიმე ტვირთის გადასატანად.

გოლოვანოვმა სტუმარს გაუმხილა თავისი თვითნებური ავიაკონსტრუქტორობის შესახებ და უთხრა, რომ “ილ-4”-ს ჩამოჰკიდა 500-ლიტრიანი კასრი სარეზერვო საწვავით, რამაც ბომბდამშენს შორ მანილზე ფრენის საშუალება მისცა. რაც შეეხება ტვირთამწეობას, მან ტვირთის თანდათანობით დამატებით მიაღწია სასურველ შედეგს. ამიტომ არმიის სარდლობამ ჩათვალა, რომ ბომბდამშენი “ილ-4” თითქმის ყველა ტიპის ბომბდამშენზე მოხერხებული და საიმედოა.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტორის გარეშე მის შექმნილ მანქანაზე ტექნიკური გადაიარაღება სამხედრო დანაშაულად ითვლებოდა, კმაყოფილი ილიუშინი ღიმილით დაემშვიდობა გოლოვანოვს და თავის საკონსტრუქტორო ბიუროში გაემართა.

ცოტა ხნის შემდეგ სახელოვანმა და პატრიოტმა კონსტრუქტორმა ილიუშინმა გოლოვანოვს გაუგზავნა დასკვნა იმ კონსტრუქციულ დანამატებზე, რომლებიც გოლოვანოვმა თვითნებურად გააკეთა, რითაც უდიდესი პატივი დასდო არა მხოლოდ არმიის სარდალს, არამედ ქვეყანას, რადგანილ-4”-ის ტიპის ბომბდამშენები სამამულო ომის დამთავრებამდე ცაში იყო და ბომბავდა მოწინაააღმდეგის პოზიციებს.

“ივნისის მეორე ნახევარში სტალინთან გამომიძახეს და მივიღე დავალება, სასწრაფოდ დამეწყო ბერლინის დაბომბვა ყველა საშუალებით, რომელიც კი არმიას ჰქონდა.

ჩემს კაბინეტში დაბრუნებისთანავე დავიწყეთ დავალების გეგმის შედგენა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი თვითმფრინავები, რომლებიც ღამით აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს, შეძლებდნენ ბერლინის მასირებულ დაბომბვებს გათენებამდე ცოტა ხნით ადრე, ხოლო უკან დაბრუნება ეკიპაჟს მოუწევდა დღისით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა გერმანელთა საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ამას სავავალო შედეგი მოჰყვებოდა.

მრავალმხრივი შემოწმებისა და ყველა დეტალის გაანალიზების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელი იყო. ჩვენ იმისთვისაც მზად ვიყავით, რომ ომი ომია და დანაკარგები დასაშვებია, მაგრამ, თუ ამ დანაკარგების შემცირება შეიძლება, ამისთვის ყველაფერი უნდა იღონო.

“დავალების შესრულება შესაძლებელია და შევასრულებთ კიდეც, მაგრამ ამჟამად მისი შესრულება სრულიად უადგილოდ და ნაჩქარევად მიგვაჩნია, მისი გადადება მიზანშეწონილია და მოგვიანებით წარმატებით შევასრულებთ”, _ ფიქრობდა არმიის შტაბის მთელი შემადგენლობა.

სწორედ ამ წინადადებით გამოცხადდა გოლოვანოვი სტალინთან, რომელიც თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომას ატარებდა. გოლოვანოვის მოხსენებას საბრძოლო დავალების შესრულების თაობაზე თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს წევრები კმაყოფილებით არ შეხვედრიან. სტალინს საშინელი განცდა დაეუფლა. გოლოვანოვის პრინციპული უარი სტალინს უკვე ნერვებს უშლიდა. ამჯერად იგი უფრო შეუპოვარი და ულმობელი გახდა. სტალინმა განაცხადა, რომ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა გოლოვანოვის მოხსენებამ მის მომავალ პოლიტიკურ განწყობაზეც, რომელზეც, რა თქმა უნდა, სტალინს არაფერი უთქვამს.

სტალინმა ადგილზე საკითხის გადაწყვეტის მისეულ ხერხს მიმართა. მან სასწრაფოდ გამოიძახა სამხედრო-საჰაერო ავიაციის ხელმძღვანელობა და მეტეოსამსახური, რათა საკადრისი პასუხი გაეცა მისი წინადადებების ასე ხშირად უარმყოფელი სარდლისთვის.

სტალინმა გამოძახებულ ამხანაგებს დაწვრილებით აუხსნა საქმის ვითარება და მოითხოვა ზუსტი პასუხი კითხვაზე _ შეიძლებოდა თუ არა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის განხორციელება დიდი დანაკარგების გარეშე?

კომისია მეორე ოთახში გავიდა და დაიწყო გაანგარიშება: ფრენის მანძილი, ფრენის სიჩქარე, ხილვადობა და დაასკვნა, რომ შორსმოქმედი ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება სრულიად შეესაბამებოდა სინამდვილეს _ მოკლე ღამისა და გრძელი დღის პირობებში შორეული ფრენები ძალიან სახიფათო იქნებოდა.

სტალინი მოწვეულ ამხანაგებს დაემშვიდობა, თვითონ კი ჩაფიქრებული მიმოდიოდა სათათბირო მაგიდასთან. სტალინი ფიქრობდა, მიეღო დასამტკიცებლად ბერლინის დაბომბვის დადგენილების პროექტი თუ დათანხმებოდა გოლოვანოვის წინადადებას ოპერაციის მოგვიანებით განხორციელების შესახებ. გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.

კიდევ რამდენიმე ღრმა ნაფაზი და თამბაქოს კვამლში გახვეულმა სტალინმა დაგუდული ხმით მიმართა გოლოვანოვს:

_ თქვენი აზრით, როდის იქნება შესაძლებელი ბერლინის მასირებული დაბომბვა?

გოლოვანოვმა თვე და რიცხვი დაუსახელა.

_ ეს ზუსტად ასე იქნება?

_ დიახ, თუ ამის საშუალებას ამინდი მოგვცემს.

სტალინმა ცოტა გაიარა, შეჩერდა და თქვა:

_ რა გაეწყობა, უნდა დაგეთანხმოთ. ამით საუბარიც დამთავრდა და თავდაცვის საბჭოს სხდომაც.

გავიდა თვეები. ღამის 2 საათზე ტელეფონმა დარეკა.

“გამარჯობა, ამხანაგო გოლოვანოვ! ხომ არ დაგავიწყდათ, დღეს რა რიცხვია და რომელი თვის?

_ არ დამვიწყებია, ამხანაგო სტალინ, ზუსტად 12 წუთში დაიწყება ბერლინის მასირებული დაბომბვა.

კმაყოფილმა მთავარსარდალმა წარმატება უსურვა ჩვენს მფრინავებს და დამემშვიდობა”, _ იგონებს მარშალი გოლოვანოვი.

დავალების ან განკარგულების შესრულების შემოწმება სტალინის მუშაობის სტილი იყო, რომელიც მკაცრად იყო დაცული, როგორც ომის, ისე მშვიდობიან პერიოდში.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here