Home რუბრიკები პოლიტიკა რას უზამდა ნაციონალებს სტალინი?

რას უზამდა ნაციონალებს სტალინი?

751

საინტერესოა, როგორ გადაწყვეტდნენ “ნაცმოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების პრობლემას წარსულის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ყოფილიყვნენ, მაგალითად, იოსებ სტალინი. საუბარი, ცხადია, ეხება არა პარტიის ლიდერებს ან ცნობილ ჯალათებს, არამედ რიგით წევრებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ რეჟიმს, თუმცა მძიმე დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. გამოკითხულთა უმრავლესობა, ალბათ, უპასუხებს: “სტალინი მათ დახვრეტდა ან გადაასახლებდა”. მაგრამ, შესაძლოა, სწორი პასუხია _ “სტალინი მათ გამოიყენებდა” და ამის თქმის უფლებას ერთი ძველი სტენოგრამა გვაძლევს.

1947 წლის 31 იანვარს, საღამოს 9 საათზე, სტალინმა მიიღო გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის ხელმძღვანელები _ პიკი, გროტევოლი, ულბრიხტი, ფეხნერი და ელსტერი. ეს პარტია 1946 წლის აპრილში აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პარტიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, 1949 წლიდან კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უცვლელი მმართველი პარტია გახდა. ზოგიერთი ქართველი ავტორი მას გერმანიის ერთიან სოციალისტურ პარტიას უწოდებს, თუმცა სახელწოდების ზემოთ მოყვანილი ვარიანტი უფრო ზუსტი ჩანს. შეხვედრას სსრკ-ის მხრიდან ესწრებოდნენ მოლოტოვი, სუსლოვი, სემიონოვი (დიპლომატი, იმ პერიოდში გერმანიაში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის პოლიტიკური მრჩეველი) და ვოლკოვი (თარჯიმანი).

სტალინი დაინტერესდა, “რამდენად ბევრია გერმანიაში ფაშისტური ელემენტი” და რა ძალას წარმოადგენენ ისინი დასავლური ოკუპაციის ზონებში. ოტო გროტევოლმა მიუგო, რომ ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს, მაგრამ შეუძლია გადასცეს სტალინს გრძელი სია იმ ფაშისტებისა, რომლებიც დასავლურ ზონებში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ. რამდენიმე რეპლიკის გაცვლის შემდეგ სტალინმა მოულოდნელი კითხვა დასვა: არიან თუ არა ყოფილ ფაშისტებს შორის გონიერი ადამიანები და კარგი ორგანიზატორები?”. აქ გერმანული დელეგაცია, დიდი ალბათობით, დაიძაბა და ჩათვალა, რომ მას ერთგვარ პროვოკაციულ ტესტს უტარებდნენ. გროტევოლმა უპასუხა: “ისინი, ყველანი რეაქციონერები არიან”. სტალინმა დასვა კიდევ ერთი კითხვა: “შესაძლებელია მათი გახლეჩა”? შემდეგ კი “კარტის გახსნა” დაიწყო _ “ფაშისტები საბჭოთა ზონაშიც ცხოვრობენ. განა არ შეიძლება მათ ნება დავრთოთ, საკუთარი პარტია შექმნან, რათა ყველას ამერიკელებისკენ არ ვუბიძგოთ?”. სტალინმა დასძინა, რომ მის თანამოსაუბრეებს ფაშისტების მომართ აღებული ჰქონდათ კურსი განადგურებაზე და, შესაძლოა, საჭიროა სხვა, მოზიდვაზე ორიენტირებული კურსის დამატება, რათა ყველა ყოფილ ფაშისტს მოწინააღმდეგის ბანაკისკენ არ ვუბიძგოთ”.

საინტერესოა, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკელებმა თავის საოკუპაციო ზონაში ყოფილი ნაცისტებისგან ადგილობრივი ადმინისტრაციების გაწმენდა დაიწყეს, ანალოგიური პროცესი საბჭოთა ზონაში პირველ ეტაპზე ასეთი მასშტაბური არ იყო. შემდეგ, როცა ამერიკელებმა დაინახეს, რომ ზონის მართვა უკიდურესად გართულდა, პოლიტიკა შეცვალეს და დაიწყეს ყოფილი ნაცისტების აქტიური რეკრუტირება არა მხოლოდ დაბალი, არამედ საშუალო (ზოგიერთ შემთხვევაში კი მაღალი) რგოლის თანამდებობებზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ამ დროს საპირისპირო პროცესი მიმდინარეობდა _ მოძლიერებულმა კომუნისტებმა და სოციალ-დემოკრატებმა ყოფილ ნაცისტებს აქტიურად შეუტიეს. იმ მომენტში, როდესაც განხილული საუბარი მიმდინარეობდა, მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გამოეყენებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ აკრძალული ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები. სხვათა შორის, XXI საუკუნეში ამერიკელებმა ერაყში პრაქტიკულად იგივე გააკეთეს _ ჯერ გაყარეს პარტიაბაას”-ის წევრები, შემდეგ კი, როდესაც ქვეყნის ტოტალური დესტაბილიზაცია დაიწყო, მათი სასწრაფო (და ერთობ დაგვიანებული) გადმობირება და მობილიზება დაიწყეს.

გერმანელი მარქსისტები გაოგნებულნი უსმენდნენ სტალინს, რომელიც პოლიტიკური ტექნოლოგიის მასტერკლასს უტარებდა და მოულოდნელ რეპლიკებს ისროდა: “ხომ იყვნენ ფაშისტურ პარტიაში პატრიოტული ელემენტები? ისინი უნდა გადმოვიბიროთ”. რაღაც მომენტში ვილჰელმ პიკმა ჩათვალა, რომ სტალინი სთავაზობს, ყოფილი ნაცისტები საკუთარ პარტიაში გააწევროს, მაგრამ მან უპასუხა: “ისინი ამაზე არ წავლენ. ჩვენ უნდა წავახალისოთ, ნება დავრთოთ, შექმნან საკუთარი პარტია, რომელიც თქვენთან ერთ ბლოკში იმუშავებს… ამ შემთხვევაში მათ აღარ შეეშინდებათ, რომ გაანადგურებთ… არაფერი უპრინციპო ამაში არ არის… ასე დავშლით იმ ბანაკს, რომელიც იქმნება ინგლისელთა და ამერიკელთა გარშემო, რომლებიც დღეს აშინებენ მათ, რომ საბჭოთა ზონაში ყველას ანადგურებენ. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ეს არასწორია. აგერ მათ საკუთარი პარტიაც კი შექმნეს”. მოკლედ, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს სტალინის მიმართ, ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური ტაქტიკის საკითხებში კარგად ერკვეოდა.

იმ სტენოგრამაში ბევრი სხვა საინტერესო მონაკვეთია, მაგრამ ადგილის სიმცირის გამო ფაქტების კონსტატაციაზე გადასვლა მოგვიწევს. 1948 წლის თებერვალში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება დენაციფიკაციის დასრულების შესახებ, ხოლო მარტში იმ პირთა სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ნაცისტურ იერარქიაში მაღალი თანამდებობები არ ეკავათ. გაზაფხულზე შეიქმნა გერმანიის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც ათიათასობით ყოფილი ნაცისტი გააერთიანა. ეს პარტია მმართველი სოციალისტური ერთიანობის პარტიის მორჩილ სატელიტად იქცა, მიიღო ადგილები პარლამენტში და საკუთარი იდეების (შეზღუდული, მაგრამ მაინც) პროპაგანდის შესაძლებლობა. მაგალითად, მისი 1951 წლის პროგრამა შეიცავდა ლოზუნგს “გერმანია გერმანელებისათვის”, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო სულით ხორცამდე კომუნისტურ გდრ-ში. ამ მანევრით სტალინმა დაბალი და საშუალო რგოლის ნაცისტებს შესაძლებლობა მისცა, ნაწილობრივ მაინც გათავისუფლებულიყვნენ დასჯის შიშისგან, იზოლაციისთვის თავი დაეღწიათ და პოლიტიკურ ცხოვრებაში (როგორი შეზღუდულიც უნდა ყოფილიყო ის) ინტეგრირება მოეხდინათ. რაც მთავარია, ეს ადამიანები გადაიქცნენ მის რესურსად და არა _ ამერიკელების თუ ინგლისელების. ამის შემდეგ დასავლური ქვეყნები იძულებულნი შეიქნენ, თავიანთ საოკუპაციო ზონებში ყოფილ ნაცისტებთან ურთიერთობის ზოგიერთი პრინციპი შეეცვალათ, რათა ისინი აღმოსავლეთგერმანელი “ნაციონალ-დემოკრატების” აგიტაციით არ მოხიბლულიყვნენ.

იმ პერიოდის გერმანიასა და დღევანდელ საქართველოს შორის პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია: ჩვენ გვერდით ცხოვრობს არაერთი ადამიანი, რომელთაც კვლავინდებურად ეშინიათ, რომ ერთ დღეს ყოფილ რეჟიმთან თანამშრომლობას შეახსენებენ და დასჯიან. მართალია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დანაშაულებრივი წარსულის მიუხედავად, ფორმალური თვალსაზრისით აკრძალული არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ის პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია. როდესაც ოქტომბერში ამ პარტიის რიგითი წევრები საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ არჩევნების (და ალიანსების შექმნის) გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, ისინი გამოსავლის ძებნას დაიწყებენ. სწორედ ამ მომენტში ივანიშვილს შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით ისეთი “კლაპანი”, როგორიც გერმანიის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის სახით იოსებ სტალინმა შექმნა.

ქართულ ოცნებაშისააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მსახურებისპორტირებისპრაქტიკამ მისი ამომრჩევლის ძალიან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და რაღაც მომენტში პარტიის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ეს გზა წამგებიანია. ამასთანავე, ყველა ნაციონალი როდია მზად, ხვალვე მხარი დაუჭიროსოცნებასან 2012 წლის ოპოზიციურ კოალიციაში შემავალ რომელიმე პარტიას; ეს მათ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს შეუქმნის.

ზოგი, ალბათ, იტყვის, რომ ასეთი “კლაპანის” როლი შეიძლება “გირჩმა” და ვაშაძის “პლატფორმამ” შეასრულოს, მაგრამ ეს აქტუალურია “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების მხოლოდ ერთი ნაწილისთვის. ფულსა და ძალაუფლებაზე ორიენტირებული ძირითადი მასის გარდა, ამ პარტიაში არის პირობითად “ლიბერალური” და “ნაცისტური” ფრთა, რომელთაგან მეორე უფრო აგრესიული და მრავალრიცხოვანია. “გირჩი” და ვაშაძე, ძირითადად, “ლიბერალი” (ბრჭყალებში, რადგან ნამდვილ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ) ახალგაზრდების მოზიდვაზე მუშაობენ. ნაცისტებსკი მათთვის საინტერესო იდეების გამხმოვანებელი (“გირჩისტიპის) პარტია არ აქვთ. ამ ეტაპზე ისინი იძულებულნი არიან, დაემორჩილონ ბოკერიას და მის ჯგუფს, რომელიც გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. რას გააკეთებდა ასეთ სიტუაციაში სტალინი, სანამ ეს კუთხეში მიმწყვდეული ადამიანები მთელი ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად და უცხო ძალების ინსტრუმენტად გადაიქცეოდნენ _ დახვრეტდა თუ გამოიყენებდა?

ცნობილი გერმანელი ისტორიკოსის ვერნერ მაზერის თქმით, გდრ-ის მთავრობის თავმჯდომარემ ოტო გროტევოლმა უამბო მას, რომ 1952 წლის 17 მარტს ბერლინის შპანდაუს საპატიმროდან საბჭოთა ბადრაგმა გამოიყვანა ნაცისტების ერთ-ერთი ლიდერი რუდოლფ ჰესი და, გროტევოლთან ერთად, საბჭოთა და აღმოსავლეთგერმანული მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად წაიყვანა, სადაც ჰესს შესთავაზეს, გაეკეთებინა განცხადება, რომ გდრ-ში ააშენეს ის სოციალიზმი, რომელზეც ოცნებობდა, ამის სანაცვლოდ კი დაუყონებლივ გათავისუფლებასა და მაღალ პოსტს მიიღებდა, მაგრამ ჰესმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

საქართველოშიც არის ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყვანეს ციხიდან და, პრინციპში, შეიძლება მეორედაც გამოიყვანონ. ის არ არის ისეთივე იდეური, როგორც რუდოლფ ჰესი და ნამდვილად შეუძლია ცოცხლად შეჭამოს გიგა ბოკერია თავის ჯგუფიანად, მით უმეტეს, რომ ამისთვის, სავარაუდოდ, საკმარისზე მეტი მიზეზი და შესაბამისი სურვილიც აქვს. გამორიცხული არ არის, მან ნაცისტური ფრთის კონსოლიდირება მოახერხოს, რის შედეგადაც, ყოვლად დესტრუქციულინაცმოძრაობისნაცვლად, ავანსცენაზე ადგილს ახალი სისტემური პარტია დაიკავებს. მან სააკაშვილის რეჟიმის მსახურებს შეიძლება ისეთივე გამოსავალი შესთავაზოს, როგორიც გერმანიის ნაციონალურდემოკრატიულმა პარტიამ ჰიტლერის ყოფილ მიმდევრებს. წავა თუ არა ასეთ თამამ კომბინაციაზე ბიძინა ივანიშვილი?

თქმული არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ ან სააკაშვილის რეჟიმის არაადამიანობა დავიწყებას მიეცეს. საუბარი სხვა თემას ეხება _ არაერთი მოქალაქენაცმოძრაობისმხარდამჭერად (თუ მძევლად?) მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ ეშინია და გამოსავალს ვერ ხედავს. მათთვის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობის მიცემა ბევრ პრობლემას მოხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი შენელებული მოქმედების თვითმავალ ბომბებად და დესტაბილიზაციის ფაქტორად გადაიქცევიან.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ხელისუფლების უმრავლესობის ჭკუა რომ შეკრიბო, სტალინისას ვერ გადაწონის.
    ეგენი მარტო ძეგლებთან არიან მაგრები, მაგრამ იმ ძეგლს უფრო მეტი ადამიანი
    სცემს პატივს, ვიდრე მათ უბადრუკ სიცოცხლეს. ივანიშვილი თქვენ რა, კონფუცი
    გგონიათ?

  2. თუ გახსოვთ ფსიქოლოგი ნადირაშვილი გვირჩევდა, მტერი რომ დაამარცხო, მოძრაობის შიგნით შექმენით მიმართულება რომელიც გარე ძალების მოზიდვას შესძლებს და მეტი ინფორმაციული და ანალიტიკური ეფექტი ექნება თქვენს ძალისხმევას. დღევანდელ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ქალებს თვითშეზღუდვის მაღალი და მიამიტობის უსასრულო ხარისხი აქვთ .

  3. უნდა გავითვალისწინოთ რომ ქართველები განსხვავდებიან გერმანელებისგან ანუ ქართველი ნაცები გერმანელი ნაცებისგან იტყვი გერმანელები ბევრად სასტიკები იყვნენო ნუ როგორც არის ერთმანეთზე უარესნი იყვნენ როცა ძალაუფლება ჰქონდათ იმის თქმა მინდა ქართველი ნაცები როგორც კი ძალას მოიკრებენ ისევ საშიშნი გახდებიან და შეეცდებიან დაკარგული ძალაუფლების და გავლენების აღდგენა გაძლიერებას ათასი გზით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here