Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო-კოსმოსური თანამგზავრები

რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო-კოსმოსური თანამგზავრები

1413

რუსეთი აშშ მისი კოსმოსური მზვერავი თანამგზავრების საიდუმლო მონაცემების გამოქვეყნებას დაჰპირდა

ამა წლის 8-17 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მშვიდობიანი მიზნებისთვის კოსმოსის ათვისების გაეროს კომიტეტის 59- სესია, რომელზეც რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ წამოაყენა წინადადება გაეროს ეგიდით კოსმოსური ობიექტების _ მოქმედი თანამგზავრებისა და კოსმოსური ნაგვის _ მონაცემების ერთობლივი ბაზის შექმნის თაობაზე.

რუსეთის დელაგაციის წევრებმა, აგრეთვე, განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა აპირებს ორბიტული მონაცემების საჯარო სერვისის შექმნას, ანუ საზოგადოებრიობას წარუდგენს დედამიწის გარშემო ახლო ორბიტაზე მოძრავი ობიექტების მონაცემების კატალოგს. ამრიგად, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მონაცემები, რომლებიც ასახული არ არის აშშ-ის კოსმოსური თავდაცვის სარდლობის კატალოგში. ეს არის კატალოგი NORAD (North American Aerospace Deference Comand), რომელშიც აღწერილია კოსმოსური ერის დაწყებიდან დღემდე კოსმოსში გაშვებული 45 ათასზე მეტი ობიექტის მონაცემები.

თითოეულ ობიექტს მინიჭებული აქვს 5-ნიშნიანი ნომერი _ NORAD ID, მაგალითად, ნომერი პირველი ეკუთვნის საბჭოთა რაკეტა P-7-ის ზედა საფეხურს, რომელმაც 1957 წლის 4 ოქტომბერს ორბიტაზე გაიყვანა თანამგზავრი “სპუტნიკ-1”; ამ თანამგზავრის ნომერი კი არის 2. რამდენიმე კვირის შემდეგ ორივე ობიექტი გამოვიდა ორბიტიდან და დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა.

კატალოგ NORAD-ის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია და ინტერნეტში არის უამრავი სერვისი, რომლებიც საშუალებას იძლევა, რეალურ დროში დააკვირდეთ თქვენთვის საინტერესო თანამგზავრს, მაგრამ კოსმოსური აპარატების ნაწილის მონაცემებს NORAD-ი არ აქვეყნებს _ ამერიკული თანამგზავრების მონაცემებთან ერთად NORAD-ი მალავს ინფორმაციას თავისი მოკავშირეების _ საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და იაპონიის _ სამხედრო თანამგზავრების შესახებ. ახლა რუსეთს შესაძლებლობა მიეცა, აშშ-ს სათანადოდ უპასუხოს, რადგან რუსეთმა ბოლო წლებში ძალიან გააძლიერა თანამგზავრებზე დაკვირვების საშუალებები. მაგალითად, 2010 წელს “როსკოსმოსის” შეკვეთით დამზადდა 19,2 სმ-დან 65 სმ-მდე დიამეტრის 21 ტელესკოპი. ეს ინსტრუმენტები გააკეთეს დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში სახიფათო სიტუაციების გამაფრთხილებელი ავტომატიზებული სისტემებისთვის. რუსეთმა მეორე ასეთი სისტემა შარშან ნოემბერში აამოქმედა. “როსკოსმოსის” ქსელის გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოსმოსური სივრცის კონტროლის თავისი სისტემაც აქვს.

2010 წლიდან ამუშავდა “ასტრომეტრული და ფოტომეტრული დაკვირვებების ოპტიკური ინსტრუმენტების სამეცნიერო სისტემა. ამ პროექტში ამჟამად მონაწილეობს 15 ქვეყნის 31 ობსერვატორია, მათ შორის, მექსიკისა და ბოლივიის.

“ჩვენი ქსელი თვალყურს ადევნებს დაახლოებით 40%-ით მეტ ობიექტს, ვიდრე ამერიკულ ღია კატალოგშია მოცემული. ჩვენ რამდენიმეჯერ მეტი ტელესკოპი გვაქვს NORAD-თან შედარებით და უფრო მეტ ადგილას განლაგებული. პლუს _ ვიყენებთ ტელესკოპებს, რომლებსაც დაკვირვების გაცილებით მეტი ველი აქვს, რომელიც ღამით ცის მეტ მონაკვეთზე დაკვირვებას, ახალი ობიექტების აღმოჩენასა და მათი ორბიტების ზუსტად დადგენის საშუალებას გვაძლევს”. _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა იგორ მოლოტოვმა.

ვენაში გამართულ სესიაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წამოყენებული წინადადების არსი ასეთია: სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კოსმოსური ობიექტების მონაცემების გაერთიანება ერთობლივად შექმნილ კატალოგში ამ მონაცემების სრულყოფის, სიზუსტისა და იმ ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით, რომელიც კოსმოსში საქმიანობს. ეს სისტემა შეძლებდა პოტენციური საფრთხის შემცველი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დანიშნულების ადგილებზე გაგზავნას. რუსეთის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ჩინეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი _ არა. როგორც ჩანს, ამერიკელებს სურთ, შეინარჩუნონ მონოპოლია დედამიწის ახლოს სივრცეში თანამგზავრების მოძრაობის მონაცემებზე, ამასთანავე, არ სურთ თავიანთ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის გაცემა, მაგრამ რუსეთის განცხადება, რომ სადამკვირვებლო სისტემების მიერ მოპოვებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს გახდის, ნიშნავს იმას, რომ ამერიკული კოსმოსური აპარატების მონაცემებიც აღარ იქნება საიდუმლო.

ექსპერტთა აზრით, კოსმოსური ნაგავი მსოფლიოს პრობლემაა და ყველას ეხება. ისევე, როგორც ასტეროიდებისა და კომეტებისგან დედამიწისთვის შექმნილი ხიფათის თავიდან აცილება. კოსმოსიდან რეალური მუქარის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს, ამიტომ მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა პლანეტის უსაფრთხოებას განამტკიცებს.

რუსეთის სამხედროკოსმოსური თანამგზავრები

რუსეთის სამხედრო თანამგზავრები ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას, რომლებიც ორ ძირითად ფუნქციად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. კავშირგაბმულობის სხვადასხვა არხის მოსმენა და რეტლანსლაციის ობიექტების ჩამოყალიბება;

2. ბირთვული გამოცდებისა და რაკეტების გაშვების, აგრეთვე, სამხედრო ქვედანაყოფების განლაგებისა და გადაადგილებების გაკონტროლება.

სამხედრო თანამგზავრების კოსმოსში გაშვებაში ამერიკელები პიონერები არიან _ პირველი კოსმოსური მზვერავი აპარატი ორბიტაზე 1959 წელს გაიყვანეს, რუსეთმა კი 1960 დაიწყო ასეთი კოსმოსური აპარატების დამზადება. იმხანად კოსმოსური თანამგზავრების შექმნის ბაზა იყო კრასნოგორსკის მექანიკური ქარხანა. სამხედრო კოსმოსური აპარატების სერიული გამოშვება კი რუსეთმა 1962 წელს დაიწყო. 1964 წელს საბჭოთა კავშირის არმია კოსმოსური ფოტოდაზვერვითი კომპლექს “ზენიტ-2”-ით შეიარაღდა. ფოტოების გადაღების შემდეგ ფოტოლენტა სპეციალური პროგრამით დედამიწაზე ეშვებოდა. ამჟამად დედამიწის ახლო ორბიტაზე დაახლოებით 2 ათასამდე ექსპლუატირებული კოსმოსური თანამგზავრია, რომლებიც სსრკ-ის პერიოდშია გაშვებული.

რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ ნათლად წარმოაჩინა თანამედროვე კოსმოსური ფოტოგადაღების შესაძლებლობები. ფოტოები, რომლებსაც აპარატი დედამიწაზე რეალურ დროში გადმოსცემს, მაღალხარისხიანია.

2014 წლიდან რუსეთში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გაშვების ინტენსივობამ მოიმატა. ამჟამად რუსეთის სამხედრო კოსმოსური თანამგზავრები სრულიად აკონტროლებენ აშშ-ის ტერიტორიას და დედამიწის სხვა კუთხეებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისთვის საინტერესოა.

აშშის სამხედროკოსმოსური თანამგზავრები

აშშ-მა პირველი სამხედრო თანამგზავრი პროგრამა CORONA-ს ფარგლებში შექმნა. მისი დანიშნულება იყო სსრკ-ისა და ჩინეთის ტერიტორიების თვალთვალი. თანმგზავრები დაამზადეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლაბორატორიებში. კოსმოსური აპარატების პირველ მოდელს 1972 წლამდე იყენებდა აშშ-ის არმია, ამ პროგრამის ფარგლებში კოსმოსში უშვებდნენ KH-1, KH-2, KH-3, KH-4, KH-4A-სა და KH-4B მოდელის აპარატებს. მათი სახელწოდება იშიფრება, როგორც Kეყ Hოლე _ “კლიტის ჭუჭრუტანა”. პროგრამა NOღAD-ს ფარგლებში გაშვებული იყო 144 თანამგზავრი.

ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ ინფორმაციას KH თანამგზავრების დანიშნულებაზე და მათ გაშვებას კოსმოსში მშვიდობიანი მიზნებისთვის კვლევით ხსნიდნენ (პროგრამა Discover). ამ სერიის ერთ-ერთი აპარატი 1962 წელს შპიცბერგენის არქიპელაგის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა ჩაიგდეს ხელთ. ამერიკელებმა პროექტი მას შემდეგ დახურეს, რაც ერთ-ერთი თანამგზავრიდან ფოტოლენტის ჩამოგდების ადგილას საბჭოთა წყალქვეშა ნავი შენიშნეს.

აშშ-მა სამხედრო თანამგზავრები მილიტარისტული მიზნებით პირველად 1991 წელს გამოიყენა სპარსეთის ყურეში კონფლიქტის პერიოდში. ამ სამხედრო თანამგზავრების მეშვეობით ეწეოდნენ დაზვერვას და ამყარებდნენ კავშირს.

ჩინეთის სამხედროკოსმოსური თანამგზავრები

რუსეთი თავისი სამხედრო თანამგზავრებისთვის ქმნის სპეციალურ ლაზერულ იარაღს მოწინააღმდეგის სამხედრო-კოსმოსური აპარატების “დასაბრმავებლად”, ჩინეთი კი მუშაობს იმისათვის, რომ კოსმოსური თანამგზავრები მოწინააღმდეგის თანამგზავრების გამანადგურებელი იარაღით აღჭურვოს.

2016 წლის იანვარში ჩინელებმა რაკეტით ჩამოაგდეს ამერიკული კოსმოსური თანამგზავრი “ფენიუნ-1ჩ”. ამ ნაბიჯით ჩინელებმა ამერიკელები გააფრთხილეს, რომ არა მხოლოდ დედამიწაზე გასცემენ მათ საკადრის პასუხს, არამედ კოსმოსშიც და რომ ამერიკელთა ძლიერება უსაზღვრო არ არის. ამ ინციდენტმა აშშ-ის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მან იაპონიასთან, ავსტრალიასა და კანადასთან ერთად ჩინეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

ამერიკელთა შიში გამოწვეულია იმით, რომ ჩინელებს რაკეტებით შეუძლიათ ჩამოაგდონ დედამიწის ახლო ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები. აღსანიშნავია, რომ ასეთი იარაღი სსრკ-მა და აშშ-მა 1970-იან წლებში შექმნეს. ამჟამად ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს კოსმოსურ კავშირსა და დაზვერვას. სამხედრო კავშირგაბმულობა ვითარდება სამი მიმართულებით: სტრატეგიული დაცული კავშირი პროგრამა “შენტუნის” ჩარჩოებში, ტაქტიკური _ “ფენხოს”, ხოლო მონაცემების რეტრანსლაცია _ “ტიანლიანის”. ამრიგად, ჩინეთის სამხედრო თანამგზავრები ფეხს უწყობენ დროს და ტექნოლოგიური კუთხით არაფრით ჩამორჩებიან რუსეთისა და აშშ-ის კოსმოსურ აპარატებს.

მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარეები ატომურ იარაღს გამოიყენებენ, კოსმოსური აპარატები საკვანძო როლს ითამაშებს. სწორედ კოსმოსური თანამგზავრების წყალობით შეიძლება მაღალი სიზუსტით დადგინდეს ბალისტიკური რაკეტის გაშვების დრო და ადგილი, მისი ფრენის ტრაექტორიაზე დაკვირვება განადგურების მიზნით და საპასუხო დარტყმის განხორციელება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. როგორ მაინტერესებს, არაფერი ჩვენ არ გაგვაჩნია, და სად ვეტენებით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here