Home რუბრიკები საზოგადოება ნარკომანიის პროპაგანდა ეკრანზე

ნარკომანიის პროპაგანდა ეკრანზე

636

მხოლოდ ასე შეიძლება შევაფასოთ ის რეალობა, რომელიც საქართველოს ტელესივრცეშია დამკვიდრებული. უნებურად? შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ, სინამდვილე საშიშროების შემცველი რომ არის, ფაქტია. “მაი ვიდეოიქნება თუ ცალკეული ტელეპროგრამები, ყველა გაჯერებულია ასეთი დაყოვნებული ეფექტის მქონე რეკლამით. ექსკლუზიური ფსონების პროპაგანდაევროპაბეთისათუაჭარა ბეთკომისდაკვეთით, ლუდსახარში მონოპოლისტი კომპანიების პროდუქციის, სიგარეტისა და .. რეკლამირება, თურმე, ისეთი ნეგატივის მქონეა, რომელზეც ტელემაყურებელს წარმოდგენაც არ აქვს. არადა, მას ეხება უშუალოდ. ამ სპეციფიკურ პრობლემაში გარკვევას სპეციალისტების კვლევებზე დაყრდნობით შევეცდებით.

დავიწყოთ ელექტროსიგარეტის პროპაგანდით. რეკლამა გვარწმუნებს, რომ იგი, ეს სიგარეტი, ძალიან კარგი საშუალებაა, თამბაქოს მოწევას რომ გადავეჩვიოთ. მიაქციეთ ყურადღება: ამ ვიდეორგოლებში მეცნიერულ დასაბუთებას კი არ ვისმენთ, რატომაა ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივზე ნაკლებად მავნე, არამედ გვეუბნებიან “შიშველ სიმართლეს”, რომ უმჯობესია მისი მოწევა. ადამიანი, უმეტესად _ ახალგაზრდა, ასე განსჯის: რადგან ელექტროსიგარეტი ნაკლებად მავნეა, ბარემ ამას მოვწევო, მიეძალება სიგარეტს, ჯერ _ ელექტროს, შემდეგ _ თამბაქოს.

სანამ კაზინოების რეკლამირების საკითხზე გადავალთ, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ, ადამიანები, სათამაშო ბიზნესთან დამოკიდებულების კუთხით რამდენიმე კატეგორიად ვიყოფით:

პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც, თამაშში თუ ჩაერთვება, შემდეგ თავს ვეღარ ანებებს, ანუ ისე იქცევა, როგორც ჩამოყალიბებული ნარკომანი ნარკოტიკთან დამოკიდებულების დროს. ასეთები 3 პროცენტამდეა.

მეორე ჯგუფში (დაახლოებით 5 პროცენტი), არიან ადამიანები, რომლებიც აზარტულ თამაშში აგებენ იმ რაოდენობის თანხას (ქონებას), რომელიც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. მაგალითად, წააგებს მანქანას, მაგრამ ბინას _ არასოდეს.

მესამე ჯგუფი შედგება ისეთი მოთამაშეებისგან, რომლებიც აგებენ მხოლოდ ჯიბის ფულს.

მეცნიერულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ადამიანებს აზარტული თამაშისკენ, არც მეტი, არც ნაკლები, უბიძგებს რეკლამა.

ეკრანიდან გაუთავებლად რომ გვესმის მოწოდება: მოდი, ითამაშე და მოიგებ, იმ სამ პროცენტს, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, აზარტულ თამაშში ითრევს. ეს “სამპროცენტიანი” რეკლამას თავისი გავლენის ქვეშ რომ არ მოექცია, შეიძლება ისე გარდაცვლილიყო, აზარტულ თამაშზე არც ეფიქრა. და ვერც იმას შეიტყობდა, რომელ ჯგუფს განეკუთვნებოდა.

ამის არცოდნა დიდი უბედურება არ არის, მაგრამ მთავარია, რა განსაზღვრავს მის ჩათრევას, ინტერესის გაჩენას, აყოლას ნარკოდამოკიდებულების მსგავსად აზარტული თამაშებისადმი.

ამის მიზეზი თურმე გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორებია, მხოლოდ სოციალური არა. ადამიანების ნაწილს გარკვეული დეფიციტი აქვს სიამოვნების მიღების. დადასტურებულია, რომ მოლოდინი მოგების, რომელიც თამაშში ჩართულ ადამიანს უჩნდება, ააქტიურებს დამოკიდებულების ამ სისტემებს.

თანდაყოლილს.

ახლა _ ალკოჰოლის შესახებ, რომელიც საქართველოში საკმაოდ მძიმე პრობლემად გვექცა. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო მეორე ადგილზე იყო ალკოჰოლიკების სიმცირით, პირველზე _ სომხეთი. იმ პერიოდში ჩატარებული ერთი მიკროგამოკვლევით გაირკვა, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს შორის გაცილებით ნაკლები ალკოჰოლიკი იყო, ვიდრე რუსეთში მცხოვრებ რუსებს შორის (შესაბამისი პროპორციები გამოკვლევაში დაცული იყო). იმხანად ამ მიმართულებით კვლევა ვერ გაგრძელდა, რადგან მიიჩნიეს, რომ ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებდით მოძმე რესპუბლიკას…

ჩვენ კი გავჩერდით, მაგრამ პრობლემა გაფართოვდა, გამწვავდა და პრაქტიკულად გადაულახავი შეიქნა… სადარდებელი ის გვაქვს, რომ საქართველოში ვითარება დაგვიმძიმდა. გამოკვლევა ამ მიმართულებით, მართალია, არავის ჩაუტარებია, მაგრამ არაპირდაპირი მონაცემებით ირკვევა, რომ ალკოჰოლის მოხმარებამ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, ძალიან მოიმატა.

არ იფიქროთ, რომ გაგვილოთდნენ ახალგაზრდები.

არა, მაგრამ უარესი რამ ხდება. საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლების საკმაოდ დიდი, შემაშფოთებლად დიდი რაოდენობაა.

აი, ამ კატეგორიის ახალგაზრდები, ნარკოტიკს როცა ვერ შოულობენ, მას ალკოჰოლით ჩაანაცვლებენ.

მართალია, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგალითად, აკრძალა ქუჩაში ალკოჰოლის მოხმარება, მათ შორის, ლუდის. მაგრამ იმ რეკლამების ეკრანზე ტრიალი, რომ ახლა ფეხბურთია (ევრო-2016), იყიდე ლუდი დანატახტართანანარგოსთანერთად მატჩების ცქერით ისიამოვნეო, ხელს უწყობს ამ პრობლემის გაღრმავებაგაფართოებას.

ფაქტობრივად, ახალ ტრადიციას გვიმკვიდრებენ, შეიძლება, უნებურადაც. მკითხველს უთუოდ ახსოვს, რომ იმ პერიოდში, როცა თბილისისდინამოდინამოობდა, ფეხბურთელები ისტერიკული დედაკაცებივით არ კიოდნენ ყოველი გატანილი ბურთის შემდეგ, ბორია პაიჭაძეობდა, მიშა მესხობდა, დათო ყიფიანობდა და თამაშების გაყიდვა აზრადაც არავის მოსდიოდა, “დინამოსსტადიონზე მთვრალი კაცის მისვლა ფეხბურთის შეურაცხყოფად ითვლებოდა (თამაშის შემდეგ _ შესვი, შეგერგოს!).

ახლა თურმე ლუდის “ბრენდებით” ჩაბუჟბუჟებული, უნდა “ჩაჯდე” ეკრანთან და სვა მანამდე, სანამ დაცლილი ნახევარლიტრიანი ბოთლების რაოდენობა გატანილი და მიღებული ბურთების რაოდენობაში არ აგერევა.

ამის უკან, გვიმტკიცებენ მედიკოსები, დგას ნარკომანიის წახალისების პრობლემა, ცოტა სხვაგვარად _ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემა. ის, რაც ალკოჰოლური პროდუქციის რეკლამირების საქმეში ხდება, დამატებით ხიფათს უქმნის ჩვენს საზოგადოებას _ სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

ამ უბედურებას ემატება ისიც, რომ ლუდის სასმელად ქალებსაც იწვევენ, რაც ჩვენთვის ოდითგანვე მიუღებელი იყო, ხოლო მედიცინის თვალსაზრისით _ მრავალმხრივ მავნე.

საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს კანონი ნარკოტიკებზე.. თუ არ მეშლება, ამ კანონის მე-12 მუხლში ჩაწერილია ნარკოტიკების პროპაგანდის აკრძალვა. რამდენი წელიწადი გავიდა მას შემდეგ და, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტს დაეხვეწა და დაეკონკრეტებინა ეს კანონი, კერძოდ, დაედგინა ნარკოტიკების პროპაგანდისთვის დასჯის გარდაუვალობა, პირიქით, თავს იკლავს: ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის, ლიბერალიზაციისთვის, არავინ არ უნდა დავსაჯოთო.

ნუ დავსჯით, ანუ ციხეში ნუ ჩავსვამთ. შეიძლება, ასეც დავაზუსტოთ. მაგრამ ეს ცალკე თემაა. თუმცა ის ტენდენცია, რომელიც სულ უფრო გამოკვეთილი ხდება, მიგვანიშნებს, რომ ნარკოტიკების პროპაგანდის საწინააღმდეგოდ სპეციალური მუხლის შემოღების ნაცვლად ჩვენი პარლამენტის წევრები ხშირად თავგამოდებით იბრძვიან, ვთქვათ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის.

“დასჯა” დღევანდელი კანონმდებლობაში გამაფრთხილებელი ზომებით, პირობითი სასჯელის ფორმით არის წარმოდგენილი. მაგრამ ასეთი ლიბერალური ზომებიც კი მინიმალურად მუშაობს _ სულ რამდენი ათეული კაცია დასჯილი.

ასეთია სტატისტიკა.

ნარკოდამოკიდებულება ურთულესი მოვლენაა, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კერძო პიროვნებას, მის ოჯახს, არამედ სრულად საზოგადოებრიობას, ამიტომ აუცილებელია, არა ფეხის ხმას აყოლა (რისი მოწმენიც ხშირად ვართ), არამედ კვალიფიციური, მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების აუცილებლად, მიზანმიმართულად და გადაუდებლად განხორციელება.

თითქოს მარტივი და გასაგები მოთხოვნაა, მაგრამ…

ამას წინათ საქართველოს კონსტიტუციურმა სასამართლომ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა პირი, რომელსაც 70 გრამ მარიხუანაზე ნაკლები აღმოაჩნდა, რაც ანალიტიკოსთა აზრით, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება იყო, რადგან გრამებით გამოსახული, არ იძლევა ნარკოგენულ ეფექტზე სრულ წარმოდგენას.

კვალიფიციური გამოძიება დააკლდა ამ გადაწყვეტილებას და ნაჩქარევი აღმოჩნდა.

აქვე უნდა ვთქვათ (სპეციალისტებიც გვაფრთხილებენ) ნარკომანობის და ნარკოტიკების პროპაგანდის ერთმანეთში არევა შეცდომა იქნება. ამ შემთხვევაში ნარკოტიკების პროპაგანდისთვის დასჯაზე ვსაუბრობთ. პასუხისმგებლობაც აქედან გამომდინარეობს.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი?

მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, რამდენადაც ამცირებ პასუხისმგებლობას იურიდიული დევნის კუთხით, იმდენადვე უნდა გაზარდო მკურნალობის საშუალებები.

არსებობს გაეროს ე.წ. ტოკიოს რეზოლუცია, რომელიც გვირჩევს, რა ზომები უნდა განვახორციელოთ, თუ არ გვსურს დეკრიმინალიზაციის შედეგად დანაშაულის გაზრდის საშიშროება დაგვემუქროს.

ეს ზომები ძირითადად გაძლიერებული ადმინისტრაციული ღონისძიებებია: გაფრთხილება, პირობითი სასჯელი, სამთვიანი პატიმრობა, შენიშნული პიროვნების კვირაში ერთხელ ნარკოტიკზე შემოწმება. მთელი პაკეტია. მაგრამ, რაც მთავარია, თუ ნარკოდამოკიდებულს მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფომ უნდა გაიღოს ყველა ხარჯი მის სამკურნალოდ. საქართველოში წლის განმავლობაში, როგორც ირკვევა, სულ 350-მდე ადამიანს შეიძლება ვუმკურნალოთ, მეტს _ არა. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში ათიათასობით ნარკომანი გვყავს. ეს პრობლემაა, უწინარეს ყოვლისა, დასაბალანსებელი.

მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, თავისთავად წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მასში ჩართული არ არის იმდენი ნარკოდამოკიდებული, რამდენიც ევროსტანდარტების მიხედვითაა გათვალისწინებული, ანუ მათი საერთო რაოდენობის 30 პროცენტზე მეტი მაინც. მაგრამ ამას, გასაგებია, დამატებითი თანხა სჭირდება.

რომელიც არ არის და ესეც გასაგებია…

ახლა დასკვნისკენ წავიდეთ. გარდა ამ ფონზე ნარკოტიკების ღია პროპაგანდისა, რომელსაც ჩვენს ტელესივრცეში ზოგჯერ გვთავაზობენ, სიგარეტების, აზარტული თამაშების, ალკოჰოლური სასმელის (ლუდის) და ა.შ. რეკლამირება არის დამოკიდებულების სინდრომის გამჩენი. ერთი შეხედვით, თითქოს არავითარი შეხება არ აქვს ნარკოდამოკიდებულებასთან, მაგრამ დადგენილია, რომ რეალურად აქედანაც იღებს სათავეს “თეთრი სიკვდილი”.

არმაზ სანებლიძე

P.S. გადაფხიკე და მოიგე (?!).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here