Home რუბრიკები პოლიტიკა საუბარი დედოფალთან _ “რამ გადარია ეს ბიჭი”

საუბარი დედოფალთან _ “რამ გადარია ეს ბიჭი”

589

რამდენიმე დღის წინათ დიდმა ბრიტანეთმა ევროპას ცივი წყალი გადაასხა და პოლიტიკურად მიაძახა _ თქვენი დედაც, ჯეკ! ამ ფაქტმა ბებერი ევროპა მეტად შეაშფოთა. როგორც ექსპერტები ამბობენ, წნევასაც კი აუწევია და სასწრაფო სასწრაფოზე ჰყოლიათ გამოძახებული. ნერვიულობისგან თურმე სულ “ბრექსიტ-ბრექსიტს” იძახდა. გავარვარებული და ცეცხლმოკიდებული ანგელა წარამარა წყალს სვამდა და ტუალეტში დარბოდა _ როგორც უკვე იცით, გერმანიის კანცლერს ნერვიულობაზე ფაღარათი ემართება. მოკლედ, ამჯერადაც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ფრიად საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც პირადად შეესწრო.

ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ანგელა თავის პოლიტიკურ და-ძმებთან ერთად სამზარეულოში ბჭობდა და შფოთავდა. “ეს უმადური ეს. არა, რა დავაკელით? სწავლა? ფული თუ რა? ამის ღირსები ვიყავით? ახლა ჯორჯის (საქართველო) დასაცინები გავხდით, ვეუბნებით, მოდი, კარს გიღებთ და უცებ ამხელა კაცი გარბის ჩვენგან!” _ ამბობდა ანგელა და ნერვიულობისგან სიგარეტსაც კი მოუკიდა, თანაც ღერს ღერზე ეწეოდა.

 _ ვიცი, რისი ბრალიც არის. თავიდანვე გავათამამეთ. აი, მაშინ შევცდით, ევროზე რო არ გადავიყვანეთ და ფუნტზე დავტოვეთ, აი მაშინ ჩათვალა, რომ თავისი გაიტანა და შედეგიც აშკარაა. არა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, _ აგრძელებს ანგელა.

_ ელისოც გაგიჟებული ყოფილა, _ მიადევნა სიტყვა ფრანსუა ოლანდმა.

_ ვინ ელისო? _ იკითხა ანგელამ.

_ დედოფალი. გუშინ 200 ჰქონია წნევა საწყალ ქალს, ეგ უნდოდა კიდევ? ისედაც ცალი ფეხი იქით აქვს. ამდენი ჯაფა და შრომა იმაში ჩავდე, რომ ეს ლაწირაკი ბავშვი ასე მოქცელიყოო?

მთელი ღამე ძმრიან წყალში ქონია ჩაყოფილი ფეხები, ნერვიულობისგან დასიებია.

_ უნდა დავრეკო, _ თქვა ანგელამ და ტელეფონი მოიმარჯვა, თან მაცივრიდან ცივი ლუდი გამოიღო, მოყლუპა და სამეფოს ნომერი აკრიფა.

კარგა ხანს ელოდა პასუხს, ბოლოს ვიღაცამ გააგონა.

_ ალო, ანგელა ვარ, მერკელი. ბებო დამალაპარაკეთ!

ანგელამ ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო და დამსწრეებსაც მოასმენინა მისი და დედოფლის სატელეფონო დიალოგი.

_ როგორ ხარ, ელიკო დეიდა? გავიგე, ცუდად ყოფილხარ…

_ არ მკითხო, ენჯი, განადგურებული ვარ, მთელი ღამე კორვალოლებსა და ასპარკამებს ვსვამდი, ისე გავნერვიულდი, სასწრაფო სასწრაფოზე მყავდა, მერე ვალიდოლი დავიდე ენის ქვეშ, _ უპასუხა ელისომ.

_ რამ გადარია ეგ ბიჭი? რამე ხომ არ დალია ან მოწია?

_ არ ვიცი, ენჯი, ოთახშია შეკეტილი და ხმას არავის გვცემს, თავი დამანებეთ, მარტო ყოფნა მინდაო.

_ მამამისი რას ამბობს? _ ჰკითხა ანგელამ.

_ რა უნდა თქვას, ისიც გაოგნებულია, მთელი დღეა, ნერვიულობისგან შეშას ჩეხავს, ცული მოირტყა ცერა თითში, ისეთი დაბნეულია.

_ ელო, ხო იცი, ახლა მაგისი წასვლა არ იქნება, რამე უნდა მოვიფიქროთ, დაველაპარაკოთ, ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება და იქნებ ვინმე მივუგზავნოთ, რას იტყვი?

_ არ ვიცი, ენჯი. ერთი ის ვიცი, რომ, მგონი, გადავყვები ამ ამბავს.

_ რას ამბობ, ელიკო დეიდა, ფუ-ფუ-ფუ, _ და ანგელამ სამჯერ დააკაკუნა, _ არ ისვენებს ეგ ბიჭი, შოტლანდიელებთანაც ხო ჰქონდა გარჩევები, ეტყობა, ვერ ისწავლა ჭკუა.

_ რას ამბობენ მაგის ძმაკაცები? _ იკითხა ელისომ.

_ რა უნდა თქვან?! გაოგნებულები არიან, ფრანსმა თქვა (საფრანგეთმა) გუშინწინ მემესიჯებოდა “ფეისბუქში” და ვერაფერი შევატყვეო.

_ ელიკო დეიდა, რაღაც მინდა გკითხო და ცუდად არ გამიგო: ეგ ბოლოს რუსებთან ხო არ ძმაკაცობდა?

_ არა, შვილებს გეფიცები, სულ სახლში იყო და ძმაკაცებიც სახლში მოსდიოდნენ. არ ვიცი, ენჯი, იქნებ მოვიდეს გონზე და გაუნათდეს ტვინი, ცოტა ხანს დაველოდოთ, გენაცვალე; ახლა დავისვენებ, თორემ თავი ლამისაა გამისკდეს, კარგად იყავი, ლამაზო. _ თქვა დედოფალმა და კავშირი გაწყდა.

 დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here