Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის დაშლაზე მეოცნებეებს ევროკავშირი ჩამოეშალათ

რუსეთის დაშლაზე მეოცნებეებს ევროკავშირი ჩამოეშალათ

705

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლით დაიწყო შეუქცევადი პროცესი ევროკავშირის დაშლისა; კავშირის, რომლის შექმნაც ათეული წლების წინათ ასე დაიწყო:

*ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანებით 1951 წელს დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა;

*ევროპული თანამეგობრობა შეიქმნა 1957 წელს, ე.წ. რომის შეთანხმება და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, ანუ “საერთო ბაზარი”;

*ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა შეიქმნა 1957 წელს;

*ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტით:

*რომის შეთანხმებით _ ხელი მოეწერა 1957 წელს;

*ერთიანი ევროპული აქტით _ ხელი მოეწერა 1987 წელს;

*მაასტრიხტის შეთანხმებით _ ხელი მოეწერა 1992 წელს;

*ამსტერდამის შეთანხმებით _ ხელი მოეწერა 1997 წლის ოქტომბერში;

*ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეს არის 2003 წლის “მიერთების შეთანხმება” (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 1 მაისს. ზემოაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში _ ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს”, _ აღნიშნულია “ვიკიპედიაში”

მიმდინარეობს თუ მიმდინარეობდა? თუმცა ვინ იცის, ჩვენი “ზაპადნიკების” მსგავსად, რომლებიც ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგაც განაგრძობენ ნატო-ევროპის ზღაპრით ხალხის მოტყუებას, ევროკავშირის ლიდერებიც იმავეს სჩადიან ამ გაერთიანების რიგითი წევრების მიმართ, იშველიებენ რა ნიცშეს ცნობილ ფილოსოფიურ პარადიგმას _ “რაც არ გვკლავს, ის მხოლოდ გვაძლიერებს” და, აქედან გამომდინარე, იქნებ ევროპის კონსტიტუციაზე მუშაობასაც განაგრძობენ?

ჰოდა, თვალი დაუდგეს ევროპას! თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხანგრძლივი (1951-2016) კრუნჩხვა-ჭინთვების, კონვულსიების შემდეგ “გარდაიცვალა ბებია ელპიტე”…

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან უეჭველად მოჰყვება ე.წ. დომინოს ეფექტი და ევროკავშირის საბოლოოდ დაშლა მხოლოდ დროის ამბავია.

ამაზეა ნათქვამი: მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო” _ რუსეთის დაშლაზე მეოცნებეებს ევროკავშირი ჩამოეშალათ!

რეფერენდუმი, როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერის, ევროკავშირის თავგადაკლული მომხრის _ დევიდ კემერონის ინიციატივით ჩატარდა და, ნეტავ, რად აიტკივა აუტკივარი თავი?!

პასუხი მარტივია: ბატონი პრემიერი დარწმუნებული იყო, რომ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას მისცემდნენ ხმას, რომლის შემდეგაც ერთხელ და სამუდამოდ დაეკარგებოდათ ლაპარაკის ხალისი ე.წ. ევროსკეპტიკოსებს.

კემერონის ოპტიმიზმი რუსოფობიასაც ემყარებოდა. აკი განაცხადა კიდეც რეფერენდუმამდე ერთი თვით ადრე პროპაგანდისტულ მიმართვაში ბრიტანეთის მოქალაქეებისადმი: ვის გაუხარდება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა? _ რა თქმა უნდა, ამით პუტინი და ალბაღდადისი იქნებიან ბედნიერები”.

ეს ხომ პიროვნული შეურაცხყოფაა რუსეთის პრეზიდენტისა. ვლადიმერ პუტინისა და “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის ერთ “ქვაბში მოხარშვა” რუსეთის პრეზიდენტის მოძულეთათვისაც კი მიუღებელი უნდა იყოს.

რეფერენდუმის შემდეგ კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ პუტინი გახარებულია რეფერენდუმის შედეგებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასე უპასუხა: მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, ჩემი ბრიტანელი კოლეგის განცხადება კი სწორედ სამედიცინო სფეროდან არის და ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ”.

გახარებით კი, თუ ვინმეა გახარებული, ეს ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯია: “ეს არის უბრალო ხალხის გამარჯვება. ეს არის ჩვენი გამარჯვება ბანკების მოხელეთა, ბიზნესმენთა და დიდ პოლიტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში”.

ასევე კარგ განწყობაზეა ევროსკეპტიკოსთა კიდევ ერთი აღიარებული ლიდერი, ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერობის უპირველესი კანდიდატია.

ნიშანდობლივია, რომ რეფერენდუმზე ევროპაში დარჩენას მხარი დაუჭირა დიდი ქალაქების მოსახლეობამ და ევროსკეპტიკოსებმა მცირე უპირატესობა, ხატოვნად თუ ვიტყვით, ერთსართულიანი, “პროვინციულიბრიტანეთის ხარჯზე მოიპოვეს, ანუ ტრადიციული ღირებულებების მომხრე ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ეროვნულ იდენტობას, ნორმალურ სექსუალურ ორიენტაციას, ქრისტიანულ მორალზე, ზნეობრიობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას და .. ერთი სიტყვით, ყველაფერს, რასაც ევროკავშირის ლიბერალური იდეოლოგია ბოლო ხანს გააფთრებით ებრძოდა.

სახელმწიფოთა ნებისმიერი კავშირი ნიშნავს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილის ამ კავშირის სასარგებლოდ ნებაყოფლობით დათმობას.

ასე იყო სსრკ-ში და ასეა ევროკავშირშიც, მაგრამ ევროკავშირის შემთხვევაში ეს “ნაწილი” ისე დიდი აღმოჩნდა, რომ მსგავსი სსრკ-შიც არ დასიზმრებიათ _ ბებერი ევროპის ნახევარმილიარდიანი მოსახლეობა სინამდვილეში აშშის კოლონიასატელიტია, რომელიც თეთრი სახლის დაუკითხავად არათუ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, არამედ ვაშინგტონს იმასაც კი ეკითხება, რამდენი კოვზი შაქარი ჩაიყაროს ჩაიში.

ნაცნობი სურათია, არა?

თუმცა ჩვენ უარეს დღეში ვართ, რადგან, თუ ევროპა ამერიკის მონაა, საქართველო ევროპის მონაა, ანუ, კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, “კაცის კაცი რა კაციაო” და მონის მონა რაღა იქნება?!

ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან უკვე უწოდეს მიწისძვრა. ასეთ დროს კი ჭკვიანი ხალხი შენობიდან გარბის. ევროპელები უკვე დაუფარავად ამბობენ, ევროკავშირში, ახალი წევრები (თურქეთი, უკრაინა, საქართველო) მივიღოთ კი არა, ეგებ, ვინც გვყავს, ისინი დავაკავოთო.

ეს ისე, როგორც შტირლიცი იტყოდა, ინფორმაცია განსასჯელად მათთვის, ვინც აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ჩვენი დრო და უეჭველად მიგვიღებენ ევროპაში.

ანალიტიკოსთა აზრით, დაშლილი ევროპის ადგილზე ისე აღმოცენდება ეროვნული სახელმწიფოები, როგორც ადრე, იმ ბედნიერ დროს, როდესაც ქალი ქალობდა, კაცი კაცობდა და არც საზღვრები იყოპრახადნოი დვორი”, როგორც დღეს; და ამ სახელმწიფოებს ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ერთმანეთთან სავაჭრო, კულტურულპოლიტიკური ურთიერთობები ექნებათ და არა აშშის დიქტატით.

ევროპული შოკი დროსა და სივრცეში დაემთხვა სანკტ-პეტერბურგში გამართულ გრანდიოზულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბიზნესმენებმა რუსეთთან ტრილიონი(!) რუბლის მოცულობის ბიზნესპროექტები გააფორმეს.

 ტაშკენტში კი გაიმართა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა და ამ ორგანიზაციაში ორი ახალი სახელმწიფო (ბირთვული) _ ინდოეთი და პაკისტანი მიიღეს; ხოლო მესამე, არაბირთვული, მაგრამ დიდი ეკონომიკური პოტენციალის ირანი მომავალ წელს შეუერთდება ე.წ. თშო-ს.

ერთი სიტყვით, მსოფლიო დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მთავარი კი მაინც ის მგონია, რომ ევროკავშირის დაშლით დასრულდება აგრესიული ნეოლიბერალიზმის შეტევა ადამიანისთვის ღვთის მიერ ბოძებულ ფასეულობებზე, როგორიცაა სამშობლო, ეროვნება, რელიგია, ოჯახი და .. სხვა მრავალი მორალურზნეობრივი კატეგორია, რომლებზეც აღმოცენდა ცივილიზაცია.

ასეა, ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯერ არავის გაუმარჯვია და, უფლის ნებით, ვერც ვერავინ გაიმარჯვებს!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნეტავ, გამოჩნდება საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კონფორმისტულ პოზიციაზე (ნატო და აგერ უკვე ევროპაც იმიტომ არ გვინდა, რომ მაინც არ მიგვიღებენ) უარს იტყვის და ხმამაღლა განუცხადებს საკუთარ ხალხს, რომ ქართველების ხსნა ერთმორწმუნე მართლმადიდებელ რუსეთთან სტრატეგიული კავშირის დამყარებაშია?..

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. დავით მხეიძის პოსტი როგორც ყოველთვის,დიდებულია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here