Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსულ-ქართული ურთიერთობების ექსპერტი და ვინ აკონტროლებს საზღვარს აჭარაში

რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსულ-ქართული ურთიერთობების ექსპერტი და ვინ აკონტროლებს საზღვარს აჭარაში

1223

29 ივნისს საექსპერტო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმის აეროპორტში ჩამოსული საერთაშორისო დონის ექსპერტი საქართველოში არ შემოუშვეს. რატომ ჩაიკეტა საქართველოს საზღვარი რუსულქართული ურთიერთობების ექსპერტისთვის და კონტროლდება თუ არა აჭარაში საზღვარინაციონალური მოძრაობისმითითებების მიხედვით? _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიონიკოლაი სილაევს ესაუბრა.

_ რა მიზნით ეწვიეთ საქართველოს?

_ მონაწილეობა უნდა მიმეღო საექსპერტო შეხვედრაში, რომელიც იმართებოდა დიალოგის ფარგლებში _ რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში: შესაძლებლობები და პერსპექტივები”. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი ICCN (Internacional Center on Conflict and Negotiation). ეს საერთაშორისო ცენტრი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2008 წლის შემოდგომიდან მხარს უჭერს რუსულ-ქართულ საექსპერტო დიალოგს ამა თუ იმ ფორმატში. შეხვედრა დაფინანსებული იყო ICCN-ის გრანტიდან, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების სექციამ გამოყო.

შეხვედრაზე უნდა წარვმდგარიყავი მოხსენებით რუსულ-ქართული სავაჭრო ურთიერთობების ფოკუსჯგუფების შესახებ. მე ვამზადებდი ამ ფოკუსჯგუფს, ვიყავი მოდერატორი და დავწერე ანგარიში. ანალოგიური ანგარიში, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებსაც უნდა წარმოედგინათ. შეხვედრაზე დაგეგმილი იყო შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობაც.

_ რა მოხდა ბათუმის აეროპორტში?

_ 29 ივნისს ბათუმის აეროპორტის საპასპორტო კონტროლის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს. უარის მიზეზი არ განუმარტავთ, შემოსვლაზე უარის შესახებ აქტიც კი არ შეუდგენიათ. 2013 წლის თებერვლიდან სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არასოდეს შემქმნია საქართველოში შემოსვლის პრობლემა, მიუხედავად ჩემი ხშირი ვიზიტებისა. ახლა კი გაუგებარი მიზეზით ამიკრძალეს შემოსვლა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუს საერთაშორისო ექსპერტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი განუცხადა.

_ როგორ ახსნა ეს საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა?

_ ამგვარი ქმედებებისას სასაზღვრო სამსახური არ იძლევა ახსნა-განმარტებას. ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, რომ აკრძალული აქვს რაიმეს ახსნა. სასაზღვრო სამსახურის ოფიცრების სიტყვიერი დაპირებით, გადმომცემდნენ წერილობითი ახსნა-განმარტებას შემოსვლაზე უარის აქტის სახით, რომელშიც უარის მიზეზი იქნებოდა აღწერილი, მაგრამ მათ სიტყვა არ შეასრულეს. ეს აქტი პასპორტთან ერთად უნდა გადასცემოდა ეკიპაჟს იმ თვითმფრინავისა, რომლითაც ადამიანს აბრუნებენ საკუთარ ქვეყანაში. ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავის ეკიპაჟს კი აქტი არ მიუღია _ ეს ორჯერ შევამოწმე.

_ როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აკრძალული გქონდათ საქართველოში ჩამოსვლა, რაიმე პარალელს ხომ ვერ ხედავთ?

_ მართლაც, 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის იანვრამდე აკრძალული მქონდა საქართველოში ჩამოსვლა. ეს აკრძალვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შემოიღო, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუქმდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბოლო სამ წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში და ამა წლის 29 ივნისამდე არანაირი პრობლემა არ შემქმნია თბილისის აეროპორტში საზღვრის გადაკვეთისას, ბათუმში კი პირველად ჩამოვფრინდი და იგივე განმეორდა, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

სამწუხაროდ, პარალელებს ვხედავ. როგორც მოგახსენეთ, ეს სააკაშვილის მმართველობის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც რუს საერთაშორისო ექსპერტს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალა. აღვნიშნავ, რომ უკვე დიდი ხანია, ვმუშაობ რუსულ-ქართული ურთიერთობების სფეროში, ვმონაწილეობდი რუსულ-ქართული დიალოგის ძალიან ბევრ პროექტში, ზოგიერთი ამგვარი პროექტი თვითონაც განმიხორციელებია ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს ღია, საჯარო საქმიანობაა, რომლის შესახებაც მშვენივრადაა ინფორმირებული ქართველი საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება. შემოსვლაზე უარის თქმით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოფიციალური თბილისი აღარ არის დაინტერესებული ამგვარი დიალოგით, რუსულ და ქართულ საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების ზრდით. მე არ მინდა ასეთი დასკვნის გამოტანა.

_ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება?

_ ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც მალე გამოსწორდება.

_ ეს სიტუაცია ხომ არ იმოქმედებს რუსულქართულ ურთიერთობაზე და თუ იმოქმედებს, როგორ?

_ეს სამწუხარო ეპიზოდი და რუსულქართული ურთიერთობა მთლიანობაში _ თავისი მასშტაბით, არათანაზომიერი მოვლენებია. ვფიქრობ, ეს არ იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსულქართული ურთიერთობა სააკაშვილისდროინდელს უბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ამგვარი რამ არც ერთ ქვეყანას არ სურს.

ხაზს გავუსვამ, რომ საქმე მხოლოდ რუსულქართულ ურთიერთობას კი არ ეხება, არამედ საქართველოსა და შვეიცარიის ურთიერთობასაც. შემოსვლაზე უარი ეთქვა მონაწილეს იმ საექსპერტო შეხვედრისა, რომელიც ორგანიზებული იყო შვეიცარიის დიპლომატიური უწყების მიერ და ტარდებოდა შვეიცარელი დიპლომატების მონაწილეობით. გამოდის, რომ ქვეყანას, რომელმაც დაიკისრა საპასუხისმგებლო და საპატიო საქმე _ მოსკოვსა და თბილისს შორის შუამდგომლობა, საქართველოში “სხვა” ხალხი ჩამოჰყავს?

_ ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?

_ რუსეთისა და საქართველოს მეზობლობა გეოგრაფიული მოცემულობაა. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ეს მეზობლობა იყოს კეთილგანწყობილი. ჩვენს ქვეყნებს აქვთ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირებები, მაგრამ დიალოგზე უარის თქმა ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები უსასრულოდ გაგრძელდება. მე მოვუწოდებ, რომ არ მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის საექსპერტო დიალოგის პოლიტიზება. დაე, იგი განვითარდეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მონაწილეებით, სხვადასხვა შინაარსით, _ აზრების მრავალფროვნებასა და მრავალრიცხოვნობაში ჩნდება ახალი იდეები ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მივიღებ თუ არა ამ საქმიანობაში მონაწილეობას _ ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს ნდობა, რომელიც ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის გაჩნდა ბოლო წლებში, არ დაინგრეს ურთიერთგაგება, რომელიც ნელ-ნელა ჩნდება ჩვენი დიპლომატების ძალისხმევით. ვგულისხმობ გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ასევე ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოებას. ეს ძალიან ფაქიზი ქსოვილია, რომლის მოქსოვაც რთულია, ხოლო გაგლეჯა _ მარტივი. მოდი, გავუფრთხილდეთ მას.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

P.S. “საქართველო და მსოფლიოშეეცადა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიეღო, მაგრამ ჩვენი წერილი უპასუხოდ დარჩა.

1 COMMENT

  1. რუსეთს-ქართველი დიალოგზე თუ კი არ მიუჯდა და სააკაშვილივით ყოყლოჩინობა დაიწყო.ეს გარემოება არ მოუტანს არავითა შენთხვევაში კარგს არაფერს არც ქვეყანას და არცერთ ჩვენგანს.

  2. გეუბნებით! ქართველების მტრებით არის გაძეძგილი ეს ქვეყანა. ხელისუფლება რატომ არ
    იძიებს ამ ფაქტს? იმიტომ რომ გულგრილია. გულგრილობა კი დანაშაულის ტოლფასია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here