Home რუბრიკები საზოგადოება “ვეფხისტყაოსანი” ახალი რაკურსით

“ვეფხისტყაოსანი” ახალი რაკურსით

2298

ქართველებს ორი ბიბლია გვაქვს: საკუთრივ ბიბლია დავეფხისტყაოსანი”. პირველი ქრისტიანული სულიერების საფუძველთა საფუძველია, მეორე _ ქართული ეროვნული ცნობიერების ქვა და კირი… 

ხელში მიჭირავს “ვეფხისტყაოსნის” არსენ ონიანისეული სვანური თარგმანის მაღალპოლიგრაფიული გამოცემის სასიგნალო ეგზემპლარი და ვფიქრობ:

როგორი მდიდარია ქართული ენა!

როგორი ამოუწურავია ქართული სული!

როგორი უკიდეგანოა ქართული შემოქმედება!

ვფიქრობ ყოველივე ამის შესახებ და “უკან მომჩხავის ავბედითი შავი ყორანი” _ რა საჭიროა “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა სვანურ და მეგრულ ენებზე, ეს ეს ხომ კუთხური სეპარატიზმის გაღვივებაა?!

ასეა კი?!

“ვეფხისტყაოსნის” სვანურ ენაზე გამომცემელმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ გრიშა ონიანმა თქვა: ჩემი დიდი წინაპრის ნათარგმნ “ვეფხისტყაოსანს” რომ ვკითხულობ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს შოთა რუსთაველი სვანეთის მკვიდრი იყოო.

ბატონ გრიშას ამ ნათქვამისთვის შესაძლებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა არც მიმენიჭებინა, მაგრამ მისმა ამ სიტყვებმა, დიდი ხნის წინათ მივიწყებული, თუმცა მეხსიერების რომელიღაც ბნელ კუნჭულში შემონახული ერთი ისტორია გამახსენა:

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილმა ქართველმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა ვენორ ქვაჩახიამ, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება მეცნიერული კვლევა-ძიების ახალი სკოლის “ცნობიერების სოციოლოგიის” ჩამოყალიბებას მიუძღვნა, მისი ხანმოკლე სიცოცხლის (იგი ორმოცდაჩვიდმეტი წლისა გარდაიცვალა) უკანასკნელი წლები “ვეფხისტყაოსანს” დაუთმო და მეცნიერულ რუსთველოლოგიაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა, რომელიც გახმაურებულ მონოგრაფიაში “ვეფხისტყაოსნის” საიდუმლო, ანუ ანდერძი რუსთაველისა” ჩამოაყალიბა.

სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული მეცნიერი, უმძიმესი ტკივილების გამო ნააზრევის წერილობით ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდა, რის გამოც მე, იმჟამინდელ მის ასპირანტს, წილად მხვდა ბედნიერება, მისი ნაკარნახევის ქაღალდზე გადატანისა, რითაც არამხოლოდ მომსწრე, არამედ თანამოზიარე გავხდი იმ რთული შემოქმედებითი პროცესისა, რომელსაც ხსენებულ მონოგრაფიაზე მუშაობა ერქვა.

და აი, რა მითხრა მაშინ პროფესორმა ვენორ ქვაჩახიამ:

“ვეფხისტყაოსანში” ასე ღრმა წვდომისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ეს გენიალური ნაწარმოები მეგრელი კაცის დაწერილია, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ ვიტყვიო. მითხრა ჩემმა დიდმა მასწავლებელმა ეს და ამის შესახებ არც მას (დარჩენილი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე) და არც მე, ამ ოცდათხუტმეტი წლის განმავლობაში ხმა-კრინტი არ დაგვიძრავს, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც ბატონმა გრიშა ონიანმა მითხრა, რომ “ვეფხისტყაოსანი” სვანი კაცის დაწერილი მგონიაო, არამარტო უფლებამოსილად, არამედ ვალდებულადაც კი ვგრძნობ თავს, ეს “საიდუმლო” გავამხილო და აი რატომ:

“ვეფხისტყაოსანი” ისეთი უნიკალური ნაწარმოები ყოფილა, რომელიც თავისი სუბსტანციურ-ეგზისტენციალური მნიშვნელობით არამხოლოდ ზოგადქართული მოვლენაა, არამედ საქართველოს ისტორიულ კუთხეთა ფსიქოლოგიურ-სოციოლოგიური სურათის ისეთი ჟამთა აღმწერელიც, რომ ყოველი კუთხის წარმომადგენელი მასში “კუთხურობის” იმ უტყუარ ნიშანს აღმოაჩენს ხოლმე, რომლის შესახებაც ვაჟა გვეუბნებოდა:

ნუ გეშინიათ, არ გავნებთ მთიდან ყვირილი ხარისა!”

ცნობილი მეცნიერი ლევან თაქთაქიშვილი წერს: “ვეფხისტყაოსანი” სვანებისთვის მშობლიურია. არ არის გამორიცხული, რომ რუსთაველი სვანეთის ჭიუხებში ცხოვრობდა. ის ხომ საქართველოს ყველა კუთხეს ეკუთვნის. ის ქართლელიცაა და კახელიც, გურულიც და იმერელიც, სვანიც და მეგრელიც, აჭარელიც და აფხაზიც, ოსიც. ის ხომ ჩვენი ყველას წინაპარია”.

რაკი ასეა, იმ “ავბედით, შავ ყორანსაც” უნდა ვუპასუხო: არც სვანური და არც მეგრული ენა (ისევე, როგორც დედა-ქართული) ხელოვნურად არავის შეუქმნია. ისინი ბუნებაში არსებობენ და იარსებებენ, ვიდრე დედა-ქართული იარსებებს. იარსებებენ, როგორც უშრეტი წყარო ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და გამრავალფეროვნებისა.

ვის შეუძლია აწონოს და გაზომოს რამდენით და რამდენად გამდიდრდა როგორც სვანური, ასევე დედა-ქართული არსენ ონიანის მიერ ამ უაღრესად შრომატევადი შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცესში?!

ქართული, მეგრული და სვანური ენების ურთიერთშეღწევა უაღრესად საშური საქმეა, მაგრამ აქ, როგორც ხელოვნური აჩქარების, ასევე ხელოვნური შეყოვნების პროცესი კონტრპროდუქტიული იქნება.

როდესაც იხილავთ ამ უაღრესად მდიდრულ და, ამასთანავე, უაღრესად დახვეწილი გემოვნებით შესრულებულ გამოცემას, რომელშიც ქართულ და სვანურ ენებზე გვერდიგვერდ მეტყველებს ზოგადსაკაცობრიო შედევრი, თქვენ არამარტოვეფხისტყაოსნის”, არამედ ქართული ენის (ენების) სიდიადესაც იგრძნობთ!

ამგვარ საშვილიშვილო საქმეთა კეთება მხოლოდ ისეთ ადამიანებს ძალუძთ, რომლებსაც არსენ ონიანის შემოქმედებითი ნიჭი და მისი შთამომავლის, გრიგოლ ონიანის, პატრიოტული შემართება ამოძრავებთ.

ვალერი კვარაცხელია,

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

2 COMMENTS

  1. მე მივესალმები „ვეფხისტყაოსნის“ სვანურ ენაზე ამეტყველებას და ვიზიარებ დიდი ქართველი„ვეფხისტყაოსნის“ სვანურ ენაზე თარგმნას გრიშა ონიანის გულწრფელ სიხარულს. ეს სიხარული ვერ შეუცვლის მას დედა-ქართულის სიყვარულს, პირიქით, უფრო გაუძლიერებს მას (და ყველა სვანს) ქართულის სიყვარულს. ვისურვებდი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულ ენაზეც ამეტყველებულიყო. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. სავსებით ვიზიარებ მეორე დიდი ქართველი ვალერი კვარაცხელია აზრს, რომ „არც სვანური და არც მეგრული ენა (ისევე, როგორც დედა-ქართული) ხელოვნურად არავის შეუქმნია. ისინი ბუნებაში არსებობენ და იარსებებენ, ვიდრე დედა-ქართული იარსებებს. იარსებებენ, როგორც უშრეტი წყარო ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და გამრავალფეროვნებისა“.

  2. ვეფხისტყაოსანი არის თანსმედროვე ბიბლია.ფსალმუნებზე აწყობილი.ამ კუთხით რატომ არავინ ეხება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here